კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 23:12

 

სიმღერა პირველი

 

აი ის, აი ის; ახალი დღეების 

ბაგენი სამშობლოს მიწაზე მღერს; 

ახალო ქვეყანავ, მე გულით გეხები 

და სიმღერების ქსოვილში გხვევ.


მე ერთხელ ვინატრე ღრუბლების შერხევა 

და ვარსკვლავების გაფენა გზად,

მგზავრი ვარ, მივდივარ, დილა-დღის შეხვედრა 

მირეკავს გულში იმედის ზარს.


ღამეა და ჩემში მოწყენა გადმორბის,

ეს გული მიმიგავს დავარდნილ ქვას...

სანამდე განთიადს, ჭაღარა მამობილს, 

არ ამოათრევს მამლების ხმა.


ო, მზეო, გადარებ ამირანს ახოვანს, 

მზის ამოგორებას გულივით ვგრძნობ: 

ღამე კი რა არ არის! ისე უსახოა, 

თითქო გაიცვითა, გავარდა ძრო.

 

სიმღერა მეორე

 

გულ-აღმა დავვარდი, მტკვარის ნაპირია... 

ზვირთებო, ზვირთებო, რას მეტყვით სხვას! 

ეგ თქვენი დუდუნი თუ სხვანაირია,

მეც თქვენ სადღეგრძელოს თვალებით ვსვამ.


მთებში და ღრეებში, სად ქარნი ღმუიან, 

სადაც ამირანი ელოდა ხსნას;

გულო მოშურდულევ, ნუ გინდა, ნუ იარ... 

იქ მხოლოდ ფიქრები ოცნებას წვავს.


გახედე, მტკვარისკენ თვალები გაშალე, 

რკინის ამირანი უმშვენებს შუბლს: 

მორისხო თვალები, აცვია ჯავშანი 

და ღრუბლებს ურიგებს ელვების შუბს.


ქარია, ზვირთები ჯირითით მორბიან, 

მაყრიან რკინებით გატკვერილ ხმებს... 

მღერიან; ნაპირებს ასკდება მორევი, 

თითქო სამეგობროდ მიწოდებს ხელს.

 

სიმღერა მესამე

 

დილამდე ებრძოდა გრიგალებს გრიგალი, 

ქუხდენ და მეხები რეკავდენ ზარს: 

ველებს მიკიოდენ, - მთვარე მოგიკალით, 

ღრუბლები ფარავენ ცასა და გზას.


რა ბნელი ღამეა, რა მღვრიე თვალება, 

მთვარის გულს მეხების ქუსლები ხევს: 

მშვიდობით მთვარეო, ღამე ნამთვრალევი 

გრიგალი ღრუბლების ჩვარებით გხვევს:


თუ ჩვენი დღეები ეხლა ერთფერია 

და აღარ გვიტაცებს შრიალი ტყის, 

იცოდე მთვარეო, ეს იმის მთქმელია, 

რომ შენი ციალიც ნემსად არ ღირს.


ზვირთები ხმაურობს, ზვირთები ღმუიან:

-  რკინის ამირანო სადა ხარ, სად! 

გადმოდი, აენთე... ხომ შენახულია 

შენში მოელვარე უღრუბლო ცა.

 

სიმღერა მეოთხე

 

ყვავიან ტყემლები, იები, ბუჩქები; 

ნიავი შრიალით ყვავილებს ყრის... 

ო, ეს საღამოა ასეთი უჩვევი, 

თუ მუდამ ველებზე სიჩუმე ქრის!


დავდივარ, თვალები სილაღით მთვრალია: 

გზები თუ ამებნა, სადა ვარ, სად! 

მითხარი ყვავილო: ნუთუ მართალია, 

რომ ისევ ტკბილია ცხოვრების გზა.


ბედითი ბრძოლებში ვიყავით გართული, 

ვშიშობდით, უცქერდით დღეების წვას. 

მითხარ, თუ არ ისმის ფლოქვების თქარუნი 

სამშობლო მხარეში, რას ნიშნავს. რას!


დაღლილი მივეგდე, გვიმბრა და ფშანია. 

ფოთლები მასხურებს მოვერცხლილ რთვილს... 

ვიგრძენ - ეს სიმშვიდე ძლევის ნიშანია, 

ვიგრძენ - გამარჯვების ღიმილი თრთის.

 

სიმღერა მეხუთე

 

დილამდე გიცდიდი, დილამდე გელოდე

და გულში ღელავდა ლოდინის ზღვა:

ბნელოდა... ბინდები დნებოდენ მდელოზე 

და გული ამბობდა: არ მინდა სხვა...


შენ არც ლამაზი ხარ, არც ფარჩის ქსოვილით, 

სინაზეც აჩუქე ბრძოლების ქარს...

შენ ჩემთვის გმირი ხარ, დიდებით მოსილი, 

და მინდა გიმღერო მეგობარ ქალს.


სხვებმა რა იციან, რომ შენი სიცილი, 

ეხლა რად მოაგავს გაბზარულ ზარს: 

სხვებმა რა იციან, მაგ თვალთა ციმციმი, 

თუ რატომ უნათებს სტრიქონებს გზას!


ერთად გავიარეთ დარი, უდარობა.... 

გზა დაღლილს მესროდი იმედის ხმას;

და რადგან შენ გრძნობდი ამ გულის გოდებას 

არ მინდა, არ მინდა უმღერო სხვას.

 

სიმღერა მეექვსე

 

აცივდა, ნისლები ესევა მთაწმიდას... 

ბაღებში დაკარგულ ღამეებს გლოვს: 

დუმილში მარტო ვარ, გული დამიმძიმდა, 

ნიშით ვემალები სამარის ლოდს.


ლოდებო, სამარის ხსოვნათა მფარავო, 

მე თრთოლვით გაშორებთ სუროს და ხავსს: 

მიჩვენეთ ზვიადი მოხუცის საფლავი, 

გული რომ აჩუქა სამშობლოს, ხალხს.


მთაწმინდის გადაღმა ხევები ღმუიან, 

ღრუბლები, ღრუბლები მიდამოს ხვევს: 

ირხევა ლოდები. ძვლების ჩხარუნია 

და ვიღაც ნისლიდან მიწოდებს ხელს.


მოვდივარ, მომყვება: რა ვქნა, მიხარია... 

და ჩუმად შევცქერი შევერცხლილ თმას; 

- მოხუცო, გეძებდი რამდენი ხანია, 

მოწმეა ღამე და ფიქრების მთა. -


მობრუნდა: ღიმილი გაგორდა ბაგეზე: 

ქედი მოვუხარე აკაკის ლანდს....

მან გაიშრიალა: მითხარ რად დამეძებ, 

და ან საქართველოს რა დარდი წვავს?


- ძვირფასო მოხუცო, სუნთქვა მიგუბდება: 

თვალებს სიხარულის მორევი რწყავს: 

ეგ შენი ტკივილი თუ გულს დაუბრუნდეს, 

მაშინ ჩემი გულიც ჩაქოლოს ქვამ.


იჩოქებს: ეხვევა ბალახებს ნამიანს 

სივრცეში ჩაძირავს მშობლიურ თვალს, 

გაოცდა: ჩურჩულებს, - ზეცა რომელია, 

ან ის რა ანათებს თბილისის თავს?


ცა ვინ შეარხია ვარსკვლავთ საბადური,

 ან ვინ გააფინა მნათობნი ძირს...

მითხარ, რამ დააშრო ტკივილი ქართული, 

სევდა უნაპირო, დუდუნი მტკვრის?


თენდება: თეთრდება მთაწმიდის მაღლობი, 

აკაკის ჭაღარაც განთიადს გავს;

შორიდან მოისმის ბულბულის გალობა 

და მთის სურნელება გადმოაქვს ქარს.


ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტის სევდათა 

მოწამე აჩრდილო, რა გითხრა, რა! 

გინდა საქართველოს გულზე მოგათავსებ, 

ტკბილია; ვერ იგრძნობ ეკალს და ნარს.


დრო იყო, მიწაზე გულები გიმძიმდათ,

ეტრფოდი ვარსკვლავებს, იმედის ცვარს... 

ეხლა გადახედე, ზეცა დაიბინდა... 

რა უფრო ელვარებს, მიწა თუ ცა?


მიჯაჭვულ ამირანს უმღერდით, ელოდით; 

იქნევდით მოლესილ სიმღერის პირს... 

მაგრამ მდუმარებდა ბედი და ბნელოდა; 

ამირანს კორტნიდენ ყორნები კლდის.


ზვიადო, თბილისზე თვალი გადახსენი, 

იცანი... ამირან მიმღერის გზებს... 

მთებიდან ბრძოლებით იგი დავიხსენით, 

რომ ჩამოეტანა ცეცხლი და მზე.


მღეროდით, სხვა კუთხე ასეთი სად არის, 

როგორც საქართველოს ბარი და მთა,- 

მეც გეტყვი, მოხუცო, არა ჰყავს სადარი 

მზისკენ მის გაფრენილ ცეცხლოვან თვალს...


მიცქერის: უჩვევი ალერსით მივიწევ, 

მინდა ვეამბორო საყვარელ ლანდს;

უამბო სხვა რამეც, უეცრად ვიღვიძებ

და თურმე ვეხვევი ლოდების ხავსს.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen