ერთხელ დემეს მამიდა ლილიმ წიგნი აჩუქა.
გაგიჟდა დემე. წიგნი რად უნდოდა?! კითხვა საშინლად არ უყვარდა. წიგნს კი არა, სკოლის სახელმძღვანელოებსაც სულ ძალით კითხულობდა.
ამ დროს კი წიგნი აჩუქეს! ნახატებიანი მაინც ყოფილიყო, დაათვალიერებდა. უნახატებო წიგნი იყო, გაუგებარი სათაურითა და ბევრი ფურცლით. რა წააკითხებდა!
– ვიცი, ძალიან მოგენონება, – უთხრა მამიდა ლილიმ, – ხომ წაიკითხავ?
– წავიკითხავ, ჰო, – ჩაიბურტყუნა დემემ.
– მერე ხომ მომიყვები? ძალიან მაინტერესებს.
– რადგან გაინტერესებს, თუ გინდა, ჯერ შენ წაიკითხე, – სწრაფად შესთავაზა დემემ. იფიქრა, მეშველა, მამიდა ლილი წიგნს უკან წაიღებს და მერე იქნებ ჩუქება გადაავიწყდეს კიდეცო, მაგრამ არაფერიც!
– სიამოვნებით, მაგრამ დრო არ მაქვს. მთელ დღეს ვმუშაობ. მოკლედ, წიგნი შენ უნდა წაიკითხო და მერე მომიყვე, შევთანხმდით? – ჰკითხა მამიდა ლილიმ.
– შევთანხმდით, ჰო, – ჩაიბურტყუნა დემემ, მერე წიგნი თავის ოთახში შეიტანა და გაბრაზებულმა მთელი ძალით მოისროლა. არა, სხვა რამე მაინც ეჩუქებინა მამიდა ლილის! ტრანსფორმერი, ბეტმენი, სუპერმენი, სპაიდერმენი... ოღონდ წიგნი არა!
საღამომდე დიდი დრო იყო. დემემ ხან რა აკეთა და ხან რა და როცა დასაძინებლად დაწვა, კიდევ კარგი, აღარც გახსენებია, წიგნი წასაკითხი რომ ჰქონდა, თორემ რა დააძინებდა! ამიტომაც ადგა და მშვიდად დაიძინა.
შუაღამისას დემე უცნაურმა შეგრძნებამ გამოაღვიძა. თითქოს მთელი ოთახი ზუზუნებდა და ცისფრად ანათებდა. ჯერ იფიქრა, ეს ზუზუნი და შუქი ფანჯრიდან შემოდისო, მაგრამ მერე შიშისგან შეჰყვირა.
შუა ოთახში, სკამზე, ადამიანის მსგავსი, ცისფრად მანათობელი არსება იჯდა, რომელსაც დიდი თავი, მოკლე ტანი და გრძელი, წვრილი კიდურები ჰქონდა. უცხვირო სახეზე, პირის ნაცვლად, ვიწრო, მუქი ხვრელი ემჩნეოდა, თავზე კი, თმის ნაცვლად, რამდენიმე მოზუზუნე სპირალი უქანავებდა.
დემეს უნდოდა, მშობლებისთვის დაეძახა, მიშველეთო, მაგრამ დაყვირება ვერაფრით მოახერხა.
– ვინ ხარ? – შიშით ჰკითხა არსებას.
არსება დემესკენ შეტრიალდა და ტანზე უფრო მანათობელი დიდი თვალებით მიაჩერდა.
– ვინ ხარ-მეთქი?! და აქ რას აკეთებ?! არსებამ არც ამჯერად ამოიღო ხმა.
დემეს შიშისგან კბილები აუკაწკაწდა. რა აღარ იფიქრა, მამა ხომ არ მეხუმრებაო, სიზმარში ხომ არ ვარო, ქურდი ხომ არ არისო...
მაგრამ არა, ცისფრად მანათობელი არსება უსიტყვოდ მისჩერებოდა. ასე იჯდა კარგა ხანს, მერე წამოდგა, გაიწელა და კარადასა და იატაკს შორის დარჩენილ ვიწრო ღრიჭოში გაქრა.
დემემ ეს ამბავი არავის გაუმხილა, არც კლასელებს, არც მეგობრებს, არც ოჯახის წევრებს. იფიქრა, მაინც არ დამიჯერებენ და იტყვიან, რაღაცას იგონებსო.
მეორე ღამით დაძინების შეეშინდა, მაგარი ბიჭი კი იყო, მაგრამ ცისფრად მანათობელი არსება რომ ახსენდებოდა, შიშის ოფლი ასხამდა. თუმცა სხვა რა გზა ჰქონდა, საწოლში სწრაფად დაწვა, თავზე საბანი წაიფარა და როგორც იქნა, ჩაეძინა.
შუაღამისას ისევ გამოაღვიძა უცნაურმა შეგრძნებამ, ამჯერად ოთახში ერთის ნაცვლად ორი ცისფერი, მანათობელი არსება დახვდა. ერთნაირები იყვნენ და თავზეც ერთნაირი მოზუზუნე სპირალები უქანავებდათ. აღელვებულები ჩანდნენ და ერთმანეთს არაამქვეყნიური ხმით ესაუბრებოდნენ.
– აქ რატომ მოდიხართ, რა გინდათ ჩემგან? – გაბედა და დაუყვირა დემემ.
არსებებმა შეხედეს, დიდხანს უყურეს დაჟინებით, გაიწელნენ და კარადასა და იატაკს შორის დარჩენილ ვიწრო ღრიჭოში გაქრნენ.
მესამე დღესაც იგივე განმეორდა. ამჯერად არსებებმა ჯერ დემეს უყურეს დიდხანს, მერე მისი საწერი მაგიდა მოასუფთავეს, ზედ რაღაც გაშალეს და ჩააჩერდნენ. თან ისევ არაამქვეყნიური, თითქოს აღელვებული ხმით ესაუბრებოდნენ ერთმანეთს.
დემეს შიში თანდათან ემატებოდა, მაგრამ შიშზე მეტად ემატებოდა ცნობისმოყვარეობა. ჩუმად წამოდგა და ფეხაკრეფით მიუახლოვდა არსებებს. მაგიდაზე ლურჯი რუკა გაეშალათ, ოღონდ ზედ არც მთების კონტური იყო, არც ხმელეთი და არც ოკეანეები. დემემ ვერაფერი გაუგო რელიეფს და მასზე დატანილი ნიშნების, მიმართულების აღმნიშვნელ ისრებსა და მოციმციმე წრეებს.
– ეს კოსმოსური რუკაა? – გაოცებისგან წამოიძახა ბოლოს. არსებები მისკენ მიტრიალდნენ, დიდხანს უყურეს დაჟინებით, მერე რუკა აიღეს, გაიწელნენ და კარადასა და იატაკს შორის დარჩენილ ვიწრო ღრიჭოში გაქრნენ.
„ვინ არიან? რა უნდათ? ჩემთან რატომ მოდიან?“ – ფიქრობდა დემე, მაგრამ პასუხი არ ჰქონდა.
მომდევნო ღამით დემე უკვე მოუთმენლად ელოდა მანათობელი სტუმრების გამოჩენას, მაგრამ არც იმ და არც მომდევნო ღამეებში არსებები აღარ გამოჩენილან.
ბიჭმა მოსვენება დაკარგა, გულს ვეღარაფერს უდებდა.
– დემე, რამე ხომ არ გაწუხებს? – ეკითხებოდნენ შეშფოთებული მშობლები.
დემეს უნდოდა, მოეყოლა უცნაური არსებების შესახებ, მაგრამ ვერაფრით ახერხებდა. თითქოს რაღაც აკავებდა.
არადა, სულ მათზე ფიქრობდა.
სად შეიძლებოდა, მოეძებნა? ინტერნეტში მხოლოდ ცისფრად მანათობელ მედუზებსა და სოკოებზე იყო ინფორმაცია, ადამიანის მსგავს არსებებზე კი არაფერი ეწერა.
„კარადის ქვეშაც შევიხედავ, იქნებ კვალი დატოვეს,“ – გაიფიქრა ბოლოს.
იატაკზე გაწვა, ვიწრო ღრიჭოში ფარნით შეიხედა და სიღრმეში, კედლისკენ, რაღაცას მოჰკრა თვალი. მერე, რადგან ხელი ვერ შეატია, სახაზავი მოიშველია და... მამიდა ლილის ნაჩუქარი წიგნი გამოიღო, რამდენიმე დღის წინ გაბრაზებულმა დემემ მთელი ძალით რომ მოისროლა და მიივიწყა. „ირიუსოპი“ – ეწერა გარეკანზე.
დემემ წიგნი გადაშალა და კითხვას შეუდგა. კითხულობდა თავაუღებლივ, კითხულობდა სულმოუთქმელად, იმიტომ, რომ წიგნი ასე იწყებოდა:
„ცისფერი, ადამიანის მსგავსი მანათობელი არსებებით დასახლებულ პლანეტა ირიუსოპს, რომელიც მგლის თანავარსკვლავედის გალაქტიკაში მდებარეობდა, გაქრობის საფრთხე დაემუქრა. ის თანდათან უახლოვდებოდა შავ ხვრელს, რომელიც ვარსკვლავის აფეთქების შედეგად წარმოიშვა“...


