|
მზე ცაზე ისე თრთოლვით კვდებოდა, როგორც დაჭრილი გლადიატორი, შუქთა შუბები შუა ტყდებოდა და იხრებოდა ოქროს სასწორი.
ისე დაეშვა ჩრდილთა მარაო, - თითქოს მიჯნური, გლოვით დაღლილი სატრფოს კუბოსთან დაიხარაო!
ისე წითლობდა ღრუბელთ კრებული, ვით ბაგეთეთრი ქრიზანტემები, დაკოდილ ნუკრის სისხლმოცხებული!
დაფიქრდნენ მთანი ბნელ რაღაცაზე, და მზე კი, როგორც გლადიატორი ისეთი თრთოლვით კვდებოდა ცაზე!
და გიშრის თვალი ცრემლში ცურავდა, - მე კი შენს ცრემლებს უხმოდ ვხვდებოდი და სიკვდილის ფრთა სულს მიბურავდა!
და შემეკითხე უკანასკნელად: - "ჩვენ ხომ გვიყვარდა ერთი-მეორე, მაშ რად ვუჯდებით სიყვარულს მკვლელად"?..
გაიხმაურა კვნესამ ჩემს გულში და ერთი წამით მოულოდნელად გადავიხედე მთელს ჩვენს წარსულში,
ისე გამწკრივდნენ ჩემს წინ ის დღენი, რაც შენ მაჩუქე ზღვა იმედებით, რაც მე გაჩუქე და მოგიძღვენი.
და გთხოვდი, გთხოვდი - დამბრუნებოდი, მაგრამ წინ დამხვდა სიცარიელე, შენ კი მზესავით მთებს შორდებოდი.
ამაოდ გდევდი თვალგანასწორი; შენ მზე იყავი ჩემთვის ჩასული, მე კი დაჭრილი გლადიატორი! |


