შვეიცარული ყავა ცნობილია მთელს მსოფლიოში, მიუხედავად იმისა, რომ მის დიდ ნაწილს მოიხმარენ თავად ქვეყნის მცხოვრებნი.
ყოველწლიურად ქვეყანაში აწარმოებენ 60 000 ტონაზე მეტ ყავას, აქედან ექსპორტზე გადის მხოლოდ 6 000 ტონა მოუხალავი ყავის მარცვალი.
საინტერესოა, რომ სწორედ შვეიცარიაში განთავსებული ყავის მწარმოებელი უმსხვილესი გიგანტების ოფისები და შტაბები.
შვეიცარიაში ყავის კულტურას დიდი ხნის ტრადიცია და განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს ფაქტია, რომ შვეიცარიის კონფედერაციიდან ყავა ექსპორტზე გააქვს გაცილებით დიდი მოცულობით, ვიდრე თუნდაც ყველი და შოკოლადი.
ერთი შეხედვით, რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს შვეიცარიას ყავასთან? შვეიცარიას არ აქვს ყავის საკუთარი პლანტაციები, რადგან მისი ნიადაგები არ არის ნოყიერი და არც კლიმატური პირობები უწყობს ხელს, თუმცა სამაგიეროდ ქვეყანას გააჩნია სტაბილური ეკონომიკა და ცხოვრების მაღალი დონე და ბოლო წლებში მსოფლიო ლიდერად ჩამოყალიბდა ყავის ინდუსტრიაში.
შვეიცარიაში მოქმედებს ყავით მოვაჭრეთა ასოციაცია - Schweizerische Kaffeehändler Vereinigung. სწორედ შვეიცარიაშია განთავსებული მსოფლიოში ყავის უდიდეს მოვაჭრეთა ოფისები, მაგალითად როგორიცაა „Nestlé“ და „Nespresso. ასევე ლოჯისტიკური ბაზრის მთავარი მოთამაშეები.
ამ ყველაფრის გამოისობით, შვეიცარია გახდა ყავის ვაჭრობის მსოფლიო ცენტრი ყველა ეტაპზე - დაწყებული საბითუმო ვაჭრობით და დამთავრებული საწარმოო სიმძლავრეებით.
ხელსაყრელმა საგადასახადო გარემომ და ადგილმდებარეობამ ევროპის გულში, განსაკუთრებულად მიმზიდველი გახადა შვეიცარია მსხვილი ნედლეულის ტრეიდერებისთვის, დაწყებული ნავთობითა და ოქროთი და დამთავრებული ყავით.
ჟენევის ტბისა და ციურიხის რეგიონში წარმოდგენილია მსოფლიოს მინიმუმ ექვსი უდიდესი ყავის ტრეიდერი. ვაჭრობის კონკრეტული მოცულობების შეფასება რთულია, რადგან ეს სტრუქტურები ძალიან ერიდებიან ციფრების გამოქვეყნებას, თუმცა შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მსოფლიო ყავის ვაჭრობის ყველა ტრანზაქციის დაახლოებით 60-დან 75%-მდე ხდება შვეიცარიაში, რაც კონფედერაციის მშპ-ს დაახლოებით 1.0%-ს შეესაბამება.
შვეიცარული ყავა არა მხოლოდ კარგი ხარისხისაა, არამედ ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში და შვეიცარიელები ბედნიერები არიან, რომ არ უწევთ საუკეთესო ყავის ძებნა, რადგან იგი ყველგან იყიდება.
შვეიცარიის ხარისხის ნიშანი უკვე ასოცირდება არა მხოლოდ საათებთან და ყველთან, ან შოკოლადთან, არამედ სასმელების მეფე - ყავასთან.
შვეიცარია, ისევე როგორც სხვა ქვეყნები, ყავის მწვანე მარცვლებს შეისყიდის ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის, აფრიკის, ინდოეთისა და ინდონეზიის პლანტაციებიდან.
გამოდის, რომ საკუთარი ყავის ხარისხს შვეიცარია უნდა უმადლოდეს არა ნედლეულს, რომელიც ერთნაირად უმაღლესი ხარისხისაა როგორც ყავის სხვა არა მომპოვებელ ქვეყნებში, არამედ პროფესიონალიზმს და გადამუშავების მეთოდებს.
შვეიცარული ყავის ცნობილი ბრენდებია: Amici, Blaser, Jardin, Bogen, Mokambo, Chicco dOro, Ferrari, Henauer, Pausa და სხვა.


