პოემის შედგენილობა
"ვეფხისტყაოსანი” არის მსოფლიო ლიტერატურის შედევრი და ძველი ქართული პოეტური კულტურის დღემდის დაუძლეველი დიდი მწვერვალი.
"ვეფხისტყაოსანი” სამი ნაწილისაგან შედგება: პროლოგი (შესავალი, წინასიტყვაობა), საკუთრივ პოემა (თხრობა, ამბავი) და ეპილოგი (დასასრული, ბოლოსიტყვაობა).
პოემის ისტორიულ-ლიტერატურული საკითხების გადასაწყვეტად და ავტორის ლიტერატურულ-ესთეტიკური შეხედულებების გამოსარკვევად განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პროლოგს. პროლოგის ეს მნიშვნელობა კარგად ჰქონია შეგნებული ჯერ კიდევ ალ. სარაჯიშვილს. მართალია, ალ. სარაჯიშვილი ყალბად აცხადებდა პროლოგის რიგ შესანიშნავ სტროფს, მაგრამ ამ დაკვირვებულ რუსთველოლოგს აღნიშნული აქვს: "ვეფხისტყაოსნის წინასიტყვაობა პოეტური აღსარებაა. ცხადად ჩანს, რომ რუსთველს სწადდა ამ წინასიტყვაობით გამოეთქვა პოემის დასაბამი და დედააზრი, თვისის სულის ვითარება და მდგომარეობა პოემის შეთხზვის ჟამსა, თვისი შეხედულება და ურთიერთობა პოემის გმირებთან; სწადდა გამოეხატა თვისი იდეალი, რომელიც ყოველს პოეტს ასულდგმულებს და მის უძვირფასეს განძს შეადგენს - მიჯნურობა და პოეზია.
წინასიტყვაობა არა თუ სხვის მიკერებული აპოკრიფი არ არის, არამედ პოემის მოუწყვეტელი ნაწილია, მისი ახსნაა და კლიტე-გასაღები”.
"ვეფსისტყაოსნის” ტექსტის ორგზის გამომცემელი და მკვლევარი დ. კარიჭაშვილი, პირიქით, შეეცადა დაემტკიცებინა მთელი პროლოგისა და ეპილოგის სრული სიყალბე. დ. კარიჭაშვილის მოსაზრებით, “პოემის წინასიტყვაობას და უკანასიტყვაობას არამც თუ არაფერი საერთო აქვთ-რა თხზულების თხრობასთან, არამედ თვითონ ეს ნაწილები ცალკე არაფერს ერთიანს არ წარმოადგენენ და როგორც წინასიტყვაობის, ისე უკანასიტყვაობის ტაეპები სხვადასხვა პირთაგან სხვადასხვა დროს უნდა იყვნენ დაწერილნი”. ეს მოსაზრება მკვლევარმა უცვლელად გაიმეორა თავის სპეციალურ ნარკვევში "ვეფხისტყაოსნის შედგენილობა”.
"ვეფხისტყაოსნის” პროლოგ-ეპილოგის საკითხს მიუძღვნა თავისი საუკეთესო რუსთველოლოგიური ნაშრომი აკადემიკოსმა ნ. მარმა, რომელიც დასაბუთებულად ამბობდა, რომ "ვეფხისტყაოსნის” პროლოგში - "როგორც მუსიკალურობით, ისე ენის ლაკონიურობითა და აზრის ხატოვანებით, ვხედავთ საუკეთესოს, რაც კი შოთას კალამს დაუტოვებია".
ნ. მარის გამოკვლევის მიუხედავად, დ. კარიჭაშვილის უსაფუძვლო მოსაზრებები დაიცვა და უკიდურესობამდის განავითარა ალ. სვანიძემ. არა გვგონია მოიპოვებოდეს "ვეფხისტყაოსნის” ისეთი მკვლევარი, რომელსაც რუსთველისეულად მიაჩნდეს ხელნაწერებით ნაანდერძევი პროლოგ-ეპილოგის ტექსტის ყველა სტროფი. მაგრამ სრულიად დაუშვებელია მთელი პროლოგ-ეპილოგის ხელაღებით უარყოფა.
"ვეფხისტყაოსნის” პროლოგი აგებულია გარკვეული პრინციპების მიხედვით (შემდეგ მოხდა ამ პრინციპების კანონიზაცია).
დასაწყისში პოეტი ქებითა და ლოცვით მიმართავს სამყაროსა და ადამიანის შემოქმედ ღვთაებრივ ძალას (სტროფები 1 და 2), ამის შემდეგ ის ქებათა-ქებას უძღვნის ამქვეყნიურ მეუფეთ, მეფე-პატრონებს (3-5), ხოლო დასასრულ ლაპარაკობს თავის თავზე და თავის შემოქმედებითს საგანზე.
პროლოგში ჩამოყალიბებულია ავტორის შეხედულებანი პოეზიისა (შაირობისა) და მიჯნურობის შესახებ. კომპოზიციური თვალსაზრისით პროლოგის ტექსტი თავის არსებითს ნაწილში სრულ წესრიგშია, შინაარსობლივად და აზრობრივად. მწყობრია და თანმიმდევრული, მხატვრულად სანიმუშოა. პროლოგი ორგანულად და განუყოფლად არის დაკავშირებული პოემის ტექსტთან.
პროლოგში დასმულია და, ასე ვთქვათ, თეორიულ ასპექტში გადაწყვეტილია ყველა ის ძირითადი პრობლემა, რაც საკუთრივ პოემაში (ე. ი. პოემის თხრობითს ნაწილში) მხატვრულად არის ხორცშესხმული. როგორც საოპერო ნაწარმოების უვერტიურაში, "ვეფხისტყაოსნის" პროლოგშიც მკაფიოდ აღბეჭდილია მთელი თხზულების ძირითადი ლეიტმოტივი.
პროლოგი "ვეფხისტყაოსნის" ბრწყინვალე პრელუდიაა, მთელი ნაწარმოების იდეათა და მოტივთა განზოგადებული გამოსხივება. პროლოგი ნათლად გამოხატავს "ვეფხისტყაოსნის" სულს, მის იდეურ-მხატვრულ სიდიადეს. პროლოგი უდავოდ არის "ვეფხისტყაოსნის" იდეათა სამყაროს შესავალი კარი, "კლიტე-გასაღები”.
პროლოგი "ვეფხისტყაოსნის" ნამდვილი მშვენება და ქართული პოეტური კულტურის სწორუპოვარი შედევრია.
* * * * * * *
ქართული ლიტერატურის ისტორია - ტომი II


