მშვენიერ გაზაფხულის დღეს მოეფინა თავისი გამაცოცხლებელი ოქროს სხივები ახალამწვანებულ და გაღვიძებულ ქვეყანაზედა. გომბორის მთა აბიბინებული მხიარულად გადმოიყურებოდა თავის სიმაღლიდან.
მის მწვანით მოსილნი ზოგიერთგან ტიტველა ქედები, ზოგან ტყიანნი, მის ათასფერად აყვავებული მდელოები, მინდვრები, ნებივრობდნენ მზის სხივებშია.
საუცხოვო იყო მის თვალახილული ბუნება! ჯერ კიდევ დილა იყო, მაგრამ მზე მაინც კიდევ თავის ძალას აჩენდა. ერთ უშველებელ მუხის ჩრდილქვეშ, რომლის დაქანებულ მწვანე ბექურ ძირში ზედ გზის პირას დაუყოვნებლივ ბუტბუტებდა ცივი ანკარა მთის წყარო, მოჩანდნენ მგზავრები.
აქ-იქ ნაყარნი ძვლები და პურის ნატეხები აჩვენებდნენ, რომ პური ეხლახან უჭამიათ მგზავრებსა. მათ შორიახლო სამი ცხენი კაზმოუხდელები ხარბათა სძოვდნენ წყლიან და პირველშობილ ბალახსა. ერთი ამ ცხენთაგანი იყო წმინდა ყარაბახი. როცა იგი, თითქო მიზიდული ბუნების მშვენიერებითა, ამპარტავნულად წამოიწევდა ცოხნით ლამაზსა თავსა, როცა იგი თითქო მადლიერი და კმაყოფილი ყოჩაღად მოიღერებდა კისერს, იმისი მშვენივრად მოყვანილი თავ-კისერი, განიერი, ფართო მკერდი, იმისი შავი, დიდრონი, შმაგი თვალები, იმისი სიამაყე, ერთი იმისი ლომივით სასტიკი გადმოხედვა, კაი მხედრისათვის რათაც უნდა ღირდა.
მდიდრად იყო მორთული ის თავმამწონე ყარაბახელი: ჯგუფად ესხა ვერცხლი მის დიდ მკერდსა, და მის ყოველ ფეხის გადაცვლაზედ იგი გულის რახტი გამოჰსცემდა ვერცხლის ხმასა; უნაგირის მორთულობა, თვით ამ ცხენის ნებივრობით ნაპატივობა გააგებინებდა კაცს, რომ მის პატრონი თავმამწონე და ნებიერი თავადიშვილია. სხვა ორი ცხენი ამ პატიოსან ჯიშის ცხენთან სახსენებელნი არ არიან.
მუხის ჩრდილში თუმცა მოჩანდა მარტო ორი კაცი, მაგრამ პატარა ახლო რო მისულიყავით, დაინახავდით მესამესაც, რომელსაც მიედო თავი მუთაქასავით დასორსლებულ ნაბადზედ და ტკბილად ეძინა. ამას ზედ ეტყობოდა ბატონობა. ორი სხვა კაცი, ცოტა მოშორებით მსხდარნი, ჩუმად ლაპარაკობდნენ, ისე ჩუმად, თითქო ფთხილობენო, რომ ხმამ მძინარე არ გამოაღვიძოსო.
ერთი ამათგანი იყო კარგა ხნიერი, დარბაისელი გლეხკაცი, იმისთანა გლეხკაცი, რომელიც პირველ დანახვაშივე მიგიზიდამთ, გაგიკადნიერდებათ, მაგრამ არც ერთის უზრდელ სიტყვით თუ ქცევით არ გადავა ზრდილობის წრესა. ამისთანა გლეხკაცნი მრავალნი არიან ჩვენ დაბალ ხალხში.
მეორე ბიჭი იყო ახალგაზდა და მოხდენილი მოსამსახურე: მისი ფაქიზა ტანისამოსი, კოხტურად მოწყობილი წამოსადეგ ტანზედ, მისი ლაღი თვალის მეტყველება, მის თავისუფალი მიმოხვრა ცხადად ამბობდნენ, რომ ეს ბატონის საყვარელი და ნებიერია.
პატარა ლეკური ჩიბუხი ედო პირში და ხანდაზმით ცოტა ზარმაცად გამოაბოლებდა ხოლმე ბოლსა.
- ზაქრო! - უთხრა ხნიერმა, - თუ შენც იტყვი, დროა ბატონი გავაღვიძოთ, თორემ წინ კიდევ დიდი გადასალახი გზა გვიწევს.
- ცოდოა, - უპასუხა ზაქრომ და მზრუნველობით გადახედა მძინარესა: - ხედამ რარიგად ტკბილ ძილშია? - ცოდოა, დეე პატარა კიდევ ეძინოს.
- შენი ნებაა, - მიუგო თანხმობით ხნიერმა და წამოწოლილი წამოებჯინა მკლავზედ: - შენი ნებაა, შენ უფრო იცი მაგის ანგარიშები, პატარაობითვე მაგასთანა ხარ, მაგრამ უალაგო ალაგას რო დაგვიღამდეს, არ იქნება კარგი.
- განა აქ დუქანი არსად არის?
- არა, ეხლა აღარ არის.
- ჩემ დროს აქ სადღაც იყო დუქანი.
- იყო, მართალია, ერთი დუქანი, მაგრამ მას აქეთ, რაც აქ კაცები დახოცეს, აღარავინ ბედამს დუქნის გაღებასა.
- კიდეც იმიტომა გკითხე: აქ ჩემ დროს დუქანი იყო.
- მას აქეთ ბევრ წყალს ჩაუვლია, ჩემო ზაქრო!
- ალბად, რვა წელიწადი ხუმრობა არ არი.
- განა რვა წელიწადი იქნება, რაც თქვენ რუსეთში ხართ?
- დიახ, იქნება. ჩვენ რომ აქედამ გაგვგზავნეს, მაშინ კალიობა იყო კახეთშია. აბა მას აქეთ რამდენი ხანია, იანგარიშე.
- კალიობა იყო?!.. რვა წელიწადი უნდა იყოს. ეგ მაშ კარგა ხნის ამბავია. დალახვრა ღმერთმა, მე გუშინდელი სიზმარი მგონია. მართლა, რომ ეს წუთისოფელი სიზმარი ყოფილა. თითქო გუშინა გხედამდი შენცა და ბატონსაცა უწვერულვაშოდ, დღეს კი... რვა წელიწადი!.. რვა ბელტოს ვერ გადმოაბრუნებს კაი გუთნისდედა ისე ჩქარა, როგორც ჩქარა ეს დრო გაგვეპარა ხელიდან.
სიზმარია, მა რა არი ეს წუთის სოფელი. ამ ხნიერმა კაცმა, როგორც ბევრმა მოხუცებულმა კაცმა, ხშირად იცოდა ამ წუთისსოფელზედ და დროს შეურჩენელობაზედ ამისთანა ჩივილი. - რვა წელიწადი!.. - თქვა მცირეს ხანს შემდეგ კიდევ ხნიერმა: - ბიჭო! კაი გაძლება კი უნდა უცხო ქვეყანაში რვა წელიწადს. - მერე, ამბობენ, თურმე იქ ღვინოც არ არისო.
- მართალია, ჩვენებური ღვინო იქ სულ არ არი.
- მიკვირს, როგორ გაჰსძელ?
- მეტი რა ჩარა იყო?
- მართალია თუკი ბატონმა გაჰსძლო, შენ რ წითელი კოჭი იყავ. მაგრამ ესეც კია, რომ თავადისშვილი სადაც უნდა იყოს, ყველგან შეეჩვევა და ყველას შეიჩვევს, ჩვენ გლეხკაცები კი უცხოობაში ვერ გავძლებთ. აი ეხლა მე ქალაქში რო ჩავალ ხოლმე - ხომ ჩვენი ქვეყანაა და ჩვენი ხალხი - მაგრამ მაინც გული ვერ მიძლევს, სულ შინისაკენ მიმიწევს.
- მართალია, მაგრამ ხომ გაგიგონია, ძალა აღმართსა ხნამსო.
- როგორ თუ ძალა აღმართსა ხნამსო? - ჰკითხა გაკვირვებით ხნიერმა: - განა შენ ძალად წაგიყვანა?
- არა, მე მაგას ჩემ თავზედ არ ვამბობ, - დაატანა მაშინვე ზაქრომ: მე ეგ ბატონზედა ვსთქვი - ეგ ძალად გაგზავნეს, თორემ ჩემთვის თავის დღეში მაგას არაფერში ძალა არ დაუტანებია, ისეთი დალოცვილი ბატონია. რო მიდიოდა, განა არა მკითხა: ”ზაქრო! წამომყვებიო?” - რატომ არა-მეთქი, ჯანაბასაც თან გიახლები, არამც თუ რუსეთშია.
- ეს უნდა იცოდეო, რომ რვა წელიწადი უნდა იქ ვიყვნეთო.
- თუნდა ათასი წელიწადი-მეთქი, შენ ცოცხალი მყვანდე, თორემ მე ჭირიც ჭირად არ დამაჩნდება. მართალიც არის. უმაგისოდ მე გაძლება სამოთხეშიაც არ შემიძლიან; პატარაობითვე მაგასთან თანშეზდილი ვარ, მერე ეგეც ერთი ღვთისაგან დალოცვილი რამ არი, ეგ მსახურისთვის სწორედ ღმერთია.
- მართალია, კაი ბატონის ხელში სიკვდილი გვირჩევნია ავის ხელში სიცოცხლესა,
- მიუგო დიდის მნიშვნელობით გამოცდილმა ხნიერმა: - კაი ბატონი, ბატონი კი აღარ არის, მამაა ჩვენისთანა კაცისათვის, მაგრამ... აქ მცირეს ხანს შედგა, თითქო ეძნელებაო იმის თქმა, რის თქმაც უნდოდა: - მაგრამ... მაგარი ესა, რომ მაგაზედ შემიტყვია, ძრიელ ანჩხლიაო: თურმე სიანჩხლეში ერთი უფროსი შემოჰკდომია და ამისთვისაც გადაჰკარგესო. ცხონებული დიდი ბატონი კი ამბობდა, ვითომ უფროსსა სცემაო და იმიტომაო, მაგრამ ის მამა იყო, იქნება მალავდა. დიდ ბატონს ტყუილი არ უთქვამს: ამას არავინ შემოჰკდომია, ამას შემოელახა უფროსი კი არა, ფეთფებელს რო ეტყვიან რუსები, - ისა. მე ეს კარგად ვიცი, მაშინ თან არ ვახლდი?
- ფეთებაა, თუ რაღაც ეშმაკია, - თქვა ოხუნჯობით ხნიერმა, და ნელმა ღიმილმა გაუმრუდა სახე, - განა დიდი კაცი იყო?
- დიდი კაცი კი არა! ჩვენებურად უზბაშს რომ ეტყვიან, ის იყო.
- მაგისათვის ცხრა მთას იქით თავადიშვილი გადაჰკარგეს?... - ჰკითხა გაკვირვებულმა: - ვაი შენ, ჩემო თავო!.. ჩვენ მილიციაში უზბაშების ზურგზედ თავადიშვილებს ყოველ ცისმარე დღეს ტყაპატყუპი გააქვთ, თითქო ხარის ტყავსა ბღერტამენო და ბუზსაც არ იფრენენ, მაგას რა დაემართა?
- ის სხვა არის და რუსის ჯარი სხვა არის. მერე თითონაც იუნკერი იყო ჯერა, აფიცარი ყოფილიყო, კიდევ ჰო.
- რაც უნდა იყოს, ხომ თავადიშვილია?
- ეგრეა რუსების ”ზაკონი” და რა ვქნა.
- ვერაფერი ”ზაკონია”. უბრალო უზბაშის გულისათვის თავადიშვილი თავის მიწა-წყალს უნდა მოაშორონ? მაშ რის თავადისშვილია, თუ უზბაშსაც ვერა ჰსცემს?
- ეგრე კია და შენ, რაც გინდა, თქვი.
- მერე იქ რო იყავით, არაფერი არ დაიმსახურა?
- როგორ არა, ჩინი მიიღო.
- სამსახურიცა აქვს?
- აღარა აქვს. რაწამს ჩინი მოუვიდა, თავი დაანება და აქეთ წამოვიდა. ის-ის იყო მამის უბედურობის ამბავიც მოუვიდა, ჩაჯდა ტროიკაში და წამოვიდა.
- თავი დაანება, თავი?
- დაანება.
- ბიჭოს! ცხონებული ბატონი სულ იმას შეჰხაროდა, რო შვილი სამსახურში დიდკაცობას დაიმსახურებსო და მაგან თავი დაანება!
- ეგ, ჩემო დათო, სწორედ გითხრა, სამსახურის კაცი არ არი. ეგ ერთი თვითრჯული, თავის ნების კაცია, ეგ სამსახურში ვერ გამოდგება. ერთხელ, უფროსმა მეტი სიტყვა რად მითხრაო, კინაღამ თავი ზედ არ შეაკლა. მკლავში დამიჭრეს საწყალი, კინაღამ მკლავი არ დაუშავდა.
- რა, ჩხუბი მოუვიდათ?
- გეუბნები, ერთიერთმანეთს კინაღამ თავები არ შეაკლეს-მეთქი.
- რის გულისათვის?
- წადი და ჰკითხე, რის გულისათვის? მეტი სიტყვა რად მითხრაო!
- ბიჭოს!... უფროსმა უნცროსს მეტი სიტყვა რად მითხრაო?
- მაშ! მაგისთანა ახირებულია.
- თავადიშვილია, ჩემო ზაქრო, და თავმამწონეა. ეგ ჩვენსავით ვერ მოითმენს. მაგას ფეხებზედ ჰკიდია დიდი კაცი, განა მარტო მაგას? ყველა თავადისშვილის სისხლი ეგრეა. ზაქრომ რო ამ დათოს ღრმა შენიშვნაზედ ვერა პასუხი ხელად ვერ მოახერხა, თანხმობით თავი დაიქნივა და დადუმდა. დათოც ჩაფიქრდა.
თუმცა ეს პირად ამართლებდა ბატონის ამგვარ ქცევას, მაგრამ გულში კი შიში მიეცა, რომ ამისთანა ხასიათისაა, ვისაც უნდა ამას იქით ემონოს თითონ. დიდხანს ცდილობდა, რომ თავისი დაფარული შიში არ გამოეთქვა, მაგრამ ბოლოს მაინც შეტყობის სურვილმა ძალა დაატანა და თქვა დაბლა ხმით:
- მაშ, ბიჭო, მაგისთანა კაცი ჩვენ სიკეთეს არ შეგვყრის. თუ ტყუილუბრალოდ აპილპილდება, ჩვენ ხომ იცი, გლეხკაცები ვართ, ერთი რამ იმის საამური რომ არ წამოგცდეს, ხომ გაბრაზდება?
- კიდეც ეგ არის, ძმაო, საკვირველი, რომ, რასაც ეგ შენ და მე დაგვითმობს, იმას თავის ტოლს არ მოუთმენს, იმისთანა გაუგებარის ხასიათისაა. სალდათებს ისე შეაყვარა იქ თავი, რომ, რო მოვდიოდით, თითქმის ტიროდნენ. თუნდ ეგ არ იყოს, აი მე აქ არა ვარ? ხანდიხან რო მაგას მე სიტყვას გაუბედავ, იქნება შენ არ გაგიბედო, ღვთის მადლმა, მაგრამ, როგორც შენ მე არ მერჩი, ისე ეგ. მართალია, გაჯავრება იცის, მაგრამ ძალიან მალე დატკბება ხოლმე. ერთის სიტყვით, ღვთის წყალობაა მაგისთანა ბატონი.
- შენ პირს შაქარი, ჩემო ზაქრო! დალოცვილი ჩვენი დიდი ბატონიც მაგისთანა იყო. გაჯავრებით კი გაჯავრდებოდა, მაგრამ მერე ისე გაგიტკბილდებოდა, როგორც შაქარი.
- მახსოვს, როგორ არ მახსოვს. ერთხელ რაღაცაზედ, პატარა რო ვიყავ, ყურები დამისრისა და ერთი-ორიოდე სილაც მაჭამა; ბოლოს იმით გათავდა, რო ახალუხი მიყიდა. კაი კაცი იყო ის კურთხეული.
- კაცი რო ის იყო, აი!... დალოცა ღმერთმა!
- არც ეს დაუვარდება იმას კაიკაცობაში, ნუ გეშინიან.
- მე რისა უნდა მეშინოდეს? შეეშინდეს იმას, ვინც არაფერი იცის, თორემ მე ბატონის სამსახურში დავბერდი, ამყოლს ავყვები, დამყოლს დავყვები. ჩემი დრო გადავიდა. თუ ამოდენა ხანია ბატონს ჩემთვის გული არ უტკენია, ეხლა ამ სიბერის დროს რა ღმერთი გამიწყრება, მაგრამ ხიფათია, მოსავალია, ვინ იცის? - გაიქნივა დათომ ეჭვით თავი და გადმოინაცვლა მხარი და ისევ მეორე მკლავზედ დაბჯენილი წამოწვა.
ორივე ჩაჩუმდნენ. დათო მეტად დაფიქრდა; ბოლოს თითქო ფიქრის გადაყრა უნდა, წამოიღიღინა დაბლა: ”ბერი კაცი ვარ, ნუ მომკლამ, ყველა დაგიწყებს გმობასა, სადაც კი შემოგეყრები, გეტყვი შვილსა და ძმობასა”, და თითქო ამ სიმღერამა რაღაც შაღაოთი მიჰსცაო ამ მარტივ კაცსა, წამოდგა და უთხრა ზაქროსა:
- ადეგ, ადეგ, ბატონი გააღვიძე. წინ დიდი გზა გვიწევს, გადალახვა უნდა. ზაქრო წამოდგა. მოაკრეს ხურჯინებს, დალაგმეს ცხენები და პატარა ხანს უკან მორეკეს ჩრდილოშია. ზაქრო მივიდა და ნელა ხელით გააღვიძა ბატონი. ბატონმა გაახილა თვალები, ზარმაცობით გაიზმორა და წამოდგა.
- დრო არის, - უთხრა ზაქრომ.
იმან ხმა არ გაჰსცა. ადგა, ჩავიდა წყაროზედ, შეისხა პირზედ ცივი წყალი, ამოიღო ჯიბიდამ წმინდა, თეთრი ტილოს ხელსახოცი და მოიწმინდა პირი. პატარა ჯიბის სავარცხლით ჩამოივარცხნა ცოტად შეხუჭუჭებული, შავი გძელი თმა.
მშვენიერი რამ იყო ეს წამოსადეგი ყმაწვილი კაცი! სულ იქნებოდა ოცდახუთის წლისა. ლამაზი, გამომეტყველი სახე დამწვარი ჰქონდა მზისაგან; შავი, გონიერი, ჭკვით სავსე, ცოტად მწუხარედ მაყურებელნი დიდრონნი თვალნი სავსენი იყვნენ სიცოცხლითა და ეშხითა; შავი, რგვლად დაყენებული, ხშირი წვერი ლამაზად შემორტყოდა მის უიმისოდაც მრგვალ სახესა. კარგა თვალი რო დაეკვირა კაცს, შეატყობდა, რო ის ყმაწვილი კაცი დათენთილია ადრე დაწყობილ მოუსვენარ ცხოვრებისაგან.
თეთრი შალის ჩერქეზული ჩოხა შავის მასრებით მოწყობილი ლამაზადა ხატავდა მის საროს მაღალს ტანსა და განიერ ვაჟკაცურ გადმოგდებულ მკერდსა. უბრალო, მაგრამ ლამაზი თასმის ჩერქეზული ქამარი, ვერცხლის ბალთებიანი, შვენოდა მის წვრილ ტანზედა. ზედ ეკიდა პატარა ჩაჩნური ხანჯალი სულ მთლად სევადიანი და ერთი წითელი ბუდით ჩვენებური დამბაჩა. ჩერქეზული, მდიდრად მოჭედილი ხმალი ეკრა ქართულ ხმალსავით ტანზედ.
ლამაზად და ლაზათიანად შეკერილი მაღალყელიანნი ჩექმები გაწყობილი იყო მის ლამაზ ფეხზედა. წმინდა პიკეს ახალუხი, თეთრი, უმტვერო პერანგი, რომელიც ჩანდა გულზედ გადასხნილ ახალუხიდამ, ამბობდნენ, რომ ეს ლაზათიანი ყმაწვილი კაცი რიგიან ცხოვრებაში გამოცდილია. ყველაფერი ცალ-ცალკე და ყოველიფერი ერთად ამის ტანზედ იყო მარტივი, მაგრამ მოსახდენი და მიმზიდველი.
ბიჭმა ცხენი მოართო. ამან ერთხელ კიდევ ზარმაცად დაამთქნარა და გამოაჩინა ლარივით სწორედ გაწყობილი, თეთრი, ”მიჯრით მიწყობილი” კბილები. მერე მივიდა ცხენთან, გაუსინჯა მოსართავები და თვალის დახამხამების უმალ ვეფხვსავით მოახტა ცხენსა. ცხენმა, რა იგრძნო მხედარი ზედ, გაიგანიერა ცხვირის ნესტოები, დაიწივა უკან, თითქო ფთხისო, აათამაშა წინა ფეხები და მერე კისერმოღერებულმა, რა შეკრა კამარა და შეიკუმშა ლომსავით, ერთი-ორიოდჯერ ისკუპა.
მხედრის მარჯვე მოხმარებამ მალე ჩააგდო ფიცხი ცხენი ნაბიჯშია. უკეთესს თვალი ვერასა ნახამდა, როგორც ამ მშვენიერს, ამპარტავანს ცხენს და მის მშვენიერს და ამპარტავანს მხედარსა! ბიჭები, როცა შესხდნენ ცხენებზედ, ის ყმაწვილი კაცი კარგა შორს იყო წასული. ამათ არ ჩათვალეს საჭიროდ იმის მოწევნა და ნელ-ნელა, აუჩქარებლად აჰყვნენ შორიახლო თავის ბატონსა.
II
- დახე, რა მოხდენილია, - ეუბნებოდა იმ ყმაწვილ კაცის სილამაზისაგან გაკვირვებული დათო ზაქროსა და აჩვენებდა თავით ბატონზედ: - სწორედ ამირანია ეგ დალოცვილი. ბევრი ქალი არ ინატრებს მაგის თავსა!...
- ბევრიც შაჰკონებია გულზედ, ჩემო დათო!
- სადა, რუსეთში?
- აბა, იქა, აი!
- ეჰ, იქაური ”მათუშკა”, რუსის ჯაგლაგი ჩოკჩოკა, თუნდა ჩაეკონოს, თუნდა გადაეკონოს, დიდი სახარბიელო არ არი.
- რაო, ჩოკჩოკა?... ღმერთმან იცის, რა ქალებიც მე იქ მინახამს, აქ არც კი გესიზმრება.
- რა ვიცი, - მიუგო, თითქო ზაქროს აზრი იწყინაო, დათომ: - რა ვიცი, შვილო, აქ კი ვინც მინახამს, კაცი თუ ქალი, კაცის სახე კი არა ჰქონიათ და...
- რა ვუყოთ, რო აქ გინახავს! აბა იქ ნახე, - ყურებით ვერ გაძღები, ისეთები არიან.
- ჩემთვის, შვილო, არც იქ ვარგანან და არც [აქ], მაგრამ ჩვენი ქალისთანა იქ სად იქნება შენისთანა ბიჭისათვის?
- ასეთები არიან, რო... რო... ჩვენები გოგოებათაც არ გამოადგებიან. ბატონს ერთი საყვარელი ჰყვანდა, ვიღაც დიდკაცის ქალი; იმისი თვალები სწორედ, ვარსკვლავებს რო იტყვიან, ის იყო. ბევრი ხათაბალა გამოგვივლია იმის თავობაზედ.
- ხათაბალა, მე ვიცი, ჩვენ ქალებსავით ნამუსშენახული იქნებოდა! რუსის ქალის ნამუსი და ძაღლის ერთია.
- შენ ეგრე თქვი და ჩვენ კი კინაღამ ჩვენი დაგვმართეს. იმდვენი ხათაბალა გამოიარა თითონაც და მე გამომატარა, და ბოლოს იმას თავი დაანება და სხვას დაუწყო დევნა.
- თავადისშვილია და!..
- მართალია, თავადისშვილია, მაგრამ ეგ დალოცვილი მეტი-მეტი მსუნაგია. თუ ქალს სადმე თვალი შეასწრო, თუ პატარა პირწყლიანიც არის, აედევნება უკან, იმდვენსა იქს, თავის ნებაზედ მოიყვანს, მერე ამოიძულებს ისევ და თავ[ს] გაანებებს.
- გაუკალაღნებიათ. აბა ერთ ჩვენებურ ქალს შეხვდეს, ღვთის წყალობა შენა გქონდეს, მალე ეგ მოარჯულონ.
- დრო მოვა, უმაგისოდაც მორჯულდება.
- მართალია, სიყმაწვილე არავის შერჩენია, ცოლს შეირთამს და ჩამოჰყრის ყურებს დაღლილ ცხენსავით.
- ცოლს შეირთამს ეგა?
- მაშ რასა იქს?
- რას ამბობ, კაცო! კაცს გული ასუყებული აქვს ქალებისაგან და ეგ ეხლა ცოლს შეირთავს?
- ძალიან კარგად. მაშ უშვილოდ უნდა ამოწყდეს?
- რა ვიცი, უშვილოდ ამოწყდება თუ არა და ცოლს კი, არა მგონია, თუ შეირთავს. აი, რუსეთში ერთი მდიდარი ქალი ეძლეოდა, ლამაზი და ახალგაზრდა, მაგრამ ზედ გაიგალნენ და ვერ შერთეს, - არ მინდა და არ მინდაო!
- დაიცა, შვილო! კიდევ გნახამ შენ, ლიახვო, კოღოები გეხვეოდნენ, - ხომ შეგიტყვია. მე თუ არა, შენ მაინც მოესწრობი მაგის ცოლიანობას, მაშინ მომიგონე.
- ღმერთმა ქნას. განა მე კი არ მინდა, რომ ეგ დაბინავებული ვნახო, მაგრამ მაგის ანგარიშები რო მე ვიცი, არა მგონია, ცოლი შეირთოს. ცოლი არ იყო, რო რუსეთში ეძლევოდა? რატომ არ შეირთო, თუ უნდოდა? ღმერთმანი, ფულს ბევრს არ აძლევდნენ და მზითებს-და!
- ბედია, ჩემო ზაქრო! ალბათ იმ ქალს მაგის ცოლობა შუბლზედ არ ეწერა, თორემ როგორ არ შეირთავდა?
- ალბათ აგრე უნდა იყოს, - დაეთანხმა ჩვენი ზაქროც, რა ვერა გახდა-რა: - მაგრამ მე ამის ფიქრი მაქვს, რომ ამისთანა ხეტებაში თავი არავის შეაკლას. ჩვენი ქვეყანა ხომ რუსეთი არ არის, ერთი ცალლულიანი და მაგისი ჯანი!
- ეგეც კი. თუნდა ეგ არ იყოს, ყმისათვისაც კი არ ვარგა უცოლო და მერე მაგისთანა დაუნდობარი ბატონი. რა ვიცი? თავზედ ლაფი არავის დაასხას. მერე ზოგიერთს ასეთი ქალები ჰყავთ, რო თვალი ზედ დაგრჩება.
ზაქრომ ამაზედ არა უთხრა-რა. ამან იცოდა თავის ბატონის უწმაწურობა და ეხლა მართლა ფიქრში შეუვიდა და ჭკვას ახლო დაუჯდა დათოს სიტყვები. მართლა და რომ მოჰყვეს გოგოების დევნას, რა უნდა ქნას ზაქრომა? უშალოს, თუ მოეხმაროს? ამის ფიქრში იყო ბატონის მოყვარული მსახური, როცა მოესმა ბატონის ხმა, რომელიც თხოულობდა პაპიროსსა. გაჰქუსლა ზაქრომ ცხენი, მიართო პაპიროსი, მერე პირში მიიცა რა ცხენის სადავე, დაიწყო ცეცხლის კვესება ცხენშეკავებულ ბატონის წინ.
სწორედ ამ საღამოს ჩვენი ნაცნობი მგზავრები დაოფლებულ ცხენებითა მიდიოდნენ თქაფათქუფით ერთ კახეთის სოფლის ვიწრო ორღობეებშია. ჩვენ ყმაწვილ კაცსა დაღლა ძალიან ზედ დასჩნევოდა, რადგანაც ერთი ფეხი გადმოედო უნაგირის ტახტზედ და ისე მიდიოდა;
ჩვენი დათო უკან დარჩომილი და დაღლილი სთვლემდა ცხენდაცხენ და გადადიოდა ხან აქეთ და ხან იქით. ზაქროს კი გაეჩაღებინა ჩიბუხი და ახლო მისდევდა ბატონსა. პატარა ხანს უკან ეს სამივ ცხენოსანი შევიდნენ ერთ დიდ ჭიისკარებშია, გაიარეს დიდი ტრიალი ეზო და ჩამოხდნენ ერთ მაღალ სახლის კიბესთან. იმ ყმაწვილმა კაცმა, თითქო ცხენზედ დაიხუთავო, ორიოდე ნაბიჯი კოჭლობით გადადგა და გაემართა კიბისაკენ.
- ზაქრო, სანთელი! - გამოჰსძახა შუა კიბიდან ბიჭსა.
- მოგართმევ, - მიუგო ბიჭმაც. მცირეს ხანს შემდეგ ერთმა კართოფილის სანთელმა გაანათა ერთი პატარა ოთახი, ქართულად მორთული.
- ძლივს! - წამოიძახა ყმაწვილმა კაცმა და წამოწვა ტახტზედ: - ჩაი მომიტანე, - უბძანა მერე ზაქროსა. ზაქრო გამოვიდა.
ეს ყმაწვილი კაცი ეხლა უფრო დაღონებული და მოღრუბლული იყო, ვიდრე დილასა. თანდათან უფრო მწუხარება ეკიდებოდა მის სახესა, თითქო ამ ოთახის დანახვამა რაღაც სევდა განუღვიძა. ის ხმაამოუღებელი ნაღვლით ატარებდა პატარა ოთახში თვალსა, თითქო რაღაცას იგონებსო, და ის მოგონება ჰსწყლავსო.
თვალებშიაც მოერია სისველე, თითქო ცრემლიაო, მაგრამ მარდად წამოდგა ტახტიდამ, მოიფშვნიტა თვალები და დაიწყო მოუსვენრად, ცოტად აღელვებულმა, წინა და უკან სიარული. მერე პაპიროსსაც მოუკიდა, მაგრამ ისე იყო გართული ფიქრებში, რომ პაპიროსი აღარ აგონდებოდა და უქრებოდა ხელში.
ვინ იცის, რა უტრიალებდა გულში ამ ყმაწვილ კაცსა, რომელსაც რვა წელიწადი არ უნახავს ეს ოთახი, სადაც პირველად თვალი გაუხილებია? იქნება პირველ მის დანახვაზედაც დაღონდა? ეგრე იცის დიდიხნის უნახავმა იმ ალაგის ნახვაზედ, სადაც ყმაწვილობა გაუტარებია.
მისგან მობერილი სიამოვნება რაღაც დამაღონებელი და დამაფიქრებელი სიამოვნებაა. იგი უფრო ნელს წუხილსა ჰგავს, ვიდრე სიხარულსა, მაგრამ მის მექონე კაცი იმ ნელ, რაღაც გულის გამათბობელ წუხილსა ძნელად გაჰსცვლის სიხარულზედა. ისე ტკბილია იგი, ისე მაცხოვნებელია! ვისაც გამოუცდია სიშორე სამშობლოსი და მერე ღვთის მოწყალებით შეხვედრია მისი ნახვა, ის დამემოწმება ამაზედ.
რისაგან არის ესა, ვინ იცის? მაგრამ ესე კია. ჩვენს გმირს კი არ ეტყობოდა ეგეთი სიამოვნება, უფრო ვგონებ წინააღმდეგს შენიშნავდა კაცი, თუ კარგად თვალი დაეკვირვამის სახისათვის. ხშირად მოსდიოდა თვალზედ დაჟინებული ცრემლი, მაგრამ დაჟინებითა თვითონ თავს იმაგრებდა, თითქო ტირილისა ეშინიანო.
ზაქრომ კარგა ხანს შემდეგ ჩაი მოართო. ბატონმა ხმაამოუღებლივ აიღო სტაქანი და დადგა ფანჯრის დირეზედ. ზაქრო ფოდნოსით ხელში იდგა კარებთან და აყოლებდა თვალს წინ და უკან მოარულს ყმაწვილ კაცსა. ბატონმა ეს შენიშნა და თითქო სწყინსო ამისი აქ ყოფნა, უბძანა:
- წადი და როცა მომინდები, მე თითონ დაგიძახებ, ვახშამი არ მინდა.
ზაქრო მოტრიალდა და გავიდა, მაგრამ თავი როგორღაც გაიქნივა, თითქო ცუდი რამ შენიშნავო.
მოაჯირზედ მოგროვილიყვნენ შინამოსამსახურები, რომ როგორმე დაენახათ თავისი ახალი ბატონი, მაგრამ ზაქრო რო გავიდა, უთხრა იმათ დაღონებით:
- ეხლა წადით, თორემ ბატონი ძალიან მოწყენილია და ითაკილებს, რომ თქვენ ეგრე გარედამ ათვალიერებთ. ჩემი ყოფნაც არ ინდომა.
- რათა ბიჭო? - ჰკითხეს ჩუმათ ზოგიერთმა.
- რა ვიცი? ათასი ჯავრი და ნაღველი მოაწვებოდა გულზედ, - თქვა მონაწილეობით ზაქრომა. - კაცმა შინ ცოცხალ დედ-მამას თავი დაანება და ეხლა მოვიდა და ერთი სულიერი აღარ დახვდა, რომ საწყალისათვის ”შვილო” ეთქოს. დედა მაგას აღარსად შერჩენია და მამა, მოდი და ნუ ინაღვლებ!
- მართალია, - მიუგეს ბიჭებმა და ჩუმად სულგანაბულნი ფეხაკრეფით ჩავიდნენ ძირსა.
დაღონებული ყმაწვილი კაცი ისევ ისე მოწყენილი, უფრო მგონი მეტადაც, დადიოდა ოთახში. ჩაი დიდი ხანია დავიწყებოდა და გაციებულიყო ფანჯარაში ხელუხლებელი. დიდხანს დადიოდა, ბოლოს ისე მოერია ცრემლი, რო ვეღარ შეიმაგრა და საცოდავად, გულამოჯდომით წარმოჰსთქვა თავისთავად: - ”საწყალი მამა!... საწყალი დედაჩემი!... სამუდამოდ დამეკარგნენ!”.
ამის მეტი აღარ ათქმევინა ყელში მობჯენილ მწუხარებამა. დაეცა პირქვე ტახტზედ და ის ვაჟკაცი, დილას ისე ამპარტავანი და ამაყი, ეხლა, როგორც ბაშვი, ისე ტიროდა. დიდხანს ეგდო ეგრე საცოდავი ყმაწვილი კაცი და დიდხანს ეგდებოდა კიდევ, თუ გულმოდგინე მსახურს არ დაეშალა.
ზაქრომ რა ნახა, რო ბატონი აღარ უძახის, იფიქრა, იქნება ჩაეძინაო და ამოვიდა, მაგრამ, რა ნახა ბატონი ამ ყოფით, გაჰკვირდა და იოცა. ამოდენა კაცი ამასთან გაიზარდა, და, თუ არ პატარაობისას, ამის თვალზედ ამას ცრემლი არ უნახავს და ეხლა რა წაეკიდა? მაგრამ გონიერი მსახური მაშინვე მიხვდა, რასაც აუტირებია და არ იყო, რო თითონაც არ აუტირდა გული, ისე შეებრალა თავისი საყვარელი ბატონი.
ბატონმა ძალიან ითაკილა ზაქროს აქ ყოფნა და მრისხანედ უთხრა:
- სულელო, აკი გითხარ, მანამ მე არ დაგიძახო, აქ ნუ ამოხვალ-მეთქი. წადი, ქვეშ გამიშალე, მე არაფერი არ მინდა.
ზაქრომ იცოდა ამის ხასიათი, რო გაჯავრების დროს სიტყვის შემობრუნება არ უნდა, ხმა არ გაჰსცა და წავიდა ქვეშაგების ამოსატანად. ის კი წამოდგა, მოიხოცა ცრემლი და ქვეშაგების ლოდინში დაიწყო ისე უწინდებულად სიარული.
პატარა ხანს უკან ქვეშაგებიც გაიშალა. ზაქრომ გახადა ტანსა და ხმაამოუღებლივ გამოვიდა. ის ყმაწვილი კაცი ჩაწვა ქვეშაგებშია დასაძინებლად, მაგრამ მოუვიდა ძილი თუ არა, და თუ მოუვიდა, მოჰბერა თავისი ჩვეულებრივი დავიწყება და მშვიდობიანობა თუ არა, - ეგ ჩვენ არ ვიცით.
III
დილაზედ ადრე მეორეს დღეს ჯერ მზეს ძლივს გადმოეხარა თავისი მაცხოვნებელი სხივები მდუმარედ აყუდებულ მთებზედა, რომ ჩვენი ყმაწვილი კაცი თეთრახალუხა იდგა მუაჯარზედ და ნაღვლიანად ატარებდა თვის გარშემო მწუხარე თვალსა. მის დათენთილს, მაგრამ ლამაზს სახეს ეტყობოდა ღამის უძილობა.
მუაჯარიდამ იყო საუცხოვო გადასახედ-გადმოსახედი. ერთ მხრივ ტრიალი მინდვრები, ზოგან აჯეჯილებულნი, ზოგან ტყით მუქად ამწვანებულნი, ჰსცემდნენ ერთნაირად და თანასწორად მაჯამომატებულ ცხოვრების ძარღვსა. მდელოები შეჰღიმოდენ და შეჰხაროდენ მზის სხივებსა, როგორც ახალგაღვიძებული ბაშვი თავის დამბადებელ დედასა.
მოძრავნი ჩრდილნი, სუბუქ ღრუბლებისაგან მოდგმულნი, წყლის ჭავლსავით მიცურავდნენ განწოლილი, აბიბინებულ მინდორზედა. დიდრონნი, თავმამწონე მთები, ზოგან თოვლისაგან გაჭაღარავებულნი მოხუცისავით, გულის სიგრილით გადმოჰყურებდნენ თავის მიუწვდომელ სიმაღლიდამა გაზაფხულისაგან გახალისებულთ, მწვანით მოსილთა მთათა.
ის თოვლიანი მთები იყვნენ სიბერესავით გრილნი და დაფიქრებულნი, მაშინ როდესაც მათ ქვემოდამ ზოგან ტყიანი, ზოგან ტიტველა მთები მწვანით მოსილნი ჰფეთქდნენ მთელის სიჭაბუკის და განახლების სიცხოველითა. მათში ყოველიფერი იყო ჭაბუკობასავით ისე მაოცნებელი და მოუსვენარი.
როგორც იმ თოვლიან მთებში სიბერესავით დამჯდარი და დამშვიდებული. მუაჯარის გვერდით დიდი ბაღი, უპატრონობისაგან თავმინებებული, ათასფერად იყო აჭრელებული. ხეხილთა ყვავილნი სხვადასხვანაირნი აფერადებდნენ საუცხოვოდ ერთნაირსა ციაგსა და გრილს ჰაერსა, რომელშიაც უხვად იყო გაფანტული ყვავილთაგან აღმოსუნთქული სურნელება. ძლიერი იყო სიცოცხლე იმ დილისა.
ყოველი ძარღვი ბუნებისა სრულის თავის სიცოცხლით ჰფეთქდა დაუჩუმარად; სადღესასწაულო, გაურჩეველი გალობა დედამიწისა მიდიოდა მადლით სავსე განცვიფრებულ ცისაკენა. ცაც ისე დაჟინებით მდუმარე იყო, თითქო ქვეყანას ყურს უგდებსო. ახალგაღვიძებული, ნამით პირდაბანილი ბუნება მთელის მხიარულობით იყო გაღიმებული, მაგრამ ჩვენ ყმაწვილ კაცსა ისიც თავისავით დაღონებული ეგონა; ეგრეთ ეგოისტია და თავმოყვარეა კაცი: ყველაფერი უნდა თავის დონეზედ მოიყვანოს, თავის ნებას დაუმონავოს, და ბუნებაც იმისთანა ლბილია, რომ კაცის გული, რასაც უნდა, იმას გამოსახავს მასზედა.
ჩვენ ყმაწვილ კაცსა დიდხანს ნაცნობთა ალაგთა დანახვაზედ მთელ თავის წარსულ ცხოვრებამა გაუარა თვალწინა. მას მოაგონდა თავისი სიყრმე, აქ სამუდამოდ დამარხული. ამისი დედ-მამანი კარგ დედულ-მამულიანნი იყვნენ, უბრალო, მარტივნი ქართველნი, იმისთანა ქართველნი, რომელთაც ჩვენ ვეძახით, არ ვიცი კი რის გამო, ძველ ქართველებს. მთელმა ცხოვრებამ მათმა გაიარა მშვიდად და გაუგებრად ამ სოფელში.
არაფერი დიდი მწუხარება მათ არ ენახათ და იმიტომაც ვერ გამოჰსცადეს დიდი სიხარულიცა. მაგრამ ყოველი კაცი თავისდაგვარად ეტრფის სიცოცხლესა, თავისდაგვარად ბედნიერია. ისინიც ამ სახით ბედნიერნი იყვნენ, რადგანაც კმაყოფილნი იყვნენ თავის ცხოვრებისა, და თვით ბედნიერებაც რა არის, თუ არ ხანგრძელი გრძნობა დაკმაყოფილებულ გულისა.
ამათ ერთი შვილის მეტი არა ჰყოლიათ თავდაპირველ და, როგორც მოგეხსენებათ, მთელი თავის სიცოცხლე შეჰყურებდნენ და შეჰხაროდნენ იმასა. ასე იფიქრეთ, საწყალი მამა ისე მოყვარული იყო თავის შვილისა, რომ კოლა (ჩვენს გმირს ესე ჰქვიან) ცამეტ წლამდინ ვერ გამოიმეტა სასწავლებელში გასაგზავნად. ”სწავლას ყოველთვის მოესწრებაო. - იტყოდა ხოლმე გულმტკივნეული მამა: - ჯერ პატარაა, გული დაეჩაგრება”.
როცა ან მეზობელი, ან ნათესავი ეტყოდა ხოლმე: ”შვილს ნუ აუბედურებო, გაგზავნე ქალაქშიაო”, ძალიან შორს დაიჭერდა ხოლმე: ”ღვთის მადლით, ეგ ერთი შვილი მომეცაო, ვერ გამოვიმეტებო, ვისაც ექვსი შვილი ჰყვანდეს, ეგ იმან უნდა ქმნასო”.
ხანდიხან, როცა ლამაზად მიძღებოდა და კმაყოფილი გადაგორდებოდა ხოლმე სუფრიდამ ტახტზედ, დაიკრამდა მუცელზედ ხელს და იტყოდა: ”მე თუ არ მისწავლია, მე ვიცი...” იმისთანა კაცი იყო ჩვენი კოლას მამა.
ერთხელ ამაზედ ცოტაოდენი უთანხმოებაც ჩამო...


