ყვავილებიან მინდორზე ჩვეულებრივი გაზაფხულის დილა გათენდა: მზის სხივებმა ჩვეულებრივ მიირბინეს ყვავილებთან, ტოროლა ჩვეულებრივ ჭიკჭიკებდა მაღლა ჰაერში, ლოკოკინა ჩვეულებრივ ამძვრალიყო კუნელის ბუჩქზე და ღრმად ჩაფიქრებული ქვეყნიერებას გადასცქეროდა. კუნელის ბუჩქიც ჩვეულებრივ ეჩურჩულებოდა დილის ნიავს. მხოლოდ წინწკლებიანი მუსტანგი იყო, უჩვეულოდ რომ გამოვარდა უეცრად ტყიდან, მინდორზე შეუჩერებლივ სირბილს მოჰყვა და თან სრულიად უჩვეულო რამეს გაიძახოდა: ჩქარა, თორემ გვიან იქნებაო.
უნდა გენახათ, რა ამბავი დატრიალდა: ყვავილებმა თვალები დაჭყიტეს და გაშტერდნენ. გაოგნებული დილის ნიავი ქვაზე ჩამოჯდა. კუნელის ბუჩქს სუნთქვა შეეკრა. თხუნელა ბუჩქის ძირას მიიმალა. მზის სხივები ერთად მიიყუჟნენ, პატარა, თეთრი მინდვრის თაგვი კი ხავსიან ლოდს ამოეფარა. ასეთ ამბავს ჯერ არ შესწრებოდნენ. გაოფლილი წინწკლებიანი მუსტანგი ისევ დარბოდა და რაც ძალი და ღონე ჰქონდა, გაჰყვიროდა: ჩქარა, თორემ გვიან იქნებაო.
ლოკოკინა, რომელსაც გულით სძულდა ყოველგვარი აურზაური, ცოტა გონს რომ მოვიდა, წელში გაიმართა და გადმოსძახა: „ეჰეი, მუსტანგ, რა ბზიკმა გიკბინა?" მუსტანგს არც კი გაუგონია, საშინელი სისწრაფით ჩაუქროლა კუნელის ბუჩქს და გვერდი გაჰკრა. ბუჩქი შეირხა და ლოკოკინამ ძირს ბრაგვანი გაადინა, პატარა ფურისულას დაეცა, გვერდი დაუჟეჟა, ფურისულამ ტირილი დაიწყო და თვალების სრესას მოჰყვა. ლოკოკინა კი საშინლად გაბრაზდა, რადგან ასეთ სულელურ მდგომარეობაში ყოფნა არ სიამოვნებდა.
არავინ ხმას არ იღებდა. მუსტანგი კი ისევ დარბოდა და გაიძახოდა: „ჩქარა, თორემ გვიან იქნებაო“.
ვინ იცის, სადამდე გაგრძელდებოდა ეს ამბავი, რომ უეცრად თხუნელას შუბლზე ხელი არ ეტკიცა და არ წამოეძახა: „ოჰ, ღმერთო, რა რეგვენი ვარ! რამდენი ხანია პატარა ობოლ მაჩვებს დავპირდი ტყეში გაგასეირნებთ და ყველა ბილიკს გასწავლით მეთქი. ვაითუ, მარტო წავიდნენ და გზა აებნეთო და უკანმოუხედავად გაძუნძულდა.
ყველა ჩუმად იყო, მუსტანგი ისევ ისე დარბოდა.
უეცრად კუნელის ბუჩქი ისე შეირხა, თითქოს მიწიდან ამოხტაო, შუბლზე ხელი იტკიცა და წამოიძახა: „აი, ნამდვილი სიბრიყვე. მე ხომ წერილი უნდა მიმეწერა მარწყვისათვის, თვის ბოლოს ცივი ქარი დაჰბერავს და ფოთლების სახვევს ჯერ ნუ შეიხსნი მეთქი" და კუნელის ბუჩქმა ფაცა-ფუცით დაიწყო წერილის წერა: „ჩემო დობილო მარწყვო, ნიავმა მითხრა, რომ დედამისი ქარი, თვის ბოლოს ტყეში აპირებს ჩამოვლას.. არცერთ შემთხვევაში სახვევი არ შეიხსნა, გვერდი უარესად გაგიცივდება..."
ქანცგაწყვეტილი მუსტანგი ისევ დარბოდა.
შემდეგ ნიავს გაახსენდა, რომ ხვლიკს დაპირდა, მოვალ და მზეზე დამწვარ გვერდს გაგიგრილებო და სულმოუთქმელად გაქანდა, კუნელის ბუჩქის წერილიც თან წაიღო. მინდვრის თაგვს გაახსენდა, რომ ერთი პარკი თხილი უნდა მიეტანა ავადმყოფ ციყვთან და სასწრაფოდ გაცუნცულდა.
ასე გაახსენდა ყველას თავისი დანაპირები და მინდვრიდან გაიკრიფა. მხოლოდ ლოკოკინა იჯდა თავჩაქინდრული. ის არავის არაფერს დაპირებია და აბა სად უნდა წასულიყო ან რა უნდა გაეკეთებინა. გულით კი მოუნდა, რომ სხვებივით ასე წამომხტარიყო, შუბლზე ხელი ეტკიცა და ვინმესთან გაქცეულიყო. უეცრად სახე გაუბრწყინდა, პატარა ფურისულასთან მიცოცდა, სასწრაფოდ დაპირდა, ახლავე მალამოს დაგადებ დაჟეჟილ გვერდებზეო, მოიხსნა მალამოს გუდა და იქვე შეასრულა დანაპირები.
წინწკლებიანი მუსტანგი კი ბალახებში იწვა და ქოშინებდა.
ამ ამბავს ზემოდან დაჰყურებდა ის, ვისაც არასდროს არაფერი დავიწყებია - მზე. ახლაც თავის სხივებს მუსტანგზე ანიშნა და წასჩურჩულა: ჩქარა, თორემ გვიან იქნებაო.
სხივები მუსტანგს შემოეხვივნენ და ოფლი შეუშრეს.


