კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 21:13

 

 

გლეხი არის, ეს კაცი, გლეხი!

გლეხური აქვს ხსოვნაც, ფიქრიც,

ხმაც, კანისფერიც.

მომავალიც გლეხური ელის -

ჭირნახულის ხვავს დაიყენებს.

ის თავის თავის პატრონიცაა, სახელმდებელიც,

მწირველიც და მექორწინეც თავის თავისა,

დამმარხველიც თავადვე არის.

ომიც თავისი უბია კარზე, ავი ძაღლივით.

მას სამყარო თავისად უნდა.

უნდა არავინ დაუნიავოს ეს საკუთრება:

ხან ქორებს აფრთხობს,

ხან მშიერ მგელს ახლის ტყვიას,

ხან ყვავს უკურთხებს.

მიდრეკილია, რომ მზესთან ერთად ადგეს და დაწვეს.

რომ მთვარეს ანდოს სარეცელი,

რომ ქალს მიუდგეს,

მერე აიძრას, ხნას მიწა და ყანები თესოს,

ღმერთს გამოთხოვოს მზეცა და წვიმაც.

მინდვრებს თაფლი დაადინოს,

ბაღებს - ხილი, ვენახს - ბადაგი.

მაგის მარანში ღვინო თავად დგება ქვევრებში.

გლეხი არის ეს კაცი და უღალატო - ეშმაკობაში:

ღამის ბნელზე მაცილს ატყუებს -

თვალს დახუჭავს და ვითომ ძინავს,

სინამდვილეში, თვალების შიგნით

მთელი სამყარო აქვს შეზიდული

და ეშმაკებიც უპოვარად დაუდის ირგვლივ

მაგის ეზო-კარს.

ან ვის რას მისცემს, წუწურაქია.

მაგას ხვავი თავისად უნდა.

მაგის სამკალი ფიქრია და

ფიქრის ხმიადის გემო ვინ იცის მაგაზე უკეთ.

მაგის კალოც ფიქრისია, მაგის საბძელიც,

მაგის ბეღელიც არასოდეს ცარიელდება,

რადგან რაც შეაქვს იქ, უფლისგან მიცემულია.

რაგინდ ქონება ერგოს ამ გლეხს,

ერგოს პატივიც და დიდებაც ერგოს, თუ გნებავთ,

ჩირად არ უღირს,

თუმცა თავი მოეწონება,

გვერდზე ისე გააპურჭყებს, - ამის დედაცო, -

აი, ეგრე იტყვის და წავა, ვენახის ბოლოს,

ხარდანივით წათლის სიტყვასაც.

მაგრამ ერთხელ ხომ უნდა მოხდეს როგორც ზღაპარში:

ჯადოსნურ სუფრას რო მიუბოძებს

ბედი ამ ჩვენ გლეხს,

რო გამოძღება,

დანაყრდება,

მობეზრდება ეს სიხარული,

მოყირჭდება ნუგბარეულიც,

სანამ დედის საფლავს ეტყოდეს,

მეფის კარზე დაიტრაბახებს:

აი, მეფეო, მე რა მაქვსო! -

გაიჯგიმება,

გაბუდაყებულს ეგონება,

სიმაღლეშიც მოვიმატეო,

და მერე დიდხანს

გაიხსენებს მშიერი, მთვრალი,

რა ჭარბად ჰქონდა იმ საჭმელს ცხიმი.

სიტკბოც  - რა ჭარბად.

და თითქოს ახლაც

სიტკბო უწეპსო თითებს გამაძღარს,

ჩაყოფს ხელებს, განთიადზე, ნაწვიმარ ტყეში,

დაიბერტყავს

და დასცვივა გლეხური სიტყვა,

ბურუსიდანაც

მზესავით რომ გამოანათებს.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მარიამ წიკლაური  • • •   მარიამ წიკლაურის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen