კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 21 ნოემბერი 2026 09:08

 

 

ჩვენში მსუბუქად უცქერიან მწერლობას, თითქოს აბუჩად აგდებული ჰყავსთ, მწერლები კი უსაქმო, „საქმეგამოლეული“ ხალხი ჰგონიათ; მაგრამ თუ ამ საქმეგამოლეულმა ბეჩავმა „გაუხახუნა“ ვისმე ამის მოუბარს გაზეთში, გაგიხარიან, ის ყალყზე შედგება და ასტეხს ჰაი-ჰუის: როგორ თუ გაზეთში ჩამწერეთ, ჩემი ცუდი საქციელი გამოაქვეყნეთო! აკი არაფერია გაზეთიო? თითქოს ბრძანებდით, უსაქმურობაა მწერლობაო?..

თუ დაგწო და გიკბინა დაბეჭდილმა სიტყვამ ახად, უსაქმურობა კი არა, საქმიანობა ყოფილა; მაშასადამე, ძალა ჰქონია, საყურადღებო რაღაც რამ ყოფილა ეს სხვადასხვა ამბებით, სხვადასხვა ფიქრით და მოსაზრებით აჭრელებული ფურცელი. დიაღ, ნუ გგონიათ, ვაჟბატონებო, რომ ჩვენ, ბეჩავს მჯღაბნავებს, საქმე გამოგვლევია და იმიტომ ვჯღაბნით, ვწერთ, ვაწყდებით ღობე-ყორეს. არა. ჩვენ იმას ვცდილობთ, ეგები სასარგებლო რამ გავაგონოთ ქვეყანას, შევმატოთ რამ მის გონებას და ზნეობასაო.

ნუთუ ეს საქმე არ არის? ნუთუ ეს საქმე თქვენს საქმეს, რომელსაც მარტო თქვენი თავი ახსოვს, ჩამოურჩება უკან? არა მგონია. ვიცი, კარგად ვიცი, ამისთანა მსჯელობა საიდამაც მომდინარეობს და სარჩულად რაც უძევს. აი რა: ერთი გლეხი მყავს მეზობლად, რომელიც ორ დღეში ერთხელ მაინც მინახულებს ხოლმე; და ვაი ჩემი ბრალი, თუ წერის დროს მომასწრო!

- შენ, სწორედ, საქმე გამოგწყვეტია, კაცო, რა სულ მაგ ქაღალდებს ჩაჰღირღიტ-ჩაჰკირკიტებ? სუ ხომ ბალღი არ იქნები. - გაათავე, მორჩი მაგ მასხარაობას. საქმე გაიგე! - მეტყვის იგი დარწმუნებით, ისე დაბეჯითებით, რომ მეც თითქოს ეჭვში შევდივარ და მართლა უსაქმურად მიმაჩნია ჩემი თავი.

- საქმე არა გგონია? შენ ესა?.. მაშ საქმეს რას ეძახი? - ვეკითხები მე.

- სადიური საქმეა, შენს გამარჯვებას, - მეუბნება ის კვლავ: ქაღალდი, მელანი და იმის საქმე! საქმეს იმას ვეძახი - მოხნას კაცმა, მომკოს, მოთიბოს, სახლს რამ შეჰმატოს, ცოლ-შვილს რამ არგოსო.

რაპასუხი უნდა მისცე ამისთანა მსჯელობის პატრონს? იმას რომ ესმოდეს მწერლობის მნიშვნელობა, ესწავლა რამ და მისმა გონებამ სწავლის გემო იცოდეს, ამას არ იტყოდა, მაგრამ რადგან არ იცის და არ ესმის, ამბობს გულწრფელად სისულელეს… ჩვენი ხალხი ჯერ კიდევ იმ მდგომარეობაშია, რომ ამისთანა მსჯელობას ნიადაგი აქვს და რას იზამ, კრიჭას ვის აუკრავ, ენას ვის დაუბამ, რად ამბობო!

მაგრამ, ნათქვამია ძველად: „ვინც რა უნდა თქვას, წისქვილმა კი ფქვასო“.

 

* * * * * * *

 

დიაღ, წისქვილმა ფქვას და მეფელეტონემ კიდევ სთქვას. მოდი და ნუ იტყვი თუნდ იმას, რომ ჩვენში მწერლობას უსაქმურობას ეძახიან, უსაქმურობა-მეტიჩრობას, არა მარტო უბირნი სოფლელნი, რომელთაც არაფერი უსწავლიათ, არამედ ისინიც კი, - ვისაც სამი და ოთხი კლასი მაინც უნახავთ გიმნაზიისა, - გასულან სოფლად და წითელს ნუნუას მოჰსხდომიან გვერდით.

ხომ მე ჩემსას არ დავიშლი და მაინც ვიტყვი, თუმც კი უხერხულს მდგომარეობაში ვარ: საწყალი მეფელეტონე, გაღმა მკითხველები არიან და გამოღმა თვითონ ბუტბუტებს! უხერხულს მდგომარეობაში თუ არა ვარ, მაშ რა ჯანდაბაა: მე იმასა ვნატრულობ, რომ ეგები ჩვენი მწერლობა გაძლიერდეს, ნაბეჭდმა სიტყვამ მოიპოვოს ბინა ხალხის გულსა და გონებაშიო, და ისინი კი, ვისთვისაც რამ იწერება, გაიძახიან: წერაზე სრულიად ხელი უნდა აიღოთო!

წერაზე არა-რომელი ჭკვათამყოფელი მწერალი ხელს არ აიღებს, რადგან დარწმუნებულია, რომ მწერლობა ძალაა, ერთი უმთავრეს იარაღთაგანია ერის წინსვლისა, მის გონების და ცხოვრების გაუკეთესებისა. თუ სხვანი ჰხვნენ, სთესენ, ერთის სიტყვით რომ ვსთქვათ, მეურნეობენ და ერს ამდიდრებენ, მწერლობა კიდევ იმას უჩვენებს, თუ ეს სიმდიდრე რაზე და როგორ უნდა იქნას მოხმარებული, რათა ცხოვრება უფრო სარგებლიანი და ნაყოფიერი შეიქმნეს. მაგრამ მწერლობაც არის და მწერლობაც.

მწერლობა მაშინ ასრულებს თავის წმინდა მოვალეობას, როცა უკეთესად ემსახურება ქვეყანას. უკეთესი ქვეყნის სამსახური მწერლობისა კიდევ იმაში გამოიხატება, რომ ყოველი წვლილი, ავი თუ კარგი, თავის ქვეყნისა ესმოდეს, შეგნებული ჰქონდეს მისი საჭიროება და სხვებსაც შეაგნებინოს ესევე, - ყველა ავადობას, ყველა წყლულს წამალი დასდვას და, მაშასადამე, კარგი მწერალიც ის არის, ვისაც უკეთ შეუგნია ეს საჭიროება და უკეთესად ემსახურება ამ საჭიროების დაკმაყოფილების საქმეს.

სიმართლე მწერლობაში ორნაირად ითქმის, ამ თქმას ორგვარი ფორმა აქვს: ერთი პოეტური-ბელეტრისტული და მეორე პუბლიცისტური. საგანი იმათი ერთი და იგივეა - ცხოვრება, მისი მოვლენანი ძველი თუ ახალი, მიზეზი ამ მოვლენათა და შედეგი. ორივენი, ვსთქვათ, ერთსა და იმავე ჭეშმარიტებას ამბობენ, ერთსა და იმავე გზას ადგანან, მაგრამ ერთის თქმა ძლიერ ღონიერია, ხოლო მეორესი, თუმცა სიმართლეა, მაგრამ ვერ აღელვებს კაცის გულს და გრძნობას პირველივით.

ეს ასეა იმიტომ, რომ პოეტი აზრს ტანსაცმელს ურჩევს, აკოხტავებს, ალამაზებს და ყველასათვის თვალ-გულმისასვლელს და მოსაწონარსა ჰხდის, ხოლო პუბლიცისტი ამას არ დასდევს. პოეტი სურათებით გვესაუბრება, ტიპებსა ჰქმნის, ხშირად იდეალურს, მისაბაძავს, ისეთს ტიპებს, რომლის მსგავსნიც უნდა, რომ იყვნენ პოეტს ცხოვრებაში, რათა შეავსონ მისგან თვალში ამოღებული ნაკლი. პუბლიცისტი კი ცხოვრების მოვლენათ არკვევს და მის მიზეზებს უჩვენებს…

საზოგადოებაზე ნაყოფიერი ზემოქმედება აქვს პოეტისაგან შექმნილს ტიპებს; პოეტური მწერლობაც მაშინ არის ღონიერი, როცა მარტო ფრაზებით კი არაა სავსე, არამედ ვპოებთ მასში ან დაქვეითებულს კაცს, პოეტისაგან დახატულს, ან დიდსულოვანს ადამიანს… სურათი უფრო ცხოვლად გვიდგება თვალწინ, ცხოვლად, როგორც მაგალითი, - რომელიც კეთილის თვისებისაა, კეთილს აღძრავს ჩვენს გულში, და თუ საზიზღარია - ზიზღს და სიძულვილს.

პოეტის ერთი უმთავრესი მოვალეობათაგანია ტიპების ხატვა, - ისეთის ტიპებისა, რომელნიც უვარგისნია და მეორე, რომელნიც საჭირონია ცხოვრების გასაუკეთესებლად. ამიტომ დიდი ცოდვა და ნაკლია მწერლებისა და პოეტებისა, თუ იმათ შეუძლიანთ და ვერა ჰხატავენ ახალგაზრდობის მისაბაძავს, ახალგაზრდობის აღმზრდელს ტიპებს. თვითონ მწერლობაც ამისთანა შემთხვევაში სუსტი და უმარილოა. ეს კარგად ესმოდა განსვენებულს რუსეთის გამოჩენილს რომანისტს ტურგენევს და იმიტომ ვხედავთ იმის რომანებში სხვადასხვა დროთა შესაფერს ტიპებს.

რუსეთის ახალგაზრდობის აღზრდაზე ვგონებ რომ იმდენი ღვაწლი არც ერთს მწერალს არ დაუდვია, რამდენიც ამ მწერალმა დასდვა. თუმცა კი ბოლოს დროს თითქოს უმტყუვნა თავის განზრახვას და ოცდაათის წლის შრომა ერთის მოთხრობით ჩაფუშა (იხ. „თავზედ ხელაღებული“). იგი ჰქმნიდა იდეალურს ტიპებს და ახალგაზრდობაც იმის შექმნილს ტიპებს ჰბაძავდა და ჰბაძავს დღესაც.

სიმართლით რომ ვსთქვათ, ახალგაზრდობის რწმენა და აზრი თუკი ბრალად ჩასათვლელია მართლა, ერთის მხრით ტურგენევის ბრალია. ერთის მხრითაო ვამბობ იმიტომ, რომ აზრს, გარდა მწერლის ჩაგონებისა, თვითონაც ნიადაგი აქვს ცხოვრებაში, თვითონ ცხოვრების გარემოება გამოიწვევს ხოლმე. ამ ცხოვრების, ვსთქვათ, უვარგისს მდგომარეობას ბევრი ვერ შეიგნებს, უმრავლესს ნაწილს ისე ესმის, როგორც ძილში და ბურანში ხმა რამე შაესმას კაცს. ამ შემთხვევაში ეშველება ხალხს პოეტი და მოხერხებულის, ოსტატურის გამოხატულობით შეაგნებინებს.

ჩვენს მწერლობაშიც შეჰხვდებით ტიპებს და უფრო კი მეცადინეობას ტიპების შექმნისას, ჰხვდებით, მაგალითად, ვაჭრების ტიპებს, მოსამსახურე-ლაქიებისას, ვაჭრის ცოლებისას და სხვ. და სხვ. მაგრამ ესეთი ტიპები ნაკლებად შეესაბამისებიან ცხოვრების საჭიროებას…

ლუარსაბ თათქარიძის შემდეგ, ჩვენდა სამწუხაროდ და სავალალოდ, ცხოვრების საჭიროების მიხედვით შექმნილს ტიპს ვეღარა ვხედავთ… სხვა ახალს ტიპს აღარ აუჩოჩქოლებია ჩვენი საზოგადოება, ღრმად აღარ ჩაუფიქრებია თავის ყოფა-მდგომარეობაზე, მის არსებაში აღარ ატეხილა ორნაირის გრძნობათა ბრძოლა, რომლის გამოც დღევანდელი უვარგისობა განედევნა და ერთი ფეხი წინ წაედგა ჩვენს თვითცნობას და მოქალაქობრივობას.

მადლობა ღმერთს, ჩვენ ლუარსაბის ნაანდერძევი უსაქმურობა, უმეცრება და კუჭის გაღმერთება დღეს უარვყავით, - ჩვენს თავს იმდენად არ დავამცირებთ, რომ მარტო ვსვათ, ვსჭამოთ, ვთვალოთ ბუზები და ტახტზე ვიგორავოთ. - არა, დღეს ჩვენ გაცილებით ბევრით მაღლა ვსდგევართ ბეჩავს ლუარსაბზე, მაგრამ რანი ვართ, რას ველტვით, რა ძალი და ღონე გვაქვს გულისა და ტვინისა, მაინც კი საჭიროა ვიცოდეთ, - უნდა აწონილი, შეგნებული გვქონდეს, საით, რაზე მივაპყროთ ჩვენი ძალ-ღონე.

ამ შემთხვევაში ხელოვნება უნდა მოგვეშველოს… ამ ჩვენის დროის საჭირბოროტო კითხვას იგივე ლუარსაბ თათქარიძის შემოქმედი პოეტი შაეხო თავის ახალს მოთხრობაში „ოთარაანთ ქვრივი“ და თავისი ძლიერის მკლავით კიდევ შესძრა, მოძრაობაში მოიყვანა ჩვენი გულ-გონება და აგვაყაყანა… ნიჭიერება ეროვნულის მწერლისა იმითი გაიზომება, თუ რამდენად ესმის თავის ქვეყნისა და ერის საჭიროება, მით, თუ რამდენად შეგნებული აქვს მისი უმთავრესი ნაკლი და რამდენად მადლიანად ემსახურება ამ ნაკლის შევსებას სიტყვით თუ საქმით.

იმ დროს, როცა „კაცია-ადამიანი“ დაიწერა, ჩატეხილს ხიდზე საუბარი უადგილო იქნებოდა. ამისთანა ქადაგებისათვის ნიადაგი არ იყო მაშინ და დღესაც კიდევ ბევრს „გვაროვანს“ სწყინს, როგორთუ ვიღაც გლეხის ბიჭი ჰბედავს თავადიშვილის ქალის სიყვარულს და ისიც პასუხს აძლევს მის სიყვარულსაო. მაგრამ რას იზამ და რას იტყვი იმის წინააღმდეგ, რომ სიყვარული კაცთა მაღალ-დაბლობაზე დაფუძნებულს სიჯიუტეს არ ემორჩილება და იმას თავის საკუთარი კანონები აქვს, საკუთარი ფერის და ლაღის ზნისაა?!

რას იზამთ, როცა ცხოვრების საჭიროება და გარემოება ამგვარს სიყვარულს, ამგვარს დაკავშირებას მოითხოვს - ეს საჭიროება თავს გაიტანს; ეს შეუნიშნავს პოეტს და კიდეც ამაშია მისი ძალა და ღონე, მას შეუნიშნავს, რომ „ჩატეხილი ხიდის“ გამთელების აზრი ბჟუტავდა ჩვენს საზოგადოებაში, მან მოაგროვა ეს სხივები და სანთლად დაგვიდგა ბნელს ღამეში.

ამგვარი, თუ შეიძლება ესე ვსთქვათ, მაღალი ხარისხის ტიპები - ღერძია ეროვნების ცხოვრებისა და სხვა წვრილმანი ტიპები კი მხოლოდ სოლებია ამ ღერძისა, მხოლოდ ერთს რომელიმე მხარეს აკმაყოფილებენ მკითხველის სულისას, და ერის უმთავრესს საჭიროებაზე ზედგამოჭრილი ტიპი კი მთელს კაცის არსებას სთხოვს პასუხს, მთელს კაცის არსებას მოიყვანს მოძრაობაში და მთელს მის გულ-გონების ყურადღებას მიიზიდავს. ესეთი ტიპი აზრია, იგი ბედია ერისა და იმიტომ ყველასათვის საყურადღებო, მიმზიდველი… არიან კიდევ სხვაგვარი ტიპები, საკაცობრიო, როგორც, მაგალითად, დონ-კიხოტი და ჰამლეტი; ესენი მთელის კაცობრიობის საჭიროების მიხედვით არიან შექმნილნი, ანუ მათში გამოიხატება კანონები ცხოვრებისა.

დონ-კიხოტი არის მაძიებელი სიმართლისა, ამისთვის თავგანწირვით მებრძოლი, ხოლო ჰამლეტი ძიებისაგან მოპოებულის მჩხრეკელ-მრკვეველი, ანალიტიკოსი. ეს თვისება, ეს წესი საკაცობრიო საჭიროებაა, ყველა ქვეყნისა და ერისათვის მინიჭებული და არა მარტო ესპანელ-ინგლისელთა კუთვნილება. ამ საკაცობრიო ტიპებს რომ თავი დავანებოთ და ჩვენს თავს დავუკვირდეთ, კიდევ ბევრი რამ გვეჭირება, ნაკლი სხვაც ბევრი აქვს ჩვენს ცხოვრებას, და ახალგაზრდობას, ხომ, თითქმის, საკუთარ იდეალად საყოლი ტიპი არა აქვს მწერლობისაგან მიცემული. ესეც დიდი ნაკლია და დიდი ცოდვა.

 

* * * * * * *

 

იქნება ზოგმა იუცხოვოს და სთქვას: ხელოვნებას საჭიროებასთან რა კავშირი აქვს, ხელოვნება ხელოვნებისათვის უნდა იყოსო; მაგრამ თუ ღრმად ჩავუკვირდებით, ყველა პოეტს ქვეყნის საჭიროება აღონებს და აწუხებს, - იგი ელტვის მადლიანს, სარგებლიანს კაცთა ერთმანეთზე დამოკიდებულებას და სარგებლიანს ცხოვრებას…

შექსპირი ხომ მსოფლიო უდიდესი პოეტია და აბა კარგად დავუკვირდეთ იმის მწერლობას, თუ იგი უფრო ყველაზე მეტად არა ცდილობდეს დააკმაყოფილოს ეს საჭიროება არა ერთის რომელისამე ერისა, არამედ მთელის კაცობრიობისა. ხელოვნება ქვეყნის საჭიროებას თან მისდევს. მაგალითებისათვის შორს წასვლა არ დაგვჭირდება, თვალწინ გვიძევს რუსეთის ხელოვნების მიმდინარეობის ისტორია, ლომონოსოვიდან დაწყებული მწერლობა ხელოვნებით ამ ცხოვრების საჭიროების დაკმაყოფილებას ემსახურება.

იყო, მაგალითად, რუსეთში დრო, როცა ევროპიულს განათლებას გარეგნადა ჰბაძავდენ ჩაცმა-დახურვაში, თუ განათლებაში, და ავთან ერთად საკუთარი კარგიც უარყოფილი ჰქონდათ. მწერლობამ დაუწყო ამ ნაკლს ბრძოლა თავის დროზე. შემდეგ და შემდეგ ხომ ვიცით, რა აზრიც იბადება, რაც საჭიროებაც ჩნდება ცხოვრებაში. დღესაც ხომ ესევე აზრი აწუხებს საუკეთესო რუსეთის შვილებს და პოეზიაც ამავე აზრს და საჭიროებას ემსახურება.

ტყუილად ვინმე იტყვის იმას, რომ ეგ ტენდენციური პოეზიის საქმეა და არა ნამდვილის პოეზიისაო. ეს უსაფუძვლო თქმა იქნება, რადგანაც ყველა პოეტური ნაწარმოები, ასე თუ ისე, ტენდენციურია, მხოლოდ თვით ტენდენციაა სხვადასხვა ჯურისა და ამიტომ ადვილად ერთი ეჩვენება გამოუცდელს მკითხველს ტენდენციად და მეორე კი არა…

დიაღ, პოეზიისათვის სათაკილო არ არის ერის საჭიროებას ემსახუროს და ამისთვის შექმნას ტიპები რეალური თუ იდეალური.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen