მთარგმნელი: ჯემალ აჯიაშვილი
მზეო, სადა ხარ, აღაბრწყინე შენი კრებული!
განდექ, ღამეო, პირდაბინდულო,
ცას გაეცალე ნისლის ნაფლეთო,
თორემ სული გლოვობს შეჭირვებული:
რატომ დამგმეთ და დამამდაბლეთო!..
... ისევ ცრემლი მზრდის, ცრემლი მაპურებს,
ისევ ქარი სძრავს მღვრიე ქვაბურებს
და მხურვალება უდაბნოეთის
დაბებს მიხშობს და მიუდაბურებს...
... როგორ ვგალობდი, როგორ ვხარობდი
შენი მინდვრით და შენი წყაროთი
და სიყვარულის საბაღნარომდი
რა სასოებით მოვიჩქაროდი!
მოვიჩქაროდი!
მოვიჩქაროდი!
მთებს ეკმეოდა კვამლი დაბლობთა...
მე ვუგალობდი სეფე-ქალწულებს,
სულში ღვიოდა შენი ღადარი...
ო, რა დრო იყო: ბაგე თაფლობდა,
პირიც მზედ კრთოდა - ნაშარბათალი...
... როგორ ვგალობდი, როგორ ვხარობდი
შენი მინდვრით და შენი წყაროთი
და სიყვარულის საბაღნარომდი
რა სასოებით მოვიჩქაროდი!
... ტყისპირ ხვიდოდი... ხმობდა ფრინველი,
ქარვად ღუოდა თაფლი მდელოთა,
მზე ვერ მზეობდა შენი მზირველი,
მთვარეს - უკუნი გარდაჰფენოდა...
როგორ ვგალობდი, როგორ ვხარობდი
შენი მინდვრით და შენი წყაროთი
და სიყვარულის საბაღნარომდი
რა სასოებით მოვიჩქაროდი!..
შენ კვლავ გეწადა უხილავის ცეცხლით დაგევსე...
მე - გაზაფხულის ნელსურნელებას
კარს სურვილისას კრძალვით ვუღებდი
და სიყვარულის იალაღებზე
მზის ყვავილებით გათავთუხებდი...
როგორ ვგალობდი, როგორ ვხარობდი
შენი მინდვრით და შენი წყაროთი
და სასოების საბაღნარომდი
რა სიხარულით მოვიჩქაროდი...
რა სიყვარულით მოვიჩქაროდი...
მოვიჩქაროდი... მოვიჩქაროდი....
გახსოვს? - მღეროდა შენი ვარდეთი,
მთების გადაღმა ფშვენდა მინდორი
და საღამეულ სილაჟვარდეში
კრთოდა ლალი და იაკინთონი.
გაღმა მზე ენთო, - შუქთა მკმეველი,
შორს, ნისლოვანში, თვლემდა ტყე-ველი
და მიღმიეთის სამიჯნოსაკენ
ყრუდ მიმაქცევდა მიმაქცეველი.
ისევ შორით ჩნდი, შორად მელოდი
შენი მინდვრით და შენი მდელოთი
და მიწიერი საუფლოიდან
ცის დარბაზებში მიიმღეროდი...
რეკავდა ჟამი:" - უნდა დახანდე!.."
შენ გაკრთებოდი იალაღამდე,
ბოლოს შესდექ და საკურთხეველზე
აღუნთებელი ცეცხლი აღანთე,
გარდმოდიოდა ცათა მირონი,
ქვეშ უდრტვინველად თვლემდა ლანდეთი
დაწრიალებდა ნასახლარებზე
მზის მგლოვიარე შარავანდედი.
მზე ქანაობდა ციდან ბაომდი,
შენ, - აღრეული, მზესთან დაობდი
დარინდაობდი... ისევ დაობდი
და სინათლისკენ მიშვილდაობდი.
არ გაფიქრებდა ცრემლი სოფლისა,
ქუდად ცა გიჩნდა, ხამლად - ქვემოთი
და გალიაკში შენი მშობლისა
ყრუ ნაბიჯებით წარმიძღვებოდი.
მაღლა იშვებდა ცათა ბატონი,
ძირს სიყვარულის ენთო ღადარი,
ცას ერღვეოდნენ საგუმბათონი
და გუგუნებდა ნაგუმბათარი...
შევდექ დირეზე, ფუძე დავლოცე...
შენ აღმიმართე ზღურბლზე ძუძუნი,
დავლა მოეც და სანადავლოზე
კვლავ დამისართე ცეცხლის ზუზუნი.
" - გზა მიტიეო!.." - ჩქამი გამეცი,
მზის დასავალთან აღჩნდა მინდორი
და საღამოის სიკამკამეში
გაკრთა ლალი და იაკინთონი...
გაღმით ხმა მესმა: " - აღსდეგ ცათამდე!.."
მეც სამიჯნუროდ თავი გადავდე
და ბაგეებით გაშარბათებდი
განთაიდიდან განთიადამდე.
ციდან წთოლავდა რძე და შაქარი,
ვაშად გალხენდა ქვეყნის თამადა:
ღვინო გეამა, ნაბადაგარი,
თაფლიც გეტკბო და გეანდამატა...
...როგორ გალობდი, როგორ ხარობდი,
ჩემი მინდვრით და ჩემი წყაროთი
და სიყვარულის საბაღნარომდი
რა სიხარულით მოიჩქაროდი...
ხან ადიოდი... დისკო ბრუნავდა,
მძლედ აღიძვროდა გუნდი მნათობთა,
ცად მაღლდებოდა ტაძრის გუმბათი,
ცაც მიფრინავდა, მიგუმბათობდა.
...ისევ ყრუდ ფშვენდა ვარდეთი,
მთების გადაღმა თვლემდა მინდორი,
კვლავ - საღამეულ სილაჟვარდეში
კრთოდა ლალი და იაკინთონი...
ასე დაობდი, ასე ზვაობდი
ციდან ბაომდი, მზიდან ბაომდი,
დარინდაობდი... ისევ დაობდი
და სინათლისკენ მიშვილდაობდი...
დრო კი არ სთმობდა ლტოლვას მეყსეულს...
ცას ერღვეოდა კალთა ჩეროთა
და სიცხადისკენ უკუშექცეულს
კვლავ ასპიროზი გადმომცქეროდა.
ისევ ყრუდ ვგრძნობდი თრთოლვას დროისას...
რას ჩურჩულებდა ტოტი ლეღვისა?..
ტყეს გამოვცილდი კინამოისას
და ლელიანში გამომეღვიძა.
გამომეღვიძა: ბაღი დავლანდე,
ბაღში ბრუნავდა სვეტი ნათელთა
და ნარგისიდან იასამნამდე
დღე ფუტკარივით დაფარფატებდა.
თავზე მზე მადგა გამოღმიეთის,
მთების გადაღმა დაშთა მინდორი,
აღარც წყალი ჩნდა, აღარც მინდორი,
აღარც ლალი და იაკინთონი...


