კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 08:30

 

1902 წელი

 

„ვინც რა უნდა თქვასო, წისქვილმა კი ფქვასო“. ქართველმა მეფელეტონემ და კორესპონდენტმა ეს ანდაზა კარგად უნდა დაიხსომოს, ღრმად ჩაიჭდიოს, ჩაინერგოს გულში, თორემ გაჭირდა საქმე: თუ სადმე რამე ნაკლი ჰნახე სოფლად, დაბად, ან ავი ხმა გესმა, უნდა თვალი მოარიდო და ყურიც მოიყრუო; უნდა ხმაკრინტი არ დასძრა. იტყვი და, ვაი შენი ბრალი მაშინ!.. ვისაც უფრო ბუმბულიანი ცხვირი აქვს, უწინარეს ყოველთა და ყოვლისა, ის გაატანს წყალსა და ღვარს შენს ნათქვამ-ნაწერს. რით და როგორ? დაგაბრალებს პირადობას, მორჩა და გადავდა. შეიძლება გულუბრყვილო მკითხველი კიდევაც დაითანხმოს, ჩაითრიოს.

იმასაც აღარავინ კითხულობს: განა არ იქნება კაცს კაცთან პირადობა ჰქონდეს და სწორედ ამ აღძრულის პირადობის წყალობით, შეფერებულად. ღირსეულად ჰკიცხავდეს მას, ვისთანაც წყალი ამღვრევია, - მხოლოდ დღესღა ჰბედავდეს მის ცოდვების გამოაშკარავებას? არ არის ეს პატიოსნება, არ არის კაი საქციელი, მაგრამ ცხოვრებაში კი უფრო ხშირად ასე ხდება: უფროსის ცოდ- ვებს მისი ხელქვეითი, მოსამსახურე მხოლოდ მაშინ გამოააშკარავებს, როცა უფროსი მას ადგილიდგან ითხოვს. მასთან აღარავითარი დამოკიდებულება აქვს. ნამეტნავად ჩვენში, ქართველებში, უფრო მოსალოდნელია ამისთანა ხრიკი: ჩვენ პურ-მარილისა დიდი თაყვანისმცემელნი ვართ და ადვილად ვერ გავიმეტებთ ჩვენს პატივისმცემელს, ჩვენს მეპურმარილეს, თუნდა ცოდვებსაც ვატყობდეთ, გავაბიაბრუოთ, ვიდრე ჩვენ პირადად არ გვაწყენინებს, არ გაგვამწარებს, ხოლო მაშინ კი... დიაღ, აღიხმიან ბაგენი და წარმოსდინდებიან სიტყვანი არ არის კარგი, არა! ავის კაცის პურ-მარილიც მოსარიდელია და ცნობა-მეგობრობაც. „გამარჯვებაც“-კი არაა მისი საჭირო!..

ასეა თუ ისე, ჩვენ სიმართლეს მაინც ნუ ვუღალატებთ, სიმართლეც ვთქვათ, ცილს მოვერიდოთ, გადაჭარბებას, ჭირი გამოვააშკარავოთ, რადგან დაფარული, დამალული ჭირი უფრო მავნებელია, ვიდრე ნათქვამი და გამოცხადებული. ექიმი მხოლოდ გაგებულს, გამოცნობილს სნეულებას უშველის შესაფერის წამლების მეოხებით.

„კაცმა ჭირი მალა, ჭირმა თავი არ დამალაო“ ნათქვამია და როცა იქამდე მივა საქმე, რომ ჭირი თავის თავს გამოაჩენს, მაშინ ექიმის მეცადინეობა, ცოტა არ იყოს, დაგვიანებულია.

მაშ დავიწყოთ და ვთქვათ, თქმა ადვილია, ხოლო ქმნა ძნელი. ჩვენს მხარეს, სხვათა შორის, ერთი ჭირი სჭირს და ამ ჭირით მარტო ჩვენ არა ვართ დაავადებულნი, არამედ ჩვენის ქვეყნის სხვადასხვა კუთხეებიც. ეს ჭირი სამიკიტნოების გამრავლება გახლავთ. საცა ოთხი-ხუთი კომლი სადმე სჩხირია, იქვე საყელში უსათუოდ დუქანია დასკუპებული. აზრი და მიზანი მედუქნისა ყველასათვის აშკარაა; უნდა სწოვოს დუქანმა სისხლი და ტვინი ოჯახებისა, - თვით გასუქდეს, ოჯახის მაცოცხლებელის ძალით თვით შეიმოსოს, იმისი ქონი თავად მოიკრას, ხოლო ოჯახს კი. თუ წყალი და ღვარი წაიღებს, ამაზე დუქანი თავს არ აიტკივებს. დუქანი ოჯახის მეტოქეა და მერე როგორი! - მეტად შეუწყნარებელი, მეტად დაუზავებელი, მეტად უღმერთო და თავმოყვარე. დუქნის დაუცხრომელი წადილია ოჯახის ნანგრევებზე თავის დიდება აღმართოს, თავისი ბაირაღი ააფრიალოს. ან რა ძნელი გაგება ამას უნდა?! იმიტომ ხომ არ იღებს მედუქნე დუქანს სოფელში, სოფელი ავაშენოო. ასეთი გიჟი მედუქნე სად თქმულა. სად გაგონილა?

ხალხიცა ჰგრძნობს ამას, ხოლო ერშიაც მოიპოვებიან ისეთნი დუქანს მოწყალე თვალით რომ უცქერიან. ესეც ზოგიერთი ჩვეულების ბრალია: რომ მომიკვდეს ვინმე, სად წავიდე? ისე უცბად საით ვიშოვნო სასმელი და საჭირო სანოვაგეო? ამას ფიქრობს ზოგიერთი გლეხკაცი და იმას კი აღარ - რომ მარტო მკვდრები გვახსოვდეს და ცოცხლები დავივიწყოთ; მაშინ ცოცხალიც ძალა უნებურად უნდა მკვდრებს გამოუდგეს უკან.

მკვდრების ხსოვნა და პატივისცემა კარგი საქმეა, ხოლო ეს პატივისცემა იმ ზომამდე არ უნდა მოვიყვანოთ, ცოცხლები იმათ მსხვერპლად შევეწიროთ, - ეს უფრო დიდი უგუნურება იქნება ჩვენი.

მკვდრების გულისათვის მიკიტნების ყოლა და დუქნების ქონა. ცოცხლების ცოცხლად დამარხვას მომაგონებს, თვით სიცოცხლის და ერის არსებობის მტრობას, რასაც არც ერთი ჭკვათამყოფელი. ადამიანი არ იკისრებს, არც იკადრებს...

ეს მესამე თვე მიდის, რომ სამიკიტნოები დაკეტილად ითვლება, რადგან არავინ იმათ მოწმობას არ აძლევს, რათა „პატენტები“ აიღონ და თავისებურად ვაჭრობა გააჩაღონ. მაგრამ მედუქნენი მაინც თავისას არ მლიან და ჩუმ-ჩუმად ისევ ვაჭრობენ. ამას, ვგონებ, უნდა ყურადღება მიაქციონ იმათ, ვისიც ვალია.

ასე, დღეს ჩვენის მხრის მედუქნენი ძალიან დაფიქრებულნი არიან და დეპუტაციას ხან თბილისს ჰგზავნიან, ხან თელავს, ხან კიდევ დუშეთს იმის შესატყობლად ამოგვიბრწყინდა თუ არა ჩვენი ბედის ვარსკვლავიო. თუ არ ამობრწყინებულა, ეგები დააჩქაროთ, რომ ჩქარა ამოვიდეს და გაანათლოს ჩვენი გული და გონებაო.

ბჭობითაც ამგვარად ბჭობენ:

- ვა, განა ჰალა-ალაა, ეს ამოტონა დოვლათის პატრონი ხალხი, ამტელი მოვაჭრე ასე უცბად გააფუჭონ?

- ახში არ იქნება, ჩვენი საქმე დოხტში არ მოვიდეს, - უპასუხებს მას არუთინა. - ჩვენ რა? შენ ნახე ქალაქში რა ბობოლები სხედან და! ვინ იცის, იმათი ქაღალდებმა სენოტებს ელეთმელეთი მოჰგვარონ! ერთიც აღა მელქუას ნახე და! პირდაპირ პეტერბურღში ეცემოდა... შენ ნახე, რა ოინი იქნება...

ასე მსჯელობენ და იმედოვნებენ ჩვენნი მტერ-მოყვარენი, და თუ ერთი ოთხს წელს - მეტს არ ვიტყვი - ასე გაგრძელდა მათი ყოფამდგომარეობა, ვგონებ, რომ შემდეგ ამ სიმღერას დაიძახებენ:


სანამ გვქონდა დუქნებიო,

ბევრი გვქონდა ფულებიო:

ღაბაბი გაფუებული

და ფაშვებიც მსუქნებიო;

ხმელს ლუკმას როდი ვკადრობდით,

ვჭამეთ მოხრაკულებიო;

მრავალჟამიერ ვიძახეთ,

თან ჩავკარით ბუქნებიო;

გული მოლხენითა გვქონდა,

მოსვენებით მუხლებიო.

ჩუსტებს ვიღა იკადრებდა.

ფეხზე გვეცვა „ტუფლებიო“,

ყოფნა უზრუნველი გვქონდა,

ყველაფერი უკლებიო.

ვერ უყურებთ ჩარხის ბრუნვას,

დაგვიკეტეს დუქნებიო,

ამ ბოლო დროს რა ვნახეთო!?.

გაგვითავდა ფულებიო,

ერთი მარტო ეს გვაკლია

თავში დაგვცხონ ცულებიო, -

მარწუხები მოიტანონ,

ამოგვხადონ სულებიო,

ასე რისთვის გვეპყრობიან,

ხომ არა ვართ თულებიო?!

ნეტა კიდევ დიდხანს ვივლით

დავთრებ-დაკარგულებიო?!


რა თქმა უნდა, ეს ჩვენი გამამდიდრებელნი და გამანათლებენი ყოველს ღონისძიებას ხმარობენ, ლუკმა ხელიდგან არ გაუშვან. წინდაწინ რომ ჩვენ ხეობებს შემოეხიზნენ, კუდალა, ქეცით გამოხრულის ვირებით მოიტანეს საქონელი და იცით მერე რა საქონელი? ძაღა, კევი, ახალფერი, ლილა, ღილი, მძივი და სხვადასხვა. და დღეს, თვითოეულმა მათგანმა, ოროლ-სამ-სამი დუქანი წამოჭიმა. მოდით, ამის მნახველმა თქვი: ვაჭრობაში ხეირი არ არისო! მოდი და იფიქრე, რომ ვაჭრებმა ჩვენიდგან კი არ შეიძინეს სიმდიდრე, არამედ ციდგან ჩამოუვარდათ მზამზარეულადაო.

ხომ მოგეხსენებათ, თუ კაცმა ერთს რომელსამე საქმეში გაიმარჯვა. შემდეგისთვის უფრო გახალისდება, გამხნევდება. ჩვენებურმა მედუქნეებმაც რაკი ერთხელდაერთხელ ხეირი ნახეს, მოუხშირეს დუქნების გაღებას; მართლაც, განა, ცოტა სარფას აძლევს აქაური მატყლი, ერბო და ყველი, სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ? ჩაიგდეს ხელში ორივე ხეობა, ივრისა და არაგვისა, დაადგნენ ბოლოდან და მისდევენ ზევით და ზევით სათავეებისაკენ. როგორ გგონიათ? დღეს ხევსურეთშიაც კი შეგხვდებათ დუქანი. იქ სადაც დღემდე მხოლოდ არაგვი სჩქეფდა და მის ჩქეფას ჯიხვი უგდებდა ყურს, დღეს იქ „ჩოთკის“ მარცვლების წკაპაწკუპი გაისმის... განათლება გახლავთ!

ფშავლები ხომ განათლდნენ: ლამის შინ ნაკეთები შალის ჯუბა გადავარდეს და მისი ალაგი მარტო ჩით-ქიშმირ-ბამბაზიების კაბებმა დაიჭიროს.

დღეს მხოლოდ ხევსურეთია მტკიცედ ძველს წესზე: ხევსურს ვერც კაცს, ვერც დედაკაცს ვერ იპოვით დღეს, რომ შინ მომზადებული შალის ტანისამოსი არ ეცვას; და თუ ხევსურებმაც თავიანთ „ტალავარი“ ნაყიდ ფარჩისაზე გაცვალეს, მაშინ ყოვლად შეუძლებელია ხევსურეთში ხევსურეთის არსებობა. ზოგიერთი რუსის მწიგნობარნი იმ აზრისანიც არიან, რომ ჩარჩ-ვაჭრების სიარული და ვაჭრობა მიყრუებულ ადგილებში სასარგებლოა, რადგან იმათ საბნელოში განათლების სხივი შეაქვთო. იქნება ეს ასეც იყოს, მაგრამ მაგარი ის არის, რომ თვით ჩვენი ჩარჩ-ვაჭრები რომ არ არიან განათლებულნი, რის განათლებაა, რის მაქნისი, რაში გამოსადეგი ჯიბეში ფულს მითავებდეს, ვარცლში პურს, თავში - ჭკუას?!

 

1901 წელი

 

უკაცრავად რომ ჩემს ფელეტონს არ გავუკეთე ნუსხა შინაარსისა ჩვენებური მეფელეტონეების დაგვარად: მე ქართველი კაცი ვარ და მინდა ქართული ფელეტონები ვწერო შინაარსითა და ფერითა, ვგრძნობრა, რომ ხელს არ მომცემს ევროპიელ მეფელეტონეთა მიბაძვა. არა, რა ჭკუაა, ერთი თქვენვე მიბრძანეთ, ჩვენ ქალბატონებს ე. ი. „ბარიშნებს“, ვაგლეჯ-ვაწეწინო ჩემი ფელეტონი და მხოლოდ ის ვაკითხო, რაც იმათ მოსწონთ და იამებათ, დანარჩენი ნაწილი კი გაიტანონ და სანაგვეზე გადაუძახონ?! ჩემი თანამოკალმენი თუ წაწყმინდა წახედულობამ, მე არ წავეწყმედინები, იცოდეთ: ჟულაკა გოგოჭურმა, რის ვაი-ნაჩრობით, წელიწადში უნდა ერთი-ორი ფელეტონი გამოვაცხო, იქიდან უნდა ოციოდე სტრიქონი წაკითხულ იქმნას და დანარჩენმა ექვსასმა ჩაილულის წყალი დალიოს?! არა და იცი, რად არა? - ქართველმა მეგაზეთემ უნდა უწყოდეს კარგად, და ჭეშმარიტებით, რომ იგი თავის მკითხველს ასწავლის საზრიანობას კი არა მარტო, კითხვასაც; კითხვა კიდევ, კარგად მოგეხსენებათ, კითხვით, ბევრის კითხვით, თვალთა მხედველობის ვარჯიშობით შეიძინების. მე ამ აზრით უარმიყვია ის წყეული ნუსხა სამუდამოდ, ამისთვის არც ბოდიშს ვითხოვ და თქვენ თუ გნებავთ, თუნდ მეტიჩრობაში ჩამომართვით, არც მაგას ვინაღვლებ. საბოდიშო, ეს კი არა და, თუ მკითხავთ, უფრო ის არის - საფელეტონე მასალა აუარებელი გვაქვს, ხოლო მეგაზეთენი ვსდუმვართ და არაფერს ვამბობთ, არც არაფერსა ვწერთ. დაგვიშვია მხრები, ჩაგვვარდნია მუცელში ენა; რა ვუყოთ, ზოგჯერ თუ თქმით, დაშავდების, ზოგჯერ ხომ თქმა სჯობს უთქმელობას, - ეს მცნებაც დავივიწყეთ…

დიაღ, თიანეთის ცხოვრება ბევრს საგაზეთო მასალას იძლევა, ნუ იფიქრებთ ამას ავაზაკობაზე, ყაჩაღობაზე ვამბობდე. ამ მხრივ თიანეთს მთელს კავკასიაში ვერც ერთი მაზრა ვერ დააყვედრებს ვერაფერს: თიანეთისთანა მშვიდობიანს ერთს სხვა მაზრას ვერ იპოვნით ვერსად. შეგიძლიანთ ჩემი ნათქვამი სტატისტიკური ცნობებით შეამოწმოთ, ხოლო „სტრაჟნიკები! ჩვენს მაზრასაცა ჰყავს სახელის გულისათვის, თორემ იმათვე რომ ჰკითხოთ, გიპასუხებენ: არ ვიცით, აქ რისთვისა ვართო. არიან, ასე რომ ვსთქვათ, ვინიცობის გულისათვის… წვრილმანი ქურდობა ჩვენშიცა ხდება, ხოლო ყაჩაღობის იმ სახით, როგორსაც ვხედავთ იმერეთში, ბორჩალოში, კახეთში და სხვ. აქ არავინ არის მომსწრე. ამ წინა წლებში ერთხანად ფშავ-ხევსურეთში ცხენების ქურდობას ხელი მიჰყვეს ქისტებმა, მაგრამ ძალიან ძვირად დაუჯდათ მათ ეს ცდა - ერთს ზაფხულს თორმეტამდე ავაზაკი გამოასალმეს წუთისოფელს ფშავ-ხევსურთა თოფების ტყვიებმა. ეს ასეც უნდა მომხდარიყო და ასეც მოხდება მუდამ, რადგან სტრატეგიული პირობები ხელს არ უწყობენ ავაზაკობამ მთაში ფესვები გაიდგას და ნიადაგი გაიმკვიდროს. თვით ხალხიც ასე ჰხსნის ამ გარემოებას. ერთი ხალხური ლექსი, რომელსაც აქვე მოვიყვან, პირდაპირ ამბობს, რომ „სახირხლიანი“, ე. ი. ოღრო-ჩოღრო გზა, ვიწრო გასავლები, სახეირო პირობა არაა ყაჩაღობისათვის.


ჯარეგით მოდის ქისტები,

საგძალ ჩაიდვეს ზიარი,

საკანტალაოდ მოდიან,

გზა გადმოლახეს ცვრიანი,

ზენა-მხრით ცხენებ მაუდის,

ჰგონავის ოხერ-ტიალი.

ნუ წახვალთ ხევსურეთზედა,

გზა გაქვისთ სახირხლიანი!

წახვალთ, მშვიდობით ვერ ილით,

ხატი ჰყავ ნაწილიანი;

გიორგი ხახმატის ჯვარი

ამომავალი მზე არი.

ხახმატში „გრანიცაი“ დგა

აბულეთ სალი კლდე არი,

ველკეთილ შამაიარეს

ღამეა განა დღე არი.

ხმა გატყდა ბისო-ხახმატსა,

ჩახმახებს უდგა წკრიალი.

გამოდით ხახმატელებო,

აბა, ვინა ხართ ხმლიანი?!

ზემოთ აბულეთ მეექცა

მანძილაია რქიანი,

თოფ დაჰკრა ომაიშვილსა,

სისხლს გადმააქვის შრიალი;

ამხანიგ გამოჰქცევია,

ქისტის ქალ გარბის თმიანი,

სად მიხვალ, ქისტის გოგოო,

ამხანიგ დაგრჩა ტიალი,

რაღაც რომ აბულეთი ხარ,

ღვთისაგან ნაწილიანი:

ჩოხან დახვრიტნა შვიდადა,

ხორცს არ ებმიან ტყვიანი,

წასდგები სამართალჩია

მარჯვენას მხარზე ჯვრიანი,

„პენციას“ გაგიმწესებენ,

„ნაჩალიკი“ გვყავ ჭკვიანი;

მუდამად გაგემარჯვება

მუდამამცა ხარ ხმლიანი!

 

ახალი ბოქაულიც კარგი შეგვხვდა: წელს არა ყოფილა მაგალითი, დაკარგულიყოს რამ ჩვენს ხეობაზე; ჯერჯერობით იგი ფხიზლად, სინდისიერად ეპყრობა თავის მოვალეობას და შემდეგშიაც იმედი გვაქვს, ასევე მოიქცეს… მაგრამ…

 

* * * * * * *

 

მაგრამ იცით, რა არის მაგარი - ჯანი და სულიც წაჰსვლია ყაჩაღობას და მაგისთანა რამეებს: ათისა და ოცის კაცის ავაზაკობა ისე ვერ დააზიანებს ერის ცხოვრებას, როგორც სხვაგვარი ავაზაკობა ათასისა და ორი ათასისა, - პირველთ ადვილად ვიშორებთ თავიდან, ავაზაკებს ვეძახით, ვსდევნით, როგორც ცოფიანს ძაღლებს, ვეტევებით თოფითა და ხმლით, მოსაკლავად არა ვზოგავთ, ხოლო მეორე ჯურის ავაზაკებს ვძმობილობთ და ვემოყვრებით. ჯანი და სული წაუვიდეს აგრეთვე იმას, რომ ღამე თიანეთი განათებული არ არის, აგრეთვე იმ გარემოებას, რომ საშინელი უსუფთაობაა თვით „უპრავლენიის“ გალავანში, ესრედ წოდებულს „საპატიმროში“, გროვა მოიპოვება უსუფთაობისა, გარემო თვისსა განაბნევს საყნოსველად თვით იქ მოსამსახურე მოხელეთა - სუნსა, ესრედ წოდებულის ნეხვისასა. ესრეთ უსუფთაობის პოლიცია გარეშე სოფლებში ვერ მოითმენდა და აქ კი ითმენს, არ ვიცი თუ რა მიზეზი უნდა იყოს?!.

ჯანი და სული წაუვიდეს აგრეთვე იმ მოვლენას ჩვენს ბედკრულს თიანეთსა შინა, რომ ბოგირები ჩაფუშულ-ჩანგრეულია და თიანეთიდან მიმდინარს კახეთის გზებზე კი დარაკრაკებული, გავარვარებულ-გაწკეპილები, აქაც რაიმე ერთი მიზეზი უნდა იყოს, რომელიც არ უწყის საცოდავმა ჟულაკა გოგოჭურმა…

ჯანი და სული წაუვიდეს, ვიტყვი ამასვე, ერთის სიტყვით, ქუჩების გაუნათებლობის, უსუფთაობის, ჩანგრეულ ბოგირებს და სხვა მაგისთანებს. ნეტავი თქვენის სიცოცხლით ადამიანების გული და გონება არ იყოს ჩანგრეული და გაჭუჭყნილი. პირველი საქმის მოვლა და მოწესრიგება ადვილი საქმეა, თუ კი მოინდომებს ის, ვისიც ჯერ არს, ხოლო მეორისა ძალიან გაძნელდება და აღარ იცის კაცმა, საით და როგორ უშველოს საქმეს. რად გინდათ იმისი განმარტება, თუ რა არის, ვინ არის გულ-გონებაჩანგრეული ადამიანი? ვიტყვი მხოლოდ იმას, ამისთანა ადამიანებზე ცხონებული პაპაჩემი ბანჯურა გოგოჭური იტყოდა: „ახ რა ტყუილად ჰაერს აფუჭებენო!“ ერთხელ, თუ არა ვცდები, ჩემს ბალღობაში, ვგონებ, ცელქამა ჰკითხა: „ბიჭო, ბანჯურავ, ე?“ - „რა იყო, ძმაო?“ - „შენ რად იცი ეგ ზოგებისად, როგორ თუ ჰაერს აფუჭებენ?“ - „როგორ თუ რადა?“ უპასუხა პაპაჩემმა; - „შე რეგვენო, ეგეც არ გესმის. კაცი დაჰბერებულხარ, შენ სხვა რა უნდა გაიგო!“ - „არა მაინც, თუ ღმერთი გწამს!“ - ჩააცივდა ცელქა. - „გეტყვი! ჩვენ სული ხო ღმერთმა ჩაგვიდგა, მაგრამ ეს ჰაერი, რო ვისუნთქავთ, ესეც მეორე სულია: თუ არ შავისუნთქეთ, დავიხჩვებით, როგორც წყალში თევზებია, ისე ჩვენ ჰაერში ადამიანები; ამურღვებული, აყროლებული წყალი ჰჟლეტს თევზებს, ეს ხო იცი, აშმორებული ჰაერიც ჩვენთვის ისეთივ არი. ერთხელ მე კალმახები დავიჭირე ერთს ღამეს. წყალში ჩავსხი ქობში, მეორე დღეს ვნახე დახოცილიყვნენ. მამასჩემმა მითხრა ბევრი წყალი უნდა ჩაგესხა, ან წყალი უნდა მალევ გამოგეცვალა, არ დაიხოცებოდენო. მერმე კიდევ დავიჭირე თევზები, ჩავსხი იმავ ქობში, ვცვალე წყალი და მთელს ერთ კვირას უჭმელები ცოცხლები იყვნენ. კიდევაც იცოცხლებდენ, რო მუცელს არ წავეძლიე და არ დამეშეშხა. უხეირო კაცის ამონასუნთქს კაი კაცი ჩაისუნთქავს და რადა, ჰაერი რად დაიხარჯოს უხეირო ადამიანზედაო!?“

- „ჰოო, მივხვდი, გავიგე“, სთქვა ცელქამ და მადიანად გადიხარხარა. „მაშ ვინღა არის ღირსი, რომ ჰაერი სუნთქოს და იცოცხლოს?“ - „ღირსი ვინ არი სიცოცხლისაო? ისა, ვინც თავისთვინაც არის და სხვისთვინაც, ვისაც საბოლოვო ესმის და აკეთებს საშვილიშვილო საქმეს“. ამ თიანეთის ინტელიგენციას რომ პაპიჩემის თვალით შევხედოთ, მისნი საქმენი ავწონ-დავწონოთ მოხუცებულის სასწვრით, სწორედ იმ ცხონებული კაცის სიტყვებს გავიმეორებთ, ზოგიერთებზე რომ იტყოდა. მართალია, ძველთაგან არის ეს ნათქვამი და ვგონებ კი, რომ ახალი დროების ნაყოფი უნდა იყოს, ჯერ თავო და თავო, მერე ცოლო და შვილოვო - მცნება, რომელსაც აქაური ინტელიგენცია მისდევს, თუმცა ძალიან მოტყუებულია იგი და ვერ შეუგნია, რომ ეს მოძღვრება დღეს ჩვენ გარექცევ უნდა გვესმოდეს, ვფიქრობდეთ და ვამბობდეთ ამას: ჯერ ქვეყანავ, მერე თავო და ცოლო და შვილოვო. რათა და მათა, თუ ქვეყანა და საქვეყნო საქმე დაიღუპა, მაშინ დიდი, პატარა, მდიდარი და ღარიბი ერთს ხიდზე გაივლის, ყველა დაღუპულია…

რა ინტელიგენცია უნდა ვუწოდოთ იმ ქართველთა, ან რა საშვილიშვილო საქმე მოვთხოვოთ, რომელთაც ხელში ერთს ქართულს წიგნს თუ გაზეთს ვერ უპოვნით? ან შვილებმა ამგვარ მშობელთაგან რა ზნეობრივი მაგალითი უნდა მიიღონ? გადასინჯეთ, ბატონებო, ხელის მომწერთა დავთრები და იქნება ჩემი გასამტყუვნები რამ აღმოგიჩნდესთ. ქართველი ინტელიგენტისათვის ნუთუ სირცხვილი არ არის, ვიღაც უბირი ტეტია, მეღორე, თუ მეცხვარე, ფარაჯაში და ტყაპუჭებში გამოხვეული, ყიდულობდეს ქართულ წიგნს და პალტოიან-პიჯაკიან-პენსნებიანი კი ტუჩაფშრუკვით უყურებდეს ქართულს მწიგნობრობას!..

ვითომ წიგნთსაცავი და სამკითხველოიც დავაარსეთ, მაგრამ დღეს ამ ერთ ბოღჩა ადგილში გაგიჭირდებათ იმისი პოვნა. იპოვნეთ და მთელი თვეც რომ იქა ბრძანდებოდეთ, თქვენს მეტს აქ ვერავის ჰნახავთ. ზაფხულობით შეიძლება „სალდათები“ შეგხვდეთ, რომელნიც ბანაკიდან ამოისეირნებენ ხოლმე, ისინიც ახალი ამბის შესატყობლად: გაიგებენ რა ამას, სცემენ სამკითხველოს იატაკზე ბოლთას და თან „ტრუ ლალას“ დაჰმღერიან…

ასე და ამა პირსა ზედა: თიანეთი იგივეა, რაც მინახავს ამ ოცის წლის წინათ, სდგას ერთ დონეზე, როგორც სადმე მივარდნილს ადგილას, ნარეკლიანს მინდორზე პატარა ოლე, საიდანაც ბაყაყების ყიყინი ამცნებს მგზავრს, რომ აქ ახლომახლო ჭ ა ო ბ ი უნდა იყოს. აზროვნებას აქ სამკვიდრო ბინა არა აქვს. თუ ვინმე ახალგაზრდა მოხელე მოგვივა, ის მოიყოლებს აზრს, ან წარმოდგენას გაგვამართვინებს, ან თითო-ოროლ შაურს შეგვაწირვინებს რაიმე საქველმოქმედო საქმის გულისათვის. ეს არის და ესა; კეთილს თუ რასმე დავთესავთ, ეს საზრიანობით კი არ მოგვივა, არც იმ ფიქრით, მოვალენი ვართო, დავეხმაროთ საქვეყნო, საერო საქმესაო, არამედ ხათრით იმ ახალგაზრდა კაცისა: ნუ ვაწყენინებთ, სტუმარია ერთი-ორი შაური წყალსაც წაუღიაო. წინადვე დარწმუნებულნი ვართ, რომ კეთილის განძრახვის ხალხნი მუდამ სტუმარნი ყოფილან და იქნებიან ჩვენი: ცოტახანს აგვხედ-ჩაგვხედავენ, გაგვიგებენ, რაც შვილები ვართ, რომელიც ნამუსიანია გაიქცევა და თავის აზრსა და გრძნობასაც თან გაიყოლებს, ხოლო სუსტი ხასიათისა ჩაებმის ჩვენს საერთო ფერხულში… დიაღ, ხეირიანი ახალგაზრდა დიდხანს ვერ იბოგინებს ჩვენში: მალე გაიქცევა აქედან და ჩვენი ცხოვრებაც მიიღებს თავდაპირვანდელს ელფერს; დღესაქამომდე არ აღმოჩნდა ისეთი კაცი, რომ გაიქცეს კი არა, დადგას მკვიდრად ფეხი ისე, რომ ჩაჩუნი არა ჰქონდეს და გვატაროს ჭკვიანთა ჭკვაზე, ალბათ შეუძლებელი თუ არის ამისთანა კაცის პოვნა? აბა ნამუსიანობა, თუ მკითხავთ, უფრო ის იქნებოდა, მაგრამ ეჰ, მახლას!..

შემოგვჩივით და შემოგვტირით ჟურნალ-გაზეთების რედაქტორნი და გამომცემელნი - ხელის მომწერლები არა გვყავსო. თქვე დალოცვილებო, ვინც ქართული წერა-კითხვა არ იცის, იმას რა ეგაზეთება, და, ვინც იცის და იმას კიდევ არ უნდა ქართული გაზეთი, მორჩა და გათავდა! ძალაობა ხომ არ არის?! ასეა: წყალი ნაყე - წყალია. შეაყარე ცერცვი კედელს, იქ რა დააყენებს? ხეზე შასვი ალალიო, რაც არ არი, არ არიო!..

დიაღ, იგივეა თიანეთი: ვინც მდიდარი იყო აქამდის, იგივე მდიდრდება დღესაც. ჩვენი ერთი კაციც არ გამოსულა ვაჭარი ამ ხნის განმავლობაში. მოვაჭრე რად გინდათ? ხარაზები და მჭედელიც - კი უცხო ტომისანი არიან. ადგილობრივი ნაწარმოები, აუარებელი მატყლი, ყველი, ერბო მიდის უცხო ვაჭრების ხელში. ჩვენ დაგვინიჟია მხოლოდ მამა-პაპური გუთანი, რომელსაც გაუდის ღრიჭინ-ღრიჭინი, მაგრამ უბედურება კიდევ ის არის, რომ ეს მიწები ჯარებს მოუნდათ და თიანელებს სახნავი მიწები აღარ ახლავთ…

ეს იყო და ეს, ამითი უნდა დამემთავრებინა ჩემი ტანჯვის ოფლით მორწყული ფელეტონი, რომ ამ დროს ხმა გაისმა კარებზე: „ოჯახის პატრონო, ოჯახის პატრონო! ჟულაკა არა ასა შინა?“ ხევსურია.

 

* * * * * * *

 

- ვინა ხარ?.. გამარჯვება შენი!

- გაგიმარჯოს ღმერთმა და გაცოცხლოს, - მიპასუხა ფარდაშნაით გამართულმა ხევსურმა: კაია, თუ შინ მაინც მაგხელე, სხვად როგორ ხართ, ჟულაკო, როგორ რას შაექცევით, ხო კარგად ხართ? - სთქვა ჩალხიამ.

- გიშველოს ღმერთმა, ჩემო ჩალხიავ, თითონ როგორ რასმე ხარ, ხო არა გაწყენ-გაჯავრებს?

- კაად ვარ მიაც ახალა კი.

- რა საქმეზე გარჯილხარ?.. შინ მოდი.

- აქაც მშვიდობა!

- მშვიდობა და კარგა ყოფა მოგცას ღმერთმა.

- მე ჩემებ სოფლელებმ წამამლალეს შენთან: დიდს დაღონებაჩი ჩავცვივდით, ღმერთის დიდის მადმ, ჟულაკო, რო მეტ აღარ შეიძლების. - რას გვირჩევსავ, რას იტყვისავ, სწავლულ კაცი ასავ, შავეკითხნეთავ.

- რას, რა ამბავია?

- ის ამბავი: ეს ორ წელიას სამ საყდარ აშენდ ხევსურეთჩი, დავწყვიტეთ წელებ ჯორ-ულაყთ მასალაის ზიდვაჩი, ახლა ას კიდევად ტყეებ შაგვეკრ: ჩვენ ადგილ ღნახას კაცმა, ჩვენებ ტყეები, იმათ სალეშნიჩოდ გახდაი, განა შენ თავა არ იცი, კომლეურად გვაქვის და გვქონდ გაყოფილ ტყეები, თითო კვამლს ოც-ძირ ხე არ შახვდების, აიმით გვედგ სულ კაცსა და საქონსა, აისიც წაგვივიდ ხელით, რამღა შაგვინახას, რამღა გვაცხოვრას? არ გიკვირსა, ეს რა ამბავიას ჩვენ თავსა?! ბეჯითად გამოცხვირვას უპირებენ ხევსურეთს.

- როგორ გამოცხვირვას?

- განა არ იცი, ხეს რო გამოსცხვირვენ, შიგ წნელს ჩაუდებენ, მაუმბენ ჯორებს და სადაც უნდ, იქ წაიტანენ. აისრ ჩვენ გვიზმენ, აღარც არა თქვენმა სწავლამ ქნა. ისწავლეთავ, სულ იმას გვირჩევთ ჩვენაც, რაად გვინდ სწავლაი, რო აღარ გაუდის აღარც ჩვენს ჭკვასა და აღარც სწავლასა.

აი ამ ამბებით მესტუმრა ხევსური ჩალხია. ჩვენ, რა თქმაა, ბევრი ვისაუბრეთ, ბევრი ავიღეთ-დავიღეთ… ვიარეთ, ვიარეთ და ცხონებული ერეკლის დრომდე მივედით. როცა ერთი ორი-სამი არაყი გადავაკრეინე ჩალხიას, მაშინ სტუმარმა ფანდურიც მომკითხა, თხოვნა, რა თქმა უნდა, ავუსრულე. მოაწყო სიმები, ფანდურის მუცელზე ჩალხიას საცერულს „ნახერხალოს“ გაუდიოდა ჩხაკაჩხუკი.

- უთხარი რამ ჩალხიავ, შევთხოვე.

- არაგია, ვეტყვიო და სთქვა და დაიწყო კიდევაც ფანდურზე მღერა, სრულიად გადაავიწყდა გულის დარდები, რაც აქამდე აწუხებდა და რაზედაც ასე გულმხურვალედ მელაპარაკებოდა.


ერეკლე ატირდ, ვაჟებო.

„აღარავინ ას ჩემიო,

ბევრა მყვანდ აზნაურები,

ყველა ყოფილა მტერიო:

ლევან ქიზიყში მამიკლეს,

ხევსურნო, ბატონ თქვენიო,

ფშაველო თანდილაშვილო,

ენაიმც მაგჭრა გძელიო:

ხახათ მწარია მაჰპარე,

ღამე ავლიე ბნელიო.

ჭარელთან ჩამაიყვანე,

გამააცვლიე ფერიო,

გრიგოლო ჩოლოყაშვილო

წინ-წინ ღალატი შენიო,

შენ შამიყარე ლაშქარი,

მთის ხალხი დასწვი ჩემიო“.

ბარაქალ ხევსურთ შვილებო,

მეფე გყავთ მადლობელიო;

თქვენ არ გაუტყდით თათრებსა,

შამაუქციეთ ხელიო.

თქვენებს ნახოცსა თათრებსა

ჭალას ათრევდის მგელიო.

მინდოდავ ჩალხურიშვილო,

ვინ არი შენი ფერიო.

სომეხა ამხანაგი გყავ,

მტერს აადინა მტვერიო.


ამ სიტყვებს დაჰგმინავდა და დაჰკვნესდა ჩალხია ფანდურს, ჭერიცა სახლისა გმინავდა, სარკმლიდამ მომჩინარი მაღალი მთა მდუმარებდა. კედელზე დაკიდებული აბჯარი და თვით ჩალხიას დაშნაიც არას იტყოდენ. ცეცხლთან მიმჯდარიყო კატა და თვალებ მილულული თბებოდა.

 

 

1891 წელი

 

მართალია თიანელებს ეჯავრებათ წიგნი ჭირივით და გაზეთიც, რასაკვირველია, მაგრამ მე მაინც უნდა გავაგებინო ჩვენს მკითხველებს ზოგი რამ ჩვენის პროვინციისა და იმედიცა მაქვს, რომ იმ №-ს გაზეთისას, სადაც ეს წერილი იქნება დაბეჭდილი, ჩვენი გონებით ზარმაცი ინტელიგენცია წაიკითხავს ძალაუნებურად. მართლაც, არც ისე თავზე ხელაღებულები არიან, რომ იმ ბუდეზე, სადაც ეს არწივები, ყვავები, კაჭკაჭები, ჭილყვავები და სხვანი და სხვანი ბუდობენ, რასაცა სწერენ, არ გაიგონ, - არ გაიცნონ. ამ შემთხვევაში ერთის მხრით გრძნობა თავის დაცვისა მუშაობს და მეორეს მხრით გრძნობა, რომელსაც უნდა დავარქვათ, თუ თქვენც ნებას მომცემთ, გრძნობა „კლიაზნუკობისა“.

„კლაუზნი“ ხალხნი ვართ და რა ვქნათ, ჩვენისავე პირით ვაღიაროთ ისა სჯობია. რა ვქნათ, მაშ რით ვასაზრდოოთ ჩვენი გული და გონება? რით გავერთვნეთ, რით შევაქციოთ ერთმანერთი, თუ არ ჭორაკუდაობით? იმ დალოცვილმა ღმერთმაც მოგვიძულა, არაფერი გასართობი, სასარგებლო, რასაკვირველია, არ მოგვცა და ჩვენც გიჟები ხომ არა ვართ აუტკივარი თავი ავიტკიოთ და თუნდ მკვდარი სამკითხველო მაინც აღვადგინოთ, ერთად შევიყარნეთ ხოლმე, წავიკითხოთ, რომ ვსაჯოთ ჩვენი ყოფა-მდგომარეობა, ვიფიქროთ, გონებას მოუფონოთ რკინის ქარშიკები, ან კი რას ვამბობ! განა თქმისა და წერის მეტი - არაფერია საჭირო? გვქონდა ხომ ერთს დროს სამკითხველო და უარვყავით, მაშასადამე, უვარგისი ყოფილა და უვარგისს უნდა ვერიდნეთ, როგორც წიდოვანი ფშავლის და ხევსურის დედაკაცები ერიდებიან წმინდა ადგილებს.

მაშასადამე ფიქრებო, ენა, გასწით იქ, სადაც ბინას იპოვნით, ჩვენ კი მოგვწყდით თავიდამ, ჩვენ ჩიტები ვართ უზრუნველნი.

ამიტომ სჯობია ისეთი რამა ვსთქვათ, რომ ნაყოფიც ვიგემოთ ამ ნათქვამისა. რა უნდა ვსთქვა ისეთი, რა მოხდა ისეთი ჩვენს პატარა დაბაში სახილებელ-საგემებელი? ბევრი რამა ხდება აქ, მაგრამ ამ ბევრიდამ ცოტაც არ გამოქვეყნებულა, სადღაც ერთს უჩინ-მაჩინის ორმოში იმალება და ზედ სარქველად ალი, ალ-ქაჯი, ეხურება. ხოლო რაც ამ ორ-სამს დღეში, ე. ი. ოცდაერთს და ოცდაორს ამა თვისას მოხდა - იმან ვერ მიაღწია იმ ორმომდე, რადგან არავისაგან ეშინიან, და სამალავი არაფერი აქვს თავის სიმართლისა და სინათლისა გამო; თუმცა ამ საქმის წყალობით ბევრს ჩირქი მოეცხო და ერთი ცხრა-ათი კაცი შეკონილი მეტეხშიც გამოიგზავნა.

ეს საქმე აი რაში მდგომარეობს. საკმაო ხანია, რაც თავადნი ჩოლოყაშვილები დაობენ სოფ. ჩაბანო-ხაიშოს, ყველაზე მეტად კი ერთი მათგანი, სახელდობრ, აბელი. ბოლოს ჩოლოყაშვილებს დარჩათ ეს ადგილი და მფლობელობაში შესვლაც მოინდომეს. სოფლელებმა ყურები აცქვიტეს: საიდამ? როდის? როგორ? რატომ ჩვენც არაფერი გვკითხესო, ეკითხებოდენ ერთმანერთს და ყველასაც, ვისაც კი შეხვდებოდენ. პაპას არ გაუგონია აქ სათავადო მამული და პაპის პაპასა, ეხლა საიდამ რა გამოგვიტყვრინესო. დამრიგებელი და მრჩეველი, რასაკვირველია, სხვადასხვა ჯურისა გამოუჩნდებოდა. მაინც საქმე იქამდის მივიდა, რომ ღალის მიცემაზე (ბევრსა ითხოვდა, თუ ცოტას, თ. აბელი, მე ამაზე არაფერს ვიტყვი) - უარი გამოუცხადეს ჩაბანო-ხაიშოელებმა, გამაგრდენ, არ დაგმორჩილდებით მანამ „დიდის მთავრობის“ „ქაღალდს“ არ წარმოგვიდგენთო, უპასუხებდენ ჩოლოყაშვილს.

თ. აბელი ბევრსა ცდილობდა როგორმე დაერწმუნებინა ხალხი და ღალა მოეკრიფნა, მაგრამ ვერაფერს გახდა. ბოლო დროს ერთი ხერხი მოიგონა თურმე და უნდა მოგახსენოთ, რომ ეს ხერხი მეტად, ანუ, უკეთ რომ ვსთქვათ, უმსგავსად უხერხული გამოვიდა. ერთს ბნელს ღამეს თავის ბიჭებით მიჰპაროდა ერთს ფშავლის ბინას, ბაკიდამ გამოერეკა მისი საქონელი შინათკე ჩუმად, ვითომ საძოვარზე მოესწრო, გამოეწია უგზო-უკვლო ადგილზე, ტყეზე, კლდე-ღრეზე, თვითონაც თავის ამალით, რასაკვირველია, უგზო-უკვლოთ მოუხდებოდა მგზავრობა (ნიშნები თ. აბელისა: მაღალ-მაღალია, წერწეტი ტანისა, მოხნიანებული, მაგრამ სიბერეზე თავს არ სდებს, კოხტად დადის, უხდება კიდეც).

საქონლის პატრონმა გარიჟრაჟზე გაიგო, რომ საქონელი ბაკიდამ გარეკილია. იმას ეგონა ყაჩაღებმა მომტაცესო; შეატყობინა ეს ამბავი რამდენიმე თავის მეზობელს და ყველანი ერთად გამოეკიდნენ კვალზე ამ ძალად გაყაჩაღებულს პატიოსანს ხალხს… ხევგძელაზე მოეწივნენ და გაიგეს, საკვირველია, ვინც იყო „ქურდი“, მაინც არ დაიშალეს და შესაშინებლად თოფები დაახალეს. აქ ერთი სხვა რამ მომხდარიყო და თუ გნებავთ იმასაც მოგახსენებთ: თ. აბელს გული შესწუხებოდა და ერთს მდევართაგანს, სახელდობრ, ქუქუას მოესურიელებინა, როგორც თვითონ თავის პირით ჩოლოყაშვილმა სთქვა, თურმე ბუერით ეზიდებოდა წყალს და ასხამდა პირზე და გულზე. გონს რომ მოსულა, მადლობა გადაუხდია, და უთქვამს: „ოღომც ნუ მომკლავთ და ჩემს ცხენს, ჩემს საქონელსაც თქვენ დაგითმობთო“. ფშაველმაც უპასუხა თურმე: „ჩემი საქონელი მინდა, თქვენს მოსაკლავად რა ხელი მაქვსო“. თ. ჩოლოყაშვილის ბიჭებმა თურმე თავს უშველეს, საქონელი პატრონმა სახლში დააბრუნა. ეს ამბავი და ღალის მიცემაზე უარის თქმა გახდა მიზეზი მრავალგვარის უწესოებისა. ადგილობრივი პოლიციაც მოიშველა შემდეგ თურმე აბელმა, მაგრამ კაცების გარდა დედაკაცებმა თურმე უარესი წინააღმდეგობა აღმოუჩინა პოლიციას ქვითა და კეტებით.

არ გამოჩნდა კაცი ხალხის ჩამგონებელი სიტყვით: სიტყვის მაგიერობა მათრახს დაუთმეს, მაგრამ მათრახმა მათრახი გამოიწვია, ძალდატანებამ წინააღმდეგობა, საქმემ გუბერნატორამდე მიაღწია; გუბერნატორმა სარბევი (ეკზეკუცია) დანიშნა, საქმის დასამშვიდებლად ქალაქის მაზრის უფროსი გამოგზავნა. ამ უკანასკნელმა აბელზე უკეთესი ხერხი იხმარა: სხვა საზოგადოებიდამ რამდენიმე კეთილ-საიმედო პირი ამოირჩია; დიაღ, კეთილ-საიმედო და არც მოტყუვდებოდა, რადგან ბ-ნი ჯანდიერი წინათ აქა მსახურობდა და იცნობს ყველას, ვის რა ძალა აქვს, ვის რა შეუძლიან. ეს ამორჩეული კაცები წინა დღეს გაგზავნა და მეორეს დღეს თავის მხლებლებით ესტუმრა ჩაბანო-ხაიშოელებს; საქმე დაწყნარებული, თავის დონეზე დაყენებული დაუხვდა, მისდა სასიამოვნოდ მშვიდობიანობაც დამყარდა, - ეკზეკუცია საჭიროდ აღარ დაინახეს. მაზრის უფროსს ესიამოვნა, თუმცა კი მრავალი „ურადნიკი“ გულნაკლულად დარჩა, დარჩა იმიტომ, რომ მუქთაზე დროების ტარებას „ტიტლი-პიტლის“, „მუქთი სვი და მუქთი ჭამე, შეხტი ბიჭო, ითამაშე“-ს დასცილდა.

ამ საქმის მშვიდობიანად დაბოლოვება ყველა შეგნებულს კაცს ესიამოვნა, ხოლო საწყენად, საფიქრელად დაგვრჩა ერთი რამ. ეს ერთი რამ გახლავსთ ის ცხრა-ათი კაცი, რომელიც გახდენ მსხვერპლი უმეცრებისა, უცოდინარობისა გამო. მოაკლდენ თავის საოჯახო საქმეს, თავის ცოლ-შვილს; იმედი გვაქვს, რომ მთავრობა იმათ საქციელს შეჰხედავს როგორც უმეცრების, უცოდინრობის ნაყოფს და სხვას არას იგულისხმებს…

უცოდინრობა, ამბობს ჩვენი ხალხიც, არ ცოდვააო… მაგრამ მე პირადად ეს ანდაზა არ მომწონს იმიტომ, რომ კაცს გააბრიყვებს, და თუ უცოდრობით ერთხელ საქმე გაუკეთდა, მაშინათვე უცოდინრობას გააღმერთებს… თუნდა მიწყინოთ, მე ეს ანდაზა უნდა ასე გადავაკეთო: უცოდინრობა დიდი ცოდვაა, მიუტევებელი ცოდვა. როგორ? აი როგორ! თიანეთის მაზრაში ეხლა მიწისმზომელები მუშაობენ, ჰმიჯნავენ მიწებს, სწორედ ეს მიწისმზომელები თავის ტკივილად გარდაექცნენ ფშავლებს, სადაც მოასწრობენ მწყემსს, ართმევენ ყაჩაღურად ცხვრებს, ვითომ იმ მიზეზით, რომ შენმა ცხვარმა „ვეხა“ (სარყი) წამიქციაო. ფასით ნაყიდს მუქთად ნაშოვნი სჯობია, რასაკვირველია, მაგრამ ვგონებ კი, რომ არც იმათ შაერგებათ მუქთად ნაშოვნი ლუკმა. ზოგი მათგანი დღეობებშიც ეწვევა ხოლმე ხალხს და რომ გაიბრუჟება ლუდით, სხვადასხვა გემოვნების დაკმაყოფილებას თხოულობს. ერთს მათგანს მოჰსლოდა კიდევაც შეტაკება ფშავლებთან და დღესაც საქმე გამომძიებლის ხელშია. ჯერჯერობით ჩვენი საშინაო ამბების ჯამი ესაა, უფრო საყურადღებო შემდეგში რა იქნება, ღმერთმა უწყის და მეც იმედი მაქვს, თუ რამ მოხდება, ვაუწყო „ივერიის“ მკითხველებს.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen