კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 16:51

 

შემოდგომის თბილი ღამე იყო.

მთავარი ქუჩის ფერადი ვიტრინების შუქზე ელავდა ნაწვიმარი ქვაფენილი.

ტროტუარზე აქა-იქ ყვითელი ფოთლები ეყარა.

თითო-ოროლა გამვლელიღა ჩანდა ქუჩაში.

საძილედ ემზადებოდა პატარა ქალაქი.

ჩაფიქრებული ლამაზი ქალი მიუყვებოდა ქუჩას.

ეს ქალი ბალერინა იყო.

დღეს მან გადაწყვიტა, უკვე დროა ცეკვას თავი დავანებოო. არა, განა ვეღარ ცეკვავდა. ბალერინას გამოსვლაზე კვლავ დიდხანს უკრავდნენ ტაშს მაყურებლები და კვლავ უამრავი ყვავილი ცვიოდა მის ფერხთით, როცა ცეკვის დამთავრების შემდეგ თავდახრილი იდგა სცენაზე, დაღლილი და ბედნიერი... მაგრამ დღეს მიხვდა ბალერინა, რომ უკეთესად, ვიდრე აქამდე ცეკვავდა, ვეღარ იცეკვებდა. და თუ ამას მიხვდები, თუ მომავალში უფრო კაშკაშას არ ხედავ სცენას და შენს თავს უფრო აღტაცებულად მოცეკვავეს ჯერ არარსებული, მომხიბვლელი მუსიკის ხმაზე, განა ღირს კვლავ სცენაზე გამოსვლა?

არავისთვის უთქვამს, რაც გადაწყვიტა. ხვალ შევატყობინებ თეატრის დირექტორსო, ფიქრობდა. არ სურდა საზეიმო ალიაქოთი, გრძელ-გრძელი საქებარი სიტყვების მოსმენა და დიდი ამბით გაცილება...

მოდიოდა ჩაფიქრებული...

უცებ ბალერინამ შეამჩნია, რომ გამვლელები გაჩერებულიყვნენ და მას უცქეროდნენ.

ჩაიხედა ვიტრინაში და თვითონაც გაოცდა:

ის ფერადი შუქის კონები, სცენაზე რომ დასდევდნენ ხოლმე, გამოპარულიყვნენ თეატრიდან, დასწეოდნენ და ახლაც თავს დასტრიალებდნენ.

გაუხარდა ბალერინას.

იყურებოდა ვიტრინაში...

უცებ გამოცოცხლდა ქუჩა.

გამოეფინენ მცხოვრებლები.

აივნები აივსო ბავშვებით.

ხალხმა იცნო ბალერინა.

იდგნენ მოქალაქენი და მოწიწებით შესცქეროდნენ ფერად შუქთა ციალში გახვეულ ლამაზ ქალს.

ბედნიერი იღიმებოდა ბალერინა.

უცებ მუსიკის ხმა გაისმა.

ვიღაცას აივანზე ვიოლინო გამოეტანა და უკრავდა.

და ბალერინამ ცეკვა დაიწყო.

დაუყვა ქუჩას ცეკვით.

ეცეკვებოდა ტროტუარზე ჩამწკრივებულ ჭადრებს, ვიტრინებში მდგარ ახალ კოსტიუმებში გამოწყობილ მანეკენებს და მთვარეს, ძლივს რომ მოჩანდა ხეთა ტოტებში.

დასტრიალებდნენ ფერადი შუქები.

მისდევდა მუსიკა.

რომელ აივანსაც ჩაუვლიდა, იმ აივანზე აუცილებლად ვინმე გამოჩნდებოდა რაიმე საკრავით, ზოგი ვალტორნას უკრავდა, ზოგი - გიტარას, ზოგი - სალამურს და მანდოლინას, ზოგმა მოახერხა და პიანინოც კი გამოაგორა აივანზე.

ცეკვავდა ბალერინა. თუმცა პალტო ეცვა და ხელჩანთა ეჭირა, ასე მსუბუქად არც სცენაზე უცეკვია როდისმე.

არც ის უშლიდა ხელს, აივანზე გადმომდგარ მუსიკოსთაგან ზოგმა რომ სულაც არ იცოდა, რას ნიშნავს კარგად დაკვრა.

ცეკვავდა ბალერინა. ხალხი მისდევდა უკან. ხანდახან პატარა ბიჭები გაუსწრებდნენ წინ. გაჩერდებოდნენ, შეხედავდნენ და კვლავ გაიქცეოდნენ.

ხან შეანელებდა ნაბიჯს, თავს გვერდზე გადასწევდა და ირწეოდა ხელებგაშლილი. შემდეგ მოსწყდებოდა ადგილს, დატრიალდებოდა და ააფრიალებდა პალტოს კალთებს.

ცეკვავდა ნაზად.

ფეხს არიდებდა ტროტუარზე დაცვენილ ფოთლებს...

დასტრიალებდა შუქის კონები...

ასე ცეკვით ჩაიარა მთელი ქუჩა.

ქუჩის ბოლოში გაჩერდა.

ხალხს მადლობა გადაუხადა.

და წავიდა თავჩაღუნული.

წაჰყვნენ ფერადი შუქები.

ხალხი იდგა და ტაშს უკრავდა...

...ღამით, როდესაც ბალერინამ დაიძინა, შუქები ქალაქში გავიდნენ, დაიფანტნენ და მთელი ღამე დაჰქროდნენ აქეთ-იქით.

ერთი დილამდე წიგნს უნათებდა ვიღაც კაცს, რომელიც ისე გატაცებით კითხულობდა, ვეღარც ამჩნევდა, ლამპის შუშა მთლად რომ გამურულიყო და გასაწმენდი გამხდარიყო.

მეორე შუქის კონა ქურდს დაადგა თავზე, როცა ის სარკეს იპარავდა. იმ სახლში სულ ლამაზი ქალები ცხოვრობდნენ და, თქვენ წარმოიდგინეთ, რა უბედურება დატრიალდებოდა, სარკე რომ წაეღო ქურდს.

მესამე შუქი პატარა ბიჭის ოთახში შესულიყო. ბიჭს სიბნელის ეშინოდა თურმე...

ერთ პოეტს რითმა ეპოვა სიზმარში, გაჰღვიძებოდა და ფანქარს ეძებდა ბნელში: ჩავწერ, დილამდე არ დამავიწყდესო. მეოთხე შუქმა იმას გაუნათა...

ასე იარეს მთელი ღამე შუქებმა აქეთ-იქით...

განთიადისას კი დაბრუნდნენ ბალერინასთან.

იტრიალეს მძინარე ბალერინას ოთახში, რიგრიგობით სხვადასხვაფრად გააშუქეს მისი ბალიშიცა და ძილში ბალიშზე დაცემული ცრემლისგან დარჩენილი ლაქაც და ბნელ სხვენში დაიმალნენ.

ბალერინა ტელეფონის ზარმა გააღვიძა.

- გავიგე, სცენის პროჟექტორების შუქები თქვენ გამოგყვნენ თურმე, - ყვიროდა ყურმილში თეატრის დირექტორი, - როგორ შეიძლება ასე! აი, უკვე რამდენი ხანია ვწვალობთ და არ ინთება პროჟექტორები. სასწრაფოდ დააბრუნეთ შუქები, თორემ, თუ დღეს სპექტაკლი ჩაიშალა, თქვენი ბრალი იქნება!

- ახლავე, ახლავე! - უთხრა ბალერინამ, - ერთ წუთს არ დაკიდოთ ყურმილი.

ბალერინას სულაც არ სურდა, თეატრში სპექტაკლი ჩაშლილიყო, მას ძალიან უყვარდა თეატრი.

მიიხედ-მოიხედა, სად იქნებიანო, და მიხვდა.

ავიდა კიბით სხვენში.

შუქები მაშინვე შემოვიდნენ და მხიარულად აციმციმდნენ.

- მოიცათ, მოიცათ, - უთხრა ბალერინამ შუქებს, - წადით ისევ თეატრში.

მაგრამ შუქები მხიარულად დაქროდნენ სხვენში, ეთამაშებოდნენ ბალერინას.

ბალერინამ იფიქრა, ალბათ სიტყვები არ ესმითო. მივიდა, სარკმელი გამოაღო და იქით გაიშვირა ხელი, საითაც თეატრის მაღალი შენობა მოჩანდა.

შუქები გაჩერდნენ და აღარ იძვროდნენ.

ბალერინამ უყურა მათ, მერე ცელქ ბავშვებს რომ ხუმრობით დაემუქრებიან, თითი ისე დაუქნია და ჩამოვიდა სხვენიდან.

აიღო ყურმილი და უთხრა დირექტორს:

- რა ვქნა, არ მოდიან, ბატონო დირექტორო.

დირექტორმა დაიღმუვლა ყურმილში, ალბათ სიმწრით მუშტზე თუ იკბინა.

- ახლავე მანქანას გამოგიგზავნით და თვითონ მოიტანეთ და თუ გინდათ მოიყვანეთ ეგ შუქები თეატრში, - ბრძანა მან. - მეც წამოვალ! - დაუმატა ბოლოს.

მანქანაც მალე მოგრიალდა. დირექტორმა ყველა სარკმელზე ფარდები ჩამოაფარებინა, რომ დარწმუნებულიყო, მართლა მიმყავს შუქებიო.

ჩაჯდა ბალერინა მანქანაში.

ისხდნენ, ელოდნენ, მაგრამ არ მოვიდნენ შუქები.

ბოლოს დირექტორი გაცეცხლდა, სად იმალებიანო, ჰკითხა ბალერინას. ბალერინამ სხვენზე ასასვლელ კიბესთან მიიყვანა. ავიდა სხვენში დირექტორი, დაიწყო ლანძღვა-გინება, წამოდით ახლავეო, რომ ვერაფერი შეასმინა, სულ გადაირია. გამოუდგა შუქებს, მათი დაჭერა სურდა, მაგრამ, აბა, შუქს როგორ დაიჭერდა. იმათ დევნაში რამდენიმე კოპი დააჯდა თავზე და სულ მტვერში ამოიგანგლა.

ჩაიქნია ხელი, ჯანდაბას თქვენი თავიო.

ჩამოვიდა სხვენიდან, ბალერინას უთხრა, თეატრში ნუღარ მოხვალთო, და ჩაჯდა მანქანაში.

მიიჯახუნა კარი.

წავიდა დირექტორი...

იმავე დღეს ახალი პროჟექტორი დააყენებინა თურმე, მაგრამ არც იმ პროჟექტორებმა გაანათეს.

აღარ იცოდა რა ექნა, იჯდა თავის კაბინეტში და ფიქრობდა, ვისთან ვუჩივლო ბალერინასო.

ღამით კვლავ ქალაქში გავიდნენ შუქები.

კვლავ დადიოდნენ მთელი ღამე...

და დილით, სხვენში რომ ავიდა, ბალერინამ ნახა, შესამჩნევად შემცირებულიყვნენ შუქები...

დრო მიდიოდა.

საღამოს, დაბნელდებოდა თუ არა, შუქები ჩამოდიოდნენ სხვენიდან, ჯერ თავს დასტრიალებდნენ ბალერინას, შემდეგ კი მის გასართობად ულამაზეს ფერთატრიალს ჰქმნიდნენ ოთახის კედლებზე.

დაწვებოდა დასაძინებლად ბალერინა და გავიდოდნენ შუქები ქალაქში...

ბრუნდებოდნენ განთიადისას.

ილეოდნენ თანდათან.

ბალერინამ აღარ იცოდა, რა ექნა.

ამას ფიქრობდა, ვაითუ სამუდამოდ სიბნელე დარჩეს სცენაზე და დაიხუროს თეატრიო. და ერთ საღამოს გადაწყვიტა, სხვა გზა აღარააო.

დაელოდა და, როცა შუქები ჩამოვიდნენ სხვენიდან, ნახა, ხელისგულისოდენებიღა დარჩენილიყვნენ. ბალერინამ ტანთ თავისი სიფრიფანა, გაფშეკილი მოკლე კაბა ჩაიცვა, ფეხებზე პუანტები მოირგო და დადგა სარკის წინ.

დაიწყო ცეკვა.

თითქოს გამხიარულდნენ შუქები. ფერადი გვირგვინივით დაადგნენ თავზე და ცეკვავდნენ ბალერინასთან ერთად.

ცეკვავდა ბალერინა ერთხანს.

და უცებ დაეშვა სკამზე.

ხელებში ჩარგო თავი და ატირდა: ვეღარასოდეს იცეკვებდა სცენაზე...

ტიროდა ბალერინა და უცებ რაღაცამ გამოაფხიზლა.

გაიხედა ფანჯარაში და დაინახა: ფანჯრის წინ, ეზოში, გოგონა ცეკვავდა.

თვალები დაეხუჭა გოგონას და ვერ ხედავდა, რომ პატარ-პატარა ფერადი შუქები დასტრიალებდნენ თავზე.

უცქეროდა ბალერინა. ლამაზად ცეკვავდა გოგონა.

ახლა მოაგონდა ბალერინას, რომ ადრე, როცა საღამო სინათლეს აანთებდა და სარკის წინ ვარჯიშობდა, რაღაც ჩუმი ხმაური ესმოდა ხოლმე გარედან.

„თურმე ეს გოგონა აპაკუნებდა ფეხებს, მე მბაძავდაო“, - იფიქრა ბალერინამ.

და შეიმშრალა ცრემლები.

გოგონა კვლავ ცეკვავდა...

ალბათ ყველასათვის ცხადია, როგორ დამთავრდა ამბავი.

მეორე დღეს კვლავ ხალხით აივსო თეატრი.

დანიშნულ დროს გაიხსნა ფარდა და ჩაბნელებულ სცენაზე პატარა გოგონა შემოვიდა. თავზე გვირგვინივით ედგა ფერადი შუქების ფთილები.

გაისმა მუსიკის ხმა.

დაიწყო გოგონამ ცეკვა...

და უცებ აინთო სცენა.

ცეკვავდა გოგონა.

უცქეროდნენ მაყურებლები.

გოგონას ცეკვით მოხიბლულნი ბალერინა და თეატრის დირექტორი ვერ ამჩნევდნენ, რომ კულისებიდან გამოსულიყვნენ. და როცა გოგონამ ცეკვა დაამთავრა და ხალხმა ტაშის გრიალი ატეხა, ყველამ დაინახა, როგორ მიუბრუნდა დირექტორი ბალერინას, ბოდიში მოუხადა, რა სისულელეები ჩავიდინეო, და ხელზე აკოცა მოწიწებით...

კვლავ ყოველ ღამით დადიან შუქები ქალაქში.

კეთილ საქმეებს სჩადიან და იხარჯებიან.

მაგრამ მეორე დღეს იცეკვებს გოგონა და კვლავ მძლავრდება სცენაზე შუქი.

ხოლო სპექტაკლი რომ დამთავრდება, ბალერინა და გოგონა ერთად გამოდიან თეატრიდან.

ერთად გაივლიან მთავარ ქუჩაზე და მიჰყვებათ ფერადი შუქები.

უცქერიან გამვლელები.

გოგონა აუცილებლად მიაცილებს ბალერინას სახლში. მთავარ ქუჩაზე მარტო არ გაუშვებს არასოდეს. ეშინია, ვაითუ ცალ-ცალკე რომ წავიდეთ, შუქები მე გამომყვნენ და ბალერინას გული ეტკინოსო.

ბალერინა ხვდება გოგონას ეშმაკობას და უხარია.

„კეთილი აქვს გული, მისი ცეკვა ყოველთვის გაახარებს ადამიანებს“, - ფიქრობს ბალერინა.

იძინებს მშვიდად.

და ნათელ სცენას ხედავს სიზმრად...

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen