კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 18:46

 

პოემა

იქნებ მკითხველს სულაც არ აინტერესებს, როგორ დაიწერა „შუშანიკის საგალობელი“, მაგრამ მე მაინტერესებს მკითხველმა ისე გაიგოს, როგორც მე მესმის ის.

ათი-თორმეტი წელია, რაც ეს თემა მაწვალებს, ლიტერატურული და ისტორიული მასალების ნაკლებობას მეტად მტკივნეულად განვიცდიდი. მოგვიანებით მუშაობა მომიხდა ვახტანგ გორგასალის პერიოდის, მისი გამეფების, ვარსქენის დასჯის ისტორიულ თუ ლიტერატურულ თხზულებებზე, რათა გამერკვია თითოეული მათგანის სახე და ხასიათი. შევეცადე, ვარსქენში აღმომეჩინა ადამიანური თვისებები და ნაწილობრივად მაინც დამეჩრდილა მისი მხეცობა. ამის შედეგია „რა გულსაკლავად ტირის მამა“. ფსიქოლოგიური გამართლება კი მის საქციელს ვერაფრით ვერ მოვუნახე. აქ იყო მხოლოდ ისტორიული სიმართლე - ვარსქენი საქართველოს მეფის ოპოზიციაში მდგომი ერისთავი იყო, ის იბრძოდა ერთიანი საქართველოს წინააღმდეგ, რათა ხელში ჰქონოდა საკუთარი მცირე, მისხლისოდენა ძალაუფლება.

მაგრამ მთავარი მაინც შუშანიკი იყო. და აი აქ გაიელვა თითქმის ყველა ქალმა ჩვენი ისტორიიდან, თითოეული თავის სიტყვას ამბობდა შუშანიკის ხასიათის გამოკვეთაში, აქ იყვნენ ყველა - ანტიკური მედეადან დაწყებული, სამამულო ომის მონაწილე ქალებით დამთავრებული.

შემდეგ, გადავწყვიტე, ძველი ქართულიდან ახალ ქართულზე სიტყვა-სიტყვით გადმომეღო ცნობილი ლიტერატურული ძეგლი. როცა დავამთავრე და ხელახლა გადავიკითხე, სიზმარში ფილმივით ვნახე შუშანიკის გარდაცვალება. მეორე დღეს დავწერე „დატირება“. ეს იყო პირველი ლექსი ამ პოემიდან.

„წამების“ წაკითხვისთანავე ამეკვიატა აზრი, რომ შუშანიკი თვითონ წერდა საგალობლებს, თუმცა ამის შესახებ არსად არაფერი არ არის ნათქვამი. ეს ამბავი იმდენად დავიჯერე, რომ პოემაში მისი გადმოტანა აუცილებლობად ჩავთვალე.

ჩემი შუშანიკი მხოლოდ ისტორიული პირი როდია, ის ქართველი ქალის ყველა კეთილი თვისების მატარებელი ადამიანია - შემოქშედი, სახელმწიფო საქმეებში ჩახედული, განათლებული, კეთილშობილი... ამასთანავე, ის არის საოცრად მოყვარული დედა, ერთგული მეუღლე და შეუდარებელი სატრფო. შუშანიკისთვის უცხო არაა წუთიერი სისუსტეც. ის ჩვეულებრივი მოკვდავია და არა წმინდანი, და თუ ლოცავს ყველას, იმიტომ კი არა, რომ მისი ყველა ლოცვა ახდება, არამედ იმიტომ, რომ კეთილია და სხვანაირად არ შეუძლია. არ იფიქროთ, რომ შუშანიკი მერყევია, რადგან ამბობს „რა იცის ღმერთმა, ღმერთი სუსტია...“ ჩემი შუშანიკი ღმერთს მხოლოდ ებღაუჭება, რომ იხსნას ერი დარბევისა და განადგურებისაგან.

შევეცადე, პოემისათვის ქართული საგალობლის მრავალხმიანობა მიმეცა. რამდენად შევძელი ეს, მკითხველი თვითონ განსაზღვრავს.

პოემაში ტყუილად არ ჟღერენ სიტყვები: „თავისუფლება“, „მშვიდობა“, „ერთგულება“, „სამშობლო“. ეს არის პოემის მთავარი აზრიც და მისი დაწერის გამართლებაც.

 

 

 

რწმენა

 

სოფელი ისე მცირეა,

ერთ მუჭა მიწაზე დატეული, 

ავსებული

ხვავით და ბარაქით,

მტრით ავსებული -

დიდი საქართველო -

ორივე ხელით ნაფერები

და ორივე ფეხით დაბუგული;

ყველა ვნებათა გამეტება,

ყველა სისხლ-ხორცის გამეტება,

ტკბილი სიმღერის გამეტება, 

თვალშეუსწრები დასასრული...

რა ვიცით, როდის ავფეთქდებით,

რა ვიცით, როდის ავტირდებით,

რა ვიცით, ვის გულში გავიზრდებით,

აწ და მარადის!

.... მაგრამ ცა არის ისეთი წმინდა,

მიწაა, მიწა - ისეთი თბილი,

რომ სიგიჟეა

წასვლა, გაქცევა

და არდათმობა შენივე სულის

იმისთვის,

რასაც სიმართლე ჰქვია,

სახატე ჰქვია

და ერთგულება!

 

წინათგრძნობა

 

ნუთუ არ დარჩება ჩემთვის 

სიმაღლე ჩემი წილი,

ნუთუ არ დამინდობს

ჩემთვის ღმერთი

და შენთვის მტერი,

რა ვქნა, საუფლოვ, 

მიჩვენე გზა,

ან ზღაპრის კვალი, 

რომ თან გამოვყვე

სიცხეს და დაღლას... 

გარემოს ისეთი ნისლის საზღვარი

შემოუბურავს,

რომ ჩემს სუსტ მხრებზე

ბეღურაც კი გაიყინება.

თვით სატანაა შემოსული, სიჩუმეში,

სიმყუდროვეში.

ფრთხილი ნაბიჯით

სიმარტოვე მიახლოვდება

და დადრეკილი ჩემი მუხლები,

აპყრობილი ჩემი ხელები 

გევედრებიან არმოცილებას,

მარტოსინათლევ, მარტოსინათლევ,

ჩემს მკერდში ჩაჩეხილო

და აღმდგარო, 

აღზევებულო!

 

შევედრება

 

ვაზად მაქციე...

და მტევნებით ხელდასხმული

ველოდები შენს დანდობას, 

წმინდაო დედავ!

შენ აქციე მათ სიმდიდრედ 

ჩემი სიმდიდრე

და ახლა უნდა გაიბზაროს

მათი ხატი,

სინათლე მათი... 

შენს წამებულ შვილს შეგავედრებ!

წამების ლანდი 

მგლის სახით მომდევს.

ოღონდ მე შევრჩე ორივე ხელში,

ოღონდ მე დამხრას

და დამაქციოს,

ესენი იხსნას- ჩემი მტევნები,

ჯერ უმწიფები!

ყველა ტკივილს

და ალს გავუძლებ,

ყველა სევდას

და გზას გავუძლებ,

ყველა სიცხეს

და ქარს გავუძლებ!

შენს წამებულ შვილს შეგავედრებ, 

წმინდაო დედავ, 

შენ ულმობელი დრო აქციე

შენხ შემომქმედად

და შენი სული ორ არსებაში 

ჩადგა და დრტვინავს,

ყველა გალობა დამიბუგე,

ყველა სიმღერა გამიკვნესე,

ოღონდ ეს ოთხი

ოთხი ლექსი

გაუნაპირე

წუთისოფლის მძვინვარე ხელებს!

 

ტაძრად მისვლა

 

რად წამოვედი,

რად გამოვყევი

კრძალვას და ლოდინს, 

დათმობის ლოდი

გულს მიმძიმებს

მწარე ტკივილით.

მე რა ვიცოდი,

რომ გასული ღამის სიმშვიდე

ღვარძლის და დარდის ამოფრქვევის

სიმშვიდე იყო. 

სულ ტყუილია, 

რასაც დანდობა ჰქვია სახელად,

თუ დასანდობად გაგიხდა საქმე, 

არვინ დაგინდობს —

არც სიმშვიდე,

არც აღტაცება შენი სიმაღლით,

კაცი კი, აბა, რა დასათრგუნი

არსება არის...

და თუ ღალატი უცხოა შენთვის

ერთ სპარსულ ოქროდ

გაგყიდის ქმარიც,

თუკი სიბილწეს უჩვენა სითბო ქარი

ვერ უშველის მის მობრუნებას 

საამქვეყნიოდ.

აქ, ამ ტაძრიდან

სულ ახლოსაა შვილების სუნთქვა,

მათი სინათლეც მედება თითქოს 

ვარსქენის ღვარძლთან ერთად,

და ვერ მივსულვარ,

ვერ გავმთბარვარ იმ სინათლეზე, 

რად წამოვედი,

რად გამოვყევი 

კრძალვას და ლოდინს?..

 

წამება პირველი

 

ფილტვები მტკივა,

სისხლის სარტყელი

მიხუთავს სუნთქვას

და მაინც ვსუნთქავ

ჰაერს ტკბილსა

და დიდებით სავსეს,

იმ ქვეყნისას,

რომელიც ჩემთვის ქცეულა ღმერთად,

ქცეულა ხატად...

კიდევ დამარტყი!

სველი ზუზუნი სახეზე თბება

და ხმა მკრთალდება, ჩუმდება

ქრება.

საფერავი გადასხმია სამყაროს ჩემსას,

თვალებში ცეკვავს უკანასკნელი წითელი ცრემლი.

დედა!

კიდევ დამარტყი!

და ჩემს მოშვებულ სხეულში ერთხმად 

ბღავის და იბრძვის 

ამქვეყნად მოსვლის ნათელი წამი.

ძლიერება მიმიძღვება 

მაღლა და მაღლა,

ცივი ჟღარუნი

ორი ბორკილის —

რკინის და ვაზის 

მკლავებზე მაწევს.

კიდევ დამარტყი! 

დამარტყი, რადგან 

ვერ ვისწავლი

ღალატს და დაღლას,

ვერ ვიწამებ სამშობლოს აუგს,

ვერ ვიქნები ამაზე „კარგი“...

კიდევ დამარტყი!

 

გახსენება

 

ჩემი სინაზის გამჭვირვალე

უალში იყავ გახვეული,

გარეთ მზე იყო ისე მზრუნველი,

როგორც მამა განშორებისას,

მე კი ველოდი შენს ხელებს 

და ცეცხლის დანთებას,

უცებ მოისპო ეს მოლოდინი.

შენ მოდიოდი ჩემთან სიზმარში

და შენი ხატი მაწვალებდა

უხმაურობით,

ძახილის სურვილს მიკარგავდა

რიდი და კრძალვა,

უცებ მოისპო უხმაურობის

ტკბილი შეგრძნება. 

შენთან, ტაძარში ვიყავი მარტო

აზნაურთა და ზეპურ დედათა

ღიმილის გვერდით,

მე მაინც მერგო

ჩემი წილი სითბო და ტრფობა, 

რომელიც ახლა გაქრა უკვალოდ.

 

სასოწარკვეთა

 

ერთი ისარი დაენანათ

ამ ქვეყნად ჩემთვის,

ერთი... 

ერთი მოქნევა ხმალი მეყოფოდა 

ჩემი მტრის ხელში,

ერთი... 

ერთი ჩამუხლვა მეყოფოდა

სამშობლოს მტვერში.

ერთი... 

ერთი აფრენა მეყოფოდა

ამ გულის — მტრედის,

ერთი...

ერთი დაქცევა მეყოფოდა 

ლექსის და ღმერთის,

ერთი...

ერთი ისარი მეყოფოდა 

ჩემი მტრის ხელში

ერთი!

 

ჯოჯიკის ცოლთა და ქალთა სხვათა

 

რწმენა გაიყო -

ერთი - გულში,

ერთი - გულსგარეთ.

რას ეუბნება საკუთარ სიზმარს,

ბავშვობის ნათელს? 

გარეთ გიყვირის

შენი აწმყო,

შიგნით კი ბღავის

წარსული შენი, 

სიცოცხლე მთელი

როგორ იქნები 

ასე უმართლოდ!

გადამწვარ ველებს

თავთავი დიდხანს არ ეკიდება.

ერის მყოფადი 

ქალში ბორგავს

და ქალში დრტვინავს,

დედით იწყება

ღმერთიცა და ადამიანიც...

შენმა სულმა უნდა იდინოს 

ათასწლობით

შენი მოდგმის და ჯიშის სხეულში

და დარბეული,

აკლებული სული

ვის უნდა მისცე?

იმას, რომელმაც უკვე გაყიდა

მშობელი და 

სამშობლო მიწა,

იმას, რომელიც გაყიდის

და არ შეიბრალებს.

მაშ, რაღა იცავს 

საქართველოს ამდენი ხანი? 

ალბათ ვალი -

ვალი მიწის

და ვალი ზეცის,

ვალი დედის

და ერის ვალი...

და შენც ივალე!

 

სიცხიანი განწყობილება

 

"ჟამსა ზაფხულისასა ცეცხლებრ შემწუელი იგი მხურვალებაი მზისაი, ქარნი ხორშაკნი და წყალნი მავნებელნი,

რომლისა მკვიდრნიცა მის ადგილისანი სავსენი სენითა, წყლითა განსივებულნი და განყვითლებულნი..."

 

ამოდის ცეცხლის არწივი,

უნდომად ჰკოცნის მიწას, ღამე მოწყდება დაღლილი

და დაეცემა პირქვე.

არეა ისე მარტივი,

მხოლოდ ორ ფერში ჩნდება

ღამე და ცეცხლის არწივი,

ღამე და მოთეთრო გზნება.

მერე გადამწვარ მინდვრების

და მოლიპული ქარის

გადახლართული თითები

დღისგან იფარვენ მგზავრებს. 

მგზავრი ვარ მეც და მომეცი 

უცებ გადაკრული ღელე, 

უკან დამიბრუნე ბორცვები,

სიცოცხლის მწვანე ფერით.

ქარი ამღერდა ღრუბლიდან

და მთელი კვირა მღერის, 

დაუბრუნებელს ვუცდი და

ცეცხლს ვუბრუნდები მერე.

 

წამება მეორე

 

"...წმიდა შუშანიკ თრევით მოითრია თივათა შიგან და ეკალთა ზედა, ეკლესიით ვიდრე ტაძრამდე..."

 

გარკვევით ვხედავ

ცისფერის ღიმილს

და ხმამაღალი სიცილი მიკრავს

ყვირილისთვის დაძრულ გონებას,

სინათლე თბილი

მესათუთება ნუთუ გათავდა? 

მძაფრი სუსხი ბეჭებზე დნება...

ო, როგორ უცებ შეიკრა გზები

აქეთ და იქით

აქეთ წარმართი,

თუ უკუღმართი მეუღლეა,

იქით წარმართი

თუ უკუღმართი 

შვილები ჩემი...

მიყურებს ერი.

ფართო თვალებით მიყურებს ერი, 

მე მათთვის ახლა

დედოფალი ვარ

და არა ქალი...

(არა, ყვირილი არ შეიძლება)

თუ მე შევძელი,

ისინიც შესძლებენ

უმეცრების დათრგუნვას ალბათ,

და ჩემი კალთა 

დედის კალთასავით თბილი იქნება,

შვილებისგან გახუნებული, 

მათთვის თბილი იქნება მაინც.

წყალი! —

არა, ეს ჩემთვის იყო ნათქვამი

ყვირილისთვის დაძრულ გონებას 

ხმამაღალი სიცილი მიკრავს. 

ეკლებს და მიწას 

ვეპოტინები ორივე ხელით

და ვხედავ,

როგორ მიიწევს მაღლა

თეთრი აღმართი...

გაწყდა,

გათავდა!..

 

უგონოდ ყოფნა

 

მე საღამური

არავის ესმის,

სიგრილე მფარავს...

არავინ იცის,

რატომ ამოდის ქალების მოდგმა,

როგორც

ზაფხულის ცხელი ბალახი, 

რომელიც მაინც უნდა დაიწვას

ადრე თუ გვიან

და შეუკურთხოს

მაღალზე მაღალს გაჩენისათვის...

საწყალი ღმერთი!

ლექსებს უგზავნის

რომ ქალობისკენ შემოაბრუნოს

წამით და წუთით, 

მაგრამ უფრო შორს 

რჩებათ ქალობა

ლექსიან ქალებს...

და მერე ღმერთმაც აღარ იცის,

რატომ ამოდის ქალების მოდგმა,

როგორც ზაფხულის ცხელი ბალახი, 

რომელიც მაინც უნდა დაიწვას 

უკმაყოფილების ვეება კოცონზე.

როცა ალერსიც არაფრად უღირთ,

როცა სიცილით ამბობენ „ბნელს“ და 

როცა ტირილით ამბობენ „დილას“, 

ნიავს კი მიაქვს 

ძალიან შორი,

შორი ვედრება 

გადაურჩენელ ამორძალების,

რა იცის ღმერთმა,

ღმერთი სუსტია...

 

დაგვიანებული პასუხი ვარსქენს

 

"ჰა ეგერა, არა გერგო შენ ეკლესიათ შენი და არცა ზურგნი ეგრე შენნი ქრისტიანენი, და უფალი იგი მათი."

 

მე „სამშობლო „მერგება“ ჩემი -

რწმენა ჩემი

და ჩემი ხატი, 

დამიამებს წყლულს და ტკივილებს

სინათლე ხალხის, 

სიმშვიდე მათი 

და არმოსპობა ქალის და კაცის! 

მე ღმერთად ჩემად მიგიღე შენ და 

შენ განმიდექი

ბილწი ზრახვით. 

(კაცი რომ კვდება

უნდა დარჩეს

კვალი სინათლის) 

შენ არ მოკვდები,

შენ მოგკლავენ მღილივით სახლში, 

რადგან შიში

არ მოგცემს ძალას 

გარეთ შესვდე მტერს და მოყვარეს... 

შენ ჩემი ლანდი

არ მოგასვენებს

დაგაძაბუნებს,

დაგღლის,

ძაღლივით გაყმუვლებს -

და ეს იქნება ჩემი ღმერთი

და ჩემი ხატი, 

რომელსაც მაინც დაუნთებ სანთელს,

რომ მოგცილდეს და მოგასვენოს...

ჩემი სამარე ბაცი 

შენი სარეცლის გვერდით იქნება

და ყოველ ღამე

სიცივეს დალევ მისი შეხებით.

ერი

მტერი 

გახდება შენთვის, 

რადგან შენ გაძარცვე ისიც, 

წაართვი რწმენა, 

პური და ბავშვი, 

ხარკად უქციე სიცოცხლე მთელი...

საპიტიახშო შენი

შეგაჩვენებს,

ძირფესვიანად დაგთხრის.

 

საპყრობილე

 

ირგვლივ მიწაა

და მიწას უდის

გაზაფხულის მძაფრი სურნელი,

ბნელი ულევად

აწყდება კედლებს... 

გარეთ ცურტავი

ალბათ ბორგავს, 

საგაზაფხულოდ ემზადება

და ჩემი ლოცვა

ყველა კარის წინ ილანდება,

ყველას თავის სიკეთეს აძლევს -

ზოგს - შვილის მზერას,

ზოგს - სიცოცხლეს.

ზოგს - მიწის ზრუნვას...

დარდსა და ურვას

ადამიანხკი რა გამოულევს?

მე კი სიმღერას ვეხმატკბილები

და ჩემს საკანში

შემოხიზნული პატარა დარდი 

კუთხიდან კუთხეში დადის,

ხან ვის მაგონებს,

ხან ვის

ზოგჯერ - დედას, 

ზოგჯერ - შვილებს,

ზოგჯერ - სამშობლოს

და უსაშველოდ მტკივა

მისი მშვიდი ფერება.

 

შვილის სიკვდილი

 

"შუშანიკის წამების" სომხური რედაქციის მიხედვით, მისი ერთ-ერთი შვილი წყალში იხრჩობა. (ავტორი).

 

რა გულსაკლავად

ტირის მამა!

ო, ღმერთო ჩემო,

ის თუ დასაჯე,

მე რას მერჩოდი?

მე შეგავედრე ოთხივე ერთად,

ოთხი მტევანი

ჯერ უმწიფები.

ალბათ მეძახდა უკანასკნელად —

დედა! დედა! გადასარჩენად

ვამტვრევდი კედლებს, გადასარჩენად

მაგრამ თვალები —

ჯერ მარჯვენა, მერე — მარცხენა

ვეღარ ხედავდნენ

სინათლის ნამცეცს...

მე მაპატიე შენი დედობა,

შენი დათმობა

და გამეტება

და შენ გაყოფილ რწმენას 

ორივე მხარით მე შევუდგები... 

ღმერთო!

მე ვზიდავ ოთხივეს ცოდვას,

ოთხივეს ღალატს

რადგან მე ვზარდე მათში ღალატი.

მიწაო ჩემო, ქართველობა გადაურჩინე

და თბილ პერანგს

ნუ მოაკლებ,

შენ დაუტირე

და გაუცინე,

ორი ბილიკი ჩემი ცრემლის

გადაუდინე,

სამარეზე გადაუდინე! —

იქნებ იმ სამს ექცეს სინათლედ

სავალი გზები...

 

"გულითად სიკუდილდ მივალ"

 

ჩემმა სიკვდილმა უნდა გადავლოს გულების ზღუდე

და აამღეროს

ქვეყნის დიდზე დიდი ტკივილი -

თავისუფლება! რომ ჩემი შვილის

ობოლ ბორცვსა და 

საქართველოს ყველა ბორცვს ერთად 

ჰქონდეს საფლავის წმინდა უფლება,

არ მოიშალოს მათი ფეთქვა,

არ დაიხიოს მიწის პერანგი

მტრის ქურანის

მსახვრალი ტორით...

ზამთარს მოჰქონდეს თეთრი თოვლი, 

გაზაფხულს - შრომა, 

ზაფხულს - ლოდინი,

შემოდგომას - სავსე ბეღელი

და არა ომი... 

ჰეფთალების დარი მახვილი

ჩემი გვარის და ტომის 

კაცს ჰქონდეს ხელში... 

ბოლოსდაბოლოს,

მე ქალი ვარ

და ჩემი ბრძოლა 

თავგანწირვაა.

სიკვდილია,

სხვა არაფერი...

ქალის ხელებზე

მუდამ ზრუნვა და სიმშვიდე იწვა, 

ჩვილის ღიმილი მშვიდობას ჰგავდა

მაშინაც, დღესაც -

ჩემი ხელებით

ხვალის მშვიდობის

ერთი წვეთი მომიტანია 

და ჩემს არყოფნას

დედა ჰქვია სახელად,

დედა!

 

დალოცვა

 

ნათელო ცაო, 

ქართულო მიწავ, 

ნუ მოაკლებ

რწმენას და იმედს 

ტრფობას და ბრძოლას,

კაცურ ტკივილს,

შრომას და გარჯას 

ჩემს სადედოფლოს!

ნუ მოაკლებ

მშვიდობის ძახილს,

თოვლიან მწვერვალს, 

ნაწვიმარ ხევებს,

ზვავსა და ღელვას 

ჩემს ერს და მამულს 

ნუ მოუსპობ

ძმას და მეგობარს.

სურვილს ფრენის

და კიდევ ენას

შვილივით გაზრდილს,

დედად მიღებულს 

ნუ დაუბნელებ

გზებსა და მღერას,

მოხუც დედას,

სიმრავლის ნაყოფს,

ქორწილს და მაყრულს

მთელ საქართველოს!

 

აგონია

 

საკუთარ ღმერთებს ვეძებდი მუდამ,

რომლებსაც მერე ცეცხლზე მიწვავდნენ,

ვემსგავსებოდი ჩაფერფლილ ვულკანს

და ღრმად ვმარხავდი ურგებ სიცოცხლეს.

მე ჩემს საბუდარს ხატებით ვრთავდი

და მენგრეოდა ეს საბუდარიც. 

ვგრძნობდი, მეწვეოდა ცბიერი მარტი, 

ვრჩებოდი ლოცვად გულგაუმტყდარი.

ვეტმასნებოდი მშობლიურ მიწას,

ფეხქვეშ მეცლებოდა ჩემი ტრფიალი,

არ შემიხედავს ზეცისთვის ბილწად

და თავზე მედგა მეხის გრიალი.

მე ხალხს ვეძებდი,

ბრბო მაწამებდა, 

ძუძუებიდან სისხლი ჟონავდა,

ჩემი კოშკები გაუხარებლად

განაცარტუტდა, 

ერთად მოთავდა.

და მე ორივე ხელი ავღმართე,

და დავითხარე ორივე თვალი, 

რომ არ მენახა არც ჩემი მიწა, 

არც ზურგთან მიჯრილი „ნაქები ხმალი“. 

ვიკივლე, როგორც კივის არწივი,

როცა ბარტყს ჰკარგავს სუსტს და უგონოს,

გადაარჩინე ჩემი ქვეყანა, 

ვიწვი და ვბორგავ, 

ვერაფერს ვხედავ -

თვალები არ მაქვს

და ასე ბრმად მიყვარს ჩემი საუფლო,

გ ა დ ა ა რ ჩ ი ნ ე!

 

დატირება

 

წასულო-ო, 

წასულო-ო,

მარადიულ სასუფეველში 

სანთლებს დაგინთებთ 

მზესავით თავთან,

შენი გულივით დაულეველი

ხალხის ტალღაა...

მიჰყევხარ მაღლა.

ო-ო! შენი ვეება

თვალები ბზინავენ,

რამ დაგიმშვიდა

სიმღერა მტრედის?!

შავი ჯაჭვების

სიმძიმეს, სიავეს

სუფთა ხელებით სწყვეტდი.

დედოფალო

და დედავ ქართველთა, 

სიხარულით რომ გვტოვებ,

რომ შენ სიწმინდეს 

ვსუნთქავდეთ ჰაერთან 

წირვის ჟამს ყოველს.

გაუხარელო!

რა არის იმქვეყნად

არავინ იცის,

ჩვენ გვჯერა შენი სიწმინდის მხოლოდ, 

შენს ლამაზ ქალურ სიამაყესთან 

მოვიდა მსახვრალი ბოლო.

ო–ო-ო–ო-ო-ო!

დედოფალო-ო-ო-ო!

ო–ო-ო–ო-ო-ო!

ტირის ქვეყანა შენი!..

 

ეპილოგი

 

თუ დაიწყები,

უნდა დაიწყო ძალიან მშვიდი

დაშენს რეგისტრში

უნდა ჟღერდეს მაღალი ნოტა,

თუკი გაჭირდა,

უნდა აიღო სიმაღლე დიდი,

თუკი დაგჭირდა,

უნდა დაემხო ქვეყნისთვის ლოცვად. 

კრძალვით და რიდით 

უნდა შეაღო სიცოცხლის კარი,

თუკი დაეცი 

უნდა ადგე ბრძოლით და გრგვინვით,

თუკი მოკვდები,

რომ არ ეგონო არავის მკვდარი,

უნდა დაბრუნდე

და წაშალო სიკვდილის ბინდი.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen