"სამშობლო…გადასარწევი აკვანი”
ნინო თარიშვილი
![]()
|
მიწას ებურა ნისლის სუდარა, წარსული სადღაც შარაზე ეგდო და მზით შეშლილი ჩემი ქვეყანა მისჩერებოდა ლაჟვარდის ერდოს.
მზევ შინ შემოდიო. უყივლია მამალსაო, მზევ შინ შემოდიო”.
ვით გადასარწევ და გრძნეულ აკვანს - რომელსაც "ნანას” უმღერდა ყველა, იყო სავსე და მაინც ყრმა აკლდა.
ბედიც ვერ ხსნიდა ნისლის გალიას. რა უცნაური ჟამი დამდგარა, ხედავ, ცოცხალი კაციც მკვდარია.
მზევ შინ შემოდიო. ბავშვის მამა შინ არ არის, მზევ შინ შემოდიო. ქალაქს არის აკვანზედა, მზევ შინ შემოდიო”.
რას დაერქმევა უკვე სიცოცხლე? შენ ძველ დიდებას ისე ცოხნიან, ზოგჯერ სირცხვილით გინდა, იწვოდე.
ადამიანიც, ქვეყანაც, ღმერთიც, შენ ვინ მოგხედავს, ჩემო პატარავ, როცა მსოფლიოს შეჰყრია კეთრი?!
გცვივა უჩინო დიდების რკილი. ანგელოზებო, ეგებ თქვენ მაინც დაუნანაოთ ფრთებით ამ ტკივილს.
მზევ შინ შემოდიო. მე საბრალოსაო, მზევ, შინ შემოდიო.
მზევ შინ შემოდიო. მალე პერანგს შეგიკერავ, მზევ, შინ შემოდიო”.
შეჩერებიხარ ლაჟვარდის ერდოს და ავიწყდებათ ხალხსაც ნელ-ნელა, რომ სიცოცხლესაც გწირავდნენ ერთდროს.
შვილებს გიზრდიდნენ გმირის გუმანით. ეგებ, გადმოვსვათ უკვე აკვნიდან სამშობლო - ჩვენი სულის უფალი?
მზევ შინ შემოდიო. ცხვარსაც დაგიკლავთ მაკესა, მზევ შინ შემოდიო”. ეგებ ერთხელ დაიბადოს, ყრმა გაივსოს, გაიბადროს, ეგებ ერთხელ გაიზარდოს, მზევ შინ შემოდიო.
ეგებ მამაც სახლში იყოს, ეგებ ცეცხლიც მან დაგვინთოს, მზევ შინ შემოდიო. თორემ დედა დაიღალა. სიტყვა რამე დაიბარა: მზე შინა და მზე გარეთა, მზევ შინ შემოდიო
და წავიდა უცხო მხარეს. ან ჩვენი შინ სადღა არის, ან ქალაქი სადღა არის? მთვარე შინ და მთვარე გარეთ, რად არ იძვრის ღამე? მზეც დავღალეთ ამ სიმღერით, ყრმაც დავღალეთ ამ სიმღერით, ნანა, ნანა, ნანა. მზე შინა და მზე გარეთა.
ეს რა დრო და დღე გავვლეთ და, მზე კი მაინც არ ჩანს. შიში უდგას თვალში. გიშერს ვინ შეაბამს საწყალს ან ვინ გაბანს, გაამზევებს, არ აკადრებს საძრახს.
როცა მოვა ქალაქიდან და თავის ყრმას ნახავს? ეგებ დედას ვთხოვოთ მოსვლა, პატიება ვთხოვოთ.
მგელშინა და მგელგარეთა, დღეშინა და დღეგარეთა, სულ ტანჯვა და სულ ლოდინი.
და აკვანიც ჯვარი თუა, და რძე თუა ძმარი, ვაი, ჩვენო ბედისწერავ, ჯერ თუ ვერ გიცანით.
მზეო ჩვენსავ სიმართლეთა, სულ სხვა მხარის მზეო, სად ყოფილხარ, რა გინახავს, ჩვენი ღმერთი არ გინახავს? ეგებ სადმე არის?
მთებს გახედავ - ნისლებია, გზებს გახედავ - ქარი. მე რომ ვმღერი, განა მე ვარ? საბელს არხევს ზარი.
სიტყვა სადღა არის? ღმერთმა იცის უხილველმა ჩვენი სამართალი. |
| პოეზიის გვერდი • • • |


