კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
სამშაბათი, 17 ნოემბერი 2026 07:24

 

არ აგზნებია მას გული

ზექვეყნიური ალითა,

არც გამჭვალულა წინაპრის

სიამაყით და ძალითა,

ვისაც კახეთი - სამოთხე -

ჯერ არ უნახავს თვალითა!


აღმოსავლეთით კავკასი,

ზეცამდის ამაღლებული,

მიდის და მისდევს გრეხილი

ერთმანეთს მიჯგუფებული,

ზოგი კეკლუცად მზირალი

და ზოგიც ჩაფიქრებული!

მაღლა - ღრუბელი მოშავო,

ძირს - ნისლი მიმქრალებული.


ნაპრალთა შორის მდინარე

მოქუხს და მოეჩქარება;

კლდის ძირში ვიწრო ბილიკი

ბეწვის ხიდს დაედარება,

ალვანელ თუშსა ჯომარდოს,

ფშავს, ხევსურს ძალუძს ტარება.

ფეხი დაგისხლტა - მშვიდობით!

ღმერთიც ვერ დაგეხმარება!

უბსკრული არის ისეთი,

ჩახედვა შეგეზარება!


იქვეა მთანი ყვარლისაც,

ილიას სატრფიალონი!

ბარად კახელთა ვენახნი

და გვერდზე - საბძელ-კალონი.

მთების გადაღმა, მთებშუა -

საძოვარ-იალაღონი.

დაცხება, ცხვარი მიუდით,

მწყემსებს: არა აქეთ საღონი!


ბარად რომ ჭკნება ყვავილი,

მრავალფრად მთაში იშლება!

იქ ღელე, სერი, ფერდობი 

ნაზ სურნელებით ივსება.

ქიზიყელთა და მთიულთა

მწვანეზე ფარა იშლება.

შორს სალამური წკრიალებს,

გული ხარობს და იშვება!


ახლა ცივ-გომბორს შეხედეთ,

კავკასის მოპირდაპირეს:

ადით მაღლა და დახედეთ

ალაზნის ქალა-ნაპირებს: -

სჩანს ალავერდი ვარსკვლავად,

შენდამი სალამს აპირებს.

თვალს წარგიტყუებს მიდამო,

გულს აღტაცებით ატირებს!


აბა გახედეთ ალაზანს,

ველად რომ მიიკლაკნება!

მოდის და მოდის, თანდათან

მატულობს, კი არ აკლდება!

ალვანის თავში მქუხარებს,

ქიზიყის დასწვრივ ყუჩდება.

მუხნარი გაუტეხავი

იმის ნაპირებს უხდება!

ხან - ნისლი თეთრად დაფარავს,

ხან - ჯანღი შავად ქუჩდება.

შემდეგ კი გამოიდარებს,

არე მიდამო შუქდება!


ძუძუს აწოვებს ალაზანს

გაღმა-გამოღმა წვერვალნი.

წყალნი ეგრერიგ მორბიან,

თითქოს თმას შლიდენ მხევალნი.

შუამთას მოწმენდილია,

დაბლა კვესავენ ელვანი. 

დგას მყუდროდ თეთრი ყაზბეგი,

თუნდ ბარად იყოს ღელვანი.


კავკასიონის მთის ძირში

ღრუბლები აირევიან.

და, როგორც სიძე დანიშნულს,

გომბორსა მოეხვევიან,

გადაივლიან ალაზანს,

მზის სხივით დაიხევიან.

ზეცა ჭექს, ბარი ბანს აძლევს,

ზარბაზნებს აგრიალებენ.

ვიდრე იქუხებს, მეზვრენი

სეტყვას არ დაიძალებენ.


გამოიდარებს, - მზის სხივი

სველს მინდორს მოეფინება,

ნამი ციალებს მტევნებზე,

პატარძალს მოელხინება.


სჩანს ცისარტყელა ფერადი,

ღრუბლიანს, მაღალს მთაზედა.

ქალნი მოდიან წყაროზე,

სურა უდგიათ მხარზედა.

მოდიან, მოიმღერიან

მომხიბვლელს, ტურფა ხმაზედა.

ღამე ურმული მოისმის,

ორღობის შარა გზაზედა.


ჭირი თუმც ბევრი უნახავს,

გულს არ გაიტეხს კახელი:

ორი მთის შუა აზრდილსა,

იქვე დარჩება სახელი.

ნანინა უთქვამს ალაზანს,

სტუმარი უყვარს მნახველი.

დაჩაგროს ვინმემ? უმზირე, -

როგორ მოჰკიდოს ხმალს ხელი!


წარსულნი თუმცა წარვიდნენ,

აქ მათნი სულნი რჩებიან.

უწინ ნაგრძნობი სურვილნი

ხელახლად აიგზნებიან.

აწმყოა ძველთა სამარე,

შვილნი ძეგლებად დგებიან.

ძველთა დიდებას არ ვიგდებთ,

არც წყლულნი დაამდებიან.


ჩემი სულის სიამაყე

კახეთია, ჩემი მხარე;

მან მე ნანა მიგალობა,

მან შემიშრო ცრემლი ცხარე!

იქ ყრმა პირველ შევხაროდი

ვარდზამბახებს ნორჩის გრძნობით;

იქვე ბულბულს მოვუსმენდი,

როს მოსთქვამდა ღამე ტრფობით.


ხშირად გომბორს მივმართავდი,

განვიცდიდი შვებას დიადს;

სერზე მდგომი, შევხაროდი

გაზაფხულის მე განთიადს,

კავკასიის მთის მწვერვალებს

როს ალისფრად შეღებავდა,

როს თეთრს ნისლსა ალაზნისას

სხივის სვეტი უცხოდ რთავდა

და ტოროლა, ცად ასული.

ქებას გზნებით შეასხავდა -

ამ დროს ძალა ღვთაებრივი

თვით ჩემს სულში ფრთას ისხამდა,

და, რა გრძნობაც იქ მიეღო,

ჰანგზე მძივად აასხავდა!


ჩემი სულის სიამაყე

კათეხია, ჩემი მხარე;

მან მე ნანა მიგალობა,

მან შემაშრო ცრემლი ცხარე.

და, როს მოვკვდე, იქვე იყოს

ჩემი მიწა და სამარე!


მშვენიერს კახეთს გადავყურებ

და მის მურანებს,

შორს, ჩემს პირდაპირ, კავკასიონს

მზე აფერადებს;

ხან მთაში ღრუბლებს

სხივი ისრით გულს გაუხარებს.

ხან გადააფენს საღებავით

დაბასმულ ბადეს.

ალაზნის ველს-კი უკვე ფარავს

ღამის ბინდ-ბუნდი,

გრილი ნიავი თავზე დაქრის

ჭალას მძინარეს;

ჩქეფს ალაზანი, მის ფართო მკერდს

არ აძევს ხუნდი,

მას, - დიდიხნიდან იკლიბაკლოდ

ტყესთან მდინარეს.


გაზაფხულობით კახეთი

სამოთხის შესადარია;

ყვავის და ყვავის, სუნს აბნევს

მაღლა - მთა, დაბლა - ბარია!

შემოდგომობით ბუნება,

სხვაგან თუ უკვე მკვდარია, -

აქ ათასფერად ჭრელდება,

თითქოს კვლავ გაუხარია.


ქორწილი, ჟივილ-ხივილი

ამა სიტურფეს ერთვება;

მაჭარი დუღს და გადმოდის,.

დღე სიამისაც თენდება.

კეკლუცნი იკაზმებიან,

გამოვლენ, კარზე დგებიან; 

გამვლელ მაყრიონს ხელადით ,

და მწვადით ეგებებიან.


შემკული არის კახეთი

სიტურფით, მრავალფერითა:

მოვედ და დასტკბი, ერთგულო,

შეხმატკბილებულ მღერითა,

ჩაკრულოს, გრძელსა სუფრულსა

ამბობენ ყრმანი ჯერითა.

ქალწულნი ჩამოართმევენ, -

სტკბები და სტკბები სმენითა

არ იამაყოს ამ გულმა

ესდენ საყვარელ ერითა?!

დამემსხვრეს ჩანგი, თუ, მუდამ

მისთვის არ იქნეს ჟღერითა!


დაჰკრეს საარი!

მისი ხმა წუნარი

ყურში ჩამტირის, გვამცნობს ნათდება:

გამოურკვეველს

ვეძლევი ნაღველს...

თითოც დავლიოთ, ორი გახდება!

აწ იყოს სმენა!

მოგვეცეს ლხენა!

ვიცი, კახეთი კვლავ განახლდება!

აყოს დღეგრძელი!

ერი ქართველი!

- მაშ, აბა, თითოც! ორი გახდება!


ვაშა, ღვინოს!

მოგვალხინოს!

ძალით სუსტნი აღგვადგინოს!

რა დაგვათროს,

მით გაგვართოს!

სიყვარული გულს მოგვფინოს!

ვაშა, ღვინოს!

კახურს ღვინოს!


თუ წუთიერად დარდებს ვივიწყებთ 

და ღვინის ღმერთი ჩვენ გვაფრთოვანებს,

ხვალ, როგორც გუშინ, საქმეს დავიწყებთ

ზრუნვა შეიპყრობს ყრმას და მხცოვანებს,

- მაშ, აბა, თითოც ასწი,

ეგ ყანწი! თუნდ ფეხიც გზაზე აგიბარბაცდეს;

დე, ათამაშდეს ოცნება ანცი,

და ფიქრი ჩვენი საზღვარს გადასცდეს!

მაშ, აბა, თითოც! ასწი, ეგ ყანწი!

შემდეგ თამამად ბრძოლისკენ გასწი! 

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen