პატარა სოსო ავად იყო. მოვიდა ბავშვთა პოლიკლინიკიდან გამოძახებული ექიმი ქალბატონი ელისო. დაჯდა, სული მოითქვა - რა უბედურებაა ულიფტოდ მეხუთე სართულიო. ოთახს თვალი მოავლო, - მშვენივრად კი თბილა თქვენთანო. შავი ტყავის ჩანთიდან წითელრეზინებიანი ფონენდოსკოპი ამოიღო, სკამი საწოლთან მიიტანა და სოსოს შუბლზე ხელი დაადო.
სოსოს ვითომც მარტო თავისი საქმე აინტერესებდა, აფუსფუსებული თითებით და შეკრული კოპებით პაწაწინა ელექტროძრავას ჩაჰკირკიტებდა. დედა ჰყვებოდა შეწუხებული ხმით - გუშინ საღამოს ერთი წამოიჩივლა, მუხლები მტკივაო. მაშინ სიცხე არ გამიზომია, მე მგონი, არცა ჰქონდა, დღეს დილას კი გავარვარებული დამხვდა.
- ხომ არ ახველებს? - იკითხა ქალბატონმა ელისომ.
- არა, ხველა არ შემიმჩნევია.
ქალბატონმა ელისომ სოსოს ჯერ თავი წამოუწია, მერე პირი დააღებინა და ენა გამოაყოფინა, მერე პერანგი წამოხადა და ბეჭზე ცივი ფონენდოსკოპი დაადო.
- ისუნთქე ცოტა ღრმად!
სოსომ ღრმად ჩაისუნთქა და ამოისუნთქა.
- ჩაახველე.
სოსომ ჩაახველა.
ქალბატონმა ელისომ ფონენდოსკოპი ახლა გულზე დაადო.
- ღრმად ნუღარ სუნთქავ.
სოსომ სუნთქვა სულ შეწყვიტა.
- გულაღმა დაწექი!
ქალბატონი ელისო ოთხი თითით დააწვა მუცელზე, მერე ქვემოთ ჩაუყვა, მერე მარცხნივ გადაინაცვლა, პერანგი ჩამოუწია, საბანი დააფარა და დედას მიუბრუნდა.
- გაცივებულია, გენაცვალე, ყელი აქვს ცოტა შეწითლებული. ნისტატინიანი ტეტრაციკლინი მივცეთ, ოთხ საათში ერთხელ, ნახევარ-ნახევარი აბი, სოდიანი წყალი გამოვავლოთ დღეში რამდენჯერმე, სტრეპტოციდით, ორი სტრეპტოციდი გახსენით ერთ ჭიქა სოდიან წყალში და გაუვლის.
დედას გაუხარდა.
- მიქსტურაც ხომ არ მიგვეცა, ქალბატონო ელისო? ოცდათვრამეტი და სამი ხაზი აქვს ახლაც.
- კი, მიქსტურაც მივცეთ.
ქალბატონი ელისო თავის სკამიანად წავიდა საწერი მაგიდისკენ. სკამი რომ დადგა, ხელები ისე გადაატრიალა, დედა მაშინვე მიხვდა, დაბანა უნდოდა.
თუ შეიძლება აქეთ მობრძანდითო, სამზარეულოში შეუძღვა. თვითონ სწრაფად დაბრუნდა, კარადიდან ხილი და ალუბალზე დაყენებული არაყი გამოიღო, თეფშებიც მოიტანა, დანებიც.
ქალბატონმა ელისომ ეს რომ დაინახა, გაწყრა, რა საჭიროა ესენი, რატომ ირჯებითო. მაგრამ დედამ ალერსიანი ღიმილით შეატყუპა ხელები გულთან, ჩვენი საკუთარი ბაღის ხილია, რომ არ მიირთვათ, არ შეიძლებაო. ამაზე ექიმსაც გაეღიმა. დაჯდა და გამოიკითხა: სად ჰქონდათ ბაღი, ის ადგილი შორს არის თბილისიდან, თუ ახლოს. ზაფხულობით გრილა თუ ცხელა, კოღოები ხომ არ იცისო და სხვა.
სოსო ისევ თავის პაწაწინა ძრავს ჩაჰკირკიტებდა. ვერ იქნა და კარგად ვერ მიაბა ძუასავით წვრილი მავთულები საკონტაქტო ფირფიტებზ, მან მხოლოდ მაშინ ასწია თავი, ქალბატონი ელისო კართან რომ იდგა და ეთხოვებოდა:
- აბა, კარგად იყავი, პატარა ოსტატო.
სოსომ გაუბედავად გაუღიმა და ქალბატონი ელისო წავიდა.
წავიდა ის დღეც.
სოსომ იმ დღეს ორჯერ დალია ტეტრაციკლინი და სამჯერ გამოივლო სოდიანი წყალი, მაგრამ სიცხემ მაინც არ დაუწია, პირიქით, ღამის ათ საათზე ოცდაცხრამეტი გრადუსი ჰქონდა, ცოტა უფრო მეტიც.
უცადეს მეორე დღესაც. მესამე დღეს კი მამამ სხვა ექიმი მოიყვანა, ბატონი ლუარსაბი, დაბალი, სათვალიანი, ცხვირპაჭუა კაცი.
რომ გაიგო სოსო ერქვა სოსოს, ძალიან ისიამოვნა.
- რა კარგი, ნამდვილი ქართული ვაჟკაცური სახელი გრქმევია შენ, სოსო! ვაჰ, რა სახელი გრქმევია კაცო! ქოჩორიც ვაჟკაცური გაქვს, ვაჰ, ვაჰ!
იმანაც გასინჯა, ბეჭებზე უკაკუნა, ზედ ყურიც დაადო, თავი ისე წამოუწია, ნიკაპი მკერდზე დააბჯენინა, ფეხებიც მოაღუნინა და გააშლევინა. იმანაც იმედიანად თქვა, ნუ გეშინიათ, ყველაფერი მალე გაუვლისო. გამოუწერა წამლები.როცა წერდა, კალამს წვერზე რაღაცა წამოედო, ფაწჯრისაკენ შებრუნდა, ისე უყურებდა სინათლესთან მიტანილ კალამს, თითქოს საშინილი მწერი წამოგებულიყოს ზედ. წასვლის წინ კიდევ იკითხა:
- მაშ, სოსო, არა? უჰ, სოსო - და წავიდა.
დაღამდა ის დღეც. გათენდა ავადმყოფობის მეოთხე დღე. დაალევინეს სოსოს ბატონ ლუარსაბის გამოწერილი წამლები, მაგრამ სიცხე მაინც არ გამონელებია. საღამოს ხუთ საათზე ოცდათვრამეტი გრადუსი და ორი ხაზი ჰქონდა.
დაბრუნდა მამა სამსახურიდან. ღიმილით ჩაიჩოქა სოსოს საწოლთან, გახსნა გრძელი კოლოფი, ამოიღო შავი, ლაპლაპა, მრისხანე ავტომატი. გაიხარა სოსომ. დაცხრილა, დააცხავა იმ ავტომატით ყველა და ყველაფერი, მაგრამ სიცხე მაინც ჰქონდა. ჰქონდა უფრო მაღალი, - შვიდი საათისთვის ოცდათვრამეტი და ექვსი ხაზი.
დაჩუმდნენ ჭადრებზე შეხუნძლული ჟივჟივა ბეღურები. ფანჯრის მინებზე ატკაცუნდა გვიანი შემოდგომის ცივი წვიმის წვეთები. მეზობელმა გოგონამ მეცადინეობა დაიწყო პიანინოზე: - ერთი და, ორი და! ერთი და, ორი და! მერე დაუკრა პატარა სევდიანი პიესა, რომელმაც სოსოს სადღაც ნანახი ღრმა ტბორი და უმწეოდ დაკიდებული, ნიავისაგან ათახთახებული წნორის ტოტი გაახსენა.
და უცებ გაისმა ზარის გაუბედავი ხმა. დედამ და მამამ ერთმანეთს გადახედეს, ვინ უნდა იყოსო...
მამა წამოდგა, კარის გასაღებად წავიდა, სიხარულით წამოიძახა - ვინ მოვიდა, ვინ მოვიდაო, - და ოთახში სოფლიდან ჩამოსულ ნინო ბებიას შემოუძღვა.
ნუ ავწერთ გულის ამაჩვილებელ სცენებს: როგორ წამოვიდა შეწუხებული ბებია სოსოსკენ, როგორ ჩამოიშალა თავსაფრის ბოლოები და თქვა, - ბებო გენაცვალოს შენ, ჩემო ოქროს ბიჭო ტყუილად კი არ გნახე სიზმარში; როგორ შემოაწყო ცივი, ცივი ხელები ლოყებზე და აკოცა თოვლისა თუ წვიმის სუნით გაჟღენთილმა.
დავიწყოთ იქიდან, როგორ შემოათრია მამამ ოქროსფერი ტირიფის წნელით დაწნული კალათი და ძველებური ჭრელი ხურჯინი. მამამ ისინი ერთმანეთს მიაყუდა. მერე სამფეხა დაბალი სკამი მოიტანა. დაჯდა, კალათის თავსაკრს პირი აურღვია.
- ახლოს მოსწიეთ, ჩემთან ამოაწყეთ - ბრძანა სოსომ. მამამ სულ ახლოს მიათრია კალათი და ხურჯინი. დედამ აქ კი ჩაურთო თავისი ჩვეულებრივი სათქმელი: - ნუ გაბავშვდები ახლა მთლად!
მაგრამ მამამ ყური არ ათხოვა კალათს თავსაკრი სულ გადააძრო და ხელები სიამოვნებით გაშალა.
- მომიტანეთ სინები და ჯამფილები, ჩქარა!
მოიტანა დედამ მომინანქრული სინები და სხვადასხვანაირი ჯამფილები.
- არა, ეს უნდა დაიკიდოს.
ამოსწია მამამ, ამოსწია და დამკვრახული რქაწითლის გრძელი ჯაგანი ამოჭიმა კალათიდან. დედამ ჩამოართვა და დასაკიდად წაიღო. ყურძნის ქვეშ ბროწეულები ეწყო, დახეთქილი, შიგნით-შიგან ჩამუქებული, ლალისფრად გამონათებული ბროწეულები.
- აი, შვილო, ეს უნდა ჭამო, სიცხეს ეს დაგიწევს, თქვა ბებიამ და რომელიც დიდი ბროწეული იყო ის მიაწოდა სოსოს, მაგრამ სოსომ ხელი გვერდზე გააწევინა, ჯერ დამაცადეთ, მერე შევჭამო.
ბროწეულებს თამროს მსხლები მოჰყვა, ცივები, მძიმეები, გვერდებ-ოკრობოკროები, მომწვანო-მოყვითალოები. მამა სათითაოდ იღებდა ამ მსხლებს, ყუნწით ჰაერში ატრიალებდა, შეჰღიმოდა და მერე ფრთხილად, ფრთხილად დებდა სინზე.
მსხლების ქვეშ ვაშლები ჩაყუჩებულიყვნენ: კომშა ვაშლები, კიტრანები, ჟანგურები. იყო წითელი ყინულა ვაშლიც. ყინულა ვაშლის დანახვაზე სოსო წამოხტა, ეგ მომეცითო! მისცეს, ყველაზე დიდი, ყველაზე წითელი, მაგრამ მაშინვე არ ჩაუკბეჩია. სუნავდა, ლოყაზე იდებდა, ხელებს უტყაპუნებდა.
ვაშლების ქვეშ კომშები ბრძანებულიყვნენ. ისინი სულ მამა პაპური სიდინჯით დალაგდნენ ჯამფილაზე და ოთახი, თავიანთი სურნელებით აავსეს. აცლიდა მამა ბუსუსების პირბადეს კომშებს და თან ამბობდა:
კომშმა თქვა, მე რა ხილი ვარ,
დაბადებით ვარ მაგარი.
მოვწყდები, ჩამოვვარდები,
ძირს გამცვივდება ბრაგვანი.
უყურებდა სოსო მამას და იცინოდა, კუჭკუჭებდა გულიანად. კალათი რომ ამოცარიელდა, მამამ ახლა ხურჯინი გახსნა. ხურჯინის ერთ თვალში ეწყო: გრძელ-გრძელი, დაბრაწული შოთები, დაკლული გაპუტული ინდაური, ნახევარი კვერი თუშური ყველი. მეორე თვალში კი დაუბანელი, თხლე-ჭაჭის სუნიანი, ხელფეხ გაფარჩხული. აბა, რა, თუ მიხვდებით? ღვინით სავსე ტიკი. მამამ ის დიდის მოწიწებით და ფერებ-ფერებით ამოაბრძანა. ფრთხილად მიაყუდა აივანზე გასასვლელ კარს და ისიც დადგა მორჩილად, დინჯად. ისევ ხელ-ფეხგაფარჩხული, და ისე იდგა მთელი ღამე.
სოსო პირველად არ ხედავდა ვაჟბატონს, მაგრამ მაინც ეცინებოდა, განსაკუთრებით მის ვეება ჭიპზე.
მამა-შვილი რომ ამ ამბებში იყვნენ, ბებია სოსოს ფეხებთან მისცუცქებოდა, შეეყო საბნის ქვეშ უკვე გამთბარი, სასიამოვნოდ ხაოიანი ხელები, ნელ-ნელა, ალერსით უსრესდა თითებს და თან ჩურჩულით ამბობდა:
- შენი სიცხე - მე, შენი ხველა - მე, შენი ავადმყოფობა - მე, შენი სატკივარი - მე.
- მშია, შოთი მომეცითო! - ბრძანა სოსომ. მიართვეს შოთი. ყველიცო! - ყველიც მიართვეს.
ჭამა, აკნაწუნა ის მშვენიერი შოთი, ცოტ-ცოტა, დაგემოვნებით მიატანა ყველი, მერე ჩაკბიჩა დიდი ყინულა ვაშლიც.
და, წარმოიდგინეთ, ჩაეძინა!
როცა გაეღვიძა, თურმე გათენება ჯერ კიდევ შორს იყო. ბებიასთვის მისი საწოლის გვერდით გაეშალათ ლოგინი. სოსოსაც ეს უნდოდა. გააღვიძა. ჯერ ოქროსთმიანი და-ძმის ზღაპარი აამბობინა, მერე გიჟისა და ჭკვიანისა.
- რა კარგია, რომ ყველანი ერთად ვართ! - თქვა ბოლოს, თითქოს თავისთვის, ბებიას ხელი ლოყის ქვეშ ამოიდო და ისევ დაიძინა.
სიცხე აღარ ჰქონდა. სულ სასიამოვნო, ფერად-ფერად სიზმრებს ხედავდა: მღეროდნენ ფანჯრის მინებზე აცეკვებული, შორეული მთებიდან მოსული წვიმის წვეთები...


