ჩემი სოფლის პატარა სამკითხველო კლუბის კედელზე იყო მიშენებული...
სამკითხველო იყო სულ პატარა, ერთი ციცქნა ოთახი, მისი ფანჯრის რაფაზე ქოთანში წითელი ბალბა ყვაოდა, კედელზე კი თვითნასწავლი მხატვრის მიერ ზეთის საღებავებით შესრულებული სურათი ეკიდა...
მაგრამ მთავარი, რა თქმა უნდა, მაინც წიგნები იყო, რომლებიც ოთახში ჩამწკრივებულ თაროებზე მიჯრით ელაგა.
იმ თაროებს შორის სიარული და წიგნის შერჩევა ერთ რამედ ღირდა!
სამკითხველოს გამგე თუ ბიბლიოთეკარი, რომელსაც უცნაური სახელი - დეიდა რუიზანი ერქვა, ნებას მაძლევდა, რომ წიგნი მე თვითონ ამერჩია.
მეც დავდიოდი იმ თაროებს შორის, ვათვალიერებდი წიგნების ყუებს, ზოგჯერ რომელიმეს გადმოვიღებდი და ვკითხულობდი ავტორის გვარსა და სათაურს, რა თქმა უნდა, შემეძლო გადამეშალა და შიგ აქა-იქ თვალიც ჩამეკრა.
იმ დროს დეიდა რუიზანი თავისთვის იჯდა გაზეთგადაფარებულ პატარა მაგიდასთან და წიგნს კითხულობდა.
ზოგჯერ წიგნის შერჩევაში ისიც მეხმარებოდა - ადგებოდა, ღიმილით წამოვიდოდა, თავზე ალერსით დამადებდა თბილ ხელისგულს და სულ ზემოთა თაროდან რაღაც განსაკუთრებით საინტერესო წიგნს გადმოიღებდა.
რატომღაც სულ ასე ხდებოდა, რატომღაც სულ მუდამ მაღლითა თაროდან იღებდა საინტერესო წიგნებს და და მეც თანდათანობით ვრწმუნდებოდი, რომ ყველაზე საინტერესოები სწორედ იმ ზემოთა თაროებზე ელაგა.
ერთი სული მქონდა, როდის გავიზრდებოდი და იმ წიგნებს ჩემით როდის მივწვდებოდი.
თავიდან ერთზე მეტს არ მაძლევდა, ჯერ ეს წაიკითხე და მეორეს მერე გაგატანო, მაგრამ მერე და მერე, რომ დარწმუნდა, რომ ბიბლიოთეკიდან გატანილ ყველა წიგნს ბოლომდე ვკითხულობდი, ერთდროულად რამდენიმესაც კი მანდობდა.
მალე, ჩვენ შორის უცნაური ურთიერთობა ჩამოყალიბდა, რომელიც რაღაც შეთქმულებას უფრო ჰგავდა, ვიდრე მეგობრობას. სამკითხველოში მუდამ საიდუმლო ღიმილით შევდიოდი და ისიც ასეთივე ღიმილით მხვდებოდა, გვერდით დამისვამდა და ახლადწაკითხული წიგნის შინაარსს მაამბობინებდა.
ოთახში გრილოდა, გარედან ისმოდა ძაღლის ყეფა, ინდაურის კივკივი და ვიღაც გაალმასებული ქალის წყევლა-კრულვა, ჩვენ კი ვისხედით და თითქმის ჩურჩულით ვსაუბრობდით შორეულ ამბებზე, ადამიანებზე - მათ სიყვარულზე, თავგადასავალზე, ხშირად, მათ სიკვდილზეც...
ბოლოს ჩავაბარებდი წიგნებს და ახლებს წამოვიღებდი.
გზა სამკითხველოდან შინამდე იყო სასიამოვნო მოლოდინითა და მოუთმენლობებით აღსავსე.
ის მოუთმენლობა, ის მოლოდინი დღემდე მახსოვს და ახლაც სიამოვნებით მავსებს.
აგვისტოს ბოლოს ქალაქში ვბრუნდებოდი. იქ სკოლა და სულ სხვა სამკითხველო მელოდებოდა, სადაც დეიდა რუიზანის ნაცვლად მხვდებოდა მკაცრი სახის ჭაღარა ქალბატონი. ის თაროებთან ახლოს არავის უშვებდა და ამიტომ იძულებული იყავი, სასურველი წიგნი კატალოგების საშუალებით მოგეძებნა.
უცნაურია, მაგრამ მაშინ, იმ შორეულ წარსულში, ბიბლიოთეკარობაზე ვოცნებობდი. ვფიქრობდი, რომ როცა გავიზრდებოდი, ვიმუშავებდი რომელიმე პატარა სამკითხველოში და დამწყებ მკითხველებს უსათუოდ თავადვე ავარჩევინებდი წიგნებს.
ეს ოცნება ოცნებად დარჩა.
უფრო მეტიც, ამასწინათ სოფელში ჩასულს კლუბი დანგრეული დამხვდა. დანგრეული დამხვდა სამკითხველოც...
შევედი იმ ნანგრევებში. იატაკი დამპალიყო, ზედ ჭინჭარს გადაევლო... ვიდექი და ვიყურებოდი აქეთ-იქით...
ამოიარა ვიღაც ახალგაზრდა ქალმა.
სამკითხველო სად გადაიტანეს-მეთქი?
ისე აიჩეჩა მხრები, თითქოს ქართულად კი არა, რაღაც სულ სხვა, მისთვის უცნობ ენაზე ველაპარაკებოდი, საეჭვოდ შემათვალიერა და წავიდა...
ბოლოს მაინც დავადგინე, რომ კლუბი და სამკითხველო თავისით დანგრეულიყო, წიგნები ზამთარში საფეჩედ დაეტაცათ, დეიდა რუიზანი კი სულ რამდენიმე წლის წინათ მომკვდარიყო.
ხშირად ვფიქრობ ამაზე... ვფიქრობ, მაგრამ სასიკეთო ვერაფერი მომიფიქრებია.


