|
ვინც იცის ჩვენი წარსული, ბრძოლაა შეუწყვეტელი. რაც ქართლზე იწვნენ ღამენი, ვინ იყო მისი მჭვრეტელი?
ვინ არ ყოფილა მხვეტელი. ევროპის კართან ვწყდებოდით, ვიყავით მისი კედელი...
არც ჩაუგდიათ იოტად, არასდროს მოგვშველებიან, როცა გვშიოდა, გვციოდა.
სისხლის მდინარე დიოდა, ალი და ცეცხლი წარღვნისა ჭერისთავს გადაგვდიოდა.
ზღვას ვინ დაუდოს საზღვარი? ჩვენსავით არვის რეგვავდა ქარფიცხელი და წყალღვარი!
მდელო, მინდორი, ბაღნარი - ნათურქალია, ნარბევი, ნათქერი, ნაყივჩაღარი!
ჩვენი მკვლელობის ხელფასად, რამდენჯერ გულის სიმწარით მოვსთქვამდით ჩვენს აკლებასა:
- ორისავე ვართ ნებასა, ცეცხლი გვიპირებს დაწვასა, წყალი თან ჩაყოლებასა!“
თუმცა ვიყავით თელილი, ბევრჯერ აღგვილნი მიწიდან, ცხრამთის იქითაც დევნილნი,
შემთხვევით გადარჩენილი: „ვეფხვი ვინა სთქვა მტირალი, თვალზე ცრემლჩამოდენილი!“
ლეგენდა ამირანისა? - დიდებული და უკვდავი, მოთხრობა დიდ მოწამისა.
წამება მრავალ ჟამისა, ისიც სთქვა, რომ ამ წამებამ მისი მზე ვერღა დანისლა.
დახუნდებული, ვნებული, კავკასის მთაზე მიჯაჭვულ ვაჟკაცით შთაგონებული.
მკლავით და აზრით ქებული, დამშვენებული ძეგლებით, მარმარით ამოგებული.
არც კი ჩანს ნაბილიკარი, ჩუქურთმიანი ნაშთები, ციხე-კოშკები იქ არი!
ვაზიდან გათლილი კარი, ვეფხვი მტევნებში, ფასკუნჯი, ნუკრდახატული ფიქალი.
თავსამკაულად მტრედები, ასომთავრული - შემკული ბრწყინვალე კამარედებით,
ვარაყი, ოქრომკედები... ნახე წარსულის ძეგლები და მათი ქვაკუთხედები...
აზრის ლოდებზე მყნობელი. მოქანდაკე და მჭედელი, მხატვარი, ოქრომდნობელი.
ბედი კი - დაუნდობელი, ჰქმნიდნენ, გვარსაც კი არ სწერდნენ - გულში ცეცხლჩაუქრობელნი!
ნეშტი და ძვალჩასალაგი, სად არი შოთას სამარე, გურამიშვილის ალაგი?
საბას, დავითის ამაგი? გასტყორცნა ბნელმა ცხოვრებამ, ანატრა მტკვარი, არაგვი!
და მათ გამომზრდელ მშობელსა, დიდ სააკაძე გიორგის, მტრის ურდოს დამადნობელსა;
ზეზვას - მტრის სისხლის მთრობელსა, სამას არაგველს - კრწანისში, მკერდზე სისხლშეუშრობელსა!
მათი ნაღვაწის რვეული, მოწამებრივი ცხოვრება მათ წილად იყო ჩვეული.
შხამი სიმწარით რხეული, გინდ ხმალი სააკაძისა - მიწაში გადამსხვრეული!
მუხანათსა და ორპირსა, ის არ იცოდა, გულდაჭრილს მხრებში ფრთა ჰქონდა ორბისა.
წიგნი ვაჟკაცურ ძმობისა, წიგნი მზის, თავისუფლების, მარადი მეგობრობისა.
რჩებოდა უბერებელი, სწყუროდა მარად ნათელი მზის ელვარების ელფერით.
როგორც მზის ვაჟკაცს შეჰფერის, თავისუფლების მებრძოლი - რკინაა აუღებელი! |


