ავსტრიული ყავა განსაკუთრებით პოპულარული გახდა 1683 წელს, როდესაც გეორგ კოლჩინსკიმ ვიზიტორებისთვის პირველი ვენური ყავის სახლი გახსნა.
სწორედ ამ პერიოდიდან დაინერგა ფართოდ მასებში ყავის სმის კულტურა, განსაკუთრებით მოსახლეობის ელიტურ ფენებში. მას შემდეგ, ასეთი დაწესებულებები ძალიან მნიშვნელოვანი გახდა ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის, ვისაც უყვარდა ყავა.
თავდაპირველად, ვენაში, ყავა ფუფუნებასა და სიმდიდრეს განასახიერებდა. ყავის დაწესებულებებს შორის იყო გამოუცხადებელი ბრძოლა ყველაზე დახვეწილის ტიტულის მისაღებად.
მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა კაფე - Silberkamer, რომელიც 25 წლის განმავლობაში რჩებოდა ყველაზე მასშტაბურ დაწესებულებად.
ყავის სახლები მორთული იყო ძვირადღირებული ვერცხლის ჭურჭლით და იშვიათი ხისგან დამზადებული ავეჯით - ეს ყველაფერი ნატიფი და დახვეწილი ატმოსფეროს შექმნას ემსახურებოდა.
ავსტრიული ყავას არა მხოლოდ მდიდრულ პირობებში მიირთმევდნენ, დაწესებულებების ხელმძღვანელები ცდილობდნენ გადმოეტანათ აღმოსავლეთის ქვეყნების გამოცდილებაც. მაგალითად, სტუმრების მოსაწყობად ტარდებოდა გასართობი ღონისძიებები, სადაც მათ შეეძლოთ ეთამაშათ ბილიარდი, კამათლები, ბანქო და ჭადრაკი.
იმ ხანებში ჭადრაკი იმდენად პოპულარული იყო, რომ ყავის დაწესებულებებში საჭადრაკო ტურნირებიც კი ტარდებოდა.
მე-20 საუკუნის დასაწყისში ყავის სახლებში გამოჩნდა კაბარეები, რომლებიც ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ასე რომ, ფინჯან ყავასთან ერთად ადამიანები არა მხოლოდ საუბრობდნენ, არამედ ერთობოდნენ, მხიარულობდნენ და ამგვარად ცდილობდნენ თავი დაეღწიათ ყოველდღიური რუტინისთვის.
დღესდღეობით, ვენა კვლავ ცნობილია ყავის მცირე და დიდი დაწესებულებების სიმრავლით, სადაც შემოგთავაზებენ გემრიელ ავსტრიულ ყავას. ძველი ქალაქის ქუჩებში დღესაც შეხვდებით უძველეს კაფეებს, რომელთა კარი სტუმრებისთვის ასევე ღია იყო მრავალი ათეული წლის წინათ.
მაგალითად, ასეთი კაფეებია - "ცენტრალი" (Central) და "ჰერენჰოფი" (Herrenhof). მათ ღირსეულ კონკურენციას უწევენ შედარებით ახალგაზრდა კაფეები, რომლებმაც უკვე დაიმსახურეს ყავის მოყვარული ავსტრიელების და ქვეყნის სტუმრების პატივისცემა - Cafe: Weimar, Prückel, Griensteidl და სხვა...
დღევანდელი ყავის სახლები ავსტრიაში მომხმარებლებს სთავაზობენ არა მხოლოდ დიდებულ ყავას, არამედ დახვეწილ, უჩვეულო გარემოს: ჭერზე ციმციმებენ ბროლის ჭაღები, კედლებიდან იდუმალად ბრწყინავს უზარმაზარი სარკეები, იატაკები დაფარულია ძვირადღირებული პრიალა მარმარილოთი, ხოლო ჩინებული ავსტრიული ყავა მოაქვთ ვერცხლის მოციმციმე ლანგრებით.
საინტერესოა, რომ ზოგიერთ დაწესებულებაში ყავის მოყვარულები, ყავის სახეობის შერჩევის დროს არჩევანს აკეთებენ არა სახელწოდების, არამედ ყავის ფერის მიხედვით. ოფიციანტებს მაგიდასთან მიაქვთ შკალა, სადაც გამოსახულია ყავის ფერების პალიტრა 25 ვარიანტით. მომხმარებელი ირჩევს სასურველი ფერის ყავას და ელოდება შეკვეთას. ეს მოფიქრებულია იმისთის, რომ მომხმარებელს გაუადვილდეს ყავის მრავალფეროვან, რთულ დასახელებებს შორის არჩევანის გაკეთება.
ავსტრიელებს აქვთ ყავის საკუთარი გრადაცია, რაც დამოკიდებულია ყავის სიმაგრეზე.
სუპერ ძლიერ ყავას - Kurz-ს უწოდებენ, ყავას ნაღებით - Obers, შავ ყავას ნაღებით - Konsul, თურქულად მომზადებულ მაგარ შავ ყავას - Turkischer, მაგარ შავ ყავას ნაღებით - Schlagobers, ყავას რომით - Fiacr, შავ ყავას კვერცხის გულით და ბრენდით - Kaisermelange, ყავას დიდი ბოკლით და ათქვეფილი ნაღებით - Einspanner და ა.შ... ეს ყავის მენიუს მხოლოდ მცირე, პოპულარული ნაწილია.
ავსტრიაში ყავა არა მხოლოდ უყვართ, არამედ აღმერთებენ! შეიძლება ითქვას, რომ მათ ყავა კულტად აქციეს. ავსტრია ტყუილად არ ითვლება დახვეწილი კოფემანების ქვეყნად, აქ უყვართ ყავის ყოველგვარი სახეობა და არ უგულვებელყოფენ მის ინდივიდუალურ გემოსა და არომატს.
ავსტრიაში ყავის მირთმევის წინაპირობაა ერთი ჭიქა ცივი სუფთა წყალი. ასეთი ჭიქა მაგიდაზეა მოთავსებული, მიმტანი კი მას ავსებს იმის მიხედვით, რამდენად დაიცალა იგი. როცა სვამთ. ზოგიერთ განსაკუთრებით გულმოდგინე ვიზიტორს შეუძლია გააკეთოს ეკონომია და ერთი საღამოს განმავლობაში დალიოს 10 ჭიქა წყალი.
ავსტრიელები არა მხოლოდ ყავაში ერკვევიან, ისინი დიდ ყურადღებას აქცევენ ტკბილეულს და დესერტებს, რომელსაც სასმელთან ერთად მიირთმევენ. უნდა ითქვას, რომ დესერტების ასორტიმენტი ძალიან დიდია.
ავსტრიაში ყავის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დელიკატესი არის “Apfelstrudel” (ვაშლის შტრუდელი) - ეს არის ხილის ნამცხვარი ვაშლის შიგთავსით, რომელიც ზემოდან მორთულია ფუმფულა ნაღების კრემით. პოპულარობით მეორე და მესამე ადგილებს ინაწილებენ “Kipfel” (ნახევარმთვარის ფორმის ფუნთუშა) და “Krapfen” (რბილი ბლითი).
ავსტრიული ყავის ცნობილი ბრენდებია: Hornig coffee, Julius Meinl, Naber, Sachers. Santora, Landessa, Wedl და სხვა...


