კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 20 ნოემბერი 2026 02:39

 

ზამთრის შუაღამე იყო. თოვას სულ ახლახან გადაეღო.

ფაფუკი თოვლი იდო პატარა ქალაქის ქუჩებში.

ფარნები მკრთალად ანათებდნენ დათოვლილ ხეებს და ტროტუარებს.

ცარიელ ქუჩაზე პატარა ბიჭუნა მოდიოდა.

ბიჭუნას ვეება თაიგული მიეკრა მკერდზე.

ფარნების შუქზე სხვადასხვაფერად ელავდნენ ყვავილები.

მოდიოდა ბიჭუნა თოვლში. ეტყობა, ჩქარობდა. საყელო აეწია, შუბლზე თბილი ქუდი ჩამოფხატოდა.

დათოვლილი ხეებიდან ხანდახან თოვლის ქულა ჩამოიშლებოდა, ფიფქები ყვავილებს დაეფრქვეოდა და უცებ უფრო გაბრწყინდებოდა თაიგული.

მოდიოდა ბიჭუნა თოვლში.

აჰა, შემოუხვია ქუჩის კუთხეში და რკინიგზის სადგურიც გამოჩნდა.

ბიჭუნა ბაქანზე გავიდა.

არც იქ იყო ვინმე.

ბიჭუნა გრძელ სკამზე ჩამოჯდა, თავი საყელოში ჩამალა და მხოლოდ თვალებიღა მოუჩანდა. თაიგული კვლავ მკერდზე ჰქონდა მიკრული.

ცოტა ხნის შემდეგ მოისმა ორთქლმავლის შეკივლება და ბაქანზე სადგურის მორიგე გამოვიდა მთქნარებით.

პატარა ქალაქს სადგურიც პატარა ჰქონდა და, კაცმა რომ თქვას, ეს კაცი სადგურის უფროსიც იყო, მორიგეც და ყველაფერი.

მორიგემ მატარებლის მოსვლამდე ბაქანზე გაიარ-გამოიარა.

ბიჭს შეეშინდა, არაფერი მითხრასო, და თაიგულს მოეფარა.

მორიგე ახლომხედველი იყო. კი შეხედა ბიჭს, მაგრამ იფიქრა, ყვავილის ბუჩქს ჩავუარეო, ის კი აღარ უფიქრია ნამძინარევს, ზამთარში ყვავილი რატომ ყვავის ან აქ რა უნდა ყვავილის ბუჩქსო.

ერთიც მოაკივლა ორთქლმავალმა და ჩამოდგა დათოვლილი მატარებელი.

სადგურის მოსაცდელი დარბაზიდან რამდენიმე კაცი გამოვიდა ჩემოდნით ხელში და სწრაფად შევარდა ვაგონებში.

ბიჭუნა ადგა, მივიდა და მატარებელთან გაჩერდა.

მორიგე გაოცდა, ბუჩქი გაცოცხლდაო. მერე დააკვირდა და რომ დაინახა ბიჭუნა იყო, იფიქრა, კაი ბიჭია, ეტყობა, ვინმეს ელოდება, მაგრამ მარტო რად გამოუშვესო.

ბიჭუნა იდგა და შესცქეროდა ვაგონის ფანჯრებს. ფანჯრებში არავინ ჩანდა. ეტყობა, ეძინათ მგზავრებს.

უცებ ერთი ფანჯარა გაიღო და ლამაზმა ქალმა გამოყო თავი.

- რა ლამაზი ყვავილებია! - წამოიძახა მან, ფანჯარა სწრაფად დახურა, ბიჭს ხელით ანიშნა, დამიცადეო, და რაღაცას დაუწყო ძებნა, ალბათ პალტოს.

ქალის ძახილზე სხვა ფანჯრებიდან გადმოჰყვეს თავი მგზავრებმა.

- ოჰ, ყვავილები!

- ყვავილები!

- ლამაზი ყვავილები! - დაიძახეს იმათაც.

ლამაზი ქალი ჩამოვიდა ვაგონის კიბეზე და ბიჭუნასაკენ გამოეშურა. სახელდახელოდ ქურქი ჩაეცვა, მაგრამ, ეტყობა, მაინც სციოდა თბილი ვაგონიდან გამოსულს და ჩქარობდა.

- ბიჭუნა, რა ღირს ყვავილები? - ჰკითხა და ხელჩანთა გახსნა ქალმა.

- არაფერი, - უთხრა ბიჭმა.

- როგორ თუ არაფერი?

- არ ვყიდი.

- მაშ აქ რისთვის დგახარ?

- ისე წაიღეთ, თუ მოგწონთ, ეს ჩემი პირველი ყვავილებია.

- ხომ არ მოიპარე? - დაეჭვდა ქალი, მაგრამ შემდეგ დაამატა:

- არა, ქურდს არა ჰგავხარ. რას გეტყვი იცი, მომეცი შენი თაიგული და აიღე ფული. შენ თუ არ გინდა, ოჯახში გამოგადგებათ.

ამათ ლაპარაკში მგზავრები მოგროვილიყვნენ.

- როგორ თუ მთელი თაიგული!

- ჩვენც გვინდა!

- თითო ყვავილზე მეტი არ მისცე არავის! - შესძახეს აქეთ-იქიდან.

- კარგი, ბატონო, ― თქვა ლამაზმა ქალმა, - ყვავილი ერთიც საკმარისია. ერთია ყვავილი თუ ათი, სულერთია, ოღონდ ყვავილი იყოს.

გამოართვა ყვავილი ბიჭს ლამაზმა ქალმა, ფული პალტოს ჯიბეში ჩაუდო, მერე დაიხარა და შუბლზე აკოცა.

ბიჭუნამ გაიღიმა.

დაურიგა ყველას თითო ყვავილი.

მორიგემ ჩამოჰკრა ზარს.

იკივლა მატარებელმა და ნელა დაიძრა...

ბიჭუნა ფანჯარას შესცქეროდა. დაინახა, როგორ შევიდა ლამაზი ქალი კუპეში და ყვავილი ვიღაცას გაუწოდა. და ის ვიღაცა წამოდგა და ფანჯარაში გადმოიხედა.

პატარა გოგონა იყო. ღამის გრძელი პერანგი ეცვა, თეთრი.

გადმოჰყურებდა გოგონა ბიჭს და უღიმოდა.

ბიჭუნა გვერდით მიჰყვებოდა ვაგონს.

მერე მატარებელმა მოუმატა სიჩქარეს.

ბიჭი გაჩერდა.

მგზავრებს თავი გადმოეყოთ ფანჯრებიდან და ხელს უქნევდნენ ბიჭს.

ის კი მისჩერებოდა ერთ ფანჯარას, რომელშიც თეთრი პერანგი მოჩანდა...

თვალს მიეფარა მატარებელი.

ბიჭუნამ ამოიოხრა.

მერე ჯიბეში ჩაიყო ხელი და ფული ამოიღო.

დასცქეროდა დაჭმუჭნულ ქაღალდებს, ამას რა ვუყოო, ფიქრობდა.

შემდეგ მოსაცდელი დარბაზისაკენ წავიდა.

შევიდა დარბაზში.

გრძელ სკამზე ისხდნენ თავიანთი მატარებლის მოლოდინში მგზავრები. ზოგს მჯდომარეს ჩასძინებოდა, ზოგი კი წამოწოლილიყო სკამზე, თავი ჩემოდანზე დაედო და ისე ეძინა.

ერთ სკამზე წვერგაუპარსავ კაცს ეძინა და ოხრავდა ძილში. მეტად ღარიბულად ეცვა, არც ჩემოდანი ჰქონდა და თავქვეშ ფეხსაცმელები ამოეწყო.

ბიჭუნა მივიდა და ფრთხილად, რომ არავის დაენახა, ფეხსაცმელში ჩაუდო დაკეცილი ფული.

მერე გამოვიდა დარბაზიდან და შინისაკენ წავიდა.

ბიჭუნას სადგურის მორიგე უთვალთვალებდა თურმე. მას ახლა სათვალე გაეკეთებინა და კარგად დაინახა ყველაფერი.

„ამას უყურე, ერთი მტკაველია და უკვე რამდენ რამეს ხვდებაო“. - იფიქრა მორიგემ, როცა ბიჭუნამ კაცს ჩაუდო ფული. ახლა დილამდე მატარებელი მაინც აღარ იქნებაო, და გაჰყვა ბიჭს, ვნახო ერთი, სად ცხოვრობსო.

მიდიოდა ბიჭი თოვლიან ქუჩაში.

ხან გაიქცეოდა და აბუქებდა თოვლს.

ერთ პატარა ხეს რომ გაუარა, უცებ შეირხა ხის ტოტები, ალბათ ხეზე მძინარე ჩიტებმა თუ შეიფრთხიალეს, და ბიჭს დაათოვა ხემ.

ბედნიერი ბიჭუნა მიდიოდა თოვლში შინისაკენ.

უკან მიჰყვებოდა სადგურის მორიგე და იღიმებოდა.

ჰაი, გიდი! რა კარგია, რა კარგიაო, - ამას ფიქრობდა მხოლოდ...

მეორე და მესამე ღამესაც მოვიდა ბიჭუნა სადგურზე. გაყიდა თავისი საოცარი ყვავილები და კვლავ მძინარე მგზავრებს ჩაუდო ჩუმად ფული.

სადგურის მორიგე უთვალთვალებდა ბიჭუნას, აინტერესებდა, რა ხდებაო! მაგისი მშობლები უნდა ვნახოო, გადაწყვიტა ბოლოს. სიმართლე ითქვას, ის უფრო აინტერესებდა, ასეთი კაი ბიჭი რომ გაზარდეს, დედ-მამა რა ხალხია ასეთიო.

მივიდა იმ ბიჭის მშობლებთან, როცა ბიჭუნა სკოლაში იყო, და ჰკითხა: გამაგებინეთ, ღამით მარტოს რატომ გზავნით სადგურში, ან თუ ყვავილებს აყიდვინებთ, ფული სახლში რად არ მოაქვსო?

მშობლებს გაუკვირდათ, როგორ თუ ღამით სადგურზე დადის, ან რა ყვავილებზე ლაპარაკობთო.

- არა, ცუდს კი არაფერს აკეთებს, ეგეთი კაი ბიჭი მე ბევრი არ მინახავსო, - თქვა მორიგემ. - საოცრად ლამაზ ყვავილებს ყიდის და ფულით ღარიბ მგზავრებს ასაჩუქრებსო.

- დავიღუპეთ, ხომ არ იპარავსო! - დაღონდა დედა. დედებს შვილები რომ ძალიან უყვართ, ამიტომ სულ საშინელებები ელანდებათ.

- არა, ჩემი შვილი არ მოიპარავსო, - თქვა მამამ და ჰკითხა მორიგეს: - მაშ ძალიან ლამაზი ყვავილებიაო?

- კი, საოცრად ლამაზი, - უპასუხა მორიგემ.

- ჰოო, - თქვა მამამ, - და რაღაცაზე ჩაფიქრდა.

დედამ კი დაიჟინა: - ვაითუ იპარავს, ვაითუ იპარავსო!

- კარგი, შევამოწმოთ, მაგაზე ადვილი რა არისო, - გადაწყვიტა მამამ.

თქვენც მობრძანდითო, - სთხოვა მორიგეს.

მორიგეს თხოვნაც არ სჭირდებოდა, ისედაც ძალიან აინტერესებდა.

დაუდარაჯდნენ იმ ღამით ბიჭს. უნდოდათ ენახათ, სად კრეფდა იმ ყვავილებს.

მაგრამ ნახეს, ბიჭუნა თავისი ოთახიდან ყვავილებით ხელში გამოვიდა, ჩაიცვა პალტო, დაიხურა ქუდი და წავიდა სადგურში.

- ალბათ დღისითვე მოიმარაგაო, - თქვა სადგურის მორიგემ, - ახლა გავიქცევი, მატარებელი არ გაჩერდეს უჩემოდო.

მეორე დღეს ბიჭი სკოლაში რომ წავიდა, დედამ მისი ოთახის ყველა კუთხე-კუნჭული მოჩხრიკა.

ყვავილები არსად ჩანდა.

- ნეტა ახლა რაღას იზამსო, - თქვა სადგურის უფროსმა.

მამას კი ულვაშებში ჩაეღიმა.

ღამით კვლავ დაუდარაჯდნენ.

და საშინლად გაოცდნენ ბიჭუნას დედაც და სადგურის უფროსიც, როცა ვეება ელვარე ყვავილებით გამოვიდა ბიჭუნა ოთახიდან...

წავიდა ბიჭუნა სადგურში.

დედა უცებ დამშვიდდა, თუ ბავშვი ამ ყვავილებს არ იპარავს, მიაქვს და ხალხს ახარებს, რა გვენაღვლება. ნუ გავაგებინებთ, რომ ვიცით მაგისი ამბავი, ნუ დავუკარგავთ ხალისსო.

დედები ასეთები არიან საერთოდ, ოღონდ მათი შვილი ცუდად არ იქცეოდეს და რაც უნდა, ის აკეთოს, ყველაფერში მათ მხარეზე არიან.

მამამ კი გაიცინა: - ეგრეც ვიცოდიო!...

სირბილით წამოვიდა სადგურის უფროსი, გვერდით ჩაურბინა ბიჭუნას და ჰკითხა:

- როგორა ხარ, ბიჭუნი?

- კარგადა ვარო, - უთხრა ბიჭუნამ და თაიგული ასწია, - ყვავილი არ გინდათო?

- გმადლობ, წაიღე, სადაც მიგაქვსო, - დაიძახა მორიგემ და განაგრძო სირბილი. გულში კი ფიქრობდა: - ცოტა უცნაური ხალხი კია, მაგრამ კარგი ხალხია ნამდვილადო.

სადგურის უფროსი რომ წავიდა, დედამ ჰკითხა მამას, მაინც რა იცოდიო?

- რაზე მეკითხებიო? - ვითომ ვერ მიხვდა მამა.

- წეღან რომ თქვი, ეგრეც ვიცოდიო, რას გულისხმობდიო.

დედებს ასეც სჩვევიათ, მამებმა თუ რამე იციან, მათაც უნდათ, რომ იცოდნენ.

- იმასა ვგულისხმობდი, რომ ვიცოდი, ჩემი ბიჭი არ მოიპარავსო, - თავი დაიძვრინა მამამ.

სინამდვილეში მამა მიხვდა ყველაფერს, მაგრამ ცოლისთვისაც არ სურდა ეთქვა, ვაითუ ამან მეზობლის ქალს უთხრას, ის სხვას ეტყვის, ჩემს ბიჭს კი ალბათ არ უნდა მთელმა ქალაქმა შეიტყოს მისი ყვავილების საიდუმლოო.

მამა მიხვდა, რომ მისი შვილი სიზმარში კრეფდა ამ ყვავილებს.

იგი თვითონაც ხედავდა ხოლმე სიზმარში ასეთ ყვავილებს. კრეფდა კიდეც, მაგრამ სიზმრიდან ვერც ერთხელ ვერ გამოიტანა.

ახლა უხაროდა, რომ ბიჭმა მოახერხა ეს...

მას შემდეგ ხშირად, ბიჭი რაღაცას რომ აკეთებდა, თამაშობდა ან გაკვეთილებს სწავლობდა, მამა მიუახლოვდებოდა და ხუმრობით წაუთაქებდა ხოლმე კინკრიხოში: „ჰაიტ, შე უხეირო, შენაო!“

- რა იყო, მამიო? - ჰკითხავდა ბიჭუნა.

- არაფერი ისეთიო, - ეტყოდა მამა და წავიდოდა ღიმილით...

ყიდდა ბიჭუნა ყვავილებს.

ახარებდა ღამის მგზავრებს.

მიჰქონდათ იმათ ყვავილები, ჩადგამდნენ სახელდახელოდ ბოთლში, როგორც ლარნაკში.

ძილის წინ ერთხელაც შეხედავდნენ და გაიფიქრებდნენ, რომ ჩავიდოდნენ თავიანთ ქვეყანაში და ჩაუტანდნენ საოცარ ყვავილს იმას, ვინც ყველაზე ძვირფასი ჰყავდათ.

მაგრამ დილით გაიღვიძებდნენ და ხედავდნენ, აღარსად იყო ყვავილები.

ეს იყო იმ ყვავილების ნაკლი: სიზმარში მოკრეფილნი მხოლოდ ერთი ღამე ცოცხლობდნენ, ქრებოდნენ განთიადისას.

მგზავრებმა ეს არ იცოდნენ და იწყებოდა აყალმაყალი. ზოგნი ერთმანეთს აბრალებდნენ, ზოგნი ფიქრობდნენ გამყოლმა მოიპარაო.

თუმცა ზოგი ისეთიც ერია მგზავრებში, რომ ღამით ნანახი ყვავილი დილით აღარც კი ახსოვდა და უკვირდა, რა აჩხუბებს ამ ხალხს, დიდი ამბავი, თუ ყვავილი დაკარგესო.

გამყოლები უკან დაბრუნებისას ბიჭს უშლიდნენ, ნუ ყიდი მაგ ოხერ ყვავილებს, მერე კარგავენ მგზავრები და ერთი ამბავი აქვთ ვაგონში, შენი გულისთვის ჩვენ გვეჩხუბებიანო.

სადგურის უფროსი კი ამშვიდებდა გამყოლებს, ეგეთ ლამაზ ყვავილს ერთი ღამეც რომ უყურო, ცოტა არაა, თქვენც რომ იყიდოთ, არ გაწყენთო.

ჯერ ბიჭუნაც არ ნაღვლობდა, ყვავილები რომ ქრებოდნენ დილით, ფიქრობდა, ამაღამ კიდევ დავკრეფო.

მაგრამ დრო გადიოდა. ბიჭი იზრდებოდა და უფრო და უფრო მეტად სურდა, დღისითაც არ გამქრალიყვნენ ყვავილები.

ლარნაკში აწყობდა ღამით იმ ყვავილებს.

დილით გაიღვიძებდა თუ არა, იქით გაიხედავდა, მაგრამ ცარიელი იყო ლარნაკი ყოველთვის.

იზრდებოდა ბიჭი და თანდათან დარდიანი ხდებოდა.

აღარ ყიდდა სიზმარეულ ლამაზ ყვავილებს.

ღამით კი გაიხარებენ ხოლმე მგზავრები, მაგრამ დილით რომ ვეღარ პოულობენ, ეს ხომ მოტყუებააო.

იქნებ ჯობს სულ არ ნახონ ყვავილები და გულიც აღარ დასწყდეთო.

გაიზარდა...

დადიოდა ნაღვლიანი ჭაბუკი.

დედა ფიქრობდა, ალბათ, ლამაზ ყვავილებს ვეღარ პოულობს, სადაც პოულობდაო, და თვითონ მიდიოდა ქალაქის მახლობელ ტყეში. ეძებდა, იქნებ მე ვიპოვო ის ლამაზი ყვავილები და გავახაროო.

რამდენჯერმე ქმარიც წაიყვანა თან. კაცი დაიღალა ტყე-ღრეში სიარულით. მობეზრდა ეს და იფიქრა, სჯობს ვუთხრა ყველაფერი, თორემ მეტი აღარ შემიძლიაო.

მოუყვა, რაც იცოდა.

მამამ ისიც იცოდა, ახლა რაზე დარდობდა ვაჟი.

გავიდოდა ჭაბუკი ქუჩაში.

დადიოდა ნაღვლიან ფიქრებში გართული...

გამოერკვეოდა და დაინახავდა, სადგურში მისულიყო...

ჩამოჯდებოდა იმ სკამზე, სადგურში პირველად მისვლისას რომ იჯდა თაიგულით ხელში, და უცქეროდა, როგორ ჩამოდგებოდა მატარებელი, როგორ გადმოდიოდნენ მგზავრები ვაგონებიდან, როგორ ხვდებოდნენ მათ ნაცნობები.

როცა ვინმე შეეკითხებოდა, აქ რას აკეთებო, ეუბნებოდა, ველოდებიო.

- რას ელოდები ან ვის ელოდებიო? - ჰკითხავდნენ.

- არ ვიციო, - უპასუხებდა ვაჟი...

ასე გავიდა კიდევ რამდენიმე წელი.

და ერთხელ, ზაფხულის ნათელ დღეს ვაჟი კვლავ სადგურში აღმოჩნდა უნებლიეთ.

დაჯდა იმ სკამზე.

და უცებ შხაპუნა წვიმა წამოვიდა ციდან.

მზე ხან გამოიხედავდა და ხან მიიმალებოდა თხელი ღრუბლების იქით.

იჯდა ვაჟი ოქროსფერ წვიმაში გალუმპული.

...და ჩამოდგა მატარებელი.

გაიღო ერთი ვაგონის კარი და ლამაზი ქალიშვილი გამოჩნდა.

ვაჟი წამოხტა და გაშეშდა:

ქალიშვილს ის ყვავილები ეჭირა ხელში, ბავშვობისას სიზმარში რომ კრეფდა ვაჟი.

ქალიშვილმა გაიღიმა, ჩამოვიდა კიბეზე და მოვიდა ვაჟთან.

ალბათ მიხვდით, ვინც იყო ეს ქალიშვილი.

მას შემდეგ, მატარებლის ფანჯარაში რომ დაინახა, ბიჭი იმ გოგონას ყოველღამე ხედავდა სიზმარში.

გოგონა სულ თეთრ პერანგში იყო და ოდნავი ქარიც რომ ამოვარდნილიყო სიზმარში, ბიჭი მაშინვე იღვიძებდა, გოგონა არ გაცივდესო.

გოგონაც ხედავდა ბიჭს სიზმარში. მის სიზმრებში სულ სცხელოდა ბიჭს თბილ პალტოში და ქუდში, ამიტომაც სულ წუწაობას ეთამაშებოდა გოგონა.

- წავიდეთ ჩემთან, ჩემს მშობლებს გაუხარდებათ, - უთხრა ვაჟმა. - მე ვხვდები, რომ მათ იციან ყვავილების საიდუმლო, მაგრამ არ ამხელენ. ალბათ დედაშენმაც იცის და არ უთქვამს შენთვის...

- წავიდეთ, - თქვა ქალიშვილმა.

მაგრამ არ წასულან.

კიდევ დიდხანს იდგნენ წვიმაში და უცქეროდნენ ერთმანეთს თვალებში.

„კიდევ კარგი, ასე რომ წვიმს და ვერავინ შეამჩნევს, ცრემლები რომ ჩამომდისო“, - ფიქრობდა ვაჟი.

„კარგია, ქოლგა რომ არ გავხსენიო“, - ფიქრობდა ქალიშვილი.

ისიც ტიროდა.

უყურებდა მათ სადგურის უფროსი და, მგონი, მასაც ცრემლი ჰქონდა თვალზე.

წვიმდა.

მზე ანათებდა.

აწვიმდა საოცარ ყვავილებს და ბრწყინავდნენ მზეზე წვიმის წვეთები...

. . . . . . . .

...მას შემდეგ ერთად ცხოვრობდნენ...

ერთად გამოდიოდნენ სადგურზე და ყიდდნენ ულამაზეს ყვავილებს.

ამბობენ, ბევრი მგზავრი ძალად იგრძელებდა გზას, რომ როგორმე პატარა ქალაქზე გაევლო და ის ყვავილები ეყიდაო.

ქვეყანა აავსეს ყვავილებით.

და ასე ფერადად დასრულდა ამბავი.

თუმცა ერთი დამავიწყდა: ყვავილებით ნაშოვნ ფულს ისინი კვლავ სხვას აძლევდნენ და მხოლოდ მცირედს იტოვებდნენ ბავშვების სარჩენად. და რადგან, თურმე ვინც ყვავილებს ხედავს ძილში, ის სხვას აძლევს ფულს, ალბათ ის, ვინც სხვას ჰპარავს, ყვავილებს ვერ ხედავს სიზმრად. ამიტომ შემდეგ ქურდების დევნას ისა სჯობია, ახლა იმას მივხედოთ, რომ ყვავილებს ხედავდეს სიზმარში ყველა ბავშვი...

ჰო, კიდევ ერთი და რაც მთავარია: რატომ აღარ ქრებოდნენ ის ყვავილები დღისით?

იქნებ თქვენც მიხვდით?

იმ ღამით თეთრპერანგა გოგონამ გულში ჩაიკრა ყვავილი და, რომ დაიძინა, სიზმარშიც თან წაიღო.

ახარა სიზმარში ყვავილი გოგონამ.

უვლიდა მას შემდეგ. და ის ერთი ყვავილი ათასად აქცია.

უვლიდა მთელი თავისი ბავშვობა...

ღამით ისიც სდებდა ლარნაკში ყვავილს...

და ერთ დილით, რომ გაიღვიძა, შეხედა ლარნაკს და სიხარულის ოხვრა აღმოხდა...

ასეა თურმე... სხვის სიზმარში დაბადებულ ყვავილს თუ შენს სიზმარში გადარგავ და დიდხანს მოუვლი, მაშინ მზის სინათლეზეც იცოცხლებს იგი, აღარ გაქრება და იქნება მუდამ.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen