მთარგმნელი: ჯემალ აჯიაშვილი
რომელთა გასხენან სასმენელნი,
ისმინეთ -
ვითარ უბნობენ ღრუბლებში ზესნი:
ახლოა იგი,
შორია იგი -
ჭეშმარიტების კეთილი თესლი.
ახლოა იგი...
შორია იგი...
უდრეკ ვარ,
უდრეკ -
მოვილტვი მაინც,
მაგრამ შენს მიერ შეცნობილია,
მე ტანჯვით უნდა შევიცნო რაიც.
მაინც მოვდივარ შუქთა მფინარო,
რა უარეა - ჩრდილში ვინანო...
თვალნი რად მომეც აღსახილველად,
რად შემასმინე, შემასმინარო!
სიზმრად რად სახე ყოფნა ყოფადის,
რად დაგვიმძიმე მოძღვნა ნობათის,
თუმცა... ვინ ახსნა შენი განგება,
ცნობა ვინ შესძლო შეუცნობადის!..
ცით გვეზრახები, გვედაფდაფები,
ხელში გიპყრიეს ცეცხლი მარადი;
შენ ნათელი ხარ, სულთა ნათელი -
უსხეულო და... თავისთავადი.
დაბლით მზე გიფენს ცეცხლის ბისონებს:
რა უმჯობეა - შუქში ბრწყინავდე!..
და წამის ყოფა გაშორიშორებს
არარაიდან სრულყოფამდე.
ჩვენი მეზვრე ხარ, მეიალაღე,
ჩრდილში ღიღინებს შენი გუთანი...
თესლი მოეც და წყალზე აღაგე
შენი საყმო და აღსაყუდარი.
სასო შენ მიეც სასომიხდილებს,
შენ წარახდინე ძალი ძლიერთა,
შენგნით აღივსო კალთა ქვეყნისა,
გზა უდაბნოსი განპოხიერდა.
ცის საუფლოში იშვებ მდუმრიად,
ნუ ვისუფლიედ ახლო ევანოს...
და ვარსკვლავები გარე უვლიან
შენს მოზეიმე სატახტრევანოს.
ვით არ გამშვენებს შუქში მგზავრობა:
ცად გაიელვებს შენი სავსება
და საწუთროის დავლა-მრავლობა
მტვრის უდაბნოებს დაემსგავსება.
სულს აგვიზევებ, მადლო ღვთისაო,
რომ მარადიულ შუქში გვიზაო...
რა სათვალავით აღირიცხები,
რიცხვო, - დედაო ურიცხვისაო!
იტყვი - მზე ჩავა, ჩაიქუფრება,
სათავეებად აქცევ ბოლოებს,
მხოლოს მრავლად ხდის შენი უფლება,
მრავალს - დაშლის და დაამხოლოებს.
კვლავ ქმნადობისთვის განემზადები, -
ცამან შვება თქვას, მიწამ - კირთება
და ცისიერი შენი ნათელი
ჩვენს მიწურებში შემობრწყინდება.
ხელში მოსინჯავს საღვთო პინაკებს,
წილს განარიგებს ყოვლის მწირველი
და უდრტვინველად განაწილადებს
თავად ერთი და განუწილველი;
ასეა, ასე: „თვალი თვალის წილ!..“ -
უხმოდ განწილავს ზღვას და ფრიალოს,
რომ დაკარგული ჩვენი კავშირი
ისევ შეკრას და შეამთლიანოს.
მორთავს ფუძე-კარს, მორთავს ერდოებს,
ტაბლას მიკურთხებს წმინდა მარილით,
სულს დაიხელთებს, დაიკერძოებს
და წარუძღვება წინამძღვარივით...


