|
სევდის ჭის ფსკერზე თუ ჩაგიხედავს? უდაბნოს ჭისა? არც - სიხარულის? მე კი ოწინარს ჩავკიდებ ხოლმე საკუთარ თავში და ვექაჩები უჩემობას, ჩემშივე ჩაფლულს. ძალაც არ მყოფნის, რომ ამოვხაპო, უჩემობა ჩემზე მძიმეა, ჩემზე ჯიუტიც. მე რომ მარჯვნივ ვიფიქრებ რამეს, უჩემობა მარცხნივ მიმათრევს. მე რომ მზე მინდა, ის მთვარის გულს მიეფიცხება. თეთრი გველიც არ შეგხვედრია? როგორ, არასდროს? წინ გაგიწვება, მოგაშტერდება. გული კი გიგრძნობს და გიგუმანებს, ყბაში უდევს, გესლიანს, ხვითო, შენ რომ გინდოდა, მოხელთება მთელი სიცოცხლე. მაგრამ ისეთი თვალებით გიცქერს, განწირულია, გრძნობ, ეგ იმედი. დადუმებული შევყურებ ხოლმე, დიდხანს შევყურებ და ვგრძნობ, ნისლივით როგორ ამდის სხეულის ძალა. მანებებს თავს და უჩინარდება. ნატვრისთვალიც შორეთში მიაქვს. ხვედრივითაა. ვიცი, მაინც გადავეყრები. ფხიზლად დავდივარ ამიტომაც. სიჩუმის გემოც ვიცი უკვე, მარტოობის მღვიმეებიც ისე მემშობლა, ამ გველის მსხვერპლი გავხდები, ვიცი. მაგრამ სანამ გადავაწყდები, იცი, როგორ ვარ? ხეები რომ არიან ღამით - ჩიტის აკვნებად დამწკრივებულნი. ქალაქში - ქუჩის ორთავე მხარეს, სოფლად - ბაღებში, (ტყეებზე ხომ, ფიქრიც არ მწვდება). ხეები რომ არიან ღამით, აი, ეგრე ვარ. ცისკრის ძვრაზე კი, თითქოს სიზმრიდან გადმოვარდაო, დაფრთხება და ისეთ ჟივჟივს ასტეხს დუმილი, ისეთ წრიპინს და ალიაქოთს, სამყაროს ბოლოს მიაგნესო, - იფიქრებს ვინმე - ალბათ ნახესო, ვისაც ეძებდნენ. თითქოს ხეები - მწვანე მამლები გაჰყივიან გაუთავებლად - ამოდი მზეოოო, მზეო, ამოდიიიი, მანდ რას დადიხარ, მოდი, ნახე, სადა ყოფილა! მწვანე მამლები დააფრთხობენ სოფლებს, ქალაქებს, (ტყეებზე ხომ, ფიქრიც არ მწვდება). ჩაინთქმება უჩემობაში მერე თანდათან ყველაფერი, რაც გავიოცეთ, რაც გვიხაროდა. აი, ასე ვარ ცხოვრება კი - უჩემობაა. ვკენკავთ ერთმანეთს ხორბალივით, ფეტვივით ვკენკავთ. გვებერება დარდის ჩიჩახვი, როგორც ცრემლები მოწყვეტის წინ. მე დილის ხეც ვარ, შევიფერთხავ ხოლმე რტოებს და ღამის ლეშხივით მცვივა ვარსკვლავი. ხანდახან მიწას გაქექავენ მწვანე მამლები, გაქექავენ და წააწყდებიან ოქროს მარცვალსაც. რა დღით ამცნობენ გარეშემოს, ვიპოვეთო, დაგვეწვიეთო, აბა, ნახეთ სასწაულიო. ხანდახან კი ჩამოხმებიან ზეზეულად გეგონება, სევდის ჭაში ჩაუვარდათ ნატვრისთვალიო. სულერთიღაა, რომელი ცეცხლი წაიღებს იმათ ნაფიქრსა და ნადარდევებს ცამდე, ცის იქით. აი, ეგრე ვარ, როგორც ხე - ღამით, გათენების მოლოდინით დადუმებული ოწინარი კი ისე წრიპინებს, ხან ჭრიალებს, ხანაც უხმოდ სიჩუმეში ეშვება და ფსკერი კი არ ჩანს. როგორც თეთრი გველის თვალებში თანაგრძნობა და სიბრალული. მაშ, უდაბნოს ჭა არ გინახავს? არც სევდის ჭა? არც - სიხარულის? მწვანე მამლები? თეთრი გველი? წერე, ჰო, წერე, თვითონ წავა, დაგეხსნება, როცა შენს სახელს რომელიღაც ქვის ქვეშ ამოსდებს. მე უშენობაც ამემღერება არ არსებობ და ასე მაშფოთებ, ბედნიერებავ, რომ იყო, შემშლი! უბედურებას უნდა ვაჯობოთ, აიღო იქნებ ამ გულის გეში! გამომიგლოვე? რა მჭირს საგლოვი, სიყვარულისთვის ვსალოსობ, კარგო! ჰა, ჩემი სულის ყველა აკორდი, გამარჯვებისთვის ფსონებად დავდოთ. წამიღოს ქარმა, თუ კი გეთმობი, ლექსის ბუდეში ჩამდოს ღერებად. თავადვე ვიტყვი ჩემსავ შენდობას და უშენობაც ამემღერება. მიდი, გამეცი, წყალობასავით, შერეკილები ვუხდებით ქუჩებს. ნეტარ არიან გულით ურჩები, სიყვარულს ათას საფიქრალს ვუჩენთ. იქნებ, დამჯერდე, ბედნიერებავ, რაცა ვარ, ეს ვარ! ჩამკიდე ხელი! მგონი, კიდევაც ვგავართ ერთმანეთს, სულ არარსებულ ღმერთებზე ვმღერით. სულ იქ ვართ, სადაც არ მიგველიან და საჩვენოდაც არ აქვთ ადგილი, ის კი არა და, ჩვენი სტუმრობა უბედურება არის ნამდვილი. დღემდე სახელიც კი ვერ დამარქვი, გიბნევდი ფიქრს და გირევდი გზა-კვალს. არადა, ხედავ, რომ ერთმანეთი სულ უსინათლო ბრმებივით დაგვყავს?! |


