არ გახსოვს, რა სასაცილო ამბავი მოუვიდა კოლეგიის ასესორის კოვალიოვის ცხვირს? ჰო, იმ ცხვირს, რომელმაც თავისი კანონიერი პატრონი უცხვიროდ დააგდო და თვითონ კი არხეინად პეტერბურგში ეტლით გაისეირნ-გამოისეირნა.
მერე რა სასაცილოდ მოგვიყვა ამ ამბავს გოგოლი! გახსოვს, არა?
იტალიის ყველაზე დიდი ტბის - ლაგო-მაჯორეს პირას ქალაქი ლევანო რომ არის, იქაც ზუსტად ამნაირი რამ მოხდა.
ერთი ლავენოელი სინიორი, რომლის სახლიც ნავსადგურის პირდაპირ იდგა, წვერის გასაპარსად დილაადრიან სააბაზანოში გავიდა, ჩაიხედა სარკეში და გიჟივით შეჰყვირა:
- ვაიმე, დედა, ცხვირი! მიშველეთ, ხალხნო!
ცხვირი აღარა ჰქონდა. ლავაშივით გაბრტყელებულ სახეზე მარტო პირი და თვალებიღა ეტყობოდა. სინიორი ისევე, პერანგისამარა, გავარდა აივანზე, გაიხედ-გამოიხედა და იღბლად თვალი მოჰკრა თავის გაპარულ ცხვირს - ის იყო, უკვე მოედანი გადაევლო და ნავსადგურისაკენ მიდიოდა ფაცხაფუცხით. ბორანზე მანქანებს ტვირთავდნენ და ხან ერთ მანქანას უცქევდა გვერდს, ხან მეორეს.
- არ გაუშვათ! - ყვიროდა სინიორი, - ჩემი ცხვირია! დაიჭით! ხალხი არა ხართ!
ამვლელ-ჩამვლელნი აივნისაკენ იცქირებოდნენ და იცინოდნენ:
- ცხვირი მოგპარეს და თავი დაგიტოვეს? ეგ ვერ მოგსვლია კარგი საქმე!
სინიორს ერთიღა დარჩენოდა - გარეთ უნდა გავარდნილიყო და გამოჰკიდებოდა. გამოეკიდა კიდეც. სახეზე სურდოიანივით ცხვირსახოცი აიფარა და მოკურცხლა: ფეხებს სულ ზურგზე ირტყამდა, მაგრამ ნავსადგურში რომ მიიჭრა, უკვე გასუ-ლი ბორნის ბოლოღა დაინახა. დიდხანს არ უფიქრია, ხელად წყალში ჩახტა და დაედევნა.
- აბა, ჰა! აბა, ჰა! - მოსძახოდნენ მგზავრები.
ბორანი კი უკვე გაქანებული მიდიოდა, და მებორნეს აზრადაც არ მოსვლია - ვიღაც დაგვიანებულ ბუზიყლაპიას გავუჩეროო.
- მეორე ბორანს დაუცადე, რა თავს იხრჩობ, შე კაი კაცო! - დაუყვირა მებორნემ - ნახევარ საათში მოვა!
არაქათგამოცლილმა სინიორმა ის იყო მართლაც დააპირა, უკან გავბრუნდებიო, რომ უცაბედად თავისი ცხვირი დაინახა. ცხვირს წყალზე მოსასხამი გაეშალა და, აი, როგორც ლეგენდაშია, წმინდა ივლიანესავით მშვიდად მიჰყვებოდა ბორანს.
- ზედ არც ასულხარ, ჩემი მოტყუება გინდოდა, არა?! - გასძახა სინიორმა.
ცხვირი ხმას არ იღებდა. ძველი მეზღვაურივით დინჯად ეჭირა თავი და პატრონისკენ ერთხელაც არ შებრუნებულა. ტალღებზე გაფენილ მოსასხამს თამთამი გაჰქონდა, როგორც მედუზამ იცის ოკეანეში.
- ის მაინც მითხარი, სად მიცურავ? - ხმა დააწია სინიორმა.
ცხვირს კრინტი არ დაუძრავს. ჯანდაბაშიც წასულხარო, დაუძახა ქანცგაწყვეტილმა სინიორმა და ნაპირისკენ გაბრუნდა. ტბის მისადგომი პირდაღებული ხალხით იყო სავსე. ცხვირსახოცაფარებულმა სინიორმა ძლივს გააღწია თავი. შინ რომ მივიდა, ცხრაკლიტულში ჩაიკეტა, თვალით არავინ არ დავინახოო, უბრძანა მოახლეს, სარკე აიღო და თავის უცხვირო სახე-პირს ჩააცქერდა.
გამოხდა ხანი. ერთხელ მავანმა და მავანმა რანკოელმა მეთევზემ ბადეს თევზებთან ერთად ის გაქცეული ცხვირიც ამოაყოლა. საცოდავს შუა ტბამდე ძლივს მიეღწია. იმ დაფხავებული მოსასხამის პატრონი, საკვირველია, რატომ უფრო ადრე არ ჩაიძირა! მეთევზემ კალათაში ჩაუძახა და, რაღა ბევრი გავაგრძელო, ლავენოს ბაზარში წაიღო გასაყიდად.
სწორედ ისე მოხდა, რომ ზედ იმ დღეს სინიორმა თავისი მოახლეც ახალ თევზზე გაგზავნა ბაზარში. აუარ-ჩაუარა მოახლემ დახლებს და უცებ სახტად დარჩა: გასაყიდად გამოტანილ ქარიყლაპიებსა და კაპარჭინებში თავისი პატრონის ცხვირს შეასწრო თვალი.
- ამას აქ რა უნდა? ჩემი სინიორის ცხვირია! - ელდანაკრავივით შესძახა მოახლე ქალმა. - მომე, წავუღო!
- შენი სინიორისაა თუ ვისია, მე სულ არ მეკითხება, - გამოუცხადა მეთევზემ. - ჩემი დაჭერილია და ვყიდი.
- მაინც რას აფასებ?
- რას ვაფასებ და თავის წონა ოქროს. უბრალო ქორჭილა თევზი არ გეგონოს.
მოახლემ ხელად შინ მოუსვა, და, რაც ნახა, პატრონს უამბო.
- ჯანდაბას, მიეცი, რამდენსაც ითხოვს, - ცრემლნარევი ხმა აღმოხდა სინიორს, - ბოლოს და ბოლოს როდემდე უნდა ვიარო უცხვიროდ?
მოახლემ კარგა ხანს ითვალა, რამდენია გადასახადიო, ითვალა, ითვალა და ვერც კი დაითვალა, იმდენი გამოვიდა. სინიორის ცხვირს იაფად აბა ვინ მისცემდა!
საწყალმა საყურეებიც კი გაყიდა ფულის დასამატებლად. ჯერ არ აპირებდა, ენანებოდა, მაგრამ სინიორის ისეთი ხათრი ჰქონდა, ბოლოს მაინც გაიმეტა.
წავიდა მოახლე ბაზარში, ცეცხლის ფასად გამოართვა იმ რანკოელ მეთევზეს სინიორის ცხვირი, ხილაბანდში გამოკრა და შინ წაიღო. შენ წარმოიდგინე, ცხვირს ერთი ნესტოც არ შეურხევია და არც დაუსრუტუნია, როცა სინიორმა აკნკალებული ხელი წაავლო. - აბა, რა მიგარბენინებდა ჩემგან, შე სულელო, შენა? - ნაღვლიანად ჰკითხა სინიორმა. - ისეთი რა დაგიშავე?
ცხვირმა ალმაცერად გახედა თავის პატრონს, ზიზღით მოიჭმუხნა და წაიდუდღუნა:
- რა გითხრა, იცი? ან ცხვირში თითის შეყოფას გადაეჩვიე, ან არადა ფრჩხილები მაინც დაიჭერი, შე კაი კაცო!
* * * * * * * *
მთარგმნელი: გურამ გოგიაშვილი


