|
როდესაც ღამე კვლავ მოაწევს და ცისარტყელა დაჰკეცავს ხოლმე ფრთამოხატულ მარაოს თვისას, როდესაც ტევრში გაიელვებს ციცინათელა ცეცხლის ფანტელად, და სიო მოჰბერს სურნელებას შორეულ მთისას, ოდეს ბუნება კვლავ მოხუჭავს ღვთაებრივ თვალებს და მიიძინებს, რათა სიზმრად ნახოს ზესკნელი და რუდუნება კვლავ მოიცავს მწუხრ არემარეს. დაკარგულ მთვარეს გამოაგორებს ღრუბლებიდან უჩინო ხელი, გადაიშლება ჩემს წინაშე ტურფა ყვარელი, ეს საარაკო ხეივანი, ზვარი, ბაღები, დღეს მობიბინე და ძველად კი სისხლით ნაღები, გლეხის მარჯვენა მადლიანი ნიადაგ იღწვის, რომ არასოდეს დავივიწყოთ სურნელი მიწის. |


