|
1
მწარე ღიმილი გაანგრევს ტუჩებს, როცა მარტვილის დიდი მინდვრები შედიან გაზაფხულში, როგორც თეატრში და შენს ძარღვებში მთვარესავით აენთება წითელი სისხლი.
2
აქაც უცხო ხარ, აქაც ცივად ჟღარუნობს ქარი და ვარსკვლავების ნაჩხვლეტები გაყრია ტანზე მსუსხავი, როგორც კაქტუსის ტოტი.
3
შენ დიდხანს ეძებდი გამოქვაბულს, სადაც შეგეძლო ნადირივით გეცხოვრა, სადაც ყვითელი ბალახების დღესასწაულში დაივიწყებდი, რომ არსებობს მკვდარი საღამო, დაივიწყებდი, რომ არსებობს მკვდარი თვალები.
4
ეს მტვერი მიცვალებულთა სულივით შრიალებს ოთახში, გარეთ კი გაზაფხული ყვირის, მაგრამ არსად გაქვს წასასვლელი, არსად ანთია მოწყალე შუქი, არსად დატოვეს ღია კარები.
5
სანამ ცოხნი ამ მოგონილ ბედნიერებას, თვინიერი ცხოველივით, სანამ უმზერ ამ უსიცოცხლო დეკორაციას
6
შენს ყრუ კედლებზე მარტოობა ამოუტვიფრავთ როგორც საგვარეულო ღერბი.
7
გაზაფხული კი შეშინებული ბავშვივით ყვირის და გამწარებით შემორბის სახლში... |


