|
ძვირფას მეგობარს, თანამებრძოლს, თანამოკალმეს, ვის სიტყვას ვადრი სივრცეებში ანთებულ ალმასს, გაკრიალებულს, უბრწყინვალესს ელვარე მზეზე - რომ ვუძღვნი ამ ლექსს, გულო ჩემო, აი, მიზეზი!
შეუდარებლად მოყვარულს და თანამომღერალს - შემდგომ თაობათ ბედ-იღბლისთვის უმახვილესი რომ შექმნა ლექსი, გულო ჩემო, აი, მიზეზი!
ბრძოლებში იყო ბევრის მთმენი გული პოეტის, ლითონზე უფრო უმძლავრესი და უმტკიცესი - აი, მიზეზი გამარჯვების, აი, მიზეზი!
ვიგონებ, როგორც აღტაცებას, ზღვად ვერ დატეულს ცხრაასის, კიდევ ცხრაას ხუთის მხნე იგი გეზი რომ გაღელვებს შენ, გულო ჩემო, აი, მიზეზი!
და მოლოდინთა მშვენიერთა სპეტაკ სიახლეს, რაც მგზნებარებდა და ჰმატებდა სიბრძნეს სიბრძნეზე აი, მიზეზი გამარჯვების, აი, მიზეზი!
იმ კარგ წარსულით, მითხარ, როგორ არ ვიამაყო?! ვით არ ვადიდო შუქი ყრმობის მოგიზგიზესი - მედგრად რომ იყავ, გულო ჩემო, აი, მიზეზი!
მაოცებ შენი მაშინდელი აღფრთოვანებით. შენ შენი გქონდა და სხვას კიდევ - თავისი წესი, წრფელი რომ იყავ, გულო ჩემო, აი, მიზეზი!
კიდევ ცოცხალი ახლაც ჩვენში ბევრია მათგან. მათ რომ იხსენებ, ვისიც მარად მძლავრობს ძირ-ფესვი ეს მიზეზია სიმხნევისა, დიდი მიზეზი!
ბრწყინავს მათ მიერ თვით ზეცამდე ახდილი ფარდა, წარვიდა, განქრა დაფიქრება სხვა რაიმეზე - აი, მიზეზი, გულო ჩემო, აი, მიზეზი!
ცხრაას ჩვიდმეტმა, მითხარ, როგორ არ ვიამაყო?! რომ თავდადებით შეიმოსა გზა უწმინდესი - აი, მიზეზი, გულო ჩემო, აი, მიზეზი!
დიდი ლენინის მიერ ნათლად ნაჩვენებ გზებით, დედამიწის ერთ მეექვსედის გაშლილ სივრცეზე ძმობის დროშა რომ აფრიალდა - აი, მიზეზი!
იშლება თვალწინ ოციან და ოცდაათიან წლების ეპოქა, უმძლავრესი და უმკვიდრესი - აი, მიზეზი, გულო ჩემო, აი, მიზეზი!
უდარებელის და გადამწყვეტ დიდების მჩენი, შემოქმედებით მოალერსე-მოფაქიზესი - აი, მიზეზი, გულო ჩემო, აი, მიზეზი!
ძლიერაც მსურდეს, უკეთესს ვერ გამოგიგონებ, ავწიოთ თასი ისევ დროშის მომაისესი - აი, მიზეზი, მეგობრებო, აი, მიზეზი!
და სხვა მოვლენით, მითხარ, როგორ არ ვიამაყო?! გმირთა გმირების სჯობს ხანა თუ თათქარიძესი? - აი, მიზეზი განსხვავების, აი, მიზეზი!
საშიშროება, ველურობა მომხდურთა ტომის. რა იყო ქვეყნად უფრო მძლავრი ჩვენს სიმტკიცეზე? აი, მიზეზი, გულო ჩემო, აი, მიზეზი!
იმ გამარჯვებით, მითხარ, როგორ არ ვიამაყო?! გაისმოდა ხმა სიმართლის და სინათლის მთესი - აი, მიზეზი, გულო ჩემო, აი, მიზეზი!
გმადლობ, იმ შენი მაშინდელი ახმოვანებით. სამშობლოს თვისას დარაჯობდეს ერთგული მწყემსი. თუ უნდობარი კვლავ თავდასხმის იქნა მიზეზი.
თენდება ღამე ათას ცხრაას ორმოცდაათის! რომ თენდება და იბადება ლექსიდან ლექსი - აი, მიზეზი, მეგობრებო, აი, მიზეზი!
საძირკვლის ჩაყრა, ფუძემდებელ დღეთა მრხევარი, და რომ მეორე ნახევარის ვდგავართ კიდეზე - აი, მიზეზი აღტაცების, აი, მიზეზი!
დღე რომ თენდება, გულო, როგორ არ ვიამაყო?! ჩვენია იგი მომავალი, უუდიდესი - აი, მიზეზთა მიზეზი და კიდევ მიზეზი! |


