კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 13:30

 

 

თებეს მეფის ამფიონის მეუღლე ნიობე მეტად შესანიშნავ ქალად იყო მიჩნეული მთელს სახელმწიფოში.

დედოფლის სილამაზესა და ტანადობას მთელი სახელმწიფოს მკვიდრნი გაკვირვებაში მოჰყავდა. სახელმწიფოს მკვიდრნი, დიდი და პატარა, მაღალი და დაბალი წოდებისა, ყველანი ერთხმად თვლიდნენ დედოფალს უბედნიერეს ქალად.

დედოფალი კარგად გრძნობდა თავის უპირატესობას და კიდევაც ამიტომ უსაზღვროდ ამაყობდა. ნიობეს თავი მოჰქონდა თავისი და თავისი მეუღლის წარჩინებული ჩამომავლობით, ამაყობდა თავისი მეუღლის ამფიონის ვიოლინოზე ხელოვნური დაკვრით.

მართლაც, ამფიონის ხელოვნურ სიმთაჟღერას უძრავი ქვებიც კი აღტაცებაში მოჰყავდა. ყველაზე უფრო დიდ სიამაყედ მიაჩნდა დედოფალს მთელ სახელმწიფოში სახელგანთქმული ქალ-ვაჟები. ნიობე განუსაზღვრელად ამაყობდა თავისი შვიდი ვაჟით და ამდენივე ქალიშვილით.

ნიობე უბედნიერესი დედა იქნებოდა მთელ დედამიწის ზურგზე, რომ გადაჭარბებულ სიამაყეს ბოლო არ მოეღო მისი ბედნიერებისათვის.

დედოფალი არ დასჯერდა მოკვდავთა სიყვარულსა და პატივისცემას. გადაჭარბებულმა სიამაყემ ის იმდენად გააკადნიერა, რომ თავისი თავი ღმერთების თანასწორადაც კი გამოაცხადა.

თებეს მკვიდრნი აპოლონ ღმერთისა და დედამისის ლატონას დღეობას დღესასწაულობდნენ. ქალაქი სადღესასწაულოდ იყო მორთული. ყველანი სადღესასწაულოდ მორთულ-მოკაზმულნი გაშლილიყვნენ ქუჩებში და სალოცავად მიემგზავრებოდნენ. თებელ ქალებს თმები შეემკოთ დაფნის გვირგვინებით და გულმხურვალე ლოცვით საკმეველს აკმევდნენ საღვთო საკურთხეველზე.

დედოფალი თავისი ამალით მიუახლოვდა მლოცველებს. ბრაზმორეულმა დედოფალმა მრისხანედ შეჰყვირა თებელ ქალებს: „განა ასატანია, რასაც თქვენ ჩადიხართ! თქვენ დღეს პატივისცემით იხსენიებთ ღმერთებს, რომელნიც თვალითაც არ გინახავთ, ხოლო სრულიად უყურადღებოდ, მსხვერპლის შეუწირავად, საკმეველის დაუკმეველად სტოვებთ მას, ვინც თქვენ შორისაა, ვისაც კარგად იცნობთ, ან კარგად მაინც უნდა იცნობდეთ.

თქვენ მსხვერპლს სწირავთ ლატონას, და მე კი, თქვენს დედოფალს, თქვენ შორის აღზრდილს, ღმერთების თანასწორს, მსხვერპლს არა მწირავთ, თაყვანს არა მცემთ! განა რითა ვარ ლატონაზე ნაკლები! მამაჩემი ტანტალოსი მუდამ ღმერთებს შორის ტრიალებდა, ღმერთების გვერდით მუდამ საპატიო ადგილი ჰქონდა დათმობილი.

პაპაჩემი, ძლევამოსილი ატლანტი, ცის უზარმაზარ სივრცეს თავის მძლავრ მხრებზე ატარებს. ღმერთების მამამთავარი ზევსი პაპაა ჩემი. მთელი ფრიგიის მკვიდრნი მე მემორჩილებიან. კადმის სიმაგრეები და თებეს მიუვალი ზღუდენი ჩემი სრული საკუთრებაა, ჩემი სიმდიდრე ფასდაუდებელი და უთვალავია.

სილამაზით კი მე ლატონა ქალღმერთის თანასწორი ვარ. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ვაჟკაცობით სახელგანთქმული შვიდი ვაჟისა და სილამაზით მთელ სახელმწიფოში ყველგან და მარადის განთქმული შვიდი ქალიშვილის ბედნიერი დედა ვარ!

განა ყველა ამის შემდეგ თქვენ უნდა გაბედოთ და ლატონა ქალღმერთს უპირატესობა უნდა მისცეთ! ლატონა ქალღმერთს მხოლოდ ქალ-ვაჟი ჰყავს, იგი, ჩემთან შედარებით, თითქმის უშვილოდაც უნდა ჩაითვალოს. მე კი ყველაფრით ბედნიერი ვარ და მუდამაც ასე ბედნიერი დავრჩები. შორს, შორს, თებელო ქალებო, საკურთხევლისაგან! დაუყოვნებლივ ჩამოიშორეთ დაფნის გვირგვინები და შინ დაბრუნდით!“

შიშით ზარდაცემული თებელი ქალები დაემორჩილნენ გაბოროტებულ ნიობეს და ფეხაკრეფით დატოვეს სადღესასწაულოდ გამზადებული აპოლონ ღმერთის საკურთხეველი.

ლატონა მეტად განარისხა ამაყი ნიობეს ასეთმა საქციელმა. ქალღმერთმა განიზრახა გაბოროტებული ნიობეს სასტიკად დასჯა. ამიტომ ქალღმერთმა ასეთი სიტყვებით შესჩივლა თავის საყვარელ შვილებს: „ჩემო საყვარელო შვილებო, უბრალო მოკვდავმა ქალმა შეურაცხყო დედათქვენი! ტანტალოსის ამაყი ქალიშვილი იმდენად

გაკადნიერდა, რომ ღმერთადაც კი არა მცნობს, მაშინ როდესაც ღმერთებს შორის ჰერა ქალღმერთის გარდა მე თანასწორი არავინა მყავს. ეს კიდევ არაფერი, დედათქვენი ისე დაამცირა ამ სიამაყით გაბოროტებულმა ქალმა, რომ „უშვილოც“ კი უწოდა! განა ყველაფერი ეს უბრალო მოკვდავი ქალისაგან მოსათმენია? განა თქვენ არ გმართებთ თავი გამოიდოთ და დედათქვენის უმართებულოდ შელახული სახელი აღადგინოთ?“

ლატონას შვილები, აპოლონი და არტემიდე, სანთელივით აენთნენ ამ სიტყვებზე და დაუყოვნებლივ ფეხაკრეფით გაეშურნენ თებესაკენ.

თებეს ზღუდეთა გარეთ გადაჭიმულია ფართო მინდორი, სადაც თებეს ახალგაზრდობა საჯირითოდ იყრის თავს. დედოფლის ვაჟები ამ მინდვრის ხშირი სტუმრები იყვნენ და ჯირითობაში არავის პირველობას არ უთმობდნენ.

ერთ დღეს ნიობეს უფროსი შვილი მშვენიერ ბედაურეზე იჯდა და თვალუწვდენელ მინდორში ელვის სისწრაფით დაქროდა. „ვაიმე!“ - უეცრივ ერთი გულსაკლავად ამოიკვნესა და გაჭენებული ცხენიდან მიწაზე უსულოდ დაეცა. საცოდავს ღმერთების ნასროლი ისარი სწორედ გულში მოჰხვედროდა.

ნიობეს მეორე შვილმა სიპილმა ყური მოჰკრა ჰაერში ისრის შხუილს. საბრალომ, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, დეზები შემოჰკრა ცხენს, მაგრამ შეუბრალებელმა ისარმა სასიკვდილოდ გაგმირა საცოდავი სიპილიც.

ამავე დროს ღმერთების ნასროლმა შეუბრალებელმა ისრებმა სიცოცხლეს გამოასალმეს ნიობეს დანარჩენი ვაჟებიც; ფაიდიმი, ტანტალი, დამასიხტონი და ილიონესი.

ნიობეს ვაჟების დახოცვის ამბავი მთელ ქალაქს ელვის სისწრაფით მოედო. საზარელმა ამბავმა სასახლის კარამდისაც მიაღწია. უსაზღვრო ჯავრით ზარდაცემულმა საბრალო მამამ შვილების ასე შეუბრალებლად დაღუპვა ვერ აიტანა და თავი მოიკლა. სახელმწიფოს მკვიდრნი ცხარე ცრემლთა დენით თავს დასტიროდნენ საბრალო ხელმწიფეს და მის უდროოდ სიცოცხლეს გამოსალმებულ ვაჟებს.

მწუხარებით ზარდაცემული ნიობე თავისი შვიდი ქალიშვილის თანხლებით დაუყოვნებლივ გაეშურა საზარელი მინდვრისაკენ. გონებადაკარგული დედოფალი შეშლილივით მიიჭრა სასიკვდილოდ განგმირულ თავის საყვარელ ვაჟებთან, ხან ერთს ჩაიკრავდა გულში მაგრად, ხან მეორეს, ხან ერთს ჰკოცნიდა, ხან მეორეს. საბრალო დები ცხარე ცრემლებით ასველებდნენ ძვირფასი ძმების გაცივებულ გვამებს და გულამოსკვნით ქვითინებდნენ.

სახელმწიფოს მთელი მოსახლეობა საბრალო დედის მწუხარებას ბანს აძლევდა და ცხარე ცრემლებით რწყავდა არემარეს.

უსაზღვრო მწუხარებით გონებადაკარგული ნიობე უშვერი სიტყვებით იხსენიებდა ქალღმერთ ლატონას.

ამ დროს უეცრივ გაიელვა საზარელმა ისარმა, და ნიობეს უფროსი ქალიშვილი დაეცა ძმის გაცივებულ გვამს.

მეორე და ისწრაფვის თავისი საყვარელი და ანუგეშოს, აუტანელი მწუხარება მცირედად მაინც შეუმსუბუქოს, მაგრამ შეუბრალებელი უხილავი ისარი მასაც სასიკვდილოდ უგმირავს გულს. დანარჩენ დებსაც ასეთივე სამწუხარო ბედი ეწია.

დარჩა ობლად სულ უმცროსი და, რომელიც საყვარელ დედას გულმკერდში ეკვროდა და შველას ემუდარებოდა.

საბრალო ნიობემ გულში მაგრად ჩაიკრა თავისი საყვარელი ქალიშვილი და ქალღმერთს ლატონას მხურვალედ შეევედრა: „გევედრები, ძლევამოსილო ლატონავ, ეს ერთადერთი უმცროსი ქალიშვილი მაინც გადამირჩინე! გევედრები, შეიბრალე საცოდავი ქალი, რომელიც ვერხვის ფოთოლივით თრთის ჩემს გულმკერდში!“

ლატონამ არ შეისმინა საბრალო ნიობეს ვედრება. აპოლონ ღმერთის შეუბრალებელმა ისარმა უმცროსი ქალიშვილიც სიცოცხლეს გამოასალმა. საბრალო ქალმა მშობელი დედის თვალწინ დახუჭა თვალები და თავისი დებისა და ძმების გაცივებული გვამების გვერდით განუტევა ტანჯული სული.

დარჩა სრულიად დაობლებული საბრალო ნიობე თავისი საყვერელი ქალ-ვაჟებისა და მეუღლის გვამთა შორის. საცოდავმა ჯავრით გონება მთლად დაკარგა.

საცოდავ დედას ნიავი უკვე თმას ოდნავაც არ ურხევს, მისმა ცხარე ცრემლებით აღვსილმა თვალებმა მოძრაობა სრულიად დაკარგა.

საცოდავი ნიობე მარმარილოს ქვად გადაიქცა და მალმა ნიავმა იგი სამშობლო მხარეში გადაიტყორცნა.

პიტალო კლდის მაღალ მწვერვალზე განმარტოვებით დგას ეს მარმარილოს ქვა და უძრავი თვალებიდან ცრემლთა ნაკადული გადმოსჩქეფს, თითქოს მის უკვე გაცივებულ გულში საყვარელი შვილებისა და მეუღლის დაკარგვის გამო აუტანელი მწუხარება ჯერაც არ ჩამქრალიყოს.

დამწუხრებულია მთელი გარშემორტყმული მიდამოებიც ამ სანახაობით, და აბა რომელი გულქვა გამვლელ-გამომვლელი აუქცევს გვერდს ამ ადგილს, რომ საბრალო დედოფლის სამწუხარო ამბავი არ ამოიკითხოს ამ ცრემლთა ნაკადულში და თვალთაგან თვითონაც არ წასკდეს მდუღარე ცრემლები.ომას ეწევაო.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen