”ვეფხისტყაოსნის” შედარებით მარტივი ფაბულური ამბავი ძლიერ გართულებულია სიუჟეტური წყობით. პოემის მოკლე შინაარსი შეიძლება ასე გადმოვცეთ:
ინდოეთის ამირბარსა და ინდოეთის მეფის ასულს, ტარიელსა და ნესტან-დარეჯანს, ერთმანეთი შეუყვარდათ. მშობლები სხვაზე აპირებდნენ ქალის გათხოვებას. ნესტანის რჩევით ტარიელმა სასიძო მოკლა, მეფესა და ამირბარს შორის შეიქმნა მწვავე კონფლიქტი. ნესტანი უმაგალითოდ დასაჯეს. ტარიელი უშედეგოდ ეძებდა თავის სატრფოს. იმედგაცრუებული გაშორდა საზოგადოებას და უკაცურ უდაბნოში (ქვაბებში) დასახლდა. ტარიელი იპოვა თავის მეფის ასულზე (თინათინზე) გამიჯნურებულმა არაბეთის სპასპეტმა ავთანდილმა. დაძმობილდნენ. ავთანდილმა იკისრა ნესტანის ხელახალი ძებნა. მალე მიაგნო კვალს. იგი აღმოჩნდა დატყვევებული მიუვალ ქაჯეთის ციხეში. ტარიელმა ავთანდილისა და მესამე ძმობილის - ფრიდონის დახმარებით აიღო ქაჯეთის ციხე. ნესტანი გაათავისუფლეს (მთვარე იხსნეს გველეშაპის სასიდან). გამარჯვებული ჭაბუკები დაბრუნდნენ თავიანთ ქვეყნებში, შეუუღლდნენ თავიანთ სატრფოებს, ძმური კავშირი დაამყარეს ერთმანეთს შორის, წარმატებით უწინამძღვრეს თავიანთ სახელმწიფოებს.
თუ ამ შინაარსს დავალაგებთ იმ თანმიმდევრობით, როგორც ეს თვით პოემაშია, მაშინ სურათი საკმაოდ შეიცვლება. პოემა იწყება არაბეთის (მეფე როსტევანის, თინათინისა და ავთანდილის) ამბებით. არაბეთის მეფის როსტევანის მოხუცების გამო ტახტზე აიყვანეს მეფის ერთადერთი ასული თინათინი, თინათინსა და სპასპეტ ავთანდილს ერთმანეთი უყვარდათ. ერთხელ, ნადირობის დროს, მეფე და ავთანდილი წყლის პირას წააწყდნენ მტირალ უცხო მოყმეს. მეფემ მოისურვა მისი გაცნობა. არც ნებითა და არც ძალით არ მოხერხდა მოყმის დახელთება. იგი გაუჩინარდა. მეფე დანაღვლიანდა. თინათინმა დაავალა ავთანდილს, როგორც ხელქვეითსა და მიჯნურს, უცხო მოყმის მოძებნა. ავთანდილმა უყოყმახოდ შეასრულა დავალება. სამი წლის ძებნის შემდეგ იპოვა მოყმე, მოისმინა მისი ტრაგიკული ამბავი, დაუძმობილდა, აღუთქვა დახმარება. მართლაც, ავთანდილმა მიაგნო თავისი ძმობილის (ტარიელის) დაკარგული სატრფოს კვალს. ბოლრს და ბოლოს ძმადნაფიცმა მოყმეებმა (ტარიელმა, ავთანდილმა და ფრიდონმა) იხსნეს ქაჯთაგან შეპყრობილი ნესტანი...
პოემაში მოთხრობილია ორი ამბავი (ინდოეთისა და არაბეთის გმირებისა). ეს ორი ამბავი ერთმანეთთან მჭიდროდ არის გადახლართული. ”ვეფხისტყაოსნის” ამბები სიუჟეტურად ერთიანია, მთლიანია და განუკვეთელია. ამბის განვითარებისათვის დამახასიათებელია არაჩვეულებრივი დინამიკურობა და დრამატიზმი. პოემის სიუჟეტური სიტუაციები ერთიმეორეს ენაცვლება თანმიმდევრულად, ბუნებრივად. ცენტრალური და პერიფერიული სიუჟეტური კვანძები ორგანულად არის ერთმანეთთან დაკავშირებული, შექმნილია უწყვეტელი სიუჟეტური რგოლები. ძირითადი სიუჟეტური ამბავი პოემაში გამდიდრებულია შემავალი (შენაკადი) ეპიზოდებით (ნადირობა, ფრიდონის ამბავი, ფატმანის ამბავი...). ეპიზოდური ამბები შეიცავს ბევრ სამოტივო დეტალსა და რთულ სიტუაციებს. თითოეული ცალკე და ყველაფერი ერთად დიდი მხატვრული გემოვნებითა და დამაჯერებლობით არის აკინძული ერთიან სიუჟეტურ ამბად.
სანიმუშოდ შეიძლება აღებულ იქნას ერთ-ერთი საწყისი ეპიზოდური ამბავი - ნადირობის ამბავი. ერთხელ, თინათინის გამეფების შემდეგ, ნადიმობის დროს, მეფე როსტევანმა მოიწყინა. სპასპეტი ავთანდილი და ვაზირი სოგრატი გაეხუმრენ მეფეს, მოწყენილობისათვის საფუძველი გაქვს, თინათინმა სამეფო საჭურჭლე დააცარიელა, ყველაფერი გასცა, რად დასვი მეფედ, ჭირში რად ჩაიგდე თავიო. მეფემაც ”გაცინებით” უპასუხა მათ, ჩემი დაღრეჯილობის მიზეზი სხვააო. ღმერთმა არ მომცა ვაჟიშვილი, რომელიც ვაჟკაცობით (მშვილდოსნობით, მობურთალობით) დამმსგავსებოდაო, მხოლოდ ავთანდილი ”ცოტასა შემწევსო”.
მოლაღობე ავთანდილი თამამად შეესიტყვა მეფეს, ”ნუ მოჰკვეხ მშვილდოსნობასაო” (ნუ იკვეხი მშვილდოსნობასო), ნაძლევი დავდოთ, მოვასხათ მოწმეები, ბურთმა და მოედანმა გადაწყვიტოს მოასპარეზედ ვინ აჯობებსო. ამაზე შეთანხმდნენ. გაიმართა დიდი ნადირობა. მეფემ და ავთანდილმა სამაგალითო მამაცობა გამოიჩინეს, მაგრამ ავთანდილმა მაინც აჯობა. მეფეს უხაროდა ავთანდილის წარმატება. დაღლილი მონადირენი ხის ძირას ისვენებდნენ, მხიარულობდნენ, ლაღობდნენ, გარემოს ათვალიერებდნენ, უცებ მათ თვალი მოჰკრეს წყლის პირას მტირალ უცხო მოყმეს (”ნახეს უცხო მოყმე ვინმე, ჯდა მტირალი წყლისა პირსა”). როსტევანმა მოიწადინა იმ მოყმის გაცნობა...
ნადირობის ამბავი ერთი მთლიანი, დასრულებული, თავისთავად საინტერესო ეპიზოდური ამბავია. ამ ეპიზოდურ ამბავს აქვს ყველა საჭირო სიუჟეტური კომპონენტი:
1. ექსპოზიცია (მეფე როსტევანის დაღრეჯა და იმასთან დაკავშირებული გარემოებანი).
2. კვანძი (ნაძლევის დადება).
3.კვანძის გახსნა (ნადირობის აღწერილობა),
4. ფინალი (ნადირობის შედეგი).
ამავე დროს, ნადირობის ამბავი (ნადირობის ეპიზოდი) ორგანული ნაწილია ”ვეფხისტყაოსნის” როგორც პერიფერიული სიუჟეტური გრეხილისა (ავთანდილის თავგადასავალი), ისე ცენტრალური, ან მაგისტრალური სამოთხრობო ღერძისა (უცხო მოყმის ამბავი). როგორც პერიფერიული სიუჟეტური ამბის შენაკადი, ნადირობის ეპიზოდი ნადირობის აღწერილობის გარდა გვისურათებს ავთანდილის ხასიათის საყურადღებო მხარეებს, პატრონყმური ურთიერთობის დეტალებს.
ავტორი როსტევანს ამზადებს ავთანდილის მომავალი აღზევებისათვის, პოეტი თითქმის შეუმჩნევლად ასაბუთებს ავთანდილის გახელმწიფების კანონზომიერებას; არაბეთს აღარ დააჩნდება ვაჟი მემკვიდრის უყოლობა, ავთანდილი არა თუ ჩამოუვარდება ღირსებით როსტევანს, არამედ მამაცობაში კიდევაც სჯობნის მას, როსტევანს აღარ ეუცხოვება ავთანდილის ზედსიძობა. აღნიშნული მაინც მნიშვნელოვანი კერძოობითი სამოტივო მომენტებია. მთავარი ისაა, რომ ნადირობის ეპიზოდი იმისათვის არის მოგონილი, რათა როსტევანი და ავთანდილი ბუნებრივ ვითარებაში შეხვდნენ უცხო მოყმეს (ტარიელს). დაძაბული ნადირობისაგან დაღლილ-დაქანცული პატრონ-ყმანი ჩრდილში ისვენებდნენ, მათ თვალი მოჰკრეს წყლის პირად მტირალ ვაჟკაცს, ისინი ბუნებრივად დაინტერესდნენ იმ ვაჟკაცის ვინაობით. ამით ნადირობის ეპიზოდს ეძლევა ცენტრალური სიუჟეტური ამბის საკვანძო პუნქტის მნიშვნელობა. ასეთი უშუალობით არის ერთმანეთთან გადახლართული ”ვეფხისტყაოსნის” სხვადასხვა სასიუჟეტო ძაფები, სამოტივო სიტუაციები, ეპიზოდური ამბები.
რუსთველი ამბავს ავითარებს სწრაფი ტემპით, მოთხრობის მთავარი ხაზიდან გადაუხვევლად, თუმცა პოეტს ბევრი საცთური ჰქონდა. საცთურის თვალსაზრისით გამოირჩევა ავთანდილის მგზავრობანი. ტარიელის მოსაძებნად ავთანდილს მოუხდა დიდი მანძილების გადალახვა და ბევრი ქვეყნის მოვლა. ტარიელის ამბავს მისდევს ”ამბავი ავთანდილისა არაბეთს შექცევისა”. შემდეგ მოდის ისევ ქვაბებში დაბრუნება (”წასლვა ავთანდილისაგან ტარიელის შეყრად მეორედ”), ფრიდონთან საუბარი, გულანშაროში გამგზავრება...
შუა საუკუნეების ავტორები მსგავს შემთხვევაში მოთხრობას ჩვეულებრივად აჭიანურებდნენ, ძირითად ამბავს ხერგავდნენ სპეციფიკური სათავგადასავლო დამატებითი ეპიზოდური ამბებით. რუსთველი ასე არ იქცევა. მას შემუშავებული აქვს თხრობის სიუჟეტური განვითარების საკუთარი სისტემა. რუსთველი ამბავს არ ტვირთავს მეორეხარისხოვანი სიტუაციებით, არ ჩერდება წვრილმანებზე, მოქმედების ტემპს არ ანელებს, მკითხველის ყურადღებას არ ღლის.
რუსთველს სიუჟეტში შემოაქვს მხოლოდ ისეთი მოტივები, რომლებიც ინტერესს აცხოველებს, ხელს უწყობს მთავარი ამბის მწყობრსა და ბუნებრივ დინებას. უცხო მოყმის ძებნის ამბიდან რუსთველი ძლიერ მოკლედ ჩერდება ავთანდილის ქურდებთან შეხვედრის ეპიზოდზე. ეს შეხვედრა საჭირო იყო ტარიელის ნაკვალევის წარმოსაჩენად. მაგისტრალური ამბის განვითარების ინტერესმა გამოიწვია ”ქარავანთა შეყრა”. ავთანდილი გულანშაროში უნდა ჩასულიყო შენიღბულად. რუსთველმა მოთხრობით შექმნა შესაფერისი სიტუაცია (მოქარავნეთა გამოხსნა მეკობრეთაგან, ავთანდილის შემოსვა ვაჭართა უხუცესად).
პარალელურად პოეტს საუკეთესო შემთხვევა ეძლეოდა ვაჭართა საზოგადოების დასახასიათებლად, ვაჭართა და მოყმეთა ურთიერთობის ზოგიერთი საკითხის გასაშუქებლად. გარკვეულ ინტერესს იწვევს კარი ”ტარიელისა და ავთანდილისაგან წასლვა ფრიდონისასა”. ამ კარში ავტორი რამდენიმე სტროფს უთმობს ტარიელის ლაღობას (ხუმრობით ფრიდონის ჯოგზე თავდასხმა). აქ რუსთველი ბუნებრივ ვითარებაში, მოქმედების ფონზე, ხსნის ტარიელის ხასიათის ისეთ ადამიანურ თვისებას, რაც პერსონაჟის განსაკუთრებულ მდგომარეობაში ყოფნის გამო მანამდის უჩინარი რჩებოდა.
ამრიგად, რუსთველი სიუჟეტურ ამბავს ავითარებს მოკლედ, დახვეწილად, სწრაფი დინამიკური ტემპით. პოეტი ზოგავს დროსა და მასალას.
თავისი სიუჟეტით ”ვეფხისტყაოსანი” დღემდის რჩება მიმზიდველ საკითხავ წიგნად. პოემა თავიდან ბოლომდის შეუნელებელ ინტერესს იწვევს ამბის მიმდინარეობით. უცხო მოყმის სცენაზე გამოყვანით იქმნება მეტად დაძაბული სიტუაცია. ამ მომენტიდან ავტორს მთლიანად დაპყრობილი აქვს მკითხველის ყურადღება. მკითხველს ეშურება მოყმის ამბის ამოცნობა. ტარიელის ამბის ამოცნობიდან ყურადღების ცენტრი გადაინაცვლებს ნესტანის ამბის ამოცნობაზე . მკითხველის ინტერესს აღიზიანებს ავთანდილის მგზავრობა ტარიელის საძებნელად. თვითონ ტარიელის ტრაგიკული თავგადასავალი აღსავსეა მძაფრი კოლიზიებით, მწვავე კონფლიქტებითა და დრამატული სიტუაციებით.
დიდი ექსპრესიით გამოირჩევა ტარიელისა და ფარსადანის კონფლიქტი, მწარე განცდებს იწვევს ნესტანის საბედისწერო ხვედრი, გულწრფელ თანაგრძნობას იმსახურებს გახელებული მიჯნური. ახალი დაძაბულობა უკავშირდება ავთანდილის გამოჩენას, მკითხველს ხიბლავს ავთანდილის უანგარო თავგამოდება უნუგეშო თანამოძმის მიმართ. ფრიდონის ეპიზოდი ამდიდრებს პოემის საზოგადოებრივ-ყოფითს სურათებს, ეპიზოდი სიუჟეტურად მჭიდროდ ეჯაჭვება მთავარ ამბავს.
ფატმანის ამბით მკითხველი ეცნობა ახალ სამყაროს, პოემას ემატება უჩვეულო კოლორიტული საღებავები. ”ვეფხისტყაოსნის” სიუჟეტური განვითარება თავის კულმინაციას აღწევს ქაჯეთის ციხის იერიშის ამბებით.
იშვიათი დახელოვნებით, თანმიმდევრულად და ლოგიკურად ჰკრავს და ხსნის რუსთველი სიუჟეტურ ხლართებს, თანდათანობით ართულებს და ამძაფრებს სიტუაციებს, უფრო და უფრო ძაბავს მკითხველის ყურადღებას, მკითხველს მონდომებით უღვიძებს ინტერესს შემდგომი ამბებისადმი. სიუჟეტური თხრობის განვითარებაზე ძალდაუტანებლად, ბუნებრივ პირობებში და მოქმედების ნიადაგზე სრულყოფილად ხსნის რუსთველი თავისი პერსონაჟების ინდივიდუალურსა და ტიპოლოგიურ ხასიათებს. პერსონაჟების ხასიათების გახსნას ემსახურება ავტორის მხატვრული აზროვნების სისტემა, ავტორის მხატვრულ-შემოქმედებითი მეთოდი.
”ვეფხისტყაოსნის” თხრობის დინამიკურობას ხელს არ უშლის, პირიქით, უხდება და სიმკვეთრეს მატებს სხვადასხვა მრავალფეროვანი ე. წ. სტატიკური ელემენტი (ანდერძები, ეპისტოლეები, დიალოგები, აღწერილობანი, ლირიკული წიაღსვლები, აფორისტული შეგონებანი და მისთანანი). ყველა სტატიკურ ელემენტში ჩაქსოვილია მოქმედების ძაფი . რუსთველს არ მოეპოვება ამბის განვითარებისა და მოქმედების შემაფერხებელი სალექსო სტრიქონები.
“ვეფხისტყაოსნის” კომპოზიციის ელემენტები, დინამიკური თუ სტატიკური, უწყობს ხელს ავტორის იდეების მკაფიოდ გაშლას, ავტორის მხატვრული ჩანაფიქრის ცხადყოფას. ”ვეფხისტყაოსნის” არქიტექტონიკა მთლიანად ისევე სრულყოფილია, როგორც სრულყოფილია ამ არქიტექტონიკის ყველა ცალკეული რგოლი.
”ვეფხისტყაოსნის” სიუჟეტი რუსთველის ერთაინი კეთილშობილურ-დარბაისლური სტილის დამამშვენებელი კომპონენტია. პოემის მშვენიერ სიუჟეტში საუცხოოდ არის ჩაქარგული ავტორის დიადი იდეები.
* * * * * * *
ქართული ლიტერატურის ისტორია - ტომი II


