ციდან ისე დაეშვა,
ციდა წვიმა, შხაპუნა,
ხათუნა და პაპუნა,
წყალში აატყაპუნა.
დაისველეს ბავშვებმა,
ქოლგები და ბოტები,
მოფრინავენ წკაპუნით,
სასიმღეროდ ნოტები.
ლა,ლა, სი, სი, ლა, ლა-ო,
არ დასველდეთ არაო!
შენ ლას იტყვი, მე კი სის,
შენ ბარის ხარ მე კი ცის...
ზეცის შვილი დახტის და,
ბაღ-ბოსტანშიც ხალისობს,
სურს, ვარდების კოკრები,
კოცნით გაამაისოს...
იქვე, საბძლის კარიდან,
თავს ჰყოფს თეთრი ნიკორა,
წვიმის ზღაპარს ყურს უგდებს,
იყო, არა იყო რა...
იშხაპუნა შხაპუნამ,
სულ გალუმპა ვაშლები,
აყოლებენ წვიმას ხმას,
მასზედ მსხდარი შაშვები.
დაუნამა, გაულღო,
ყველას ცხელი გულები,
მკერდს უშვერენ ყვავებიც,
სიცხით დაალხულები.
ბატის ციცქნა ჭუკები? -
ეზოშია ისინიც,
მზე კი ღრუბლის ქულიდან,
გულიანად იცინის.


