ოცდაჩვიდმეტი წელია. „ვეფხისტყაოსნის“ დაწერიდან, უკვდავმა რუსთაველმა უკვდავ პოემას წერტილი რომ დაუსვა, შვიდას ორმოცდაათი წელი გასულა და იუბილეა (შოთა როდის დაიბადა და გარდაიცვალა, არავინ იცის. პოემის დაწერისა კი?).
ერთი ამბავია: ეს რა გიქნიათ, რა წიგნი დაგიწერიათ! თქვენ ვინ ყოფილხართ, რა ხალხი ყოფილხართ! ბარაქალა თქვენს წარსულს, აწმყოს და მომავალსო!
დედა ამ დროს წყალტუბოს 1 სანატორიუმის ბარგსაკანში მუშაობს. თავისთან უნდა წამიყვანოს და სკოლაში მიმაბაროს. შვიდი წელი მისრულდება, რვისა უნდა ვიყო. დედა ჩქარობს და ძმას (ბიძაჩემს) ეხვეწება, იქნება რაიმე გაგვიხერხოს. სექტემბრამდე დიდი დროა, გვიშტიბში ვარ, ან გუბისწყალზე, მამიდასთან.
მამიდა ერისტო ხვიჩიასთანაა მდგმურად, ერისტოს და მაშიკოს შვილი არ ჰყავთ. ბავშვის ჭაჭანება არაა მათ ეზო-გარემოში. ვზივარ ოთახში თვალებგამოცივებული და ველოდები, როდის დაამთავრებს გაკვეთილებს და გამოჩნდება მამიდა. ბოლოს და ბოლოს მოვა, მაგრამ კენჭალობიას და რიკტაფელას ვერც მერე ვეთამაშები.
დიასახლისი კია მოალერსე და მოსიყვარულე, მაგრამ მას მერეც ძალიან იშვიათად და მანამდე არასოდეს მინახავს ამოდენა, უზარმაზარი, მსუქანი ქალი, არც კაცი. სულ შიში მქონდა, მიწა ვერ გაუძლებს, ჩაანგრევს და მის ახლო-მახლო ვინცაა და რაცაა, თან ჩაიტანს-მეთქი. მაშიკო ბიცოლას თან თხელი ულვაშებიცა აქვს და ქვეყნად თუ ულვაშებიანი ქალი არსებობდა, რავა მეგონა!
მამიდა თუ შინ არ იყო, გარეთ გამოსვლას ვერ ვბედავდი. ეზოდან ან მოხურულიდან შემომეხმიანებოდა, ხომ არ მოგეწყინაო? და მეც იმწამსვე გავძახებდი, არა, რა მომაწყენდა-მეთქი! იმის შიშით, ოთახში არ შემოსულიყო და სახლ-კარი თავზე არ დაგვნგრეოდა.
ასე მარტოდმარტო და ამნაირად, ბოლოს და ბოლოს, სანამდე გაძლებ?
გზის გადაღმა, პირდაპირ, სამსონ ნაჭყეპია ცხოვრობდა. „მასაფ ძაღლს“ ეძახდნენ (სიტყვაში იცოდა: ის რჯულ და მასაფ ძაღლიო), იმათ მეზობლად, ქვევით, ჩვენი ნათესავი - კოლია იოსელიანი.
კოლიას ოთხი შვილი ჰყავდა, უფროსი – ქუჩუკი, ჩემზე ერთი წლით უფროსი იყო. მე სტუმარი ვიყავი და ღობე-ყორე ხეტიალს ვეკრძალვოდი. ქუჩუკი, როგორც მასპინძელი, მომაკითხავდა, მაგრამ ახლა მე - მასპინძელს, ჩემ მხრივ უნდა მეღონა რაღაც. ამ უცხო ეზოში სათამაშოდ და საკუნტრუშოდ ტანტალს ვერ ვბედავდი. ერთი ოთახი იყო, მამიდაჩემის მოსვლამდე, ჩემს გამგებლობაში და აქ უნდა შემექცია თანამეინახე, რომ მალე არ დავეტოვებინე და ისევ მარტოობის და მაშიკოს „მსხვერპლი“ არ გავმხდარიყავი.
რა გვქონდა ახლა ჩვენ ამ ნაქირავებ ოთახში, რაც ქუჩუკის გააკვირვებდა და მოხიბლავდა? არადა, ამ კარგამოხურულ ოთხ კედელში სანამდე დაგიჯდება სოფლის და ქვეყნის ბატონ-პატრონი ბიჭი. მე ვიყავი იქ უმეგობრო და უთანატოლო, თორემ მისთვის ცა ქუდი იყო და მიწა - ქალამანი.
და, ამ დროს, მაგიდაზე გვიდევს ახალთახალი, სპილოსძვლისფერ ყდაში გამოცემული, ვერცხლის ასოებით მოსურათხატებული, საიუბილეო „ვეფხისტყაოსანი“ (სხვებისა არ ვიცი და მასწავლებლებს საგანგებოდ შეაძენინეს). ასეთი რამ ქუჩუკის თვალით არ უნახავს, წლევანდლამდე, არც მე.
ეს კარგი და პატიოსანი, მაგრამ ქუჩუკიც იმ წელს შედის სკოლაში, რვა წლის ხდება და ანბანიც არ იცის, მგონია. მე, ბებიას წყალობით, ასოებს ვცნობ, მაგრამ „სავეფხისტყაოსნე“ წერა-კითხვა მაშინ კი არა, ახლაც მიჭირს. არადა, ესაა ერთადერთი რამ, რითაც სტუმარს უნდა ვუმასპინძლო, მოვხიბლო და შევიჩერიო. ბებიამ ეს უკვდავი პოემა ზეპირად არა, მაგრამ ცოდნით იცოდა, თუმცა, ისიც იცოდა, ეს ღლაპი ბაღნებისთვის არ იყო დაწერილი და ზღაპრად მოსაყოლი.
კი, დავსხდებით აგერ, მე და ქუჩუკი იატაკზე, მოვირთხამთ ფეხს ერთმანეთის პირისპირ, ჩავიდებთ შუაში ამ წიგნს და გადავშლით დიდი მოწიწებით. იცოცხლე, შიგ ნახატებია, სულსა და გულს ახარებს, მაგრამ იმის ცოდნას რომ მოინდომებს, შიგ რა წერიაო, მაშინ რას აპირებ? მე, მასწავლებლის შვილი ვარ, ანბანი ვიცი და წიგნში რა წერია, თუ წარმოდგენა არა მაქვს, ხომ მომეჭრა თავი მეც, მამიდაჩემსაც, ქუჩუკისაც და მთელ ჩემს საგვარეულოს. ასე იმედგაცრუებული და გაწბილებული სტუმარი შენ გაგიჩერდება და შენს მარტოობას და მოწყენილობას დაგიდევს?
– „შ-ო-თ-ა რ-უ-ს-თ-ა-ვ-ე-ლ-ი!“
როგორი საქმეა, ვკითხულობ – „ვ-ე-ფ-ხ-ი-ს...“ ესე იგი ვეფხვის...
– აუჰ, ვეფხვი და ლომი?! – განცვიფრებულია ქუჩუკი.
– ეუუუჰ, რა ყოფილა?!
– არა, მარტო ვეფხვი?.. აგერ კიდევ, „ტ-ყ-ა-ო-ს-ა-ნ-ი“. ესე იგი, ქუჩუკი, ვისაც ვეფხვის ტყავი აცვია.
– კაი იქნება, ხო იცი შენ!
– აპა, ხამი და ნარმა კი არ აცვია, ვეფხვის ტყავი... ახლა აგერ უყურე შენ!
ვშლით შიშით და მოკრძალებით ამ გაცქრიალებულ ტკიცინა ფურცლებს. აგერ, ბატონო, თავზე ამ ჩვენს შოთას სამკუთხედი ქუდი ახურავს. ვის ახურავს ახლა ასეთი ქუდი და ზედ ფარშავანგის, გედის თუ სირაქლემას ფრთები აქვს გარჭობილი? ბატის და კვატის მეტი რა უნახავს ქუჩუკის და აბა, იმას ხომ არ ვეტყვი, ეს ბატის ფრთაა-მეთქი. რავა, მე კი მგონია, თუ?
ეს კარგი და პატიოსანი, ჯერჯერობით ყველაფერი რიგზეა – დაყვლეპილი აქვს ქუჩუკის თვალები.
ეს დღეები ამით მიდგას სული, ყოველი ნახატი ასჯერ მაქვს ნანახი, მაგრამ წაკითხული კი არა.
– „დ-ა-ს-ა-წ-ყ-ი-ს-ი.“ დასაწყისი, მაგრამ ეს არაფერია, აქეთაა რაცაა.
მაშვინ მაგი არ გვინდა.
– აი, აგერ ნახე შენ, „ამ-ბა-ვი... რ-ო-ს-ტ-ე-ვ-ა-ნ ა-რ-ა-ბ-თ-ა მ-ე-ფ-ი-ს-ა“.
– ეს გვინდა! – აღარც ეჭვობს ქუჩუკი.
– ვაი შენ ჩემო თავო! შენ კი გინდა, მაგრამ მე მინდა? ნახატიც არაა ამ გვერდზე, რომ რამე „ამოვიკითხო“.
– არა, არც ეს გვინდა...
– გვინდა...
– მეფე ხომ ჩამოვაგდეთ...
– ჰა?.. დაიბნა ქუჩუკი. – და აღარ გვინდა.
გავკეთდი, მგონი, მეფის ტახტიდან ჩამოგდებამ გადამარჩინოს.
– აღარ გვინდა...
– ეს მეფე ჩამოვაგდეთ? – ეჭვობს ქუჩუკი, რაღაც, არაბი როსტევანის ტახტის დამხობა არ ახსოვს.
– მეფე მეფეა, რომ ჩამოაგდებ და მოტეხავ კისერს, გათავებულია მისი საქმე!
– კარქი, მარა... – მეფეს ასე კისერმოსატეხად და წყალგასატანებლად ვერ იმეტებს, მაგრამ მე დაუნდობელი ვარ, მეფეების და „ხენწიფეების“ სახსენებლის გაგონება არ მინდა და პირდაპირ ნახატიან გვერდზე გადავდივარ.
რომ მეშველა, მგონია, მხატვრობის მიხედვით რაღაც ზღაპარს მოვიგონებ, ეს ჩემი ჩამოგდებული მეფე ვერ მოვიშორე! გვირგვინი რას ჰქვია, არ ვიცით, მაგრამ ამ ლამაზ ქალს რომ თავზე ახურავს, მეფის ქუდია. კია აქ ცხენები, რკინის შაურიანებისაგან შეკერილ პერანგებში გაჯგიმული კაცები, რკინისავე ქუდები რომ ახურავთ, შუბები და მშვილდები, მაგრამ ეს მეფე და გვირგვინი მიჭირვებს საქმეს. ჩემს წინ ფეხმორთხმულ, თვალებადქცეულ ქუჩუკისკენ შევაბრუნე გაშლილი წიგნი და ვფიქრობ, რა ჯანდაბა ვუყო? აქ ეს მოხუცი კაცი კი არა, მგონი, ქალიც მეფეა, რომ ვერაფრით ვერ მოვიშორეთ ეს მეფეები!
– რას შობიენ?.. – სტუმარს ერთი სული აქვს, გაიგოს, რა ხდება აქ, რა ამბავია.
ამის მერე ვიცი, ნადირობაზეა ნახატი, ისიც უნდა გავითვალისწინო, ისეთი არაფერი ვთქვა, მერე ხელები შემიკრას.
– რა და...
ქუჩუკიმ ეჭვის თვალით შემომხედა.
დავიღუპე! თუ ახლა რაღაც არ მოვისაზრე, თუნდაც სისულელე იყოს, მაგრამ გაჩუმება არაფრით არ ხერხდება. კინაღამ ჭკუა მეღრძო, ისე გამიჭირდა და, კინაღამ კი არა, მეღრძო და დავფქვი:
– ამ ლამაზ ქალს ეუბნება, მეფობას მოუკვდა პატრონი. ეს ქუდი შენი იყოსო.
– ჩამოგდებული არაა?
არადა, მეფე ჩამოგდებულია, ეს ორივემ ვიცით.
– ჩამოგდებამდე მიხვდა, საქმე წამხდარიაო და ბარემ ეს ქუდი შენი იყოსო.
– ეს ქალი ვინაა?
– ეს ქალი თამარ მეფეა, – გამახსენდა ბებიაჩემისაგან ათასჯერ ნახსენები და ნადიდები თამარ ქალი, მოვითქვი სული, მეგონა, მაგრამ, ჩემი ცოდვით სავსე ქუჩუკის სცოდნია, თამარი ტახტიდან არავის ჩამოუგდია, სულ ციხეები, ხიდები და ეკლესიები აშენაო და არ დამანება:
– თამარ მეფე რავა ჩამოაგდეს...
– თამარ მეფე ვინ თქვა! – ვიტკიცე მე. – ეს ბებერი როსტევანი ჩამოაგდეს! – იმ ბებერ როსტევანზე, როგორც იქნა, ჩავაქნევინე ხელი ამ მეფეების ქომაგს და იმის შიშით, ეს ძლივს გამეტებული ისევ ხელმწიფედ არ ააღზევოს-მეთქი, მივაყარე:
– ა, ამ რკინის ბლუზიან და ქუდიან ბიჭს ხომ ხედავ?
– რავა არა...
– ხომ კარგი ბიჭია?
– კარქი.
– ავთანდილია მაგი.
– ჰოო?
– ჰოდა, მაგას ეუბნება, წევიდეთ ერთი და გემოზე ვინადიროთო.
– თოფი?
– თოფი რად უნდა, ფშვილდ-ისარი არა აქვს?
– ფშვილდ-ისარით რას მოკლავს?
– რკინისაა, შენ თხილის ჯოხი გგონია? აა, თუ არ მოკლავს! – ვფურცლავ წიგნს სასწრაფოდ და... არის აგერ ჟუჟვა და ხოცვა-ჟლეტა. კურდღლების და ტურების კი არა, ლომების, ვეფხვების, ირმების და რა გინდა, სულო და გულო!
– აუჰ, შენი გულისა!... – აღტაცებულია ქუჩუკი, თამარ მეფეც კი დაავიწყდა, მაგრამ მე ისევ შავ დღეში ვარ, ამის შემდეგ შავცხენიანი, ვეფხვის ტყავი რომ აცვია, ის ზის წყაროსთან, გაბზიალებული ცხენი უჭირავს აღვირით და ტირის. რა ატირებს ამისთანა ცხენის, მათრახისა და სამოსის პატრონს, არ გინდა ამის ცოდნა?
ვითრიე ფეხი და ვატრიალე წიგნი ხან ჩემკენ, ხან ქუჩუკისკენ, მაგრამ ამოწყდა, რაც ტყეში ნადირი იყო და აღარ მოეშვები?
მივადექით ატირებულ-აჟივლებულ ტარიელს, ქუჩუკიმ არც აცია, არც აცხელა, იმწამსვე შეიცხადა:
– კაცს რა ატირებს?!.
– უყურე ერთხანს და გეტყვი.
უყურა ცხენს, უნაგირს, ვეფხისტყავიან პატრონს, მათრახს... ბუნებას მაინცდამაინც არ გაუტაცნია და როცა კითხვით ამომხედა, მაშინვე გადავუშალე მომდევნო ნახატი, ტარიელი მათრახით რომ მონებს თავს უშვლიპავს.
– ამიტომ ტიროდა? – ვერაფერი მოიწამა ბიჭმა.
– რა თქვენი საქმეა, რომ ვტირიო! – ავუხსენი ვითარება.
– აუჰ, შერცხვა!
– მარტო იყო, რომ ტიროდა, ამგენმა არ დააყენა.
– ეს ხო, მარა ტყუილა არ იტირებდა, გოგო ხო არაა.
– არა, რა თქმა უნდა...
– რატომ?
– რატო და... – გადავუშალე ნახატი, ავთანდილი და თინათინი რომ მუსაიფობენ და განვმარტე: – მაგი თამარ მეფესაც მოუნდა გაეგო, რა ატირებდაო. ავთანდილს აგზავნის, რამეფრად გამიგეო.
– მერე, გაიგო? – ქუჩუკის ახლავე უნდა იცოდეს, მეც წამძლია სულმა. ვიცი, წინ ვეფხვით ხელში გაჭიმული ტარიელი რომაა, გამოვტოვე ავთანდილის წერილის წერა და პირდაპირ გადავხტი... გადავშალე, მოგეცა ლხენა, ქუჩუკის ამოუცვივდა თვალები ბუდეებიდან! ერთხანს ენაც კი დაება და ვერაფერი მკითხა, მერე მე თვითონ ავუხსენი.
– ვეფხვის მეტი რა მომიკლავს, ის კი არადა, აგერ ბლუზათ, ქუდათ და ცხვირწვეტიან ჩექმათაც მაცვია, მაგრამ ხელით არ დამიჭერია და არ დამიხრჩვიაო, ამისათვის ტიროდა თურმე.
– აგერ, ლომიც...
– აპა, შენ რა გგონია! ახლა შენ ომი ნახე... – სული წინ მიმირბის.
– მაცალე! – თვალს ვერ წყვეტს ამ საოცრებას. – მარა, დაპჭყალავს!..
– ბრჭყალებით კი... მაგრამ არ ეშინია?!.
– არა, არ ეშინია. ცხენი?
– ცხენი ყავს, მარა იქითაა მოფარებული.
– არ დაიკარქოს.
– არა, ა! – გადავშალე, ტარიელი რომ იმ შავ რაშზეა ამხედრებული, ცხენ-კაცის გორაზე რომ დაჯირითობს ხმალ გაშიშვლებული.
იმასაც დიდხანს უყურა, უყურა და მერე შეწუხდა, რაღაც ქვევით, იმ ჯგლეთვაში გასრესილი, ნაწნავებიანი მეომარი იპოვა.
– ეუჰ, ქალი მოუკლავს!
– არაა მაგი ქალი – დავამშვიდე ვითომ – ულვაშებიანია.
– ულვაშები მაშიკო ბიცოლასაც ხო აქ?
– რო აქვს... – დავიღუპე... – რო აქვს, მერე მაშიკო ბიცოლაა მაგი? კარგად დაუკვირდი.
– არა... არა, მარა... ნაბწენები?..
– არ იპარცავდა თავს და გაეზარდა.
– ქალივით?
– მაგიზაც ასტავლა ჭკუა.
ეს ომის მიზეზიც კარგად მოვახელკეთილე, მაგრამ იქით მიჭირს. ეს ქალები მირევენ საქმეს. თან ისეთი ლამაზები არიან, ვერაფერს დააბრალებ. ვიცი, რომ თამარ მეფის გამოგზავნილი ავთანდილია და უნდა იმის გაგება, ტყაოსანს რა ატირებდა, ამისთვის ხეზე გადის და იქიდან უთვალთვალებს, მაგრამ მერე ქალს ხვდება. ალბათ, იმასაც ეკითხება, რა ატირებსო, მაგრამ როცა ცეცხლის პირას ორივე სხედან და ტარიელი იქაც ტირის, ავთანდილის კი არა, იმ ლამაზი ქალის თანდასწრებით? იქ მიჭირს, მაგრამ უფრო დიდი გასაჭირი წინაა. ამას, ყველაფერს თავის მოყრა უნდა. შიგადაშიგ შეუსაბამობა და დაბნეულობაც მეპატიება, თუ საქმეს ბოლოში არ წავახდენ და ყველაფერს თავიანად დავაგვირგვინებ. არადა, წინ კიდევ ფრიდონია. ტარიელი, ავთანდილი და ფრიდონი ვინ არ იცის, მაგრამ ეს ლამაზ-ლამაზები, რომელია თინათინი, ნესტან-დარეჯანი, გამოქვაბულში რომ ქალია და იქით, კიდევ, ლოგინში, ერთმანეთში მერევა და მირჩევნია, ყველა თამარ მეფე იყოს. არც ქუჩუკი მედავება, მაგრამ ერთი ომი რომ გადავიხადეთ, კიდევაა ომები, ციხე-კოშკები და ბოლოს, ცხენზე ამხედრებული მზეთუნახავი, აქედან და იქიდან რომ სამივე ძმობილი მიაცილებს...
არც ვაციე, არც ვაცხელე და საქმეს თავი ერთბაშად დავუარე.
– ამასობაში, ავთანდილი რომ ტარიელს ეძებდა იმის გასაგებად, რა ატირებდაო, თამარ მეფე მოუტაცებიათ... – ვაჩვენე ნახატი, თამარს რომ კიდობანში სვამენ და ზღვაში უშვებენ. სიმღერაცაა ასეთი, თამარ მეფე მოიტაცესო... – ეს ქუჩუკიმაც იცის, მამამისი მოქეიფე კაცია, მღერის, ცეკვავს და მიჯერებს – ჰოდა, ამიტომ ქალი და კაცი, ყველა ტირის.
– მეფიზა?! – არ ავიწყდება ეს ჩამოგდებული მეფე.
– თამარ მეფიზა, ბებერი მეფე ნუ გგონია შენ! მოდიან აგერ და ფრიდონი მოაჭენებს ცხენს. ტარიელი და ავთანდილი ეუბნება: არიქა, გვიშველე, თამარ მეფე მოიტაცესო. ფრიდონმა უთხრა: ჯარს წამოვიყვან მაშვინო... და ა, აგერ დგანან, მუსაიფობენ. იმ ციხეშია თამარი დამწყდოული... აგერ კიდევ ა, ჯარი.
– აჰ, რა ბევრია!
– მის მეტი რაა და აგერ... დოუნტროვიათ იქაურობა, ოუღიათ ციხე და ტარიელს კოცნის...
– რატო კოცნის?.. – რცხვენია ქუჩუკის, მეც მერიდება, მაგრამ ეს ჩემი „თამარ მეფე“ და ტარიელი ისეა გადაფსკვნილი ერთმანეთს, შენ დააცილებ?!
ამ აუხსნელ, საჩოთირო ვითარებას ორივე თვალს ვუხუჭავთ და აგერ, გამარჯვებულები რომ მოდიან და, მადლობა ღმერთს, არავინ არავის კოცნის, მაგრამ არის ღრეობა და სიხარული, ამას მთელი სულით და გულით ვიზიარებთ და ხელი, მათი არ იყოს, ჩვენც ცას გვიწვდება.


