ვიეტნამს მეორე ადგილი უჭირავს ყავის მწარმოებელი ქვეყნების რეიტინგში. მისი ყოველწლიური წილი ყავის მსოფლიო ბაზარზე შეადგენს დაახლოებით 20%-ს (2 მილიონ ტონამდე ყავა).
ქვეყანაში პირველად ყავის ნარგავები კათოლიკე მისიონერებმა შეიტანეს. ეს იყო საფრანგეთის კოლონიზაციის პერიოდში. ფრანგები მიხვდნენ, რომ ხელსაყრელი გეოგრაფიული მდგომარეობისა და იდეალური კლიმატური პირობების გამო ვიეტნამის მიწებზე დარგულ ყავის ხეებს შეეძლო მოეცა მაღალი ხარისხის მოსავალი.
დიდი ხნის განმავლობაში ვიეტნამში ყავის გაშენება ხდებოდა მცირე მოცულობის ფართობებზე და განკუთვნილი იყო ძირითადად ადგილობრივი ბაზრებისთვის.
წინა საუკუნის შუა პერიოდში, ვიეტნამში მიმდინარე საომარმა მოქმედებებმა და ომის შემდგომმა გარდაქმნებმა ქვეყანა იძულებული გახადა დროებით უარი ეთქვა ყავის წარმოებაზე.
თუმცა 1986 წლიდან ყავის ინდუსტრიამ ისე სწრაფად დაიწყო განვითარება, რომ უკვე 12 წლის შემდეგ ვიეტნამი ყავის მსოფლიო ბაზარზე მეორე მომწოდებელი გახდა ბრაზილიის შემდეგ.
მიუხედავად იმისა, რომ პოპულარობისა და ექსპორტის მოცულობის მხრივ ვიეტნამს ლიდერი პოზიცია უჭირავს ყავის მსოფლიო ბაზარზე, ხარისხის მხრივ იგი ჯერ-ჯერობით ჩამოუვარდება სხვა ლიდერ ქვეყნებს, რისი მიზეზიც გადამუშავების და მოხალვის მეთოდებია.
რა თქმა უნდა ეს ეხება მასიური წარმოების რობუსტასა და არაბიკას და არა ეგზოტიკურ და ძვირფას ჯიშებს.
თუმცა, 2007 წლიდან ვიეტნამის მთავრობამ მკვეთრი ნაბიჯები გადადგა და მკცრად აკონტროლებს ყავის ხარისხს, რათა იგი იყოს მსოფლიო სტანდარტებთან შესაბამისობაში,
დღესდღეობით ვიეტნამში ყავის პლანტაციები 506 ათასზე მეტ ფართობზეა გაშენებული, წარმოების ცენტრს კი პროვინცია „დაკ-ლაკი“ წარმოადგენს. ადგილობრივმა მიკროკლიმატმა შესაძლებელი გახადა განსაკუთრებული ხარისხის რობუსტას მოყვანა, რომელიც ხარისხით უპირველესია ვიეტნამში. სწორედ ამ პროვინციის ადმინისტრაციულ ცენტრში მდებარეობს ყავის ბირჟა.
ბრაზილიისგან განსხვავებით, ადგილობრივი ფერმერები და მსხვილი აგროსამრეწველო კომპანიები სპეციალიზირებას ახდენენ რობუსტას წარმოებაზე, რომელიც არაბიკაზე უხეში და მომწარო გემო აქვს.
ვიეტნამი რობუსტას მიწოდების მხრივ ლიდერი ქვეყანაა, დიდწილად სწორედ იგი ამარაგებს რობუსტით მსოფლიო ბაზარს. თუმცა რა თქმა უნდა ვიეტნამში მოჰყავთ არაბიკაც.
მსოფლიოს ქვეყნებში ვიეტნამური ყავის ექსპორტის წარმოუდგენელი მასშტაბების მიზეზი, ყავის მარცვლების წარმოების შთამბეჭდავი მოცულობებია. ვიეტნამელი მუშები თითქმის მთელი წლის განმავლობაში, პრაქტიკულად ყოველ დღეს ყავის პლანტაციებში ატარებენ. მოსავალს სექტემბერ-ოქტომბერში იღებენ - ერთ ჰექტარზე - დაახლოებით 2.5 ტონას.
ვიეტნამიდან ექსპორტირებული ყავა ძირითადად წარმოადგენს ყავის მწვანე მარცვლებს, რომელიც არ არის გადამუშავებული. ვიეტნამში ყოველწლიურად დაახლოებით 1 მილიონი ტონა ყავის მარცვალი მოჰყავთ, საიდანაც ქვეყნის შიგნით სპეციალისტების მიერ მხოლოდ 10 ათასი ტონა მუშავდება, დანარჩენი კი გადაუმუშავებელი სახით იგზავნება მსოფლიო ბაზარზე.
გარე ბაზრებზე ყავის რეალიზაციით სახელმწიფო ყოველწლიურად იღებს ორ მილიარდ დოლარამდე შემოსავალს. რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს და საკუთარ წარმოებას, ქვეყანაში იყიდება როგორც ვიეტნამური ყავის მარცვლები, ასევე დაფქვილი და ხსნადი ვიეტნამური ყავა, მაგრამ როგორც სჩანს ვიეტნამელებს „არ უყვართ“ საკუთარი ყავა, რადგან შიდა ბაზარზე მისი მოხმარება შეადგენს მხოლოდ 5%-ს.
ვიეტნამური ყავის მთავარი გამორჩეული თვისებაა კოფეინის ძალიან მაღალი შემცველობა. ამის მიზეზია ის, რომ ტრადიციულად ვიეტნამელი სპეციალისტები ყავას ხალავენ მაქსიმალურად დაბალ ტემპერატურაზე და მცირე რაოდენობით მცენარეული ზეთის გამოყენებით.
ყავის ტრადიციული ტიპების გარდა, სპეციალისტები აწარმოებენ ვიეტნამური ყავის ეგზოტიკურ ჯიშებს, რომლებიც ელიტური ყავის ნაზავების შესაქმნელად გამოიყენება.
ამ იშვიათი ჯიშებიდან ერთ-ერთია - ექსცელსა, ანუ ეგრეთ წოდებული "მაღალი ყავა". სამრეწველო მასშტაბით ექსცელსას მოყვანა ძვირი და წამგებიანია, რადგან ყავის ხე არ იძლევა რეგულარულ მოსავალს. იგი ზოგჯერ იძლევა ნაყოფს, ზოგჯერ კი - არა. უფრო მეტიც, შეუძლებელია მისი "კაპრიზების" პროგნოზირება. ექსცელსა ყავის არაჩვეულებრივი არომატი ყავის ელიტური ნარევების მაგიური კომპონენტია და მაღალი მოთხოვნით სარგებლობს ყავის გურმანებში.
ვიეტნამურ ელიტურ ყავებში ასევე შედის ე.წ. „კული“ - ხელით გადარჩეული რობუსტას და არაბიკას განსაკუთრებული ნაზავი. სამწუხაროდ იგი იწარმოება მხოლოდ ვიეტნამური ყავის წარმოების დედაქალაქში - დაკ ლაკის პროვინციაში - მცირე რაოდენობით და ამიტომ მისი შეძენა საკმაოდ პრობლემატურია.
მიუხედავად იმისა, რომ ვიეტნამური ყავის თითქმის მთელი მოსავალი ექსპორტზე გადის, ქვეყანას მაინც გააჩნია რამოდენიმე ცნობილი მარკის ყავა ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ერთ-ერთი ასეთი მსხვილი ყავის ბრენდია - Trung Nguyen, რომელიც საკმაოდ წარმატებულია ყავის ინდუსტრიაში და არა მხოლოდ ვიეტნამშია პოპულარული, არამედ მისი ბრენდული მაღაზიები გახსნილია მსოფლიოს ბევრ ქვეუყანაში.
ვიეტნამური ყავის რეალიზაცია ხდება მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის შეერთებულ შტატებში და გერმანიაში, რომელიც მისი მთავარი პარტნიორია და ყოველწლიურად მოიხმარს 250 000 ტონა ვიეტნამურ ყავას.
ვიეტნამური ყავის ცნობილი ბრენდებია: Che Phin coffee (რომელიც ოთხი ჯიშის ყავის - არაბიკას, რობუსტას, ექსცელსას და კატიმორის ნაზავია) Trung Nguyen, Me Trang, Con Soc, Rozano, Con Soc, Dong Phuong და სხვა...


