წვიმა იმშრალებს ცრემლებს
და ვერ ამთავრებს ტირილს,
მე სველ ქუჩაში გეძებ,
ვითმენ ჰაერის კივილს...
ქუჩას ასტკივდა გული,
არც სიმარტოვე არ ჩანს,
ღმერთო, რატოა რთული
ასე ცხოვრების განცდა...
არც მისამართი მშველის,
ქუჩებს ვეშვილე ალბათ,
აქაც არავინ მელის,
სახლშიც არავინ დამრჩა...
ჰაერს არ ყოფნის სუნთქვა,
რაღაც მთავრდება ჩემში,
ღამე შემყურებს ურცხვად
ეს საგიჟეთი შემშლის...
სულს ჯიბესავით ვფერთხავ,
არ შემრჩენია განცდა,
საკუთარ ფიქრებს ვგესლავ,
გული საგულეს გაცდა...
წვიმამ უმატა ტირილს,
სველზე სველია ქუჩა...
დგას სიჩუმე და კივის,
ღამეს ლექსები უჩანს.


