ერთხელ ასეთი უცნაურობა დაემართა ქალაქს:
მთელი მოსახლეობა, დიდიც და პატარაც, ქალიც და კაციც შადრევანს ხედავდა სიზმრად.
უკვე თვეზე მეტი იყო ასე გრძელდებოდა და ახლა მეტი სალაპარაკო აღარ ჰქონდათ ქალაქში.
იდგნენ მოქალაქენი ქუჩებში ჯგუფ-ჯგუფად, მსჯელობდნენ, კამათობდნენ, გამოთქვამდნენ ათას მოსაზრებას, მაგრამ ის მაინც ვერ გაეგოთ, ან რატომ ესიზმრებოდათ შადრევანი, ან რა უნდა ექნათ, რომ აღარ დასიზმრებოდათ.
ლაპარაკობდნენ დილიდან საღამომდე.
ზოგჯერ კი იტყოდნენ, წავიდეთ, დავაკვირდეთ, იქნებ თვით შადრევანშია საიდუმლოო.
ის შადრევანი ერთ კოხტა სკვერში იყო.
პატარა, მრგვალი აუზის შუაგულში დაბალ კვარცხლბეკზე მარმარილოს ქალიშვილი იდგა და ხელში მარმარილოსავე ქოლგა ეჭირა, რომლის კალთებიდანაც წყალი ჩამოდიოდა.
აუზს ირგვლივ ფარნები ჰქონდა შემოყოლებული.
ღამით ფარნების შუქზე ელავდა ქოლგიდან ჩამოდენილი წყლის ჭავლები და ქოლგის ჩრდილში უფრო ნაღვლიანი ჩანდა ქალიშვილის სახე.
საათობით უყურებდნენ შადრევანს მოქალაქენი. ხან ახლოს მივიდოდნენ, ხან შორიდან შეხედავდნენ. გარს უვლიდნენ და ყოველი მხრიდან აკვირდებოდნენ, მაგრამ მაინც ვერაფერს მიმხვდარიყვნენ.
გაეცლებოდნენ შადრევანს და იმასღა იმედოვნებდნენ, იქნებ ამაღამ მაინც დაგვეხსნას ის სიზმარიო, მაგრამ არ ტოვებდა შადრევანი მათ სიზმრებს...
ოღონდ ესაა, რომ ეს სიზმრები მხოლოდ მოსახლეობის ნაწილს აწუხებდა.
ბავშვებსაც და ბევრ დიდსაც ძალიან მოსწონდათ შადრევნიანი სიზმარი.
კარგად რომ გავარკვიოთ, ვის მოსწონდა სიზმრად შადრევნის ნახვა და ვის არა, ამისთვის რამდენიმე სიტყვა უნდა ვთქვათ საერთოდ სიზმრებზე და სიზმრისმხედველებზე.
ერთნი კეთილი, ლაღი და ლამაზი ოცნებების მქონენი არიან და სიზმრადაც იმ ოცნებების ახდენას ხედავენ ხოლმე.
მათ ეხმარებათ სიზმრები, რადგან უფრო ადვილია ცხადი გახადო ოცნება, რომელსაც უკვე ასრულებულს ნახავ სიზმარში.
მეორეთა სიზმრები კი მხოლოდ და მხოლოდ გაგრძელებაა მათი კმაყოფილი, ნებიერი ცხოვრებისა და ოდნავადაც არაფრით განსხვავდება იმ ცხოვრებისაგან.
მხოლოდ თავის ჯანმრთელობაზე შეყვარებულები ცხადშიც მუცელზე იტყაპუნებენ ხელებს და სიზმარშიც ამასვე სჩადიან.
თუ სიმართლე გინდათ, ასეთ სიზმრებს არც შეიძლება სიზმარი ერქვას და ვერც ამ ხალხს დავუძახებთ სიზმრისმხედველებს.
სწორედ ასეთებს აწუხებდათ სიზმრად შადრევნის ნახვა, აწუხებდათ იმიტომ, რომ ოცნება არ შეუძლიათ.
მათი სიზმრები სულ ერთნაირი იყო: იდგა მარმარილოს ქალიშვილი, ხელში მარმარილოსავე ქოლგა ეჭირა, რომლის კალთებიდანაც წყალი ჩამოდიოდა აუზში.
იდგა და იდგა ქვის ქალიშვილი...
ჩამოდიოდა და ჩამოდიოდა წყალი...
და სწორედ ამ წყლის განუწყვეტელმა ჩხრიალმა გააბეზრა ცრუ სიზმრისმხედველები.
ნამდვილ სიზმრისმხედველთა სიზმრებში კი მარმარილოს ქალიშვილი ცოცხლდებოდა და მშვენიერი ამბების მთავარი მონაწილე ხდებოდა.
ბავშვები სიზმრად ხედავდნენ, როგორ დაჰყავდა ისინი ქალიშვილს ქალაქის ხეივნებში ან მაღალი მთის წვერიდან როგორ აჩვენებდა მზის ამოსვლას.
ქალიშვილი ქოლგიანი იყო ყველა სიზმარში და ქოლგა ხან ნაირ-ნაირად იცვლიდა ფერს, ხან კი უცებ ვეება ხდებოდა და ავდრისაგან იფარავდა მთელ ქალაქს.
ხან მღელვარე ზღვის თავზე მიაფრენდათ ქოლგა და ქალიშვილის წელზე ხელშემოხვეულ ბავშვებს აღარაფრის ეშინოდათ. ხან ქალიშვილთან ერთად ქოლგის ქვეშ შეყუჟულებს ახარებდათ, რომ ირგვლივ უკიდეგანო დათოვლილი ველი იყო, აქ კი მიწის პაწია მრგვალ ნაჭერზე ყვავილები გაფურჩქნილიყო...
დიდების სიზმრებში კი ქალიშვილი ხან ბაღში დადიოდა და ქოლგაზე რაღაც საოცრებით დარჩენილ წვიმას ასხურებდა ნერგებს, ხან ფუნჯი ეჭირა ხელში და მის ნახატში, როგორც სარკეში, ისე ხედავდნენ საკუთარ თავს, ხან კი იდგა სცენაზე და მღეროდა, ხოლო სიმღერის ბოლოს აფრინდებოდა და მეწამული ღრუბლებისაკენ გაფრენილი თან გაიყოლიებდა ყველას.
შეუყვარდათ შადრევნის ქალიშვილი დიდებსაც და პატარებსაც.
ეს სიზმრები მშვენიერ სევდას ტოვებდა მათ გულში და ჩაფიქრებულებს კეთილი შუქი ედგათ თვალებში...
თავს არ უტყდებოდნენ, თორემ ცრუ სიზმრისმხედველებს სწორედ ის არ მოსწონდათ, რომ სიზმარი სევდას ტოვებდა მათშიც. თუმცა თქმით მარტო იმას ამბობდნენ: თავს გვაბეზრებს ეს უძრავი და მოსაწყენხმაურიანი სიზმარიო.
და ერთ დღეს რომელიღაც მათგანმა თქვა: შადრევანი უნდა დავანგრიოთ და სიზმარიც თავს დაგვანებებსო.
ეს ნათქვამი ხელად გავრცელდა ქალაქში.
იშოვეს ცრუ სიზმრისმხედველმა კაცებმა და ქალებმა რკინის კეტები და დამუქრებულნი წავიდნენ შადრევნისაკენ.
ნამდვილი სიზმრისმხედველები კი გარს შემოერტყნენ შადრევანს და უთხრეს კეტიანებს, ამის დანგრევას ცოცხალი თავით არ დაგანებებთო.
ვინ იცის, როგორ დამთავრდებოდა ეს ყველაფერი, შეტაკებამდე რომ მისულიყო საქმე.
ერთი კია, ნამდვილი სიზმრისმხედველები ვერ გაიმარჯვებდნენ. ბავშვებს ხომ არ ჩარევდნენ ჩხუბში, დიდებში კი ცრუ სიზმრისმხედველები ნამდვილზე გაცილებით მეტი აღმოჩნდა. ამასაც თავი დავანებოთ, განა ხშირად გინახავთ, რომ მეოცნებე სიზმრისმხედველს ჩხუბი ეხერხებოდეს?
ის-ის იყო კეტების ტრიალი უნდა დაწყებულიყო, რომ ხმამაღალმა შეძახილებმა შადრევნის შორიახლოს სკამზე ჩაფიქრებული კაცი გამოაფხიზლა.
ეს კაცი ადრეც იქ იჯდა ხოლმე, მაგრამ არავინ აქცევდა ყურადღებას.
ჩვეულებრივი შლაპიანი და სათვალიანი კაცი იყო.
რკინის კეტებით შეიარაღებული ხალხი რომ დაინახა, კაცი მიხვდა, რასაც აპირებდნენ.
ადგა და დაიძახა ხმამაღლა:
- მოიცათ, ხალხო, მოიცათ, რას შვრებით!
- შადრევანი უნდა დავანგრიოთ! - უპასუხა ერთმა და დიდი რკინის კეტი შემართა ჰაერში.
- განა რა დაგიშავათ შადრევანმა? - ჰკითხა კაცმა.
- მეტი რაღა უნდა დაგვიშავოს, ლამის თავი მოგვაკვლევინოს, ისე მოგვბეზრდა სიზმრებში მაგისი ჩხრიალი, - უთხრა რკინისკეტიანმა და უცებ გაბრაზდა: - შენ ვინა ხარ, რომ რაღაცებს გვეკითხები?!
- მე ვიცი, რომ შადრევანი არაფერ შუაშია. ნუ დაანგრევთ. წადით სახლში და აღარ ნახავთ მაგ სიზმარს, - უთხრა კაცმა.
- შენ რა იცი, ჩვენ რას ვნახავთ სიზმრად, მოშორდი აქედან, ვიდრე ამ შადრევნისთვის შენც არ მიგვიყოლებიხარ! - უთხრეს კაცს, შებრუნდნენ და შეუტიეს შადრევნის დამცველებს, მიგვიშვით, თორემ თავებს გაგიტეხავთო.
მაშინ იმ კაცმა ჩაილაპარაკა, რა ვქნა, სხვა გზა აღარააო, და დაიძახა:
- გაჩერდით, გეტყვით ყველაფერს, მე მესიზმრე ვარ!
- რაო, რაო, რა ხარ? - ვერ გაიგეს კეტიანებმა.
- მესიზმრე ვარ, მე გიგზავნით სიზმრებს.
- ნუ სულელობ, რა მესიზმრე, რის მესიზმრე, - თქვა ცოტა შეეჭვებულმა დიდკეტიანმა.
- არა გჯერათ? მაშ საიდან ვიცი, რომ შენ ათ კილო მარწყვსა ჭამ ხოლმე სიზმარში, აგერ ის კი სიზმარშიც გულაღმა წევს და თავის ფულს ანგარიშობს, - უთხრა კაცმა. დიდკეტიანმა და მეორემაც თვალები დააჭყიტეს და უნებლიეთ ჩაიბუტბუტეს, მართალიაო.
- მესიზმრე ყოფილა, მართლა მესიზმრე ყოფილა, - აჩურჩულდა ხალხი.
- წადით, ამაღამ ყველა კვლავ თავის სიზმარს ნახავს, - წყნარად მიმართა ხალხს მესიზმრემ.
- კარგი, ახლა წავალთ, მაგრამ თუ გვატყუებ და ამაღამ კიდევ ვნახეთ ეს შადრევანი, ვაი შენი ბრალი! - დაემუქრა დიდკეტიანი და თავისიანებს მიუბრუნდა, დროებით დავიშალოთო.
კეტიანები სასწრაფოდ წავიდ-წამოვიდნენ, ჩვენი სიზმრებიც არ გაამხილოსო.
ნამდვილი სიზმრისმხედველები კი გარს შემოეხვივნენ მესიზმრეს, ხელს ართმევდნენ და მადლობას უხდიდნენ სიზმრებისათვის.
- ტყუილად მიხდით მადლობას, მე მხოლოდ სიზმრის დასაწყისს გიგზავნით, რომელსაც თქვენი ცხოვრებისა და ოცნებების შესაფერისად ვარჩევ. ასე რომ კარგ სიზმრებს ისევ თქვენს თავს უნდა უმადლოდეთ, - ამბობდა მესიზმრე ღიმილით...
მას შემდეგ ყველას მათ კუთვნილ სიზმრებს უგზავნიდა მესიზმრე.
ცრუ სიზმრისმხედველებს აღარ აბეზრებდა თავს შადრევნის ჩხრიალი, ნამდვილ სიზმრისმხედველთა სიზმრებში კი კვლავაც ხშირად ცოცხლდებოდა ქოლგიანი ქალიშვილი.
ასეა, ერთგულნი არიან მეოცნებენი, აღარ ივიწყებენ, ერთხელ ვინც ჩაუვარდებათ გულში.
ახლა, ალბათ, იკითხავთ, მესიზმრე მაშინ რატომ მაინცდამაინც შადრევანს ასიზმრებდა მთელ ქალაქსო.
აი, როგორ მოხდა ყველაფერი.
თუმცა მანამდეც ბევრჯერ ენახა, ერთხელ მესიზმრე დააკვირდა შადრევანს.
ასე ყველას შეიძლება დაგვემართოს - მთელი სიცოცხლე ვუცქიროთ რაღაცას, მაგრამ ვერა ვხედავდეთ.
მესიზმრეს მეტად მგრძნობიარე გული ჰქონდა და შადრევნის ქალიშვილის ნაღვლიანმა სახემ და ქოლგაზე ცრემლის ნაკადებივით ჩამომდინარმა ჭავლებმა, მას აგრძნობინა, რომ რაღაც მეტად სევდიანი ამბები უნდა მომხდარიყო, ვიდრე მოქანდაკე მარმარილოს ლოდიდან ამ ქალიშვილს გამოაქანდაკებდა...
მიდიოდა მესიზმრე შადრევანთან, იჯდა მთელი დღე და უცქეროდა.
დიდი სევდით ევსებოდა გული.
და რა გასაკვირია, თუ ღამით უნებლიეთ იმ ქალიშვილის სახებას უგზავნიდა ყველას...
ხოლო მას შემდეგ, რაც ხალხს დაჰპირდა, ყველას თქვენს კუთვნილ სიზმარს გამოგიგზავნითო, აღარ მიდიოდა შადრევანთან, თუმცა კი ძალიან მიუწევდა იქით გული.
ეშინოდა, შემთხვევით ისევ შადრევანი არ დავასიზმრო იმათ, არ გაბრაზდნენ და ისევ კეტებს არ მოჰკიდონ ხელიო.
ცდილობდა სულაც დაევიწყებინა შადრევანი. მაგრამ დიდი წვიმები რომ დაიწყებოდა, მესიზმრის გულსა და გონებას უნებლიეთ კვლავ ეუფლებოდა შადრევნის ქალიშვილის ნაღვლიანი სახე და სიზმარში კვლავ ხედავდნენ შადრევანს მოქალაქენი.
დილით, რომ მოაგონდებოდა, ვის რა სიზმარი გავუგზავნეო, მესიზმრე შუბლზე შემოირტყამდა ხელს, ეს რა ვქენი, ისევ არ გაბრაზდნენ, შადრევანი არ დაანგრიონო.
შეუთვლიდა, უნებლიეთ მომივიდა, მაპატიეთო.
ისინი კი შემოუთვლიდნენ, არა უშავსო.
რატომ აღარ ბრაზობდნენ?
შეიძლება იმიტომ, რომ შადრევნის ჩხრიალის იშვიათად მოსმენა მაინცდამაინც არ ეძნელებოდათ?!
თუ ჯერ თვითონაც ვერ მიმხვდარიყვნენ, მაგრამ უკვე ნამდვილ სიზმრისმხედველად გახდომას ნატრობდა მათი გული?
ახლა კი უნდა გითხრათ, რომ თუმცა კეტი აღარავის აუღია და აღარც აყალმაყალი გამართულა, მესიზმრეს ეძნელებოდა ქალაქში ყოფნა.
რატომ?
ნუთუ ქალაქი აღარ მოსწონდა?
ან იქნებ კარგად არ ექცეოდნენ?
არა, საერთოდ ძნელია ქალაქში მესიზმრის ყოფნა, როცა დარღვეულია მესიზმრეთა ცხოვრების მთავარი წესი:
მოქალაქეებმა არ უნდა იცოდნენ, ვინ უგზავნის მათ სიზმრებს.
ეს იმიტომაა საჭირო, რომ მესიზმრეს შეეძლოს, იყოს მარტო და მშვიდად და წყნარად აკეთოს თავისი საქმე.
ახლა კი რა ხდებოდა?
ქუჩაში დედები ბავშვებს აჩვენებდნენ, ეს ძიაა სიზმრებს რომ გიგზავნითო, და ავტოგრაფებს ართმევდნენ მესიზმრეს.
პოეტები მასზე ლექსების წერაში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს, მერე მიდიოდნენ და უკითხავდნენ.
მხატვრები სთხოვდნენ, თქვენი პორტრეტი გვინდა დავხატოთ, თუ შეიძლება რამდენიმე საათით ან ასე დაბრძანდით, ან ასე გაგვიჩერდითო.
რადიოთი ვიღაც-ვიღაცები გამოდიოდნენ და მესიზმრეზე ამბებს ჰყვებოდნენ, ზოგს მართალს და ბევრს ტყუილს.
კინოს ხალხი ფარული კამერით უსაფრდებოდა ყოველ ნაბიჯზე და მერე ტელევიზიით აჩვენებდნენ, როგორ დადიოდა მესიზმრე ქუჩაში, სათვალეს როგორ იკეთებდა, ქუდს როგორ იხდიდა, როგორ იღიმებოდა, ცხვირს როგორ აცემინებდა...
საღამოობით მესიზმრის სახლის წინ თამამი ქალიშვილები დასეირნობდნენ სიმღერით:
ქალაქშია კოხტა სახლი,
იქა ცხოვრობს მესიზმრე.
რად მინდოდა ის სიზმარი,
თვითონ რად არ მესიზმრე?
მიწყდებოდა ქალიშვილების სიცილ-კისკისი და რამდენიმე კაცი მაინც მოადგებოდა მესიზმრის კარს, თუ ძმა ხარ, შენს პატივსაცემად სუფრას ვშლით და წიხლი არ გვიკრა, გვეწვიეო.
რამდენჯერმე გვიან ღამით მოსულმა ხალხმა ქრთამიც კი შეაძლია, ასეთი და ასეთი სიზმარი გვინდა ვნახოთო...
როგორც ვთქვით, ყველაფერი ეს მესიზმრეს ხელს უშლიდა, რომ თავისი საქმე მშვიდად ეკეთებინა, მაგრამ ის მაინც არა ბრაზობდა. „რადგან ისე მოხდა, რომ ჩემი საიდუმლო გამჟღავნდა, რა მაგათი ბრალია, რა ქნან, ადამიანები არიან, ადამიანებს კი ათასი სისუსტე გააჩნიათო“, - ფიქრობდა ღიმილით. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ მესიზმრეს ძალიან უყვარდა ადამიანები.
ის არც იმაზე ბრაზობდა, რომ მოქალაქეებს შორის ისეთნიც იყვნენ, რომლებიც ყოველ ღონეს ხმარობდნენ, რათა როგორმე გაეგოთ, როგორ იგებდა მესიზმრე ადამიანის ფიქრებს და ოცნებებს და როგორ უგზავნიდა სიზმრებს.
ესენი რატომღაც ფიქრობდნენ, უთუოდ რაღაც ხელსაწყოების საშუალებით აკეთებს ყველაფერსო.
რამდენჯერმე მთელი ბინა არეულ-დარეული დახვდა მესიზმრეს.
ეტყობა, იმ ხელსაწყოებს ეძებდა ვიღაც.
ერთხელ სათვალეც კი მოჰპარეს, ალბათ, ფიქრობდნენ, განსაკუთრებული მინები უზის და ყველაფერს იმით ხედავსო...
მესიზმრეს ნაღვლიანად ეღიმებოდა ყველაფერზე.
იგი მაშინვე წავიდოდა ქალაქიდან, როგორც კი გამჟღავნდა მისი მესიზმრეობა, მაგრამ ერთი საქმე აკავებდა...
ერთხელ კი განთიადისას ერთმა მეეზოვემ დაინახა, რომ სამგზავროდ გამოწყობილი მესიზმრე მიდიოდა ქუჩაში.
მეეზოვეს რაღაც უგრძნო გულმა და მიაძახა:
- ჰეი, მესიზმრე, ხომ არ მიდიხარ და უსიზმროდ არა გვტოვებ?
- მივდივარ, მაგრამ ნუ გეშინიათ, სიზმრებს კვლავაც ნახავთ, - დაამშვიდა მესიზმრემ.
- მაშ, ნახვამდის, - უთხრა მეეზოვემ.
- მშვიდობით, - ჩამოართვა მესიზმრემ ხელი.
და მართლაც, არ დარჩენილა ქალაქი უსიზმრებოდ.
მესიზმრეს სწორედ ის აკავებდა ქალაქში, რომ ირჩევდა, ვისთვის გადაეცა თავისი ხელობა...
ყოველთვის ჰყავს ქალაქს მესიზმრე.
და არავინ იცის, ვინ უგზავნით სიზმრებს.
შემდეგ ის კაცი სხვას გადასცემს თავის ხელობას, ეს სხვა კიდევ სხვას... და ასე შემდეგ...
საიდუმლოდ ინახავენ თავის საქმეს მესიზმრეები და ჩვენ მხოლოდ იმ შემთხვევაში გავიგებთ მესიზმრეთა საიდუმლოს, თუ ოდესმე აგვირჩევს მესიზმრე თავის მემკვიდრედ. მხოლოდ მაშინ გავიგებთ, როგორ მივხვდეთ სხვის ფიქრს და ოცნებას და როგორ გავუგზავნოთ სიზმრები ადამიანებს.
მაგრამ როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ მესიზმრემ თავის მემკვიდრედ აგვირჩიოს, როგორები უნდა ვიყოთ?
არ ვიცი კიდევ რა არის საჭირო, მაგრამ ერთი, ვფიქრობ, აუცილებელია:
ძალიან უნდა გვიყვარდეს ადამიანები.
ყოველთვის ჰყავს ქალაქს მესიზმრე.
და ყველა ხედავს თავის კუთვნილ სიზმარს.
მაგრამ ხანდახან კვლავაც თვეობით აეკვიატებათ ხოლმე მოქალაქეებს ერთი და იგივე სიზმარი. და ყოველღამე ხედავენ ქვაფენილზე დაცემულ ფოთოლს, ან საკომისიო მაღაზიაში ჩამოკიდებულ ძველ პალტოს, სადღაც მარტოდ მდგარ ხეს ან მოკლულ ჩიტებს...
ბევრს ეს არ მოსწონს, თუნდაც იმიტომ, რომ ყოველთვის ნაღვლიანია მუდმივი სიზმარი.
მაგრამ ამას არაფერი ეშველება, რადგან ეს ნაღვლიანი სიზმარი იმას ნიშნავს, რომ კვლავ ნაღვლობს მესიზმრე, ხოლო თუ ის არაფერზე დანაღვლიანდება, მესიზმრეც ვეღარ იქნება.
არ ეშველება ამას არაფერი და იქნებ არც უნდა ეშველოს.
თუ კარგად დავფიქრდებით, იქნებ ძალიანაც საჭიროა, რომ ხანდახან მაინც ყველამ ერთად ნაღვლიანი ვნახოთ სიზმარი?


