კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 02:06

 

იყო ერთი სახლი.

იმ ქალაქში ასეთ სახლებში ცხოვრობდნენ უმეტესად.

ქუჩიდან თაღიანი შესასვლელი პატარა ეზოში შეგიყვანდათ, რომელსაც ერთმანეთზე გადაბმული აივნები გადმოჰყურებდა სართულებად.

მაღლა, აივნიდან აივნამდე ეზოს სიგრძე-სიგანეზე თოკები იყო გაბმული და ზედ სარეცხი შრებოდა.

ძირს ბავშვები თამაშობდნენ. ხან ბურთს დასდევდნენ, ხან ლახტის წრეს დასტრიალებდნენ. გოგონები აგროვებდნენ თავიანთ თოჯინებს და ნაირ-ნაირ კაბებს უკერავდნენ.

ჩრდილში კაცები ისხდნენ. ზოგი ბავშვების თამაშს უყურებდა, ზოგი ერთმანეთს ელაპარაკებოდა, ზოგი ნარდს აგორებდა.

აივნებიდან დიასახლისები გადასძახოდნენ ერთმანეთს. ხან კი ერთად შეიყრებოდნენ და არჩევდნენ ქალაქის ჭორსა თუ მართალს.

მოკლედ, ოცდაათი ოჯახი ცხოვრობდა სიამტკბილობით...

მაგრამ ერთხელ ჩხუბი და აყალმაყალი ატყდა სახლში.

და რახან ერთხელ დაიწყო ეს უბედურება, მერე გაგრძელდა და გაგრძელდა.

ყველა ოჯახი ერთმანეთს წაეკიდა.

იქამდე მივიდნენ, რომ ბავშვებსაც აღარ უშვებდნენ ერთმანეთთან სათამაშოდ.

ამ სახლში ერთი მწერალიც ცხოვრობდა.

მოგეხსენებათ, მწერალი მოვალეც კია, რომ კეთილი იყოს.

წინათ ის, როგორც კი რამეს დაწერდა, ჩადებდა ბოთლში და მდინარეში გადააგდებდა, თან ღიმილით იტყოდა, ვისაც ეკუთვნის, ვიცი, სწორედ იმას მიუვაო.

იქნებ უცნაური გეჩვენოთ ეს ქცევა, მაგრამ კეთილი სურვილი რომ ჰქონდა მწერალს, ეს ცხადია.

ახლა კი, სამწუხაროდ, ისიც ჩაერია ჩხუბში. აღარაფერს წერდა და მდინარეში ცარიელ ბოთლებს ყრიდა. თითქოს მთელ ქვეყანაზე გაბრაზებულიყო: არაფერი მაქვს თქვენთან სალაპარაკოო...

ჩხუბობდნენ მცხოვრებნი და აღარც ახსოვდა ვინმეს, თუ რით დაიწყო ეს ჩხუბიანობა.

ალბათ სულაც ერთი ბეწო რამ გახდა საბაბი. ხომ უცნაურია, მაგრამ ასეა. ძალიან დიდი ჩხუბი ძალიან მცირე რამით იწყება ხოლმე.

ჩხუბობდნენ გაუთავებლად, ყოველდღე, ყოველ დილას, ყოველ საღამოს.

კინკლაობას დედაკაცები იწყებდნენ.

გამოდგებოდნენ აივანზე, იწყევლებოდნენ და ქოქოლას აყრიდნენ ერთმანეთს.

კაცები ერთხანს აჩუმებდნენ ქალებს, მაგრამ მერე ისინიც ვეღარ ითმენდნენ და გამოდიოდნენ აივანზე, ჯერ შორიდან ლანძღავდნენ ერთმანეთს, მერე კი ჩადიოდნენ ეზოში და იყო ერთი გაწევ-გამოწევა, წიხლის ქნევა და მუშტის ტრიალი...

ერთ საღამოს, კვლავ ჩხუბში რომ იყვნენ გართული, საიდანღაც მოფრინდა და სახურავზე ფერადი ხანძრის ნაკუწივით დაფრინდა უცხო ჩიტი.

დაფრინდა და გალობა დაიწყო.

არავის დაუნახავს, როგორ მოფრინდა და არც მისი გალობა ესმოდათ.

იყვნენ ლანძღვა-გინებაში.

პირველად ერთმა გოგონამ გაიგო ჩიტის ხმა. გარინდული უსმენდა ერთ წუთს. სახე გაუნათდა და ამხანაგებს დაუძახა:

- გესმით, რა კარგად გალობს?

იდგნენ ბავშვები და უსმენდნენ.

მერე ბავშვებს რამდენიმე ქალიც მიემატა.

- გაჩერდით, კაცებო, გაჩერდით! - ჩასძახეს ქალებმა მოჩხუბრებს.

იმათ გაუკვირდათ. ესენი გვაგულიანებენ ხოლმე და ახლა რა მოუვიდათო.

გაჩერდნენ.

ახლა მაღლა იყურებოდნენ და მძიმედ სუნთქავდნენ.

მათაც გაიგეს ჩიტის ხმა. თითქოს იმ ხმისა შერცხვათო, ჩხუბში ამოჩაჩული ხალათები გაისწორეს და სმენად იქცნენ.

ახლა მთელი სახლი უსმენდა ჩიტს...

გალობდა ჩიტი.

მერე რამდენიმე ბიჭი გაიქცა და ავიდა სახურავზე.

მაგრამ ვერ ნახეს ჩიტი და აღარც გალობა ისმოდა. სახურავზე ვიღაც უცნობი კაცი იჯდა და ცაში იყურებოდა.

- ჩიტი ხომ არ დაგინახავთ? - ჰკითხეს ბიჭებმა.

- არა, არ მინახავს, - უპასუხა კაცმა და გაიღიმა: - რად გინდათ ჩიტი?

- გვინდოდა გვენახა... ისე კარგად გალობდა, - თქვეს დაღონებულმა ბიჭებმა...

ჩიტზე ფიქრობდნენ და არც კი უფიქრიათ, ამ უცნობ კაცს ჩვენს სახურავზე რა უნდაო.

ჩამოვიდნენ ბიჭები ეზოში.

- როგორი ჩიტი იყო? - ჰკითხეს დიდებმა.

- ვერა ვნახეთ, - უპასუხეს ბიჭებმა.

დაფიქრებული იდგა ყველა. ზოგი ეზოში, ზოგი აივნის სვეტს მიყრდნობილი.

ბავშვებიც გარინდულიყვნენ და ცას უცქეროდნენ რატომღაც.

ვერავინ გაიგო, როგორ ჩამოვიდა კაცი სახურავიდან, როგორ შეიპარა პირველ სართულზე ერთ ბინაში და იატაკის ფიცრებს შორის როგორ ჩააგდო პაწია წითელი მარცვალი.

მერე ასევე ჩუმად დაბრუნდა სახურავზე და კვლავ ფერად ჩიტად იქცა.

აფრინდა და დაიწყო ფრენა სახლის თავზე.

ფრინავდა და გალობდა.

უყურებდნენ დიდი სახლის მცხოვრებნი ფერადი ხანძრის ნაკუწივით მოელვარე ჩიტს და სუნთქვა შეჰკვროდათ.

ფრინავდა ჩიტი...

ბოლოს ძირს დაეშვა, ეზოში მდგომთ თავზე გადაუფრინა, გაფენილ ზეწრებს შორის ხან აქ, ხან იქ გაიელვა, აივნების გასწვრივ წრე დაარტყა რამდენჯერმე და აფრინდა, წავიდა ცისკენ.

მიწყდა გალობა ნელ-ნელა.

ოღონდ საღამოს ცაზე ერთხანს კიდევ ჩანდა ფერადი ფრთები.

მერე ისინიც შეერია ბინდბუნდს.

და ყველას უნებლიე ოხვრა აღმოხდა.

ჩუმად შევიდნენ ბინებში და, თითქოს ერთმანეთს შეუთანხმდნენო, ძალიან მალე ჩააქრეს შუქი და დაიძინეს.

იქნებ იმედი ჰქონდათ, რომ სიზმარშიც იმ ჩიტს ნახავდნენ.

მეზობელი სახლების მცხოვრებნი გაოცებულები ეკითხებოდნენ ერთმანეთს, რას უნდა ვუმადლოდეთ ასეთ სიწყნარეს, ნეტავ რა მოხდაო?

მერე იმათაც გემრიელად დაიძინეს.

დილით, მზემ რომ ამოყო თავი, ქუჩაში მეეზოვის ყვირილი გაისმა:

- ხალხო, გამოდით, ნახეთ საოცრებაო!

გამოცვივდნენ მოქალაქენი ქუჩაში და მართლაც, საოცრების მნახველნი გახდნენ.

იმ სახლში უზარმაზარი ვარდის ბუჩქი ამოსულიყო, კოკრები გაეშალა და სურნელს აფრქვევდა.

მშვენიერი სანახავი იყო: სახურავიდან, შუშაბანდებიდან, ფანჯრებიდან და ზოგან პირდაპირ კედლებიდანაც ვარდის ტოტები გამოსულიყო და ისე გადმოკიდულიყო ქუჩაზე, თითქოს სახლი ყვავილებს სთავაზობდა ყველას...

ხმა გავარდა და მალე მთელი ქალაქი ამ სახლთან მოგროვდა.

მხოლოდ ამ სახლის მცხოვრებლებს არ გაუგიათ არაფერი.

მშვიდად ეძინათ და ისე კარგად იღიმებოდნენ, ან მართლა იმ ფერად ჩიტს ხედავდნენ ანდა ვარდის სურნელი აღწევდა მათ სიზმრებში.

ის მწერალი რომ არა, შეიძლება საღამომდე არც გაღვიძებოდათ.

მწერალს ესიზმრა, რომ ფერად ჩიტთან ერთად დაფრინავდა.

მთელი ღამე ამ სიზმარს ხედავდა.

დაფრინავდა ცაში და უხაროდა.

მერე კი სიზმარშივე თქვა, ეს ამბავი სხვებსაც უნდა შევატყობინოო.

დაეშვა მიწაზე. აიღო ფურცელი და დაწერა, როგორი იყო ფერადი ჩიტი და როგორ უნდა გაშალო და დაიქნიო ხელები, რომ ჩიტთან ერთად იფრინო.

ჩადო ფურცელი ბოთლში და დალუქა.

მივიდა მდინარესთან და გადააგდო ბოთლი...

...ხელი რომ გაიქნია, რაღაცამ უჩხვლიტა და ამან გამოაღვიძა.

მაშინვე ხელზე დაიხედა. შუა თითზე სისხლის წვეთი უბრწყინავდა.

- ეს რაღამ მიყო? - გაიფიქრა მწერალმა, მიმოიხედა და გაოცდა.

ოთახი ვარდებით იყო სავსე.

ჯერ ეგონა, ვარდის თაიგულებია მიმობნეული და ჰაერში დაკიდულიო, მერე კი დააკვირდა და დაინახა, რომ ვარდის მსხვილი ტოტები ამოზრდილიყვნენ იატაკიდან და ზოგი ჭერში გადიოდა, ზოგს ფანჯარაში გაეყო თავი. მსხვილ ტოტებს კი შტოები გაეშვირათ და ზედ უამრავი ვარდი გაშლილიყო.

მწერალი ადგა, ფრთხილად გავიდა აივანზე და ეზოში გადაიხედა.

მთელი ეზო ვარდის ტოტებს და ფოთლებს დაებურა. მაღლიდანაც ვარდებიანი გუმბათი დაჰყურებდა ეზოს.

მწერალი შებრუნდა ოთახში და ახლა ქუჩის მხარეს გადაიხედა.

დაინახა უამრავი ხალხი და მათი აღფრთოვანებული სახეების შემხედვარემ უცებ ბედნიერად იგრძნო თავი.

დაუარა ყველა მეზობელს.

ფრთხილად აკაკუნებდა კარებზე, ეშინოდა ხმაურზე უცებ არ წამოხტნენ და იმათაც არ ეჩხვლიტოთ ეკალიო.

- გაიღვიძეთ, გაიღვიძეთ, მეზობლებო! ფრთხილად ადექით და გარეთ გამოდით!.. - უძახოდა მწერალი.

გაიღვიძეს მცხოვრებლებმა და ისინიც გამოვიდნენ ქუჩაში.

სხვებთან ერთად დიდხანს უცქეროდნენ თავიანთ ვარდიან სახლს...

მას შემდეგ მშვენიერი გახდა მათი ცხოვრება.

უვლიდნენ საოცარ ვარდის ბუჩქს და სულ ის უნდოდათ, ერთმანეთისთვის ესიამოვნებინათ.

პატიჟებდნენ ერთიმეორეს. ისხდნენ, ტკბილად მასლაათობდნენ და ვარდის ყვავილებს შორის მოჩანდა მათი ღიმილიანი სახეები...

არ შეიძლება არა ვთქვათ, რომ ვარდის ტოტებითა და შტოებით სავსე ბინაში ცხოვრება ცოტა არ იყოს სახიფათოა.

და თუმცა მცხოვრებნი ძალიან ფრთხილობდნენ, მაინც ხშირად იფხაჭნიდნენ ხელ-ფეხს ვარდის ეკლებზე.

მაგრამ არც დიდი და არც პატარა ამას არაფრად აგდებდა.

თუ კარგად დააკვირდებოდით, როცა რომელიმე მათგანი ქუჩაში მოდიოდა, შეატყობდით, მას უხაროდა, ყველა რომ ხვდებოდა რატომაც ჰქონდა ხელ-ფეხი შეხვეული.

ეგ კი არადა, ახლა ხშირად სხვაც ბევრი იხვევდა ტყუილუბრალოდ ხელსა და ფეხს და ისე დადიოდა, უნდოდა ხალხს ჰგონებოდა, ესეც იმ სახლში ცხოვრობსო.

სხვათა შორის, ვარდიანი სახლის მცხოვრებთ უამრავი სახელი მოუგონა ხალხმა.

ზოგმა თქვა, რადგან არის სიტყვა მოსახლე, შეიძლება რომ იმათ მოვარდეები დავუძახოთო.

სხვები ამბობდნენ, თუ ბაღის მომვლელს მებაღე ჰქვია, ესენი ვარდს უვლიან და მევარდეები არიანო.

ერთმა კი სულ უცნაური სახელი გამოიგონა: მოერთვარდნენი უნდა ვუწოდოთ, რადგან ვარდის ერთი ბუჩქი აკავშირებთო.

ზოგი ვარდიანებს ეძახდა, ზოგი ვარდსახლიანებს და ზოგიც სახლვარდიანებს...

ძნელია თქმა, რომელი სახელი უფრო სწორი იყო, მაგრამ ერთი კი ცხადია, ამ სახელების დარქმევაში ჩანს, რომ ყველას სურდა ისეთსავე ვარდიან სახლში ეცხოვრა.

სახლვარდიანები მთელ ქალაქს შეჰპირდნენ, როცა ყვავილობა ჩაივლის, ვარდის თესლს ყველას დაგირიგებთო. მაგრამ შემოდგომა დადგა, ვარდები კი ისევ ყვაოდნენ.

მაშინ პატარა შტოები ააჭრეს ვარდის ბუჩქს და ერთ საღამოს ჩარგეს ქალაქის ყველა ეზოში.

დილით ყველა სახლში ვარდის ბუჩქი იყო ამოსული.

და უზარმაზარ ვარდნარად იქცა ქალაქი.

ბედნიერნი იყვნენ მოქალაქენი.

ყველა სახლიდან სიცილი და სიმღერა ისმოდა...

მერე კი უცნაური ამბავი მოხდა.

სახლებიდან მცხოვრებნი იკარგებოდნენ!

თუ ვინმე იკითხავდა, ის კაცი სად არისო, დაკარგულის შინაურები თვალს აარიდებდნენ და ისე პასუხობდნენ, სტუმრად წავიდა სხვა ქალაქშიო. ან იმას იტყოდნენ, სამუშაოდან სხვაგან გაგზავნესო ან სულაც სხვა რამეს იმიზეზებდნენ.

სხვა ამბავიც ხდებოდა: ვარდებზე ბულბულები გაჩნდნენ და ახლა მთელი ღამე იმათი გალობით ტკბებოდნენ მცხოვრებნი.

იკარგებოდნენ მოქალაქენი...

გალობდნენ ბულბულები...

და ერთხელ ვიღაცამ შეამჩნია, რომ რაც მეტი მცხოვრები ქრებოდა, მით უფრო მეტი ბულბული გალობდა ვარდის ბუჩქებზე...

დიახ, არავინაც არ დაკარგულა, ბულბულებად იქცნენ ყველანი...

ყოველ ღამით ემატებოდნენ ბულბულები ქალაქს.

გახარებული მწერალი თავისი ქალაქის ამბავს ყოველ დილით ახალ-ახალ ფურცელზე წერდა. მერე ქვეშ ქალაქის ადგილსამყოფელს მიაწერდა, ჩადებდა ბოთლში, დალუქავდა და წავიდოდა მდინარისაკენ.

გადააგდებდა ბოთლს მდინარეში, ჩამოჯდებოდა ქვაზე და ფიქრობდა სამყაროს უცნაურობაზე...

რომ დაღამდებოდა, მწერალი გამობრუნდებოდა და გაივლიდა ქუჩებში.

ძალიან კარგი სანახავი იყო სახლები.

ღამეში ისე ჩანდა, თითქოს ვარდის ვეება ბუჩქები იდგა შიგნიდან ფერად-ფერადი შუქით განათებული.

გალობდნენ ბულბულები...

მწერალს უხაროდა, რომ მალე თვითონაც უნდა ქცეულიყო ბულბულად.

ატყობდა, ეს სულ მალე მოხდებოდა, რადგან სულ უფრო ხშირად უნდებოდა ხელები აექნია და შეეფრთხიალა. ღამღამობით უნებლიეთ წამოჯდებოდა ხოლმე ლოგინში და ცდილობდა ხმა აეყოლებინა ბულბულებისათვის.

დილით კი ქუჩაში რომ მიდიოდა, სულ უფრო ხშირად გაურბოდა ცისკენ თვალი...


* * * * * * *


მას შემდეგ დიდი ხანი გავიდა.

ალბათ უკვე იქცა ბულბულად იმ ქალაქის ყველა მცხოვრები.

რა კარგია!

ღამით ქალაქში შევა მგზავრი, გაივლის ქუჩებში და ბედნიერად იგრძნობს თავს. მერე ბულბულების გალობით დამტკბარს და ვარდის სურნელით გაბრუებულს ჩაეძინება...

მაგრამ ყველას არ უყვარს ვარდის სურნელი და ჩიტებსაც ზოგიერთი იმიტომ კი არ დაეძებს, რომ მათი გალობით დატკბეს.

ხოლო ვარდი და ბულბულიც უმწეონი არიან.

ამიტომ გთხოვთ ყველას, ვის ხელშიც კი ოდესმე იმ მწერლის მიერ გამოგზავნილი ბარათი მოხვდება, რომ ჩახვიდეთ იმ ქალაქში.

იქნებ იქ ვარდების საცქერლად და ბულბულების სასმენად ვერც მოიცალოთ.

რა ვუყოთ, თუ ბევრი გასაჭირი შეგხვდებათ.

შეგაწუხებთ შიმშილიც, სიცივეც და უძილო ღამეებიც.

და, ვინ იცის, იქნებ ერთ მთვარიან ღამით სიცოცხლის გაწირვაც დაგჭირდეთ, რომ ერთი კოკორი ან ერთი პაწია ჩიტი გადაარჩინოთ...

მაგრამ მაინც ბედნიერნი იქნებით, რადგან გეცოდინებათ, რომ თქვენით დგას ყველაზე მშვენიერი ქალაქი ამქვეყნად - ვარდებისა და ბულბულების ქალაქი...

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen