|
I
მერემედ ვიქცევი სიბერისას და ტრიალ ტრამალზე გავიჭრები რომ ისევ ვუმრავლო იბერიას მერნები, რაშები, ტაიჭები,
რახსები, ნისლები, ზერდაგები, შავრები, ნიშები, ამლაკები, ქარცები, ლუშები, ტრედანები,
ლურჯები, სისვები, საღარები ქურნები, ლეგნები, გაქირები, ჟღალები, შვინდები, მარქაფები,
ჯირითში ქარიშხლებს გაუსწრებენ და წვრილმან წრიალსაც გადავრჩები - კვდომის და არყოფნის მაუწყებელს.
რომ არა ვჩალიჩობ არცერთივით, არც მათი ქირქილი გამაოცებს, არც მათი ხუმრობა გაცვეთილი.
დავტოვებ დაღვრემილ ცათამბჯენებს, რემების დგრიალი, თქარათქური აწმყოდან მყობადში გამაჭენებს.
მჭექარე მუსიკა რესტორნების, ჰაერის ჩასუნთქვა მეღირსება მთრთოლვარე თეთრონის ნესტოებით.
II
ველებზე გამყვება უამრავი ჰუნე და ჯინიბი საბალახოდ, რომ ფუჭი ფუსფუსის გულამრევი სამანი ადრევე გადავლახოთ.
არ ვივლი საწუთროს სტუმარივით, უცხოს და შინაურს ცხენოსანი მერემე დავხვდები პურმარილით.
ბილიკით ავირბენ გადასახედს, ტრამალზე დალანდულ მატარებელს ზემოდან ხმამაღლა გადავძახებ:
ამხედრდით, მგზავრებო სანატრელო! კლდე-ღრენი მოკლეზე გადაჭერით, არც ისე დიდია საქართველო!
თუ მცირე საუფლომ დღე-ღამისა? ეგაა, რაც თვალწინ გადაგშლიათ, არც ისე დიდია დედამიწა!
ვინც მიწის შვილობა უარყავით… არადა, ასფალტის ანაბარა დარჩებით ამ ქვეყნის უნახავნი.
III
მერემეს ვედრება დაიჯერეთ: უცეცხლო სიცოცხლე ნახევრდება, ეგების გახვითქულ ტაიჭებზე ოდესმე მოასწარით ამხედრება.
რახსები, ნისლები, ზერდაგები, შავრები, ნიშები, ამლაკები, ქარცები, ჯურები, ტრედანები,
ლურჯები, სისვები, საღარები, ლუშები, ლეგნები, გაქირები, ლაფშები, ჟღალები, მარქაფები.
რად? რისთვის დაცეცხლა აგონიამ რომ იწვეთ თვალღია გარდაცვლილნი და მამულს უმზერდეთ ვაგონიდან?
კლდეებზე შესკდომას სასიკვდილოდ, არა სჯობს - ფიცხელი აბრაშებით საწუთროს სხვა გზანი გაიკვლიოთ?
ვარსკვლავთა შუქივით უქრობია, რომლითაც რუსთაველს, ბარათაშვილს და ვაჟა-ფშაველას უქროლიათ.
IV
გინახავთ ცისკრისას ნაავდრალზე ღვარცოფი ქარაფზე გადამხტარი?... ან როგორ გასცქერის ნადარბაზევს ოდესღაც სატახტო ნატახტარი?
ჭიხვინით იძროდნენ ხეობებიც, ზღვა ხალხი თვრებოდა მსახიობთა, ჯამბაზთა, მხედართა ხელოვნებით.
სომხები - თევზეულ-თართეულით, სპარსები - ნუგბარით, ტკბილეულით, ბერძნები - აბრეშუმ-ფართლეულით.
ქართული ალღოთი ფასდებოდა, რამეთუ უმრწმეს ასაკიდან არ გვწამდა უცხენოდ არსებობა.
ჭიხვინი არ ისმის გულცხელების, ბედაურთ მაგიერ ჯაგნარია და ცივი სისინი უხსენებლის.
ჰუნეთა მაშველად გადარჩენილს; ერთ აჩუს ვიშოვი სატალახოს შეგირდი რაინდი ლამანჩელის.
V
მერემედ ვიქცევი სიბერისას და ტრიალ ტრამალზე გავიჭრები რომ ისევ ვუმრავლო იბერიას შავრები, რაშები, ტაიჭები.
გულარღო, არაბა-შავწინწკლება, იოლა, ჩალია - ჩალისფერი… არც ერთი არ მივცე დავიწყებას.
ლურჯ ველთა ბიბინა ბალახივით, და ვიდრე მიმწუხრი გამასვენებს ბინდისფერ ცხენების ბალდახინით, -
ფუჭ სახელ-დიდებას ვერიდები. ჭიხვინა კვიცებივით ავაჭრელოთ სამშობლოს ქედები, ველ-მინდვრები.
ღაღადისს ერთვოდეს მერემისას და ჰქროდნენ გრიგალად იალაღზე რემები ქართული მერნებისა.. |
| პოეზიის გვერდი • • • |


