|
დედამ საკეცით ნაკვერჩხლები მიყარ-მოყარა და თავმომწონედ, დაბრაწული მჭადებით სავსე ხის გობი დადგა ამოზელილ ლობიოს გვერდით. ყინავდა გარეთ და ლიცლიცი გაქონდა სასმელს, ფიცრულ სამზადში სიკვდილმისჯილ წიწაკებს თოკზე, ახრჩოლებული შუაცეცხლის კვამლი ითვლიდა. გადატეხილი მჭადის ოხშივარს და ქონდრის სურნელს თუთუნის კვამლთან ერთად ნთქავდა სტუმართა მკერდი. ვიღას ახსოვდა შროშის კეცებს მოფარებული, ხელის მტევანით დაღდასმული ობოლი მჭადი, რომელსაც თვალი გაურბოდა საკვამურისკენ. სამფეხა ტაბლას სიცივისგან ბალანაშლილი ძუნკალი ლეკვი შეფარებოდა... და დავიწყების ამაზრზენად მკვდარ სიჩუმეში, მომწვან-მოშავო ობს იკიდებდა მიტოვებული არგახსენება... |


