კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
სამშაბათი, 17 ნოემბერი 2026 09:25

 

 

ათენის მეფის ერეხფეას ქალი პროკრიდე მთელს სახელმწიფოში სახელგანთქმული იყო თავის სილამაზითა და სათნოებით. მთელი სახელმწიფოს მკვიდრნი, ქალი თუ კაცი, დიდი თუ პატარა, ყველანი დიდის აღტაცებით შესტრფოდნენ მეფის ასულის კალმით აუწერელს სილამაზეს.

სახელმწიფოს წარჩინებულნი პირნი, მრავალი სახელმწიფოს ტახტის მემკვიდრენი ერთი-მეორეს ეცილებოდნენ მეფის ასულის გულის მოგებას, მაგრამ ყოველივე ცდა ამ მხრით უნაყოფოდ რჩებოდათ.

პროკრიდეს მთელი აზრი და გონება სულ სხვას ეკუთვნოდა. მეფის ასულს უყვარდა ღმერთის ჰერმესის ვაჟიშვილი კეფალე. პროკრიდე კეფალეს ეკუთვნოდა, კეფალე კი პროკრიდეს.

განუსაზღვრელი იყო ქალ-ვაჟის მეგობრობა და სიყვარული. ახალგაზრდებმა შეუღლება გადაწყვიტეს და ეს გადაწყვეტილება მშობლებს გაუზიარეს. მშობლები დიდი აღტაცებით მიეგებნენ ახალგაზრდების სურვილს და დაქორწინების ნებაც დართეს.

პროკრიდე და კეფალე მთელს დედამიწის ზურგზე უბედნიერეს მეგობრად, უბედნიერეს ცოლ-ქმარად თვლიდნენ თავის თავს. განუსაზღვრელი სიყვარული და ერთი-მეორეს გულწრფელი პატივისცემა აკავშირებდა ახალდდაქორწინებულთ.

პროკრიდესა და კეფალეს ბედნიერებას მრავალი შენატროდა. ახალგაზრდათა ურთიერთგანწყობილება მრავალთათვის სამაგალითო და საგულისხმიერო იყო. სამწუხაროდ, ახალგაზრდების ბედნიერება ხანგრძლივი არ გამოდგა.

ერთხელ კეფალე, დილით ადრე, გიმეტის მთის აყვავებულს მწვერვალზე ირმებზე ნადირობდა. დაბურულსა და მიუვალს ტყეში ახალგაზრდა მონადირეს შეხვდა ქალღმერთი ეოა. მონადირის სილამაზემ ერთიანად მოხიბლა ქალღმერთი. სილამაზით სახელგანთქმულმა ქალღმერთმა მიიპატიჟა კეფალე თავის ფაიფურის სასახლეში.

ეოამ გაუზიარა ახალგაზრდა მონადირეს თავისი გულისნადები სიყვარულისა და მეგობრობის შესახებ.

კეფალემ გადაჭრით უარი განუცხადა ახალგაზრდა ქალღმერთს: მე არავის სიყვარული და მეგობრობა არ შემიძლია, რადგან ჩემი გული, ჩემი მთელი არსება მთლიანად პროკრიდეს ეკუთვნისო.

ქალღმერთი ეოა სრულიად არ მოელოდა კეფალესაგან ასეთ კანდიერებას. იგი სიბრაზისაგან ცოფებს ყრიდა, თავზე თმებს იგლეჯდა და პირისახეს საზარლად იკაწრავდა.

- „გასწი, კეფალე, შენს პროკრიდესთან, მხოლოდ გახსოვდეს, ჩემი შეურაცხყოფა ძვირად დაგიჯდება! დრო მოვა და ინანებ!

ამ სიტყებით გამოისტუმრა შეურაცხყოფილმა ქალღმერღმა კეფალე შინ.

დიდად შეურაცხოფილი ეოა გეგმებს აწყობდა, რომ სამაგიერო გადაეხადა კეფალესათვის. გაბოროტებულმა ქალღმერთმა შინისაკენ

მიმავალ კეფალეს ეჭვები აღუძრა პროკრიდეს გულწრფელი ერთგულების შესახებ.

კეფალემ გზაში უცნობის სახე მიიღო და ისე დაბრუნდა თავის სახლში მეუღლესთან. პროკრიდემ სრულიად ვერ შეიცნო შინ დაბრუნებული საყვარელი მეუღლე.

უცნობმა გულწრფელი სიყვარული და მეგობრობა გამოუცხადა პროკრიდეს და თანაც მასთან კანონიერი შეუღლების სურვილი გამოთქმა.

პროკრიდემ გულწყრომით უარყო უცნობის წინადადება. „არა და არა“ - გადაჭრით უპასუხა პროკრიდემ. - „ მე არასოდეს არ გავთხოვდები! ჩემი სიყრმითვე საყვარელი მეგობარი კეფალეა! მე სამუდამოდ მას ვეკუთვნი! სანამ გონება შემრჩენია, სანამ კიდევ პირში სული მიდგა, კეფალეს სახელის ხსოვნას ვენაცვალები, სადაც კი უნდა იყოს ეს ჩემი სათაყვანო მეგობარი! მე ყველგან და მარადის მისი ერთგული მეგობარი დავრჩები!“

პროკრიდეს სიყვარულით აღსავსე გული სწორედ იმას გრძნობდა, რასაც მისი ბაგები სიტყვიერად ასე გულწრფელად აღიარებდნენ.

უცნობი სტუმრისათვის სრულიად საკმარისი უნდა ყოფილიყო პროკრიდეს გულწრფელი აღსარება, მაგრამ ქალღმერთის ეოას შთაგონებით კეფალე ამ გულწრფელი აღსარებით როდი დაკმაყოფილდა. უცნობი თავდავიწყებით ეფიცებოდა პროკრიდეს განუსაზღვრელ სიყვარულსა და მეგობრობას, დარწმუნებით უმტკიცებდა, კეფალე დიდიხანია მკვდარიაო.

პროკრიდეს, არა სწამდა უცნობის სიტყვები კეფალეს სიკვდილის შესახებ, თუმცაღა ასეთი რწმუნების შემდეგ, ცოტათი არ იყოს, ეჭვი შეეპარა.

როცა უცნობმა სტუმარმა შენიშნა პროკრედეს ასეთი დაეჭვიანება, მრისხანედ შეჰყვირა: „საზიზღარო! ვხედავ, კარგად ვხედავ შენს ერთგულებას! მე უცნობი სტუმარი კი არა ვარ, მე შენი მეუღლე კეფალე ვარ, შენი გულგრილობისა და უერთგულობის პირისპირი მოწმე!“

კეფალეს ასეთმა უსამართლო და უმართებულო საქციელმა საშინლად შეაწუხა უდანაშაულო პროკრიდე. ის დიდად შეურაცხყოფილად თვლიდა თავისთავს. სინდისი მეტად ჰქეჯნიდა მგრძნობიარე ახალგაზრდა, ძალღონით სავსე ქალს, მან სამარცხვინოდ მიიჩნია ამის შემდეგ კეფალეს ოჯახში დარჩენა.

შეურაცხყოფილი პროკრიდე კრიტის კუნძულზე გადასახლდა, სადაც იგი სევდის გასაქარვებლად არტემიდე ქალღმერთთან ერთად კრიტის მაღალი და მიუვალი მთების კალთებზე თითქმის ყოველდღე დადიოდა სანადიროდ. პროკრიდეს მგრძნობიარე გულში კეფალეს

სიყვარული და მეგობრობა კიდევ ღრმად იყო დამარხული, უფრო და უფრო და დღითიდღე ეს სიყვარული და მეგობრობა უმტკიცდებოდა და უძლიერდებოდა.

ქალღმერთმა არტემიდემ თავის საყვარელ მეგობარ ქალს პროკრიდეს აჩუქა ქარივით მალი და სწრაფი მწევარი და საუცხოო სანადირო მშვილდ-ისარი, რომელიც არასოდეს მიზანს არ ასცდებოდა და ყოველი გასროლის შემდეგ მსროლელს თავისთავად უკანვე ხელში უბრუნდებოდა.

ერთხელ პროკრიდე თავისი საკვირველი მშვილდ-ისრით და ფეხმალი მწევრით კრიტის მთების კალთებზე ნადირობდა. მახლობლად იქვე უღრან ტყეში კეფალეც სანადიროდ გამოსულიყო.

პროკრიდემ უცნობის სახე მიიღო და კეფალესთან ფეხაკრეფით მივიდა.

ფეხმალმა მწევარმა და საკვირველმა მშვილდ-ისარმა გააოცა ნადირობის მოტრფიალე კეფალე. ახალგაზრდა მონადირე მზად იყო დიდი სასყიდელი გაეღო, ოღონც კი ეს საკვირველი მშვილდ-ისარი და ფეხმარდი მწევარი მისთვის დაეთმოთ.

პროკრიდემ თანხმობა გფმოუცხადა კეფალეს, მშვილდ-ისარს და მწევარს დაგითმობ,თუ ჩემი მეუღლე გახდებიო. კეფალე დიდი სიამოვნებით დასთანხმდა პროკრიდეს მიერ წამოყენებულ პირობაზე.

პროკრიდემ ახლა კი შეუმჩნევლად მოიხსნა პირბადე და თავისი ნამდვილი პირისახით კეფალეს წინაშე წარდგა.

პროკრიდეს დანახვაზე კეფალე უნებლიედ შეკრთა, მაგრამ იმავე წამს ლმობიერად ხელი გაუწვდინა თავის ერთგულ საყვარელ მეგობარს - პროკრიდეს.

ამ მოულოდნელი შემთხვევის შემდეგ ახალგაზრდა ცოლ-ქმარი კეფალე და პროკრიდე, დიდხანს და დიდხანს ბედნიერად და უდარდელად ცხოვრობდნენ, მით უფრო, რომ არცერთ მათგანს ახლა ნება არ ჰქონდა მეორისათვის რაიმე ესაყვედურა.

კეფალე დიდად აღტაცებული იყო, რომ ასეთი საუცხოო მშვილდ-ისარი და ასეთი იშვიათი მწევარი საჩუქრად მიიღო.

ახალგაზრდა მონადირეს ყველანი ეპატიჟებოდნენ სანადიროდ. ერთხელ ბეოტიის მხარეს განრისხებულმა ღმერთმა დიონისემ მოუვლინა საზიზღარი მელია, რომელიც ყველაფერს ანადგურებდა და ადგილობრივ მკვიდრთ დიდ ზარალს აყენებდა.

ბეოტიის სახელგანთქმული მონადირეები გარს ერტყმოდნენ ბეოტიის თვალუწვდენელ მინდვრებს, რომლებზედაც არხეინად ნავარდობდა ფეხმალი მელია, მაგრამ დაჭერას - კი ვერასგზით ვერ ახერხებდნენ.

ფეხმალი მელია ელვის სისწრაფით დაქროლავდა ფართოდ გადაშლილ მინდორზე დაგებულ ხაფანგებზე და მარდად გაურბოდა დაგეშილ გააფრთებულ ძაღლებს. ბეოტიელებმა მელაზე სანადიროდ კეფალე მიიწვიეს და დახმარება სთხოვეს გააფრთებული საზიზღარი ნადირის დასაჭერად.

კეფალეს ფეხმარდი მწევარი ჯარასავით ტრიალებდა ფეხების ფრჩხილებზე და მოუთმენლად მოელოდა იმ დროს, როცა მას მიუსევდნენ ბეოტიის გამანადგურებელ მელას.

დადგა ეს სანატრელი წამიც. კეფალემ შეურჩია მოხერხებული დრო და ფეხმარდი მწევრის საყელოს ხელი ერთბაშად შეუშვა. მწევარი ელვის სისწრაფით დაედევნა ფეხმალ და გაიძვერა ნადირს. მონადირეები სულგანაბულნი შესცქეროდნენ მწევრის სიმარდეს და მელიის თავგანწირულ სულისკვეთებას.

კეფალე მთის მწვერვალიდან გულაძგერებული ჩამოჰყურებდა თავის ფეხმალ მწევარს, რომელიც, აი ესაა მელიას უნდა მისწევნოდა და კუდში მაგრად ჩაეჭირა ბასრი კბილები.

მაგრამ როცა მწევარი მელიას პირის სატაცებლად მოიმარჯვებდა, ეს გაიძვერა ნადირი ეშმაკურად დაუსხლტებოდა და ყოველთვის თავს აღწევდა განსაცდელს. მელიასა და მწევარს მარტოოდენ ერთი მტკაველი მიწა აშორიშორებდა. გაიძვერა მელიის დაჭერა შეუძლებელი შეიქნა.

ამ გაჭირვებულ მდგომარეობაში კეფალემ უკანასკნელ საიმედო საშუალებას მიმართა: მონადირემ მოიმარჯვა თავისი საკვირველი თვისების მშვილდ-ისარი და მელიას დაუმიზნა, მაგრამ საზიზღარი და ვერაგი მელია უეცრივ გაუჩინარდა.

როცა სახელგანთქმულმა მონადირემ თვალუწვდენელ ველს კვლავ თვალი გადაავლო მშვილდ-ისრის დასამიზნებლად, დახეთ საკვირველებას, კეფალეს თვალწინ სანადირო ველის შუაგულზე ორი თოვლივით უმტვერო მარმალილოს ქანდაკება აღიმართა, ერთი იყო გაიძვერა და ვერაგი მელიის ქანდაკება, ხოლო მეორე კი კეფალეს ფეხმარდი მწევრისა, რომელიც მელიის ქანდაკებიდან ერთი მტკაველის სიშორეზე იყო ამართული.

ნადირობით სახელგანთქმულმა კეფალემ კარგად გაითვალისწინა ამ ორი მარმარილოს ქანდაკების მნიშვნელობა.

განრისხებულ ღმერთს - დიონისეს, უეჭველია, არა ჰსურდა რომელიმე მოპირდაპირე მხარეს საბოლოო გამარჯვება დარჩენოდა.

პროკრიდე და კეფალე ამის შემდეგ დიდხანს და დიდხანს ბედნიერად და თანხმობით ცხოვრობდნენ. თვით ღმერთებსაც კი სწამდათ, რომ პროკრიდესა და კეფალეს ერთმანეთი უსაზღვროდ

უყვარდათ, ერთმანეთს დიდისა და დიდის პატივისცემით ეპყრობოდნენ, მათი საერთო გზა ია-ვარდებით იყო მოფენილი.

კეფალე მუდამდღე მაღალი მთების მწვერვალზე დადიოდა სანადიროდ თავისი საუცხოო მშვილდ-ისრით და თავისი ფეხმალი მწევრის თანხლებით.

სიცხისა და ნადირობისაგან მოღლილი და მოქანცული ახალგაზრდა მონადირე შუადღისას ყოველთვის მაღალტოტებიანი ხის ჩრდილში ისვენებდა.

სიცხისაგან გარინდებული კეფალე დასვენების დროს ხშირად ხმამაღლა გაიძახოდა: „ავრა, ჩემო სიხარულო, ჩემო ნუგეშის მომცემო, შენა ხარ ჩემი მაცოცხლებელი ძალა! მარტოოდენ მხოლოდ შენით ვცოცხლობ ამ დაბურულ ტყეში! მოდი, მოდი, ჩემი ჭმუნვისა და დარდის გამქარვებელო! გამკურნებელ მალამოდ დაედე ჩემს სიცხისაგან დაოსებულ გულს! მოდი, მოდი, მოუთმენლად მოგელი!“

ვიღაც ბოროტგამზრახველმა შემთხვევით ყური მოჰკრა კეფალეს ამ სიტყვებს და გადაწყვიტა: „ავრა“, რომელსაც კეფალე ასე ხშირად გულმოდგინედ ეპატიჟება და თავისკენ იწვევს, რომელიმე ქალღმერთიაო.

ბოროტგამზრახველი დაუყოვნებლივ პროკრიდესთან მივიდა და ყველაფერი დაწვრილებით უამბო.

პროკრიდეს ღრმად სწამდა კეფალეს ერთგულება, მისი გულწრფელი სიყვარული, მაგრამ ბოროტგამზრახველის სიტყვები მაინც შეურაცხყოფად მიიჩნია. ცილს სწამებენ ჩემს ერთგულ მეგობარს, - გაიფიქრა პროკრიდემ, - და ამიტომ თვითონვე პირისპირ უნდა შევამოწმო ასეთი ცილისწამების უსაფუძვლობაო.

მეორე დილით, სანამ დიდებული მზე თავის ცხოველმყოფელ სხივებს დედამიწას უხვად მოჰფენდა, კეფალე უკვე მთის მაღალ კალთებზე ჩვეულებრივ ნადირობდა. მშვენიერი დილა იყო. ჩიტების ჟრიამული დაბურული ტყით დაფენილ მაღალ მთაგრეხილებს ფიანდაზად ეფინებოდა. მზე თანდათან თავისი სხივების სიმძლავრეს იჩენდა. შუადღეც მოახლოვდა.

კეფალემ შეწყვიტა ნადირობა და მაღალტოტებიანი ხის ჩრდილში წამოწვა მოსასვენებლად.

ახალგაზრდა მონადირემ ჩვეულებრივად შესძახა თავის გამამხნევებელ და გამოცოცხლებულ ავრას: „მოდი, ჩემო ნუგეშო, ჩემო სიხარულო!“

სწორედ ამ დროს მახლობელ ბუჩქნარში უეცრივ რაღაცამ გაიხმაურა. კეფალემ გაიფიქრა, ბუჩქნარში უთუოდ ნადირი იმალებაო,

და თავისი საკვირველი მშვილ-ისარი ბუჩქნარისაკენ მძლავრად სტყორცნა.

„ვაიმე!“ - ერთი საშინლად შეჰყვირა პროკრიდემ: საცოდავს მშვილდ-ისარი შიგ გულში მოხვედროდა.

კეფალემ უმალვე იცნო თავისი ერთგული მეგობრის ხმა და ელვის სისწრაფით ბუჩქნართან მიიჭრა.

ცოცხალ-მკვდარი პროკრიდე ოდნავ-ღა სუნთქავდა. მკერდიდან საბრალოს სისხლის შადრევანი გადმოსჩქეფდა.

საცოდავი სანახავი იყო ამ დროს გონებადაკარგული კეფალე. საბრალო მონადირემ დაუყოვნებლივ შეუხვია თავის ერთგულ მეგობარს ჭრილობები. კეფალე ბავშვივით დაჰქვითინებდა თავის მომაკვდავ პროკრიდეს, სთხოვდა, ემუდარებოდა: გონს მოდი, ერთი კიდევ ლმობიერად გადმომხედე, მაგრამ საბრალო კეფალეს ხვეწნა-მუდარა არას შველოდა. საცოდავი პროკრიდეს უკანასკნელი წუთები თანდათან ახლოვდებოდა.

პროკრიდეც კარგად გრძნობდა საყვარელ მეგობართან განშორების ჟამს. გონებამიხდილს, მწვავე ჭრილობებისაგან დასუსტებულს თვალთაგან მარგალიტის ცრემლები გადმოსჩქეფდა. მოახლოვდა თავზარდამცემი უკანასკნელი წუთიც.

პროკრიდემ მისუსტებული, ცრემლიანი თვალები თავის საყვერელ მეგობარს შეაშტერა. მძიმედ, მხოლოდ მუდარებისა და ხვეწნის კილოთი, საბრალომ საცოდავი ხმით უკანასკნელად ამოიკვნესა: „კეფალე, ჩემო კარგო, ჩემო საიქიოსაც გამამხნევებელო, ძვირფასო მარგალიტო! გთხოვ, უკანასკნელად გემუდარები, ჩემთვის კიდევ ძვირფას და მუდამ საყვარელ შენ გულს ავრას ნუ გადუშლი, ჩემს მოვლილს და ნაპატრონევს კარმიდამოს ნუ დაუსაკუთრებ! გევედრები, გევედრები, ჩემო ძვირფასო მეგობარო, უკანასკნელად გევედრები!“

კეფალე მხოლოდ ამ სიტყვების შემდეგ მიხვდა, თუ რა სამწუხარო შეცდომის მსხვერპლი გახდა მისი ერთგული და საყვარელი მეგობარი პროკრიდე.

კეფალემ დაუყოვნებლივ აუხსნა მომაკვდავ პროკრიდეს: „ავრა“ გულის გამაგრილებელი ნიავია, რომელიც სიცხისაგან დაღლილს ძალასა და მხნეობას ჰმატებსო. ამიტომ, როცა პაპანაქებაში დაღლილი და დაქანცული ნადირობის შემდეგ ჩრდილში წამოვწვებოდი ხოლმე, ყოველთვის ავრას გულმოდგინედ ვიხმობდი და განკურნებას დაღლილობისაგან მუდმივ შევსთხოვდი.

კეფალეს მიერ გულწრფელად ნათქვამმა სიტყვებმა პროკრიდეს მწვავე ჭრილობები ერთბაშად დაუამა. საბრალომ ერთჯერ კიდევ

გადახედა და სამუდამოდ, მხოლოდ მშვიდად კი, დახუჭა სისუსტისაგან მილულული ცრემლიანი თვალები.

საბრალო კეფალე გულზე ხელებდაჭდობილი დასცქეროდა პროკრიდეს გაცივებულ გვამს და საზარლად ქვითინებდა.

გულსაკლავი იყო ეს ქვითინი. ყველას მწუხარებას ჰგვრიდა საცოდავი კეფალეს უბედურება. ტყის ნადირებსაც კი გული ეჩუყებოდათ და ცხარე ცრემლებს აფრქვევდნენ. ჩიტები ჟივილ-ხივილით თავს დასტრიალებდნენ სამწუხარო ადგილს და მდუღარე ცრემლებს აფრქვევდნენ პროკრიდეს გაცივებულ პირისახეს.

კეფალე ისევ ხელებდაჭდობილი დასცქეროდა თავის გულითად მეგობარს და გულამოსკვნით ქვითინებდა.

კეფალეს გულსაკლავი ქვითინის ხმა შორეული მთის მწვერვალებსაც კი სწვდებოდა და სევდიანი სამოსლით ბურავდა.

მთელი სულიერი და უსულო ბუნება ცრემლის ღვარებად იწურებოდა და მთელ იმ მიდამოს, საცა საცოდავმა პროკრიდემ სამუდამოდ დახუჭა თვალები და საბრალო კეფალე ასე უცეცხლოდ იწვოდა, მწუხარების შავ სუდარას აფარებდა.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen