კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 13:03

 

მოსწავლის ჩანაწერი

* * * * * * * * *

 

ზაფხულის არდადეგები ბორჯომის ხეობაში გავატარეთ სახლი, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობდით, დიდი მთის ძირას იდგა მთაზე ნაძვები და ფიჭვებიც ხარობდნენ, მაგრამ უმეტესად კლდოვანი იყო.

კლდის პატარ-პატარა ბაქნებზე შუადღის სიცხეში თხები იკრიბებოდნენ იდგნენ ჩრდილში ქანდაკებებივით გაშეშებულები და მარტო ტუჩებს აცმაცუნებდნენ.

სულ ზემოთ სუფთა წიწვნარი იყო. ზოგი ფიჭვი გაშიშვლებული ფესვებით ჩაჰფრენოდა პიტალო კლდიდან გადმოკიდებულ ქვას. ვერ გაიგებდი, ქვას ეჭირა ფესვებით ფიჭვი, თუ პირიქით, ფიჭვს ეჭირა ფესვებით ქვა.

რომ შეღამდებოდა, ტყეში ჭოტი იძახდა, ხანდახან ტურებიც წკავწკავებდნენ.

ჩემს დას ტურებისა ეშინოდა და დედაჩემის ლოგინში გადადიოდა. მე სულ აივანზე ვიწექი, წვიმიან ამინდშიც კი.

წვიმიანში უფრო სასიამოვნოც კი იყო აივანზე ძილი, სასიამოვნოდ ხმაურობდნენ წვიმის წვეთები სახურავზე და ვაშლის ფოთლებზე. 

დილით რომ გავიღვიძებდით, მთელი ხეობა თეთრი ნისლებით იყო სავსე, წვიმის წვეთებით დამძიმებული ვაშლის ტოტები კი ძირს იყო დახრილი. ძირს, მწვანე ბალახში, მილიონობით ეყარა თითქოსდა შუშის ბრჭყვიალა მძივები.

ერთ ღამეს, დასაძინებლად რომ გავეხვიე საბანში, სახლის სახურავზე რაღაც დაეცა რბილად, დაგორდა, მაგრამ ძირს არ ჩავარდნილა, ვაშლის ტოტზე გადახტა და ფოთლები ააფაჩუნა.

გავიდა ცოტა ხანი და ზუსტად ასევე - ისევ დაეცა სახურავზე რაღაცა და მერე ვაშლის ტოტებზე გადახტა.

მაშინვე მივხვდი, მთიდან თრიები (ციყვის მსგავსი პატარა ცხოველები) ხტებოდნენ და ბაღში დაცუნცულებდნენ. მე ძალიან გამიხარდა, თრიები რომ ჩემ ახლოს იყვნენ და ტკბილად ჩამეძინა.

დილით პაპა გიორგის ხმამ გამაღვიძა, ბებია თამარს ეძახდა: მოდი, აქ მოდი, ნახე, ამ ოხერ თრიებს ვაშლი როგორ უჭამიათო.

ბებია თამარი ბაღში შევიდა და ავიშვიშდა: ათეულობით ცოტაზე გამოღრღნილი და მერე თავმინებებული ვაშლი ეყარა ბალახებში.

მე გამიკვირდა, ამდენი როგორ შეჭამა ორმა თრიამ (მარტო ორი კი იყო?!); დედასაც გაუკვირდა, ჩემს დას კი შეეშინდა, - მეც მიკბენენ თრიებიო?

მეორე ღამესაც იგივე განმეორდა, ხტებოდნენ და ხტებოდნენ თრიები ვაშლებზე, ოღონდ ახლა ბევრნი ფაჩუნობდნენ და წრიპინებდნენ სიბნელეში.

ამაზე უკვე ძალიან გაბრაზდა პაპა გიორგი, - მე მაგათ ვასწავლი ჭკუასო! მოაძებნინა ბებია თამარს ძველი დოქები და სურები; ის დოქები და სურები ვაშლებზე დაკიდა ოდნავ დაფერდებულად.

მინდოდა, გამეგო, რატომ ჰკიდებდა დოქებსა და სურებს ასე; მოიცა დილამდე და დილით გაიგებ ყველაფერსო, - მიპასუხა პაპა გიორგიმ.

- ქორივით არ არის შემჯდარი ტოტზე ეს მოხუციო! - თქვა დედამ. მე გამეღიმა.

დილით გამაღვიძეს, პაპა გიორგიმაო, ბაღში ჩამოვიდესო. სწრაფად ჩავიცვი და ჩავედი.

- აბა, ბიჭო, - მითხრა პაპა გიორგიმ, - გუშინ რომ მეკითხებოდი ამ დოქების ამბავს, ახლა უყურეო. ეს კიბე ამიწიეო! მიდგა ერთ დოქთან ფრთხილად კიბე, ავიდა ფრთხილადვე, დოქს ძონძის საცობი გაუკეთა, ჩამოხსნა, დაბლა ჩამოიტანა, ყურთან მომიტანა და შეაჭანჭყარა.

დოქიდან რაღაც ფხაკაფხუკი მომესმა.

- თრიაა?

პაპა გიორგის გაეღიმა. მერე აქანავა და აქანავა დოქი, ხან - წრიულად, ხან - მაღლა და დაბლა, ხან - აქეთ-იქით.

- აბა, ახლა ყოჩაღად, არ გაგვექცნენო, - და დოქი ფეხებთან წამოაპირქვავა. გამოვარდა ორი თავბრუდახვეული, დარეტიანებული თრია;

დაჰკრა ჯოხი ერთსაც, მეორესაც...

მე სახტად დავრჩი. პაპა გიორგი კი უკვე სხვა დოქთან იდგამდა კიბეს.

ჩემი და გახარებული იყო, თრიები რომ იხოცებოდნენ.

მე წავედი, ერთ კლდეზე ავედი და იქ ვიყავი შუადღემდე.

თრიებს თურმე ვაშლებზე დაკიდებული დოქები და სურები ადამიანის მიერ კეთილი გულით შეთავაზებული ბინები ჰგონიათ.

ღამე აივანზე აღარ დამიძინია, შინ გავაშლევინე ლოგინი შინ არ ისმოდა სახლის სახურავზე პაწაწინა თათებით დახტომისა და ვაშლის ტოტებისკენ წაცუნცულების ხმა...

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen