კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 20 ნოემბერი 2026 09:36

 

* მადლობა დიდი... *


მადლობა დიდი,

მადლობა დიდი,

სამყაროს ასე ლამაზად მომწყობს,

კანონებიდან, ყველაზე უფრო,

მიზიდულობის კანონი მომწონს.

 

* მე ამ კაბაში მომწონხარ ძაან... *


მე ამ კაბაში მომწონხარ ძაან,

ძაან კი არა, მომწონხარ ძლიერ,

როგორ მინდოდა დამალვა ამის,

მაგრამ საკუთარ თავს ვეღარ ვძლიე.

 

* ალბათ, წინასწარ, არავინ იცის... *


ალბათ, წინასწარ, არავინ იცის,

ვით მოუშუშებს ყველას იარებს,

ეს გაზაფხული, 

რაღაც სულ მალე,

მიწის სურნელს რომ დაატრიალებს.

 

* მივდივარ ჩემთვის *


მივდივარ ჩემთვის,

სხვა არა ხდება,

მე მგონი, არვის

არაფერს ვუშლი

გაზაფხულია,

ამინდი ურევს,

შენ და ქარს ერთად

გიხუტებთ გულში.

 

* ბალახებს *


წლები გასულან, წლები გასულან,

ო, მოგონებებს როგორ მივნებდი,

რა დამავიწყებს, პატარობისას,

ფეხის გულზე რომ მიღიტინებდით.

 

* აკორდეონი *


ვინ იცის, ქვეყნად, 

თანაც მხოლოდ,

გაწელვით ერთით,

ამოგიყრია

რამდენისთვის 

გულიდან დარდი.

 

* კმაყოფილი ვარ... *


კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით,

კმაყოფილი ვარ იმით, რაც არის,

სამსახურიდან შინ მომავალმა

ბავშვებს ვუყიდე შვრიის ნამცხვარი.

 

* ჩემს ბავშვობაში... *


ჩემს ბავშვობაში აქ ფურნე იყო,

მომაგონდება და მწყდება გული, 

რიგიც იცოდა, არც ისე დიდი

და გემრიელი ცხვებოდა პური.

 

* ჯარჯი ფხოველს *


თოვლმა ჩაჰკეტა შუაფხოს გზები,

შუაფხო ისევ სამყაროს მოსწყდა

და უღიმღამო ქოხმახებიდან

მამაკაცების ყმუილი ისმის.

 

* აღწერა იმის..."


აღწერა იმის,

ვიხილე რაიც,

ჩემთვის სრულებით

არ არის ძნელი:

ელოდებოდა ავტობუსს ქალი,

როგორც წვიმაში ქათამი სველი.

 

* ბაყაყებს *


აბა, უთქვენოდ 

რა იქნება სოფელი ჩემი,

აბა, უთქვენოდ

რა იქნება აგვისტოს ღამე,

დღეებს კი არა,

აგვისტო რომ მოახლოვდება,

გაგეცინებათ, 

ვითვლი ხოლმე წუთებს და წამებს.

 

* სკოლის მეორე დარაჯიც მახსოვს... *


სკოლის მეორე დარაჯიც მახსოვს,

ჯურუ ერქვა და ვეძახდით ჯურუს.

რაც თავი მახსოვს,

ახვევდა თუთუნს,

კიბეზე იჯდა,

ეწეოდა, ან ახველებდა.

 

* ლისის ტბის ლერწმებს*


თითქოს და რაღაც გულზე მომწიწკნის,

ამეშლებიან უმალ ფიქრები,

როდესაც ქარის მიმართულებით

ყველანი ერთად გადაიხრებით.

 

* მინდა, ვიღაცას მადლობა ვუთხრა *


მინდა, ვიღაცას მადლობა ვუთხრა,

სრულიად უცნობ მივიდე კაცთან,

ახლა, ამწუთას, მოულოდნელად,

მე დამეუფლა ასეთი განცდა.

 

* ყვავი ქალაქის პარკში *


ყვავი ქალაქის პარკში

ისე დაფრინდა,

ჩამოვარდა 

მეგონა ხიდან.

 

* გინდა?.. *


გინდა, 

სუფსაში რა გავიფიქრე?

ჩემო მკითხელო, იმასაც გეტყვი:

პოეტი რომ ვარ, კარგია, მაგრამ

რატომ მხატვარი არა ვარ-მეთქი?

 

* ძაღლები *


რაღაცის გამო

მოხდა მცირე 

გაუგებრობა. 

თუმცა, წამებში

ინციდენტი

ამოიწურა.

 

* მკითხველს *


მე იმ დასკვნამდე მივედი უკვე,

გაგიმხელ ამას, როგორც მეგობარს,

ერთი სიცოცხლე ცოტაა ძაან,

ერთი სიცოცხლ მე არ მეყოფა.

 

* თანდათან წყდება წელში მარტი *


თანდათან წყდება წელში მარტი,

თუ დამიჯერებთ, 

ხმაც მესმის წყდომის.

საცაა მოვა აპრილი ახლა,

ვიღაცას კიდეც უნახავს მგონი.

 

* ციცინათელებს *


ნეტავ ვიცოდე,

სად გძინავთ ახლა,

რომ თბილ ღუმელთან

გაგითბოთ ფრთები;

რა უსაშველო

ზამთარი დადგა,

რა ადრიანად ჩამოთოვა

ინჩხურის მთები.

 

* ტყემალმა იცის*


ტყემალმა იცის 

გამოხტომა

ხანდახან თორემ,

ნუშს აყვავება

არ მგონია,

დაასწროს რამემ.

 

* ჰაერში დადგა სექტემბრის სუნი... *


ჰაერში დადგა სექტემბრის სუნი,

თვეებს თავისი სუნით ვცნობ ყველას.

ჰა, დიდი დიდი, ერთ თვეში შევცდე,

ისე,  იცოდეთ, 

რომ ვცდები ძნელად.

 

*გამოდიოდა საცეკვაოდ...*


გამოდიოდა საცეკვაოდ,

გვეგონა ყველას,

როდესაც სთხოვა

მას წამყვანმა

გამოსვლა სიტყვით.

 

* ჩემი სოფელი *


უხერხულა, ნამდვილად, თორემ

ახლა ქუჩაში პერანგით ვივლი

არსად არავის არ მოსწრებია

ზამთრის ქარი და ასეთი თბილი.

 

* კიმი ალიაშვილს *


მკერდგაღეღილი შემხვდი ქუჩაში,

ასეც არ ვარგა, გითხრა მართალი,

პალტო ზრდილობის გამო თუ გეცვა,

ფეხზე გეკიდა, ბიჭო ზამთარი.

 

* ექთანი *


ეძვირა, მაგრამ

მაინც მობრუნდა

და სამი ცალი

იყიდა ტიტა.

 

* მდინარე აბაშაში *


ღორჯოებს ვიჭერთ და

ქვების ქვეშ ხელიდან 

გვსხლტდება თევზი.

დღეს ჩვენ აქ იმდენი

სიხარული გველის,

რამდენიც ქვაც ჰყრია

ამ მდინარეში.

 

* რაჭაში ქორწილს ვიგონებ *


რაჭაში ქორწილს ვიგონებ,

კიდევ ვიგონებ აი, რას: 

დიდი და პატარა ცეკვავდა,

ქალები უკრავდნენ დაირას.

 

* ნუშები რიკოთის გზაზე *


გამოპარულებს ჰგავდნენ სახლიდან

ცნობიმოყვარე ეგზომ თვალებით,

რიკოთის გზაზე, ჩუმათელეთთან

ნუშები არასრულწლოვანები.

 

* ლეკვები ლისის ტბის გზაზე *


განა მარტო მომეფერნენ,

განა შემხვდნენ როგორც ვინმეს,

თვალიც დიდხანს გამაყოლეს,

კუდიც დიდხანს მიქიცინეს.

 

* თუშები *

მეტი საქმე არ მქონია,

ჭორაობა დამიწყია,

იმდენი აქვთ ვარსკვლავები,

სად წაიღონ არ იციან.

 

* თუ ასე ჭამაო... *


თუ ასე ჭამაო, ამ კაცმა 

სახლამდე პური,

თან გაზაფხულის საღამოა 

ისეთი წყნარი;

შინ რას მიიტანს ის დალოცვილი,

ვაი, მაგისი, ასე რომ ვთქვათ, 

ცოლ-შვილის ბრალი.

 

* ლეხაინდრაოს საშუალო სკოლის ეზოს კალიებს *


საოცარია, ჩემო კარგებო,

ბავშვის გულს ასე 

როგორ ათბობდით;

სახლი არ გქონდათ? 

კარი არ გქონდათ?

მთელი დღე გარეთ 

როგორ დახტოდით?

 

* მიტოვებული სადგური *


მარინა თექთუმანიძეს

კიდევ კარგი, რომ

მატარებელი 

სულ ერთი წუთით

გაჩერდა მხოლოდ.

 

* მზისადარი ერქვა... *


მზისადარი ერქვა, 

მაგრამ

იგი უფრო მთვარეს ჰგავდა,

ვისთვის იყო იგი მზე და

ვისთვის - მთვარე ამოსული.

 

* ბასიოს *

გადავიკიხე კიდევ ერთხელ

ლექსები შენი,

ჩანახატები, უფრო სწორად,

პაწაწინები.

თითოეული მოგინდება

ჩარჩოში ჩასვა, 

მაინც რამდენი

სამშობლოში გივლია მარტო.

 

* კი არ საუბრობდა *


კი არ საუბრობდა, 

ცეკვავდაო თითქოს,

ისე შლიდა ხელებს,

თავის თითებითურთ.

 

* ღმერთმა ასეთი დაგბადა *


ღმერთმა ასეთი დაგბადა,

ღმერთი ყოველთვის გფარავდეს,

მზესავით გასცემ სითბოს და

მზესავით ითხოვ არაფერს.

 

* რა კარგი შედარებაა *


რა კარგი შედარებაა,

ყველაფერს უნდა გამგონი:

აბრეშუმივით ნაზია,

აბრაშუმივით დამყოლი.

 

* მერაბ კოსტავას პანაშვიდის მერე *


თან მოგონებად რა უცებ იქცა,

ეს შემოდგომის საღამო წყნარი.

ჭერდაბზარული ოთახი შენი,

კარადა, კუბო და როიალი.

 

* საგარეუბნო მატარებელში *

ქალი,

ასე, ორმოცი წლის,

თუ იღლება 

ნეტა ქსოვით?

 

* ნათია ოდილავძის ხსოვნას *


სამყარო,

შენ რომ 

გიყვარდა ასე,

ერთი ღიმილით

ნაკლები დარჩა.

 

* სურო *

უნდა ყველაფერს 

შემოეხვიოს

და ყველაფერი

სამუდამოდ

ჩაიკრას გულში.

 

* კინაღამ... *


გორი - ქარელის

გზის მონაკვეთზე

კინაღამ ქარმა

წაიღო ქორი.

 

* კვირა დღე *

ვიღაცა ქალმა

საფლავზე დადო

აყვავებული

რაღაცის ტოტი.

 

* ფიფქებს *


იმერეთს კიდევ

რაღა მეტი

დახატვა უნდა,

მოგცლიათ ერთი.

 

* ძაღლები ზაფხულში *


კი არ იწვნენ,

ეყარნენ,

ზოგი

არც კი სუნთქავდა.

 

* ზაფხული *


ვიღაცის ჭასთან

ჯარისკაცებმა,

სულმოუთქმელად,

ერთი ვედრო

დალიეს წყალი.

 

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen