არაკი
ჭიანჭველების ხელმწიფეს ვაჟი შეეძინა. ფუტკრების დედოფალმა ელჩი გაუგზავნა და მიულოცა.
ხელმწიფემ სტუმარი დიდი პატივით მიიღო: ათასნაირი შემწვარ-მოხრაკულითა და ხილ-ჩურჩხელით გაუმასპინძლდა. საუკეთესო ღვინოები ჯიხვის ყანწებით მიართვა, ვერცხლის ქამარ-ხანჯალი უბოძა. ასი ჭიანჭველა საგზლით დაუტვირთა და სამეფოს საზღვრამდე მისაცილებლად ულვაშებდაწკეპილი მეომრები გააყოლა. გზაში არაფერი გაუჭირდესო.
შეზარხოშებულმა ფუტკარმა გზაში ჭიანჭველების იონჯის ყანები ნახა: იფიქრა, ცარიელამ რატომ ვიაროო. იონჯის ყანებს დააცხრა, თაფლი მოაგროვა და ისევ გზას გაუდგა.
საზღვარს მიაღწიეს. გამომშვიდობებისას ჭიანჭველებმა უთხრეს: ეგ თაფლი. ბატონო ელჩო, აქ დაგვიტოვე და ისე მიბრძანდიო!
ფუტკარს გაუკვირდა:
- თქვე კაი ხალხო. ასნაირი შემწვარ მოხრაკულით და ხილ ჩურჩხელით გამიმასპინძლდით, საუკეთესო ღვინოები ჯიხვის ყანწებით მომართვით. წელი ვერცხლის ქამარ-ხანჯლით დამიმშვენეთ, საგზლით დატვირთული ასი ჭიანჭველა მაახლეთ და ეს ერთი ცვარი თაფლი რაღა ბედენაა, რომ გენანებათ და მატოვებინებთო?
ჭიანჭველებმა უპასუხეს:
- ის ჩვენი ნებით მოგართვით და ეგ კი დაუკითხავად მიგაქვს. გეთხოვნა, სამას ჭიანჭველას თაფლით დაგისაპალნებდით და შინ გაგაყოლებდით. უნებართვოდ აღებულს კი არც მაგ ერთ ცვარს გაგატანთო!
ფუტკარმა თაფლი ჭიანჭველებს დაუბრუნა და შინისკენ დარცხვენილი წავიდა.


