პოსეიდონ ღმერთმა კუნძულ კრეტის მეფეს მინოსს თავისი საყვარელი ხარი აჩუქა და ამასთანავე სურვილი გამოთქვა, რომ მეფეს ეს საუცხოო ხარი მისთვისვე მსხვერპლად შეეწირა.
მეფე მინოსმა არ შეასრულა პოსეიდონ ღმერთის სურვილი და ნაჩუქარი ხარი მსხვერპლად შეწირვის მაგივრად თავის სრულ საკუთრებად დაიტოვა.
მეფე მინოსის ასეთმა კადნიერებამ დიდად გაანაწყენა პოსეიდონ ღმერთი, რომელმაც დაუყოვნებლივ წაართვა მეფეს ნაჩუქარი ხარი, ველად გააგდო და მთლიანად გააველურა.
ველად გავარდნილი, მთლიანად გაცოფებული ხარი მთელ არემარეს ანადგურებდა, და მის წინააღმდეგ გალაშქრებას ხორცშესხმული ადამიანი ვერ ბედავდა.
მეფე ევრისთენემ ჰერკულესს დაავალა ამ ველად გავარდნილი, სიგიჟით შეპყრობილი ხარის დაჭერა და მოთვინიერება.
როცა ძლევამოსილმა გმირმა მინოსს თავისი განზრახვა განუცხადა, მეფე დიდად ნასიამოვნები დარჩა და თავის მხრით დახმარების აღმოჩენა აღუთქვა.
ძლევამოსილი გმირი თავს დაესხა ველად გავარდნილ საშინელ ხარს, მაგრად დაუჭირა რქები, თავისი ძლიერი მკლავებით მოათვინიერა და ნავით საბერძნეთში წაასხა.
მეფე ევრისთენემ, პოსეიდონ ღმერთის ბრძანებით, ჰერკულესის მიერ დაჭერილი და მოთვინიერებული ხარი კვლავ გაათავისუფლა.
პოსეიდონ ღმერთის საყვარელი ხარი მყისვე ველად გავარდა და მთელი თავისი სიგიჟითა და თავაშვებულობით ირგვლივ ყველაფერს არბევდა და ანადგურებდა.
ხალხის ყოველდღიურ შეწუხებასა, და უბედურებას ბოლო მხოლოდ მაშინ მოეღო, როცა საბერძნეთის მეორე სახელოვანმა გმირმა თეზევმა ქვეყნის ეს ზარდამცემი ცხოველი დაიჭირა და მოათვინიერა.


