მთარგმნელი: ვახუშტი კოტეტიშვილი
|
შემზარავია, კარგო, როცა გეტრფის პოეტი, ეს იმას ნიშნავს, რომ გიყვარებს ღმერთი მბორგავი. კვლავ აღოღდება ქაოსი და მიეთ-მოეთი განათხარ დროთა, ველური და შეუბორკავი.
იგი ჰგავს მამონტს. უყურებ და ხვდები უეცრად, რომ ის მოდიდან გასულია. მასაც არ უნდა. გრძნობს, რომ მისი დრო ჩავლილია - თანაც უმეცრად.
და ხედავს: თრობის ძილ-ღვიძილში რაღა არ ხდება, და მოყიყინე ბაყაყების მყაყე ქვირითი უდახვეწილეს ხიზილალად როგორ საღდება.
ვატტოს ხუმრობის მარგალიტის მისცენ იერი. იძიონ შური, რადგან სადაც ცრუს მრუდე უტევს და ჭორს - ტყუილი, იქვე ბოღმა ჩნდება ძლიერი,
მუქთახორულად ჰხურობს ვნებებს, ნაფიტს და მიმხმარს, და თქვენს დას ისე, ვით ამფორის მთვრალ როსკიპს თავის ჟინის საკლავად აიყვანს და უტიფრად იხმარს.
ცაზე ზეობა ვარსკვლავეთის გუნდმა ინება. მინდვრიდან ღამე მოღოღავს და არაფერს ამბობს, მას პირი თეთრად ეღება და ეღებინება.
ბოტანიკურ და უკუნეთურ საფარ-სამოსით, დაჰკრავს სურნელი ტიფოზური სევდის ლოგინის და ზეამოხეთქს უსიერიად ბნელი ქაოსი. |


