შეუდარებელი, უებრო შურისძიება იცის ისტორიამ. საუკეთესო ისტორიკოსები იმ აზრზე დგანან, რომ ქრისტიანობა პატარა, ადგილობრივ სარწმუნოებად დარჩებოდა, თუ რომ იესო ნაძირალა ებრაელებს ჯვარს არ ეცვათო.
ამ უბედურებს ეგონათ, რაკი იესოს საზარელ სიკვდილს მივცემთ, მასაც საშინლად დავამცირებთ და მის სწავლასაც აღმოვფხვრით და გავაქრობთო. ნამდვილად კი სწორედ ამ საზარელმა სიკვდილმა, ამ ჯვარცმამ, გააღმერთა იესო თვით ურწმუნოთა შორის, გახადა იგი საგნად უსაზღვრო თაყვანისცემისა, უმხურვალესი სიყვარულისა, მიანიჭა იმის სწავლას უძლეველი ძალა, მოჰფინა იგი კიდით-კიდედ, და ქრისტიანობა გადააქცია მსოფლიო საწმუნოებად; ჯვარცმულის ჯალათნი კი გააკრა კაცობრიობის თვალში სამარცხვინო ბოძზე უკუნითი უკუნისამდე.
სწორედ ესევე აცხადდება (და უკვე ცხადდება) ჩვენს უნიჭიერესს პოეტსა და დიდ მამულიშვილზე, რომელსაც ეხლა გლოვობს უმაგალითო მგლოვიარებით მთელი ქართველობა, გარდა ბნელეთის ნაძირლებისა.
უსულგულო და უტვინო ორფეხა მხეცები ვერაგულად ჰკლავდნენ საშინელი სიკვდილით საუკეთესო შვილს საქართველოსას, რასაკვირველია იმ განზრახვით და იმედით, რომ დაემცირებინათ მისი დიდებული სახელი, მისი დიდი გავლენა ქართველობაზე. მაგრამ, თავისისავე უგუნური და წყეული თვალებით იხილავენ სრულიად წინააღმდეგს ნაყოფს თავიანთი საზიზღარ მკვლელობისას.
ამ ვერაგულის მოკვლის შემდეგ ილიას სახელი მოიცვის დიდებული მოწამის შარავანდედით, ერთი ასად იმატებს ის ღრმა პატივისცემა, ის თაყვანება, რომლითაც ყოველი ჭკუათამყოფელი ქართველი გამსჭვალული იყო მისდამი; ერთი ასად გაიზრდება ის დიდი მნიშვნელობა, რომელიც იმის ქმნილებებს ჰქონდა, და ქართველობა ამ მის ქმნილებებს დაეწაფება სრული გაუმაძღრობით.
რაც ილიას დიდებას აკლდა სიცოცხლის ჟამსა, მის მკვლელობის შემდეგ უკლებლად შეივსება, და იგი იწყებს ბრწყინვას, როგორც უდიდესი მნათობი საქართველოსი. მოკლე ხნის განმავლობაში მთელს საქართველოში აღარ დარჩება არც ერთი ოჯახი, რომელსაც არ ამშვენებდეს ილიას სურათი, როგორც უძვირფასესი და სათაყვანო ხატი.
დიდება ილიასი მით უფრო იმატებს, რაც უფრო ზედმიწევნით გაიცნობს ქართველობა ნამდვილს ილიას, შეიგნებს იმის მდიდარს და წმინდა ქართულს ენას, მისს მაღალს აზრებს, პროგრესულს იდიალებს, მის დემოკრატიულს მიმართულებას, მისს წმინდა ეთიკას სრულის ადამიანობისას. ამისათვის კი ყველაზე მეტად საჭიროა მოფენა კიდით-კიდეთ მისი ქმნილებებისა, გავრცელება მისის თხზულებებისა მთელს ჩვენს ქვეყანაში.
ვინ უნდა იკისროს ეს დიდი საქმე? სათავადაზნაურო ბანაკმა და საქართველოს თავადაზნაურობამ. მათ ნახევარი იმ პენსიისა, რომელსაც ილია იღებდა, უნდა წლითი წლობით გადასდონ საგამომცემლო თანხად, იმის თხზულებების დასაბეჭდად, შეუკვეთონ ევროპის საუკეთესო მხატვრებს მათი დასურათება.
ყოველი ქმნილება მისი, ჩინებულად დასურათებული, გამოსცენ ცალკე წიგნად, სულ მცირე ფასი დაადონ და მთელს საქართველოში მოჰფინონ.
ეს მოფენა ისეთს ნაყოფს გამოიღებს, რომელსაც ეხლა ჩვენ ვერც კი წარმოვიდგენთ. ილია იყო არა მარტო დიდი ნიჭის პატრონი, არამედ დიდად განვითარებული ინტელიგენტი, შემკული იშვიათის მხატვრობითი ნიჭით და ამასთან ნამდვილი ბრძენი. ამიტომ იმის ქმნილებათა მოფენა შექმნის ახალს, დიდებულს ხანას ქართულს აზროვნებასა და სიტყვიერებაში.
როცა ქართველი გლეხობა გაიცნობს ილიას ნაწერებს, გადაიკითხავს იმის "კაცია-ადამიანს’’, "გლახის ნაამბობს’’, "კაკოს’’ თავგადასავალს, იმის "მუშას’’ და სხვა დემოკრატიულს ქმნილებას, იგი ცხადად დაინახავს, თუ რა დიდი მოციქული იყო ილია გლეხთა განთავისუფლებისა და აღორძინებისა. მაშინ იგლოვს იგი იმის სიკვდილს ბევრად უფრო მეტის მწუხარებით და ცრემლით, ვიდრე ეხლა გლოვობენ შეგნებულნი ნაწილნი ქართველი ერისა...
ეს იქნება საუკეთესო შურისძიება, ღირსი ჩვენის დიდებულის მიცვალებულისა... ამასთან ჩვენ უნდა მხნედ შეუდგეთ დიაგნოზს იმ საზოგადოებრივი სენისას, რომელმაც ისე მხეცურად იმსხვერპლა დიდებული მგოსანი.
ჩვენ უნდა უსათუოდ აღმოვაჩინოთ მხეცი მკვლელები და მათი ხელმძღვანელნი, თუ კი ჰყავდათ. არაფერს არ უნდა შევუშინდეთ, არაფერი არ უნდა დავმალოთ, რადგან დამალვით სენი კი არა რჩება, ძლიერდება, ხრწნის
საზოგადოებრივს ორგანიზმს და სიკვდილს უმზადებს ერს.


