ყავის წარმოება ბურუნდიში 1930-იან წლებში დაიწყო, როდესაც ბელგიელებმა ქვეყანაში ყავის პირველი ნერგები შეიტანეს. დღეს ყავის ინდუსტრიაში დასაქმებულია დაახლოებით 600-800 ათასი ოჯახი.
საშუალო ზომის პლანტაცია არ აღემატება 250 ყავის ხეს. ფერმერების უმავლესობა კონცენტრირებულია არა მხოლოდ ყავაზე, არამედ სხვა კულტურების მოყვანაზე და მესაქონლეობაზე.
აღსანიშნავია, რომ ბურუნდიში ყავა სხვა ქვეყნებიდან შემოსული ვალუტის ერთადერთ წყაროს წარმოადგენს. ყავის ექსპორტზე მოდის ქვეყნის საერთო ექსპორტის შემოსავლების 78.8%.
ბურუნდის მაცხოვრებლებისთვის ყავის ინდუსტრიის მნიშვნელობა ძალიან დიდია. მოსახლეობის 95% თავს ირჩენს სოფლის მეურნეობით. 600 000-ზე მეტი ადამიანი დასაქმებულია შედარებით დიდ ფერმერულ ან საკუთარ მცირე მეურნეობებში.
ყავის პატარა მეურნეობები ძალიან ბევრია. ½ ჰექტარზე შესაძლოა დაახლებით 500 ყავის ხე გაიზარდოს, თუმცა ყავის ხეების დიდი რაოდენობა არ ნიშნავს დიდი პროდუქტიულობას. მაგალითად, ბურუნდიში, 1 ჰექტარზე საშუალოდ 5-დან 8 ტომარა ყავის მარცვლეული მოჰყავთ, მაშინ, როცა ბრაზილიაში, იმავე ერთ ჰექტარზე 20-30 ტომარა ყავას აგროვებენ.
ბურუნდიში მოჰყავთ პრაქტიკულად მხოლოდ არაბიკა. მოსავალს ხელით კრეფენ და არ იყენებენ ქიმიურ სასუქებსა და პესტიციდებს. ამიტომ ბურუნდიში მოყვანილი ყავა ბუნებრივად და ეკოლოგიურად სუფთად მიიჩნევა.
ყავა ხარობს პრაქტიკულად მთელს ქვეყანაში. ბურუნდიში 17 პროვინციაა, რომლებიც ზღვის დონიდან სხვადასხვა სიმაღლეზე მდებარეობს. შესაბამისად, განსხვავებულია არა მხოლოდ ტემპერატურა, არამედ ნალექების რაოდენობაც.
განსხვავებულია ნიადაგიც და სიმაღლე, რომელზეც გაშენებულია ყავის პლანტაციები (იგი მერყეობს ზღვის დონიდან 1350-დან 1800 მ-მდე), რაც შესანიშნავი მაჩვენებელია და აისახება კიდეც ყავის ნაყოფის მაღალ ხარისხზე.
მრავალფეროვანი კლიმატის გამო, ბურუნდის სხვადასხვა პროვინციებში მოყვანილ ყავას აქვს მრავალფეროვანი და ერთმანეთისგან განსხვავებული არომატი.
მოსავლის უმეტეს ნაწილს ამუშავებენ ორმაგი სველი მეთოდით, რომლის დროსაც ახლად დაკრეფილი ყავის მარცვალი იწმინდება კანისა და რბილობისგან. მარცვალზე დარჩენილი რბილობი ფერმენტირდება და წყლით ირეცხება, რის შემდეგაც პროცესი კვლავ მეორდება. მოხალვის დონე საშუალოა, ამიტომ მარცვლის არომატის პროფილი საუკეთესოდ ვლინდება და არ იკარგება მეორადი ნიუანსებიც.
ბურუნდიული ყავის ძირითადი ტიპია Bourbon arabica და მისი ვარიაციები: Jackson და Blue mountain. მცირე რაოდენობით გვხვდება რობუსტაც.
ბურუნდი მნიშვნელოვან როლს არ თამაშობს ყავის საერთაშორისო ბაზარზე, ყავის მწარმოებელი ქვეყნების ჩამონათვალში მხოლოდ 29-ე ადგილი უკავია, მაგრამ მისი წილი თანდათან იზრდება. წარმოების ასი პროცენტი გადის ექსპორტზე. ბურუნდიული ყავის ძირითადი იმპორტიორები არიან შეერთებული შტატები და კანადა.
საერთაშორისო ბაზარზე ბურუნდის ყავა გადის ბურუნდის სახელით. ყავის ხარისხის დასადგენად შემუშავებულია სპეციალური კლასიფიკაცია, რომლის მიხედვითაც იგი იყოფა შვიდ ტიპად. უმაღლესი ხარისხის ნედლეულის დასადგენად გამოიყენება აღნიშვნა - AAA და ყველაზე დაბალის კი - BBB.
ბურუნდის რესპუბლიკაში მოყვანილი ყავის ექსკლუზიური ჯიშები ძალიან ფასობს მსოფლიოში. ბურუნდიული ყავა გამოირჩევა საშუალო მჟავიანობით, ლაიმის, ალუბლისა და ტროპიკული ხილის არომატით. ზოგიერთ ჯიშში შეიგრძნობა კარამელისა და შოკოლადის ნოტები.
ბურუნდის ყავის ცნობილი ბრენდებია: Kayanza, Kirimiro, Kinyovu, red bay coffee Motherland, Barbarossa Coffee, joe coffee Burundi kibingo, Burundi kinyovu whole bean coffee და სხვა...


