ერთ თეთრფეროვან სახედარს ჩოჩორი შეეძინა. შვილის გაჩენა ვის არ უხარია, მაგრამ დედა ვირმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ნახირში რომ გაერეოდა, სულ იმას იძახდა: შეხედეთ, შეხედეთ, ჩემი შვილი როგორი წინდახედულად დაბაკუნობს, კუდით ბუზებს იგერიებს, რა ჭკვიანი თვალებით იხედება და რა შორს ხედავსო.
ჩოჩორი, რა თქმა უნდა, დაბაკუნობდა როგორც ხბოები და კვიცები, მაგრამ განსაკუთრებული წინდახედულება თითქოს არ ეტყობოდა. კუდით მწერებს იგერიებდა როგორც სხვები და მშვენიერი ქლიავისფერი თვალებიც ჰქონდა, მაგრამ სადღაც შორს რაიმეს დანახვას არ აპირებდა.
შეაყენებდა დედა, სადაც კორტოხს და ბექობს დაინახავდა, და შეუჩნდებოდა: დეიდებს ლექსი წაუკითხე და უმღერეო.
- აკიკინდებოდა ჩოჩორი, ხან ერთ ყურს აწევდა და მეორეს დაუშვებდა, ხან ორივეს გაფშეკდა და ჩამოყრიდა ან მაღლა შეწკიპავდა... მართლაც სასაცილო იყო, და სახედრები რომ ყროყინებდნენ, ძროხები ბღაოდნენ, ცხენები ჭიხვინებდნენ.
მართალია, დედა სხვა ჩოჩრებში, ხბოებში და კვიცებში თამაშს არ უშლიდა, მაგრამ რაკი შვილი, დედისა არ იყოს, თეთრფეროვანი იყო, მშობელი არიგებდა, თავისი ფასი სცოდნოდა, მალაყები არ ეყარა, ჯორობია არ ეთამაშნა, ზურგზე ვინმე კი არა, პეპელაც კი არ დაესვა, ოფლი არ გამოედინა და შორს, ძალიან შორს ეცქირა.
სხვა ჩოჩრები, ხბოები და კვიცები რომ ყირას გადადიოდნენ, ერთმანეთს ახტებოდნენ, დაჯლიგინებდნენ და ოფლად იხვითქებოდნენ, თეთრფეროვანა კუდს მარჯვედ იქნევდა, ბუზანკალს არ იკარებდა და ფიქრობდა:„დედაჩემი რომ იძახის, შორს ხედავსო, ნეტავი რას ვხედავო?“
აშტერდებოდა მთას, მთას იქით მთას და ცის კიდეს, სანამ თვალები არ აუჭრელდებოდა. ბოლოს, შორეთს თვალმიციებულს, ცის კიდეზე ღრუბლები თეთრი თივის და ნამჯის ზვინებად ეჩვენებოდა და ფიქრობდა, იქამდე თუ მივაღწევ, იმ ქუნქულა ზვინებს, კბილის გაქნევა არც დამჭირდება, ისე ჩავატკბარუნებო.
დიდი ფიქრის შემდეგ დარწმუნდა, იქამდე მისასვლელად გაფრენა იყო საჭირო, და იმაზე თავისტეხას მოყვა, როგორ შეიძლებოდა ფრთების შესხმა...
ამასობაში ჩოჩორი მუტრუკი გახდა და პატრონმა მოაკითხა - ჯოგს და რემას მწყემსი ჰყავს, ზოგიერთ სახედარს რომ ჰგონია ქვეყანა უპატრონო და უმწყემსური, ისე კი არაა.
მოჯდნენ თეთრფეროვანას ქეჩოში. გადაირია დედამისი: ეს ჩემია... ამისთანა ქვეყნად არაფერი დაბადებულა, ამის სხვასავით ხედნა და ჭაპანწყვეტა როგორ შეიძლებაო?!
ახედ-დახედეს, ერთი ჩვეულებრივი მუტრუკია.
- რა ხარ ამისთანაო? მაინც ჰკითხეს
- წინდახედული ვირი ვარო. აუხსნა მუტრუკმა.
- შენი წინდახედულება იმას ნიშნავს, არ შეგჯდეთ, არ გაჭენოთო?
- ამას გარდა, შორს ვხედავო.
- რას ხედავ შორს ამისთანას?
- იმას, რომ ჩემი ხედნა და თქვენსჭკუაზე ჭენება არ შეიძლება.
- აბა ჩვენ ვიაროთ მუტრუკის ჭკუაზე თუ როგორ გვირჩევო?
მოაჯდნენ და მოსცხეს მათრახი. ერთი დედამისსაც გადაუჭირეს „წინდახედული“და „შორსმჭვრეტელი“ მუტრუკის აღზრდისათვის, რომ მასაც და სხვასაც ჭკუა ესწავლათ და მუტრუკი ჩოჩრობიდანვე ვირად გაეზარდათ.
| პოეზიის გვერდი • • • |


