კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 12:16

 

იყო ერთი ქალაქი...

იმ ქალაქის მცხოვრებთ თეატრში სიარული უყვარდათ.

გაიკვრებოდა თუ არა აფიშები, ამა და ამ დღეს წარმოდგენაა დანიშნულიო, მაშინვე რიგები დგებოდა თეატრის სალაროებთან. წინასწარ იყიდიდნენ ბილეთებს და მერე როგორც დღესასწაულს, ისე ელოდნენ წარმოდგენის დღეს.

დადგებოდა ის დღეც და მოსაღამოვდებოდა თუ არა, თავიანთ საუკეთესო კაბებსა და კოსტიუმებში გამოწყობილნი გამოვიდოდნენ სახლებიდან მოქალაქენი. ქალები კაცებს მკლავში ხელს გამოსდებდნენ და აუჩქარებლად გაუყვებოდნენ ქუჩებს. გზად ყვავილებსაც იყიდიდნენ, ხვდებოდნენ ნაცნობებს და მიდიოდნენ საუბრით.

იგონებდნენ დიდი ხნის წინანდელ დადგმებს და ბოლო დროის წარმოდგენებს.

იგონებდნენ ადგილებს სხვადასხვა სპექტაკლიდან და ისე ლაპარაკობდნენ სცენის გმირებზე, როგორც ცოცხალ ადამიანებზე.

ერთი სიტყვით, ნამდვილი სიყვარულით უყვარდათ თეატრი...

განსაკუთრებით ხშირად იმ საუბრებში ერთი მსახიობის სახელს ახსენებდნენ.

ის მსახიობი ჩვეულებრივი კაცი იყო.

არც სხვებზე უკეთესი გარეგნობა ჰქონდა და არც უფრო ძლიერი ხმა. დასში ბევრი იყო მასზე კარგი მომღერალი, მოცეკვავე და მოფარიკავე და მალაყებსაც სხვები უკეთესად გადადიოდნენ.

მაგრამ როგორც კი ის შემოვიდოდა სცენაზე, მაყურებელთა გულები უცებ ძლიერ იწყებდნენ ძგერას.

და შემდეგ უკვე აღარავის ახსოვდა საკუთარი თავი.

მხიარულობდნენ, თუ ის მხიარულობდა, და ნაღვლიანდებოდნენ, თუ ის ნაღვლიანდებოდა. მასთან ერთად ფიქრობდნენ, მასთან ერთად იტანჯებოდნენ, მასთან ერთად რისხვით ევსებოდათ თვალები... და როცა იგი, რამპასთან მოსული, ხელებს გაშლიდა და უხილავი ცისკენ დაიწყებდა ცქერას, მათაც იპყრობდა თავისუფლად ფრენის სურვილი...

თეატრისკენ მიმავალი მაყურებლები იგონებდნენ ყველა წარმოდგენას, რომელშიც იმ მსახიობს ეთამაშა, ოღონდ ერიდებოდნენ, წინასწარ რამე ეთქვათ წარმოდგენაზე, რომლის სანახავადაც ახლა მიდიოდნენ.

განა ეეჭვებოდათ, რომ იმ საღამოსაც ააძგერებდა მათ გულებს მსახიობის თამაში?

არა, მათ სხვა რამის ეშინოდათ.

არცთუ იშვიათად, მსახიობი აგვიანებდა წარმოდგენაზე, ხანდახან კი სულაც არ მოდიოდა ხოლმე.

ნუ იფიქრებთ, რომ გაყოყოჩებული იყო, აქაოდა ყველაზე კარგი მსახიობი ვარო.

ისეც მომხდარა, დიდი ხნის ლოდინის შემდეგ რომ გამოსულან თეატრიდან, მაყურებლებს დაუნახავთ, როგორ მორბოდა ის კაცი მათკენ დაღლილი და გულამოვარდნილი, ხან მტვერში, ხან ტალახში ამოსვრილი, ხანაც ტანსაცმელჩამოხეული.

მიირბენდა ქოშინით და სთხოვდა ხალხს, მაპატიეთ, მერწმუნეთ, ჩემი ბრალი არააო.

და მაყურებლებს სჯეროდათ მისი. გრძნობდნენ, რომ მსახიობს მართლა ჰქონდა რაღაც საიდუმლო მიზეზი.

მაშინ ეტყოდა ვინმე:

- გვითხარი, იქნებ ჩვენ დაგეხმაროთ რამეში, იქნებ ჩვენ გიშველოთო.

- არა, ვერც დამეხმარებით და ვერც მიშველითო, - უპასუხებდა კაცი ნაღვლიანად და წავიდოდა.

დაიშლებოდნენ ჩაფიქრებული მაყურებლები...

ხალხი არ ამბობდა საყვედურს, მაგრამ სპექტაკლის ჩაშლა მაინც უსიამოვნო რამაა და, ცხადია, არ მოსწონდა თეატრის დირექტორს.

თუმცა მსახიობიც ძალიან უყვარდა და მის უდანაშაულობასაც კარგად გრძნობდა, მაგრამ, აბა, რა ექნა, დირექტორი იყო და რამე უნდა ეღონა. ამიტომაც სულ იმას ფიქრობდა, როგორ ამოეცნო მსახიობის საიდუმლო.

ბოლოს ასეთი ეშმაკობა მოიფიქრა:

მოდი, სათითაოდ დავიბარებ ყველას, ვინც თეატრში მუშაობს, მეგარდერობეებით დაწყებული და რეჟისორებით დამთავრებული, და ვეტყვი, რა ვქნა, სხვა გზა აღარაა, ეს მსახიობი უნდა დავითხოვოთ თეატრიდან, ამდენი სპექტაკლის ჩაშლა აღარ შეიძლება-მეთქი.

იცოდა, რომ ის კაცი ყველას უყვარდა და აუცილებლად გაამჟღავნებდნენ, თუ იცოდნენ რამე.

ასეც მოიქცა.

ყველა მხურვალედ ეხვეწებოდა დირექტორს, ნუ გააგდებთ მსახიობსო, მაგრამ ცოდნით არავინ არაფერი იცოდა.

დაღონებული დირექტორი უკვე იმაზე ფიქრობდა, სხვა გზა აღარა მაქვს, ქალაქის თითოეულ მცხოვრებთან მომიწევს ლაპარაკიო, რომ მის კაბინეტში მოხუცი მებილეთე ქალი შევიდა.

- ცოტა რამ მე ვიცი, შვილო, - უთხრა მოხუცმა ქალმა. - მსახიობმა დამაფიცა, არავისთან მეთქვა, მაგრამ რადგან მისი გაგდება გადაგიწყვეტიათ, უნდა გითხრათ. დიდი ხნის წინათ მან მთხოვა, როცა მე ვთამაშობ, არავითარ შემთხვევაში მაყურებელთა დარბაზში ბავშვი არ შემოუშვაო.

- სულ ეგაა?

- ჰო, და მას შემდეგ ხშირად შემახსენებს ხოლმე თავის თხოვნას.

დირექტორმა მადლობა გადაუხადა მოხუც ქალს.

- ხომ არ გააგდებ, შვილო?

- არა, არაფრის გულისთვის, - უთხრა მტკიცედ დირექტორმა.

მოხუცი მებილეთე ქალი წავიდა.

დირექტორი დაფიქრდა და მერე თქვა:

- ალბათ ახლა მაინც გაირკვევა ყველაფერი.

...და იმავე საღამოს, როდესაც შუა სცენაზე მარტოდმარტო მდგარი მსახიობი ნაღვლიანი ამბობდა მონოლოგს, კულისებიდან პატარა ბიჭუნა გამოვიდა.

ეს დირექტორის შვილი იყო. თვით დირექტორი კი კულისებიდან უთვალთვალებდა სცენას.

ბიჭუნა მსახიობისაკენ გაემართა.

აჰა, მიუახლოვდა რამდენიმე ნაბიჯზე.

და უცებ...

მსახიობი ლამაზ, მწვანეფოთლება ხედ გადაიქცა.

მაყურებლებს ჯერ საგანგებოდ ჩაფიქრებული სცენური ფოკუსი ეგონათ და აქა-იქ ტაშიც დასცხეს.

მაგრამ მერე მიხვდნენ, რომ სასწაული მოხდა მათ თვალწინ და გარინდებულნი მიაჩერდნენ სცენას.

იდგა ხე.

საიდანღაც სიომ დაუბერა და ჩუმი შრიალით აათამაშა ფოთლები...

უყურებდნენ მაყურებლები. იდგა კოხტა ხე სცენის შუაგულში. მას ნელა უვლიდა გარს და შეჰყურებდა პატარა ბიჭი...

ცოტა ხნის შემდეგ კი კულისებიდან თეატრის დირექტორი გამოვიდა.

ერთხანს ისიც უყურებდა მოშრიალე ხეს, მერე კი უნებლიეთ ამოიოხრა და ბიჭუნას უთხრა:

- წამოდი, შვილო, უკვე შენი ძილის დროა.

- როგორ მოხდა, მამი? - ჰკითხა ბიჭუნამ და მამის ხელს ხელი ჩაჰკიდა.

- ეგ ძალიან კარგი მსახიობია, შვილო.

- იცოდა, რომ ეგეთი ხეები მიყვარს?

- ჰო, ალბათ, იცოდა, - უთხრა დირექტორმა, - თუ გინდა, ჩვენც დავრგოთ ეზოში ეგეთი ხეები.

- დავრგოთ, - თქვა ბიჭუნამ და მერე ხეს მიუბრუნდა: - ნახვამდის.

როგორც კი დირექტორი და მისი ბიჭუნა კულისებს მიეფარნენ, ხე ისევ კაცად იქცა.

და თითქოს ვიღაცის ძახილი გაიგესო, მაყურებლები ერთად წამოდგნენ ფეხზე.

მსახიობი ჩუმად მივიდა რამპასთან და თავდახრილი გაჩერდა.

დუმდნენ მაყურებლებიც.

სიჩუმე დირექტორის ხმამ დაარღვია, მას ბავშვი მეუღლისთვის გაეყოლებინა სახლში და დაბრუნებულიყო.

- მაპატიე, თუ ძმა ხარ, შენ არ გინდოდა საიდუმლოს გამჟღავნება, მაგრამ მე ვერ მოვითმინე, რომ არ გამეგო, - უთხრა დირექტორმა მსახიობს.

- ჰო, ადრე არ მინდოდა, მაგრამ ახლა მიხარია, რომ ასე მოხდა და მინდა მადლობა გითხრა.

მსახიობმა ხელი ჩამოართვა დირექტორს. მერე კი ხალხს მიმართა, ახლა დასხედით, ჩემს ამბავს გიამბობთო.

და აი რა უამბო.


. . . . . . .


თურმე როდესაც მსახიობობა დაიწყო, გადაწყვიტა, თუ მინდა კარგად ვითამაშო, ადამიანებს ყურადღებით უნდა დავაკვირდეო.

დადიოდა ქუჩებში და ყველგან, სადაც ხალხი ირეოდა, მაღაზიებში, ბაზრებში, სადგურებში... სწავლობდა, ვის როგორი მიხრა-მოხრა ჰქონდა, სად როგორ ლაპარაკობდნენ, როდის როგორ გამომეტყველებას იღებდნენ.

როცა სიარულით დაიღლებოდა, თავის ფანჯარასთან დაჯდებოდა და საათობით უცქეროდა გამვლელებს...

დადიოდა ქალაქში, სოფელ-სოფელ, მთასა და ბარში.

და მართლაც უკეთ და უკეთ თამაშობდა სცენაზე.

და კიდევ უფრო მეტად აკვირდებოდა ხალხს.

ქვეყნად არასოდეს არავის შეუსწავლია ადამიანების ქცევა ისე კარგად, როგორც მან შეისწავლა.

იცოდა, როგორ იცინიან ჭაბუკები, როცა ცხენზე ამხედრებულები წვიმიან ველზე მიჰქრიან.

იცოდა, როგორ უყურებს ქალიშვილი თავისი ფანჯრის წინ აყვავებულ იასამანს.

იცოდა, როგორ უთრთით ხელები მოხუცებს, როცა შვილიშვილისგან მიღებულ წერილს ხსნიან.

იცოდა, როგორ კრთის ბავშვი, როცა პირველად ჩიტს დაინახავს...

უკვე ყველაფერი იცოდა, რაც უნდა სცოდნოდა.

და თუმცა მიზნად სულაც არ ჰქონია, უცებ აღმოაჩინა, რომ საოცარი უნარი შეიძინა: იმით, თუ ვინ როგორ იდგა, როგორ მიდიოდა ან როგორ იყურებოდა, მსახიობი ხვდებოდა, ვინ რაზე ფიქრობდა.

საზღვარი არ ჰქონდა მის სიხარულს.

ახლა, როცა ადამიანთა ფიქრების გამოცნობაც შეეძლო, ის კიდევ უკეთესი მსახიობი გახდებოდა.

არა, იგი სახელ-დიდებაზე არა ზრუნავდა. უბრალოდ თავისი საქმე უყვარდა და უხაროდა, რომ თავისი თამაშით კიდევ უფრო მეტად ააღელვებდა მაყურებლებს.

...ერთხელ, ზამთრის დილით, ქალაქის ბაღში მიდიოდა მსახიობი.

თოვდა. დიდი ხეები თეთრად გადაპენტილიყვნენ.

არავინ ჩანდა ბაღში.

დათოვლილი ხეივანი რომ გაიარა და შებრუნდა, მსახიობმა დაინახა პატარა ტბის პირას სკამზე ახალგაზრდა ქალი და ექვსიოდე წლის გოგონა ისხდნენ და ტბას უცქეროდნენ.

„გოგონა რაღაც დიდ ჩიტებზე ფიქრობს“, - მიხვდა მსახიობი.

მაგრამ არ გახარებია, რომ მიხვდა.

თუმცა გოგონას სახე არ დაუნახავს, მსახიობმა უცებ იგრძნო, რომ გოგონა დანაღვლიანებული იყო და საშინლად შეეკუმშა გული.

სწორედ ამ დროს გოგონამ ჰკითხა ქალს:

- აქ გედები რომ იყვნენ, რა იქნენ, დედა?

- გაფრინდნენ, შვილო.

დედის ხმაც ნაღვლიანი იყო.

- ყველა გაფრინდა? - ისევ ჰკითხა გოგონამ.

- ჰო, ალბათ ყველა.

- როდის დაბრუნდებიან?

- ზაფხულში.

- ეჰ, ზაფხულამდე იმდენი დროა... - თქვა გოგონამ და ამოიოხრა.

და უცებ მსახიობმა იგრძნო, რომ ძლიერ მოუნდა, ხელები დაექნია ფრთებივით.

დაიქნია რამდენჯერმე, დაიქნია მძლავრად და... აფრინდა.

ტბაზე რომ დაფრინდა, უკვე გედი იყო...

- დედა, დედა, ნახე, გედი მოფრინდა, - დაიძახა გახარებულმა გოგონამ, სკამიდან ჩამოხტა და წყალთან მივიდა.

- ჰო, შვილო, გედია, ნამდვილი გედი, - გახარებული იყო დედაც.

დაცურავდა გედი ტბაზე.

ბავშვი დიდხანს უცქეროდა მას.

ძლივს წაიყვანა დედამ.

ისინი რომ თვალს მიეფარნენ, ტბაში მოცურავე გედი ისევ იქცა კაცად.

ძლივს გამოცურა ნაპირზე.

თავით ფეხამდე სველი იყო. იდგა გაოცებული და ესა თქვა ბოლოს:

- ერიჰა, ეს რა ამბავია ჩემს თავს?

წამოვიდა.

ხეივანში რამდენიმე მოსეირნეს ჩაუარა. მათ იცნეს, გაუკვირდათ, რატომ დასველებულაო, და უთხრეს, ხომ არ გიშველოთო.

- არა, გმადლობთ, ნუ შეწუხდებითო, - უთხრა მსახიობმა და ჩაფიქრებულმა განაგრძო გზა.

მიდიოდა.

და უცებ იგრძნო, რომ კვლავ რაღაც მოუვიდა.

რომ გამოერკვა, ხმა მოესმა.

- ცუგო, ცუგო! - ამბობდა ვიღაც და თავზე უსვამდა ხელს.

აიხედა.

ბიჭუნა დაჰყურებდა.

სამიოდე წლის თუ იქნებოდა ბიჭუნა, მაგრამ ახლა ძალიან დიდი ტანის ჩანდა.

მსახიობმა ფეხებზე დაიხედა და პაწია თათები რომ დაინახა, მიხვდა, ლეკვად ქცეულიყო.

ცუდადაა საქმეო, იფიქრა და მოკურცხლა, რაც შეეძლო. ამაოდ მოსდევდა ბიჭუნა.

ბიჭუნა რომ აღარ ჩანდა, ლეკვი ბუჩქებში შევარდა და იქცა კაცად.

- ერიჰა, - თქვა მეორედ და გაეცინა თავის თავზე.

მთელი დღე იქ იყო.

ფეხებს აბაკუნებდა და ხელებს იქნევდა, რომ გახურებულიყო.

კარგად რომ დაღამდა, კაცმა თქვა, ალბათ, ბავშვებმა უკვე დაიძინესო, გამოვიდა ბუჩქებიდან და წავიდა სახლში.

მივიდა, სასწრაფოდ ჩაი აადუღა, ბლომად დალია და ჩაწვა თბილ ლოგინში.

ძლივს გადაურჩა ფილტვების ანთებას.

მას შემდეგ ემალებოდა ბავშვებს.

მთელი დღეები სახლში იჯდა.

მაგრამ წარმოდგენაზე ხომ უნდა წასულიყო?!

ქუჩები რომ დაცარიელდებოდა, მაშინ ტოვებდა სახლს და ფრთხილად მიდიოდა.

თუმცა თეატრის ახლოს ცხოვრობდა, მაინც ხშირად უძნელდებოდა მისვლა.

ზოგიერთ მშობელს ძილის წინ გასასეირნებლად გამოჰყავდა ბავშვები. შორიდან დაინახავდა თუ არა ბავშვს, მსახიობი გაიქცეოდა და სხვა ქუჩაზე შეუხვევდა, მაგრამ ხშირად ხდებოდა, რომ იქ სხვა ბავშვებს დაინახავდა. იქიდანაც გაიქცეოდა, ახლა სხვა ქუჩაზე შეუხვევდა, დაიმალებოდა, გამოვიდოდა, გაუხვევდა, გამოუხვევდა და ამდენი წვალების მიუხედავად, ხანდახან მაინც გადაეყრებოდა ბავშვს.

და მაშინვე გადაიქცეოდა...

რაღად არ გადაქცეულა...

ლეკვად, სპილოდ, ბეკეკად, ზებრად, ფარშავანგად, ბეღურად, ცხვირგრძელ კლოუნად, ჟირაფად, მერცხლად, ღიპიან მედოლედ, ბულბულად, პატარა ბიჭად, ცინდლად, ბაჭიად და ასე შემდეგ... და ასე შემდეგ...

და იმის მიხედვით, თუ რად გადაიქცეოდა, სხვადასხვაგვარად შველოდა თავს.

თუ მიწაზე მოსიარულე არსებად გადაიქცეოდა, მაშინ სხვა გზა აღარ ჰქონდა, უნდა გაქცეულიყო და სადმე შემალულიყო. ფრინველად გადაქცეული კი ხეზე ან სახლის სახურავზე აფრინდებოდა ხოლმე...

მერე კი, კვლავ კაცად ქცეული, სამალავიდან რომ გამოძვრებოდა ან სახურავიდან ჩამოფოფხდებოდა, მთლად მოსვრილი და დახეული ჰქონდა ტანსაცმელი...

- აი, ასეთია ჩემი ამბავი, - დაასრულა თხრობა მსახიობმა.

მე გავურბოდი ბავშვებს, რადგან ძალიან მიყვარს თეატრი და მათ გამო ათას რამედ გადაქცევა ხელს მიშლიდა ჩემს საქმეში.

დღეს კი, როდესაც ბიჭუნამ თქვა, „მიყვარს ხეებიო“, ის გოგონაც მომაგონდა, ნაღვლიანი რომ ფიქრობდა გედებზე და მივხვდი, ყოველთვის იმად გადავიქცეოდი, რაზეც ოცნებობენ ბავშვები.

და იქნებ მსახიობის ბოლო მიზანიც ესაა, შეძლოს ბავშვის ოცნებად ქცევა.

მინდა დაგემშვიდობოთ როგორც მსახიობი და ამიერიდან სხვაგვარად ვემსახურო ქალაქს...

ამ სიტყვებით მსახიობმა დატოვა სცენა.

მას შემდეგ ასე ცხოვრობდა:

მთელი დღე ფანჯარასთან იჯდა.

ფანჯარაზე თხელი ფარდა ჰქონდა ჩამოშვებული. თვითონ ხედავდა ქუჩას, ქუჩიდან კი ვერ ხედავდნენ.

უყურებდა ქუჩას და როცა რომელიმე ბავშვი მის ფანჯარას გაუსწორდებოდა, მსახიობი იქცეოდა იმად, რაზეც ბავშვი ოცნებობდა.

გაივლიდა ბავშვი და მსახიობი კვლავ კაცად იქცეოდა.

ჩაიწერდა დიდ დავთარში, ეს ბავშვი ამაზე ოცნებობსო, და კვლავ განაგრძობდა ფანჯარაში ცქერას.

საღამოობით კი მასთან მიდიოდნენ მშობლები, იგებდნენ რაზე ოცნებობდნენ მათი ბავშვები.

და უსრულდებოდათ ოცნება ბავშვებს.

ახლა შეიძლება იკითხოთ, იქნება ბავშვი სულაც ოქროს მთებზე ოცნებობდა ან ცაში უნდოდა გაფრენა, მაშინ რაღას იზამდნენ ან ის მსახიობი ან მშობლებიო.

უნდა მოგახსენოთ, რომ ეგეთი ოცნებები ბავშვებს არა აქვთ.

ბავშვები ყოველთვის მეგობარზე ოცნებობენ. იმაზე, ვისთან ერთადაც ითამაშებენ, ვისაც თავის ფიქრებს გაანდობენ.

ყველა ბავშვს სხვადასხვანაირი წარმოუდგენია ის მეგობარი. ზოგს უნდა რომ ლეკვს ეთამაშოს, ზოგს კლოუნთან უნდა მეგობრობა, ზოგს კი უნდა, რომ პაწია ნერგს დასტრიალებდეს თავს.

ხოლო როცა ისეთი მეგობარი გაუჩნდება, როგორზეც ოცნებობდა, ბედნიერია ბავშვი.

დიახ, ბედნიერები იყვნენ ქალაქის ბავშვები.

ავადაც კი აღარ ხდებოდნენ.

როდესაც საოცნებო მეგობარი გვერდით ჰყავს, ვერცერთი ავადმყოფობა ვეღარ ერევა ბავშვს.

ეს იყო ბედნიერი ბავშვების ქალაქი.

კიდევ ის უნდა დავამატოთ, რომ თეატრში სიარული ისევ უყვარდათ მცხოვრებთ.

ისევ მოუთმენლად ელოდნენ წარმოდგენის დღეს.

და ახლა მათ სხვა მსახიობები უძგერებდნენ გულებს.

ლამაზია ქალაქი, რომელშიც თეატრი უყვართ.

მაგრამ მხოლოდ ლამაზი არ იყო ქალაქი.

ახლა ეს იყო ოცნებაახდენილი ბავშვების ქალაქი.

ასეთი ქალაქი კი მშვენიერია.

ცხოვრობდა კაცი.

იგებდა ბავშვების ოცნებებს.

დიდი დრო გავიდა.

მოხუცდა კაცი. და ერთ ღამეს, როცა ყველა მშობელი გაისტუმრა, კაცი მივიდა სარკესთან.

დიდხანს უცქერდა თვალებში თავის ორეულს.

ბოლოს ჩურჩულით თქვა:

- მეც მეკუთვნის ერთი ოცნება.

გაიღიმა.

და აუსრულდა, რაც ინატრა...

შუაღამისას მსახიობის სახლის ფანჯარა გაიღო, აფრიალდა თხელი ფარდის ბოლო და გამჭვირვალე, ცისფერი ყვავილების თაიგული გამოფრინდა ფანჯრიდან.

აფრინდა მაღლა, აელვარდა ფარნების შუქზე და მეზობელი სახლისაკენ გაფრინდა ნელა.

შეფრინდა სახლში.

ცოტა ხნის შემდეგ უკანვე გამოფრინდა და ახლა სხვა სახლისაკენ გაფრინდა...

ასე დაფრინავდა თაიგული ერთი სახლიდან მეორესაკენ და თანდათან აკლდებოდა ყვავილები...

დაფრინავდა...

ილეოდა...

ბოლოს ერთადერთი ყვავილიღა დარჩა.

გაიელვა ფარნების შუქზე და ერთი მარტოხელა მოხუცი ქალის ოთახში შეფრინდა.

მოხუცი ქალი მასწავლებელი იყო. ახლა პირდაპირ მაგიდასთან ჩასძინებოდა ბავშვების რვეულების სწორებით დაღლილს.

ცისფერი ყვავილი მიფრინდა მოხუც ქალთან, ერთხანს ნელა იფრინა მის ირგვლივ, მერე სულ ოდნავ შეეხო ჭაღარა თმაზე, თითქოს მიეფერაო, და მაგიდაზე, მინის ლარნაკში ჩადგმულ დიდ თაიგულს მიემატა.

ასე გაუნაწილა თავისი თავი გამჭვირვალე, ცისფერ თაიგულად ქცეულმა მსახიობმა ქალაქს...

დილით კი...

თუმცა არაფერი უჩვეულო არც დილით და არც მერე არ მომხდარა. ცისფერი ყვავილები დაჭკნენ იმ თაიგულებთან ერთად, რომლებსაც მიემატნენ მოქალაქეთა სახლებში, და იმავე თაიგულებთან ერთად გადაუარეს...

მხოლოდ იმ მოხუცი ქალის ოთახში მოხდა, რაც უნდა მომხდარიყო.

მზემ ოთახი რომ გაანათა, მოხუც ქალს გაეღვიძა.

თავი ასწია და მაშინვე თაიგულს შეხედა.

რაღაც უგრძნო გულმა.

დააკვირდა თაიგულს და...

იცნო ცისფერი ყვავილი...

ძალიან დიდი ხნის წინათ, როცა მოხუცი ქალი პატარა გოგონა იყო, ის ერთ პატარა ბიჭთან მეგობრობდა.

ერთად თამაშობდნენ, ერთად ოცნებობდნენ და საღამოობით კიბის საფეხურზე ჩამომსხდრები და გარინდულები ერთად შესცქეროდნენ დიდ ცას...

იმ პატარა ბიჭს ჰგავდა ცისფერი ყვავილი.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen