ბებერი მგელი თოვლის ნამზღვლევზე გადავიდა, ფერდობი ძუნძულით აიარა, დიდ, ღონიერ ტყეში ავიდა და ხევისკენ გადმოჟანთრულ წიფელთან შეფიქრიანებული გაჩერდა. ერთხანს ეგრე გაუნძრევლად იდგა, მერე მივიდა და წიფლის ძირი ფრთხილად დაყნოსა, თუმცა რაღა დაყნოსვა უნდოდა, როცა თოვლს ისედაც აჩნდა შარდის ყვითელი ნაწუწი.
ქეჩოზე ჯაგარი აეშალა, ლაშები დაღრინა და თეთრი ღოჯები გამოაჩინა. ბოლოს მარცხენა ფეხი ასწია, წიფლის ძირი ოდნავ მოასველა და გზა განაგრძო. მიდიოდა, მიძუნძულებდა, წამდაუწუმ ყნოსავდა ხის ძირებს და ფეხაწეული ზედ შარდს აქცევდა.
თეთრად ჩამობარდნილ ნაძვთან რომ ავიდა, ისევ გაჩერდა - მგლებს აქ ნაშუადღევს. ჩაევლოთ და ოდნავღა იგრძნობოდა იმათი სუნი. ჰაერში მარტო ეს და კიდევ წიწვის საამო სურნელი იდგა. უმალ დამშვიდდა, გაყინული თოვლი გამოთხარა, ნაძვის ქვეშ შეძვრა და რბილად დაფენილ წიწვებში ჩაწვა. ერთხანს თავაღერილი იწვა, ტყეში ჩამომდგარ სიჩუმეს ეჭვიანად აყურადებდა, მერე წინა თათებზე ჩამოდო დრუნჩი და თვალები დახუჭა.
ნაძვის ქვეშ ჩამდგარმა სითბომ ძალი მოჰგვარა, სხეულში ჩაბუდებულმა ყრუ ტკივილმაც გაუარა და ჩათვლიმა, მაგრამ იმავე წამს ძუ მგლის სურნელი იგრძნო და ელდანაცემმა თავი ასწია - არა, კვლავ მარტო იყო. ოდნავგასაგონად დაიწკავწკავა, შარშანდელ წიწვებში ჩარგო დრუნჩი. ერთხანს ეგრე იწვა და სიზმარში ნანახ სუნს იხსენებდა. ძილი გაუკრთა, გრძნობდა, როგორ აღონებდა გული, რანაირად ავსებდა ბოლო ხანებში შემოჩვეული და უკვე კარგად ნაცნობი სევდა.
ამ რამდენიმე დღის წინათ ნაძვის ძირში ჯერ კიდევ იდგა ძუ მგლის საამო სუნი, მაგრამ მერე თანდათანობით მინავლდა, გაქრა და ახლა წიწვებში თავჩარგული ამაოდღა ცდილობდა მის პოვნას.
თვალები დახუჭა, თითქოს ისევ იმ სიზმარში უნდოდა შებრუნება, მაგრამ უკვე საბოლოოდ გამოფხიზლდა. იწვა და აგონდებოდა საიდანღაც მოხეტებული დიდი ხვადი, რომელსაც ახლა ხის ძირებში დაქცეული შარდის მძაფრ სუნადღა აღიქვამდა.
უეცრად, თოვლის შრიალი შემოესმა, ყურები ცქვიტა, გარეთ გაიხედა და დაინახა, რომ თოვლში დიდი, თეთრი კურდღელი გარბოდა. ელვასავით წამოიჭრა და მსხვერპლს ორი ნახტომით დაეწია, მაგრამ ის იყო, პირი უნდა ეტაცა, რომ კურდღელი თოვლიან ფერდობზე ბურთივით დაგორდა და გაუჩინარდა. პირდაღრენილი და სახტადდარჩენილი ჩაიცქირებოდა ქვემოთ. ახლაღა იგრძნო შიმშილი, მუცელი დაეწვა, მაგრამ რაღას იზამდა, უკან გამობრუნდა და ისევ ნაძვის ქვეშ შეძვრა.
ხერხემლის ტკივილი განუახლდა, ცარიელი სტომაქიც უბუყბუყებდა და ამ უსიამოვნებებს რომ გასცლოდა, თვალები დახუჭა, დაძინება სცადა, მაგრამ მაშინვე ისევ ის ამბავი დაუდგა თვალწინ: მგლები მდუმარედ მისჩერებიან მოჩხუბრებს, ზოგი დგას, ზოგიც უკანა ფეხებზე ჩამჯდარა. მძიმე, შემზარავი სიჩუმე ჩამოწოლილა ტყეში. ხვადები უხმოდ იბრძვიან, მარტო იმათი კბილების კაპუნი, ქშენა და გაყინული თოვლის ჭრაჭუნი ისმის. ძუ მგელი მოშორებით წევს თოვლში, მოჩხუბრებს ზედაც არ უყურებს, თითქოს არც კი აინტერესებდეს ორთაბრძოლის შედეგი, თითქოს მისთვის სულ ერთი იყოს, რომელი გაიმარჯვებს, რომელს აულოკავს ამ ღამით ჭრილობებს...
ყმუილი დასცდა, მაგრამ მაშინვე ხმა გაიკმინდა და ისევ თავი აიქნია, გეგონებოდა, იმ აკვიატებული ხილვის მოშორება უნდაო..
გარეთ ნელ-ნელა ბინდდებოდა. შუაღამემდე ჯერ დიდი დრო იყო. ხერხემლის ტკივილი და ცარიელი მუცელი არ აძინებდა. მოირკალა, კუდი ცხვირზე დაიფარა და თვალები დახუჭა. მაშინვე წამოუტივტივდა იმ საძულველი მოგონების ნაწყვეტებიც: ახალგაზრდა ხვადის ყვითელი თვალები, თოვლში ჩაწოლილი ძუკნა და წრეზე დამსხდარი, დადარაჯებული თანამოძმენი. მთელი მონდომებით ებრძოდა იმ სურათებს, უკანვე აბრუნებდა, მაგრამ ახლა სხვები მოდიოდნენ; სხვა ნაგლეჯები ავსებდნენ მის ჩამობინდულ გონებას და ახლა იმათ ებრძოდა, იმათ მიერეკებოდა მოუსავლეთისკენ.
ამგვარი ტანჯვითა და ვაებით ჩაეძინა, ძილში შფოთავდა, ზოგჯერ წკმუოდა კიდეც რადგან მთელი სხეული სტკიოდა. როცა გაეღვიძა, ნახა რომ შუაღამე გადასულიყო. წამოდგა და გარეთ გავიდა. ჰყინავდა. ცა მწვანე ვარსკვლავებით მოჭედილიყო. წინა ფეხები გაჩაჩხა, წელი გადრიკა და გაიზმორა. ცხვირით შეიგრძნო ყინვის სუსხი - ნესტოებში სასიამოვნოდ შეუღიტინეს ყინულის ნემსებმა. ახლა არც ტკივილი აწუხებდა და აღარც ნაღველი, ძილს ყველაფერი თან წაეღო, მაგრამ შიმშილისთვის კი ვერაფერი მოეხერხებინა - კვლავინდებურად შესჭყრიალებდა ცარიელი მუცელი.
ქვემოთ დაეშვა. სწრაფად მიდიოდა ყინვისაგან გაფიცრულ თოვლზე. სწრაფად ჩაიარა ფერდობი, ხევში ჩავიდა და თოვლის ნამზღვევზე ახლა უფრო გაბედულად გადაიარა. გაყინულიყო ის ნამზღვლევიც და გაღმა, კბოდის ძირში მიხვეტილ ნამქერსაც ისე გამაგრებოდა ქერქი, რომ ზედ თავისუფლად გავიდა და ახლა თავქვე ჩაუყვა.
წინ შიმშილი მიუძღვოდა. შიმშილმა გაიყვანა ნამქერის ფხაზე და შიმშილმავე ჩაათავებინა მაღალი მთის თვალჩაუდგამი, ფრიალო ფერდი.
ზვავებით ჩახერგილ კზაზე რომ გავიდა, გაჩერდა და მდინარის გაღმა შეფენილ სოფელს ფრთხილად გაჰხედა. სოფელში აქა-იქ ბჟუტავდა შუქი და როცა იქიდან წამოსული მადისაღმძვრელი სურნელი იგრძნო, უფრო მეტად აეწვა კუჭი, კბილები აუკაწკაწდა. ჭალის ტყეში ჩავიდა, მდინარის ყინულმოდებულ ნაპირს მიადგა და შავად ჩალუსკუმებულ, ტყვიისფერ წყალს ჩააშტერდა. კარგა ხანს იდგა ეგრე, მერე უცებ სასოწარკვეთილი ხმით დაიწკმუტუნა და შიგ შეცურდა.
წყალმა ქვემოთ წაიღო, გალიგვულმა თოშმა ფეხები შეუკრა, მაგრამ ბებერი მგელი აღარაფერს ეპუებოდა, თავაწეული, ყურებდაწკურული ცურავდა და ბოლოს, როცა გაღმა გავიდა, ტანი ღონივრად შეიბერტყა და აღარ გაჩერებულა, თოვლში გაკვალულ ბილიკს ისე გაუყვა.
მიდიოდა და გრძნობდა, როგორ ეყინებოდა სველი ბალანი, რანაირად უმაგრდებოდა, ზემოდან კი უკვე მთელი ძალით მოჩქროლავდა საქონლის სუნი და ნაცნობ გომურს რომ მიუახლოვდა, გულმა გამალებით დაუწყო ცემა, ნამჯის გამოშლილ ზვინთან ჩაწვა და გაილურსა.
ამ გომურთან შარშანაც იყო, მაგრამ შარშან გვერდით ძუ მგელი ჰყავდა; მაშინ ერთად, გვერდიგვერდ იწვნენ ნამჯაში და სველები ყინვისაგან ბალანგაფხოკილები დაღლილ სულს ერთად იბრუნებდნენ.
ახლა მარტო იყო. მარტოს უნდა შეენგრია გომურის სანათური, სიკვდილის შიშსაც მარტო უნდა გამკლავებოდა. წამოდგა, ბოსელს უკანა მხრიდან მოუარა და კედელში გამოჭრილ სარკმელს გაჰხედა.
საქონელმა მგლის სუნი იკრა, ბოსელში ხარმა დაიბღავლა, ატყდა ქშენა და ზღვეზე დაცურებული ჩლიქის ბრაგუნი. ზემოთ, რომელიღაც სახლთან, ძაღლმა დაიყეფა.
მგელი გაქანდა, ელვასავით გაირბინა მოკლე მანძილი, ჰაერში ახტა და სანათურისკენ ისარივით გაფრინდა, შაგრამ ნახტოში მოუცდა და ალიზის კედელს თავით შეასკდა. ტკივილი არ უგრძვნია. უკან გამობრუნდა და ახლა შორიდან შეათვალიერა სანათური - ძალიან მაღლა ეჩვენა. ისევ ჩაყუნცდა, კვლავ ნახტომისთვის მოემზადა, მაგრამ უეცრად მიხვდა, რომ სულ ტყუილი იყო ყველაფერი, იმ სარკმელს უკვე ვეღარ მისწვდებოდა - თოვლზე გაწვა და სიმწრისაგან დაიწკავწკავა.
ზემოდან ძაღლების არეული ყეფა ესმოდა, მერე ადამიანის ყვირილიც გაიგონა, მაგრამ ადგილიდან არ დაძრულა. მაშინღა აითრია წელი, როცა გაყინული ზეცა თოფის ქუხილმა შეაზანზარა, წამოდგა და თოვლში გაკვალულ ბილიკს მდინარისკენ ნელა დაუყვა.
ახლა უფრო ჩაკუნაპეტებული ეჩვენა წყალი, კარგა ხანს იყოყმანა, სანამ შიგ შევიდოდა და როცა შეცურა, იგრძნო, როგორ მუხანათურად დაეძგერა. ნიათგამოცლილი მიცურავდა. შუაგულს რო მიატანა, მდინარემ იძალა, გაითრია და ქვემოთ წაიღო, ფეხებგაფაფხული, კუდგაფშეკილი ცდილობდა წონასწორობის შენარჩუნებას. ბოლოს, როგორც იქნა, გავიდა გაღმა და ტანი არც კი შეუბერტყია, ჭალის წვრილიანში ისე შეიმალა.
სოფელში საშინელი აურზაური იდგა: ისმოდა ძაღლების ღავღავი, საქონლის ბღავილი და კაცების ყვირილი. რამდენჯერმე, ერთიმეორის მიყოლებით დაიქუხა თოფმაც. მგელი წნორის ქვეშ იწვა და სულს იბრუნებდა, მერე ადგა, ძუნძულით დაიძრა, გზა გადაჭრა და ფერდობს შეუყვა.
წელათრეული მიფოფხავდა თოვლში, ზოგჯერ გაჩერდებოდა, შეისვენებდა და მერე ხელახლა შეებღოტებოდა აღმართს. სველი ბალანი გაეყინა, აებურძგლა. შიმშილი რომ მოეკლა, ერთიორჯერ თოვლი შეჭამა, მაგრამ ამან არ უშველა ყველაფერი სტკიოდა. ეს ტკივილი და კიდევ მუხლების სისუსტე არ ანებებდა სწრაფად სიარულს. მაინც მიდიოდა, მაინც მიჰქონდა ბებერი, ნატანჯი სხეული და როცა კბოდის ძირში მიხვეტილი ნამქერი დაინახა, შვება იგრძნო - სამშვიდობოს გამოსულიყო.
ნამქერზე ფრთზილად გავიდა, ქვემოთ დაეშვა, მერე ნელა აიარა ფერდობი, დიდ ტყეში აივაკა და ხევისკენ გადმოყანთრულ დიდ წიფელთან ელდანაკრავი შედგა - იმ უცხო ხვადს ისევ ჩამოევლო, ისევ დაეტოვებინა ნიშანი. მივიდა და წიფლის ძირი ნუმად დასუნა. უნდოდ, უხალისოდ დაიღრინა, მარცხენა ფეხი ასწია, მაგრამ შარდი აღარ დაუქცევია, გზა განაგრძო. მიდიოდა და წამდაუწუმ ყნოსავდა ხის ძირებს - ყველგან ის უცხო უკვე შიშის მომგვრელი ნიშანი ხვდებოდა, მაგრამ ერთხელ, ერთხელაც აღარ აუწევია უკანა ფეხი.
თეთრად ჩამობარდნილ ნაძვთან გაჩერდა და იქაურობას თვალი მოავლო. მგლებს აქ წეღან ჩაევლოთ - ჰაერში ისევ ტრიალებდა იმ ძუკნას სუნი, მაგრამ მოეჩვენა, რომ ახლა უკვე ყველაფერ სულ ერთი იყო.
ნაძვის ქვეშ შეძვრა, შარშანდელ, გაყვითლებული წიწვებში ჩაწვა, მოიკუნტა და კუდის წვერი ცხვირზე დაიდო. ერთხანს ეგრე იწვა, მერე შეინძრა, უკეთ მოეწყო, თვალები დახუჭა და უეცრად სიხარულით აღმოაჩინა, რომ აღარც შიმშილი აწუხებდა და აღარც ტკივილი - ეს ორი საშინელი, მტანჯველი გრძნობა თვალით უხილავ საზღვარს მიღმა დარჩენილიყო და დღეიდან მათთან აღარაფერ აკავშირებდა.
მშვიდად იწვა და როცა ბოლოს, ნეტარებისმომგვრელმა, უცხო ბურუსმა ჩამოიარა, უკანასკნელად ასწია თავი, წამოიწია და გაოცებულმა დაინახა, როგორ მიჰქონდა ვარდისფერ ნისლს მისი ბებერი, უსიცოცხლო სხეული შორეული ქვეყნებისაკენ.


