ერთ კატას ჰქონდა ჩვეულება: სახლის სახურავზე გაწვებოდა და თავს მოიმკვდარუნებდა, რათა ჩიტები მოენადირებინა ამ გზით.
მართლაც, მრავალი წინდაუხედავი ჩიტი იმსხვერპლა, სანამ კბილი კარგად უჭრიდა, მაგრამ რა დაბერდა, კბილები დაუჩლუნგდა და დასცვივდა, უკბილო პირით კი აბა რას დააკლებდა ჩიტს.
ჩვეულება მაინც ჩვეულებად რჩებოდა და იგი კვლავ განაგრძობდა თავის მომკვდანურებას სახურავზე. ერთხელ ერთ წინდაუხედავ ჩიტბატონას სტაცა პირი. ერთხანს პირში ეჭირა, მაგრამ ვერაფერი დააკლო და გაუშვა.
"ხომ ხედავ ჩემს გულმოწყალებას, - მიმართა მან ჩიტს, - ახალგაზრდა ხარ, შემებრალე და ამიტომაც დაგინდე".
"გულმოწყალების რა მოგახსენო და წინდახედული კი ყოფილხარ. კბილები აღარ გაგაჩნია, ხოლო ბუმბულიანად რომ გადაგეყლაპე, დაიხრჩობოდი. გარდა ამისა, ისიც კარგად იცოდი, რომ ჩემს წივილზე ფრინველები მოგროვდებოდნენ აქ და შავ დღეს დაგაყრიდნენ", - მიუგო ჩიტმა.


