კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 09:54

 

აღმოსავლური დეტექტივი

 

“ამ უზარმაზარ იმპერიას სელჯუკებისას მართავდა უწიგნური სულტანი მალიქ-შაჰ. ნიზამ ალ-მულკს მდივნების მთელი ლაშქარი ჰყავდა… საერთოდ ბრძენი ნიზამ ალ-მულკიც არ ერიდებოდა საკანცელარიო მიწერ-მოწერას… რაც ხშირად იწერება, იმას ნაკლებ პატივსა სცემსო ხალხი”.

კონსტანტინე გამსახურდია

 

“დავით აღმაშენებელი”, გვ. 105

“ - ეს რა ქალაქია?

- თიფლისი.

- მე ბითლისიდან მოვდივარ, თიფლისი და ბითლისი ძმები არიან.”

“საიდ ნურის ცხოვრება”

 

ეპილოგი

 

პირველსავე სოფელში უბრალო ცხენი იყიდა ნურადინ ფრიდონმა. დაიფარა ძვირფასი სამოსი ჯვალოთი და ხურჯინი გადაჰკიდა იმ ცხენს.

და მიდიოდა ქალაქიდან ქალაქს, შეისვენებდა წყლისპირებზე და ხურჯინის ცალ უბეს ჩაჰკიდებდა წყალში. შეღამებულზე გახსნიდა ქისას და მოისროდა ერთ კენჭს და ცოტავდებოდა ნაქსოვი ქისა, მცირე და მცირე ხდებოდა.

მალევე მოუწია ნურადინ ფრიდონს ალკაზ აქიმის დარიგების ასრულება - წაიძრო ბეჭედი ნეკა თითიდან და გადაყლაპა, ვინაიდან კვამლი და ცეცხლი იდგა ყოველ ქალაქში და ალაყაფებზე შრებოდა ამირათა და ყადითა თავები. ბაზრის მოედნებზე კი დასცინოდნენ კიდით კიდის სულტანს და სულტნის ყოველ კაცს სცემდნენ ჯოხებით.

და რომ გამოჩნდა ბაღდადი და ბჭენი მისნი, პირველად კვამლი გამოჩნდა მის თავზე და მერე ბჭენი და ნურადინ ფრიდონმა შეაყენა ცხენი და მიხვდა, რომ მართლაც, დასკდა საზღვარნი, გაიბლანდა ყოველი ნაკერი მიწის ხალათზე და აღარავინ არის მხილველი რამისა, ხოლო ვარსკვლავთმრიცხველნი მიწას უცქერენ და არა მნათობთა ნელ ცეკვას.

და მაინც ჰკრა დეზი იმ ბებერს და მიაყენა გალავანთან.

- ვინ ხარ, რა გინდა? - ჰკითხა გუშაგმა.

- ასისთავი ნურადინ ფრიდონი, - ჯვალო გადაიძრო მხედარმა, - გახსენ ალაყაფი.

- ვისი ასისთავი ხარ?

- სულტნისა.

- და ვინ არის ახლა სულტნად ბაღდადში? - თვალი მოჭუტა გუშაგმა, - რამდენი დღეა მოდიხარ აქეთ?

კვამლი იყო ქალაქის თავზე და ნურადინ ფრიდონს მოესმა გალავნის კედლიდან:

- ალი ბეგ, ჰასან, აქ რას დამიყარეთ ეს თავები? ყვავთა მწყემსი ვარ?

- თავები თორემ… მოჭრილი თავი მოჭრილი თავია და მეტი არაფერი. დიდვეზირისა იქნება, სულტნისა, თუ ჩემი, ვინ უყურებს?

- გაეპასუხა გუშაგი.

ერთხანს ასე იდგა ნურადინ ფრიდონი, მერე ხურჯინი ახსნა ცხენს, ალაყაფთან მიაგდო, მიაფურთხა ბაღდადის კარს და გაქუსლა სამხრეთისაკენ.

 

თავი მერვე

 

თუ ასისთავს, თუნდაც შეჯავშნული ბეჭით, შეუმტვრევია კარიბჭე რომელიმე ეგვიპტურ ქალაქისა და მერე სისხლმდინარს წაუტეხია მკლავში მოხვედრილი ისარი, იმას არ გაუჭირდება ერთი, თუნდ დიდვეზირსავით ჭკვიანი აქიმის სახლის კარის გამტვრევა.

ჭოტი ვერ დაგიშლის ამას, რადგანაც ხელობა ასისთავისა არის სწორედ მტვრევა დაკეტილი კარისა და სარდალთათვის გზის მოსუფთავება.

და როდესაც ესმა დაურიდებელი კაკუნი ნურადინ ფრიდონს, ხელუკუღმა ჩამოიცილა გზად გადაღობილი აქიმის ჭოტი და დაეკითხა:

- ვინ ხარ?

ჭოტმა იცოდა, როგორ დააკაკუნებდა ალკაზ აქიმი, ასისთავმა - არა.

- აქიმისგან ვარ, ამბავი მაქვს, - მოესმა მღელვარე პასუხი.

- მითხარი.

- ყურში სათქმელად დამაბარა, - ამის გამგონმა ნურადინ ფრიდონმა ერთი გამოხედა გაბღენძილ და უძლურ ჭოტს, უკან დაიხია, გამოქანდა და ბეჭით შეასკდა კარს.

ჭოტმა თითქოს რაღაც თქვა. ასისთავმა კი მხარზე მოისვა ხელი და შეხედა მოსულს.

- შენ?

- მე ვარ თავაზა. ამბების დამტარებელი ქალაქ ბითლისში. ჩემი უბე სავსეა ამბებით. აბგაში კი სამოსი მიდევს, - მიუგო თავაზამ.

- რა სამოსია?

- მღვდლისა. უნდა ჩაიცვა და გამომყვე. არ ეგების, აგრე მორთული დადიოდეს უცხო კაცი უცხო ქალაქში. ზემოდანვე გადაიცვამ. ქრისტიანი მლოცველის ჯვალოა. ესეც თავსაბურავი.

- არ ჩავიცმევ. ვინ უნდა მიცნოს? არ არის წესი ურჯულოდ მორთვა.

- ვინ უნდა გიცნოს? რომ ვერ გიცნობენ, ეგ არის სწორედ. მთვრალი მეთარე, ან რაინდის კახპა, ვერავინ გიცნობს და ოქრომკერდი კი მოსჭრის თვალს, მეტად ბაღდადურია ის, რაც გაცვია. მზეში თვალსა ჭრის, უამინდობის ჟამს კი არაფერში მოგეხმარება.

- რა დაგაბარა ალკაზ აქიმმა?

- არც არაფერი. ერთგან უნდა გაგიძღვე.

- ხიფათში ხომ არ გაჰყო თავი?

თავაზამ ჩაიხითხითა.

- სადა თქმულა ბრძენის ხიფათი?

- შენ ხომ მპარავი ხარ? - ნურადინ ფრიდონს გუშინდელი ბიჭი გაახსენდა.

- ვისთვის ქურდი და ვისთვისაც ხელის მომნაცვლებელი. ბევრი კენჭი დაგრჩა მაგ ქისაში? ჩაიცვი ესა

ჭოტმა თითქოს კიდევ თქვა რაღაც.

მერე ისინი სადღაც მიდიოდნენ. თავაზა წინ უძღვოდა. ნურადინ ფრიდონი თავსაბურავს შიგნიდან ხედავდა - ფერი არ ჰქონდა ამ ქალაქს. ენახა ქალაქები სულ სხვადასხვა ფერისა. აქ ფერს ვერ ამჩნევდა. და მაშინ პირველად იფიქრა ნურადინ ფრიდონმა: “რად გინდა მთელი ქვეყანა? თუ ბაღდადში ზიხარ, რას გაჩუქებს ბითლისი? რად გინდა აქაური სპილენძის ფული, თუ ფეხებს ოქროს ტაშტში იბან?”

ქუჩები ქვისა იყო, ოღონდ თითქოსდა არც იყო ქუჩები, არამედ ქანდარბაზთაგან გაბმული თოკები, ვინაიდან ნურადინ ფრიდონს გაუჭირდა მათზე ფეხის მოკიდება და უდარდელი სვლა.

- საით გადმოკარგულა ალკაზ აქიმი? - ერთი მოიხედა უკან და დაინახა, რომ დაბლა გაფენილიყო მთელი ქალაქი. გარშემო კი ხის, გამომშრალი და თითქოს ნახანძრალი სახლები იდგა. ზუსტად ისე, ფქვილი რომ დაჰყარო, ქანდარბაზთა გაბმულ თოკზე. თითქოს ვიღაცას დაეფერხთა ეს ქუჩები, დალაგებული ერთს რომელსამე ხალიჩაზე და რაც შერჩენოდა, შერჩენოდა.

თავაზამ გასწია ერთ კარზე ჩამოფარებული უფერო ფარდა და უთხრა:

- აი, ჩაიხანა, იღლია ღვთისა. აქ დაველოდებით.

არავინ იყო მსახურის გარდა, რომელსაც დაიმახსოვრებდი ულვაშსავით გადაგრეხილი წარბებით. და მპარავმა უთხრა:

- თითო შესარგებული მოგვართვი.

ფიალები იყო უბრალო, დაბზარული, არც ქაშანური, არც ფაიფური, თიხა.

- კარგად ნადუღებია და დარიჩინიც ბლომად გაურევიათ.

- განა ჩაია?

- ამაზედ გემრიელი ჩაი მიწაზე არ იპოვება. ეს გახლავთ ჩაი ჩინმაჩინისა, თავშესაქცევი და გრილი.

- არ მინახავს ასეთი ჩაი.

- ჩინმაჩინისა გახლავს, - ამ სიტყვებზე თავაზამ თამამად მოხვრიპა ფიალიდან.

- ურჯულოთა სათრობს ხომ არ მთავაზობ? - ფიალას დააცქერდა ნურადინ ფრიდონი.

- სათრობი აქ იმდენია, რაღა ამ სიმაღლეს ამოვივლიდით?

და როდესაც შესვეს ხუთ-ხუთი ნაყენი ჩინმაჩინისა, ნურადინ ფრიდონს გულის ყაფაზის გამსხვრევა მოესურვა, აევსო გვამი იმგვარი ბედნიერებით, რომ აღარ უფიქრია, ჩაიხანაში იჯდა თუ სირაჯხანაში, თუმც კი არ გაეგონა, რაი არს სირაჯხანა.

- ეს გახლავს იღლია ღვთისა, - გაიმეორა თავაზამ და უთხრა - შუადღის ნიშანი უკვე იყო. სად არის აქიმი? ფარსაგი რამ არ მზადდებოდეს, ვინაიდან ხიფათია ცოცხალი ვეფხვის გაყვანა ბითლისიდან. ორი ათასი მარჩილი დაგიჯდება ეს საქმე.

- ქაიროს კარიბჭეს ჩამოღება… ზედ ნიშნის დასმას როდი ვამბობ. ვეფხვი… განა აქ არის? ორი ათასი, მარჩილი…

- მაშ რას ვუზივართ, აქა? მაგრამ თუ არ მოვიდა აქიმი, აქ მოვისვენებთ დაღამებამდე და მერე წავალთ.

- სადა?

- იქ, სადაც ვეფხვი აბია. მერე კი უნდა გაიხადო ეგ ჯვალო და შენი დამასკური ხმალი გამოაჩინო. ოღონდ ეგ არის, ეგ ქისა ახლა რომ შემალული გაქვს, შემტყობინებელს დარჩება.

- სად არის ესა?

- ერთი სასახლის თავლაში.

- განა ეს ისეთი ქალაქია, რომ ვეფხვზე ამხედრება ძალუძთ? ვეფხვი თავლაში! გამიგონია, ინდო მხარეში…

- თავლაც არ ეთქმის, თხების საჩეხი უფროა…

და როდესაც შესვეს ორ-ორი კიდევ, თავაზამ ბალიში შეუსწორა ფერდთან ნურადინ ფრიდონს:

- მოვისვენოთ ცოტა ხნით, ლაშქრობის წინა… ჰე-ჰე.

გაისმა ამ დროს ჟღერა თარისა და ქამანჩასი და წაიყვანა ამ ხმამ ნურადინ ფრიდონი ტკბილ სამყაროში.

- ქიღინავ! - დაიძახა თავაზამ, - ქიღინავ, ეგ გასანთლული თოკი აქ მოიტანე, ერთი კოხტად გავკოჭოთ ხალიფას ძმაი.

- ეს რა ქისაა? - სთქვა მსახურმა - ჰი, კენჭებით არის სავსე. ოქრო სად  ღაა?

- უშვი ხელი მაგ ქისას, - თავაზამ დამალა თავისი წყენა. - ოქრო და ვერცხლი მდინარეებად მოედინება, მხოლოდ ფაცერი დაგვრჩა გასამართი. აქ უდარაჯე, მე წავალ, ვნახავ, ხომ არ დამშრალა მარჩილის წყარო.

 

თავი მეათე

 

“ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი, ექვსი, შვიდი… ეს დიდი, ფირუზია, ქვემოთ კი ლალი, გარშემო იაგუნდების ბაღჩა გაუწყვიათ”, - ვარსკვლავთმრიცხველი თალიბ თანი არც კი უსმენდა მის ლაპარაკს, თვალი გაჰქცეოდა საუცხოოდ გაწყობილ ჯიღისკენ, თავზე რომ ეხურა სტუმარს, - “ეს როდის იყო, ქრისტიანები რომ ამგვარი პატიოსანი თვლებით ირთავდნენ სამოსს? საჭურჭლეს წაწყდომია სადღაც”. მერე თალიბ თანი ათვალიერებდა მის ცვილით გაწყობილ, მოხდენილად გაწკეპილ შავ ულვაშს.

ვარსკვლავთმრიცხველი დააბნია ეგოდენ განთქმული და საშიშარი კაცის უცაბედმა სტუმრობამ. ღირსეული ვერც სკამი შესთავაზა, ვერც ბალიში.

- ბევრი უნდა გელაპარაკო, - უთხრა ჭაშნაგირმა, რომელსაც არავინ ახლდა და თუ ვინმე ახლდა, ქუჩაზე ელოდებოდა, - გაგიგონია, ვინცა ვარ

და ქისა დააგდო მაგიდაზე:

- კიდევ ორ ასეთს მიიღებ, თუ დაწვრილებით ილაპარაკებ.

თალიბ თანს, ჩვეულებისამებრ, მოუსვენრობამ აურია გონება, ისეთი ხმაურობა ასტეხა მის თავში, რომ აღარაფერი ესმოდა.

- ამ სარკმლიდან უყურებ ცას?

- მეორეც არის, - მიუგო ვარსკვლავთმრიცხველმა დაგვიანებით. - ანდა… აი, აქ, ბანს გადავხდი ხოლმე…

- რა ნიშნებს მეტყვი? ნიშნები მსურს ვიცოდე ქვეყნისა, დღევანდელ საღამოსი და ჩემი… ნიშნები ამ ქალაქის თავზე.

- ამისთვის საჭიროა შენი ვარსკვლავი, მოწყალეო ვაზირო, - თქვა თალიბ თანმა და გადასწვდა იმ დღის ჩანიშნულებს.

- ჩემი ვარსკვლავი? - გაოცდა ჭაშნაგირი. - იცნობ მეფის ვარსკვლავთმრიცხველ ალ აფარს? იმას არასოდეს უკითხავს ჩემი ვარსკვლავი.

- ჩანს, იცის… მეფეთა ოთახებში მრავალი ქაღალდია შენახული.

- არ ვიცი ჩემი ვარსკვლავი, - გუნება წაუხდა მუშტარს, - ის მაინც მითხარი წვრილად, ქალაქისა რა იცი, ქვეყნისას რას გამცნობენ მაღლა დალაგებული ნიშნები? და მეტად გარკვევით მელაპარაკე. რატომ ლუღლუღებ, განა ვინმე გაბრალებს რამეს?

- აქ ჩააცქერდი, - გამოერკვა თალიბ თანი და ფარატინი გაუშალა წინ. - ზოგ კაცს იოლად დაატარებს თავისი ვარსკვლავი, ზოგსაც ნაკლებად. ვისაც იოლად მოერევა, იმისი ცხოვრება და იღბალი ვარსკვლავის საჭეს მიჰყვება.

- შენ რა მეფსალმუნე ბერსავით მაშინებ? ვიცი ეს ლაპარაკი. თუკი უფლის სახელსა სცნობ ფარად და საქმედ შენად, აღარ უნდა გჭირდებოდეს მისნებთან სიარული. დიდი ცოდვაა ესა. მაგრამ, აი, ამ ქისებსაც ტყუილად არ ვარიგებ. შენ გეტყვი, თალიბ თან, ეგებ ერთადაც ჩავეფლოთ სადმე კუპრში, მაგრამ მანამდე საჭიროა ჩემთვის მაგ ვერაგ მნათობთა ფიქრების ცოდნა. მეფეს სჭირდება ასე, რადგან ცხოვრება განუწყვეტელი ცვლილება არის და მხოლოდ სამეფო ფიქრით ვერ გასწვდები ხვალინდელ დღეს.

- მე სხვა რჯულის ვარ, - თქვა თალიბ თანმა, - ჩვენ ვერ შევხვდებით იქ…

- სად არის საზღვარი ჩვენს რჯულთა შორის? გამიგონია, რომ რჯულთა საზვარი არ არსებობს. ჩემთვის ჩემი რჯულია ერთი და უსაზღვრო, სულტნისთვის მისი. მაგრამ მიწაზე ჩვენ საზღვარი გვაქვს, ეგებ არცა სჩანს ეს საზღვარი, მაგრამ თავს ვერ დაიმალავს. აი, ამიტომ მოვედი აქა…

- რჯული უსაზღვროა, როგორც ცა… ამ ქალაქისა კი შემიძლია გითხრა ხვალის ამინდი…

- სხვა არაფერი?

- ამინდიდან მოგახსენებ ბევრის განწყობას. ვარსკვლავთაგან - თითოეულისას. გუშინ თან ვდევდი ამირას ვარსკვლავს. მისი ამბავი შემიძლია წარმოვსახო.

- მითხარი, თუმც, ჩემი მერჩივნა გამეგონა…

- შენი ვარსკვლავი…

მერე ჭაშნაგირი შემწვარ ბეჭს შეექცეოდა, ორ თითს ალბობდა ძმარში, მარილში ამოუსვამდა და ზემოდან გაუსვამდა ხორცს. შემოდგომისას ფიქრობდა. მეფესთან თათბირობა იმგვარ სურათებს სთავაზობდა, რომ შემოდგომამდე ვერაფერს გაამოძრავებდა ამ ქალაქში. ყრმა მეფე ჭკვიანი იყო, კიდევ უფრო ჭკვიანები იყვნენ მისი მრჩევლები, მოხუცნი. ან სად შეენახათ აგრე კოხტად თავიანთი თეთრი წვერები. ძნელბედობის ნავაზირალნი იყვნენ, მაშინ ხომ ბევრს წიწკნიდნენ წვერსა, ჩირაღდანსაც კი მიატაკებდნენ ზედა და გატრუსავდნენ, რათა ახალი წვერის მოზრდამდე ბნელში დაეტოვებინათ. წვერშეტრუსულნი ხომ არ გამოვიდოდნენ გარეთ? ეს მათ მოიფიქრეს - ამბავი ბითლისისა. მომარხულე ბებერმა მრჩევლებმა. აჰა, რამდენი ხანია უკვე, ნაბიჯ და ნაბიჯ. ეს მათ ამოირჩიეს ჭაშნაგირი სხვათა შორის, მას დაავალეს დაქრთამვა და მოთაფლვა მთელი ბითლისისა, რაიც აღსრულდა დიდებულად, იმგვარად, რომე ვერავინ იტყოდა ამ ქალაქში ამირა არის ამირაო. და ბოლო წყრთა, სულ ორიოდე წყრთა, რათა ბითლისი სამუდამოდ მოსწყდეს უშველებელ საბრძანებელს სულტნისას და იქმნას იმად, რაც იყო. ნაბიჯ და ნაბიჯ, ყრმა მეფე სწმენდდა თავის სამფლობელოს. ერთი დიდი რკინის ცოცხით აღეგავა ყოველი მტერი და მოშურნე მისი გვარისა და ქმნიდა ქვეყანას. ამ მიკარგულ ქვეყნის შუაგულში კი იდო ქალაქი - იდო ბითლისი თავის ჭიშკრითა და სულტნის ბეჭდით.

ეგებ სულტანს აღარც კი ახსოვს ამგვარი ქალაქის არსებობა?

სავსეა იგი ყოველგვარი სიკეთით, მაგრამ წაშლილა ბაღდადის ქაღალდებში. და ვინ არის ახლა სულტნად?

მაგრამ მიზეზი, მიზეზი ბითლისის გარეშემო ჯარის შემოწყობისა… აი, რას დაეძებდნენ მრჩევლები, და ამ მიზეზს ქმნიდა ჭაშნაგირი. ქმნიდა და ვერცა ქმნიდა. შემოდგომამდე არაფერი გამოვიდოდა. მთვლემარე ქალაქო! რამდენჯერ გიჩხვლიტე ნემსი. ჭაშნაგირის ყოველი ცდა ამაო იყო, გულუბრყვილობა და უდარდელობა - გასაოცარი. უმოქმედობა - ერთადერთი ფარი ამ ქალაქისა დიდ ჭანდრაკის მღერაში.

ვარსკვლავთმრიცხველი თალიბ თანი ამბობდა ბევრს, მაგრამ ეს ბევრი არაფერი იყო. ტყუილად დაეძებდა თავის ბედს ჭაშნაგირი. საკუთარი ვარსკვლავი არ სცოდნოდა და ბითლისში დაეკარგა თავისი ხვალინდელი დღის შეტყობის უნარი. იცოდა, თავად უნდა აეშვა კვამლი სადღაც აქ, ბაზრის რიგებში. იმგვარი კვამლი, რომ ცრემლი ედინა უდარდელი ქალაქისათვის და მერე მეფე სწორედ მას, მას და სხვას არავის მიუბოძებდა ამ მიწას, განაგეო. საკვირველი იყო, ჭაშნაგირი ისედაც განაგებდა ამ ქალაქს, აქაურობას მისი ზანდუკები დაევსო, მაგრამ ხელი მეფისა არ ედო ამ ამბავს და ეგებ არც ეფიქრა ამდენი, რომ არა ის წვერმოვლილი მრჩევლები, რომლებიც წამდაუწუმ ჰკითხავდნენ მეფეს, რასა იქმს ჭაშნაგირი, ჩვენგან შეგზავნილი ქალაქ ბითლისში კვამლის ასაშვებადო?

მიზეზი მინდა, - ამბობდა მეფე, - რათა ყადი გადმოვაგდო გალავნიდან, ხოლო ამირა ჯაფარი ჯორზე უკუღმა შემჯდარი და ზანზალაკშებმული გავისტუმრო ბაღდადს. თორმეტი ქვეყანა ძევს ჩვენსა და სულტანს შორის. თორმეტივე ქვეყანაში დგას სულტნის ჯარი და არცერთი სარდალი არ წამოვა ჩემზე, თუკი ვიპოვი მიზეზს, ვინაიდან ყველა მათგანი ეძებს მიზეზს, სულტნისთვის ფასის არგაგზავნისას. ბითლისში სიარულმა და აქაურებთან ყოფნამ მარხვას გადააჩვია ჭაშნაგირი.

და ახლა, აქ მობრუნებული ცდილობდა, ქიშპი დაეთესა ყადის, ამირასა და ციხისთავს შორის. ციხისთავს ატკბობდა, წარმოედგინა, როგორ გაახსნევინებდა ალაყაფის კარს, როცა ამირა შეწყვეტდა თვლემას და სულტანთან აფრენდა წერილს, ერთგული ჯარი მომაშველე ორგულ ციხისთავის დასამხობადო. წერილს გზაში დაიჭერდნენ მეფის მსტოვრები და ციხისთავიც აჯანყდებოდა. არეულობა მოიყვანდა მეფის ჯარს ქალაქის კედლებთან… არა, არა, არ ეწერა ასე, არ გამოდიოდა.

რაც კი რამ იყო მათრობელა და გემრიელი ამ ქალაქში, იმათ ტახტზე დაესვა თავის ფიქრში ჭაშნაგირს ფათმა ხანუმი.

და რომ შეიქნებოდა გამგებელი სამეფო ბითლისისა, ზანქან სოვდაგარს, ქმარს ფათმა ხანუმისას, დაკარგავდა უეცარი შხამი და აღარ მოუხდებოდა ღამღამობით სიარული მის სახლში.

მაგრამ როგორ?

როგორ ავყარო ეს ქვაფენილი მხოლოდ მეფის გულისთვის?

- დახარჯე ფული, - უთხრა ერთხელ მეფემ, - კვამლს ფული უნდა.

ჭაშნაგირმა ვერ შებედა, მომიბოძე და დავხარჯავო. ვინაიდან მიხვდა, იცოდნენ მრჩევლებმაც და მეფემაც, თაფლი ამირამ ნაკლები გაისვა ენაზე, ვიდრე ჭაშნაგირმა. არა სურდა მუხლამდე ოქროში ჩამდგარ ჭაშნაგირს ერთი გოჯი მოეკლო ამ თვალისმომჭრელ ტბისთვის. ისიც ეფიქრა, ამიხირდებიან მრჩევლები და გამოვიკეტები ამ ბითლისშიო, თუმცა აღმოეჩინა ერთხელ, გატეხილ ღამით, ეს იქნება უპირველესი მიზეზი ბითლისთან ჯარის შეყრისაო. და მაშინ მის თავს… აგრე ტორტმანებდა და მაინც ცდილობდა, აეშვა კვამლი ოქროს გარეშე.

და ჭაშნაგირი ემზადებოდა მიჯნურთან წასასვლელად.

- ეს ქვეყანა პაპაჩემისა იყო. ემაგ ტილიან ქალაქში იდგა სახლი ჩვენი. მერე მოვიდნენ ისინი და წაართვეს პაპას, ამირა დასვეს მის სახლში. მიზეზი მინდა და ნაცარს დავტოვებ იქ. იმ ნაცრისგან ავაშენებ სახლს, სულტნის კაცებმა რომ დასწვეს ადრე, - ახსოვდა მეფის ბოლო ნათქვამი - იმ ნაცარს დავიყრი თავზე, თუ ასე არ იქნეს მალე.

- ხის ქალაქია, იოლად დაიწვება, - მაშინ ასე უპასუხა და გამოემგზავრა კიდევ ერთხელ. და მაინც, შემოვიდა თუ არა აქა, შემოდგომაზე დაიწყო ფიქრი.

ეგებ, მართლა დავხარჯო?

მაგრამ ვის გაუგონია მეფეთა მადლობა. და თუ სხვას მისცეს ეს ქალაქი განსაგებლად?

 

თავი მეორე

 

“დანაყული მუშრუკის მარცვალი, ერთი მთლიანი ფოთოლი ყილიმისა, გამხმარი და მდუღარე წყალში ჩაფხვნილი, ერთიც ნივრის ლებანი და შირაზული ეკალბარდის შუა ტოტი… ზედ საგლესი ღარფის და სააქლემო ბალახის ფესვისა, ცოტა ალამბრის წყალი… ცოტა, რამდენი? ცოტა. თუ ბევრი იქნა, თავის სიმწვავით გადაჰფარავს ამეებს და უბრალო მწველი საცხები იქნება. ცოტა… ერთი მინძალი, თუ ერთი ჯამის ფსკერი?” ეს იყო ბალახბულახსა და უცნაურ მალამოთა კოლოფებს თავსწამომდგარი ალკაზ აქიმის საფიქრალი იმ შეღამებულზე. გაეშალა დიდი ფარატინები და ზედ სწერდა უცხო რამ ნიშნებს, მარტო თვითონ რომ შეეძლო ამოცნობა მთელს ამ ქალაქში.

ადრე აქ მეორე მეწამლეც იყო, სპარსი, საამ აქიმი. საამ აქიმს დღის შუქზე ყოფნა უყვარდა, ამირას ამალას ადევნება, ყადისთან ვახშმად ყოფნა და მეძვირე იყო. აქიმობაში მთავარ საქმედ სასაქმებელს ხედავდა და ამით გვარიანი სახელიც დაიგდო, ისე რომ, სასახლეშიაც დაუძახეს და კვირაში ერთხელ ამირას ეჯდა წინა და ნაირგვარ კუჭის გამხსნელს უთავაზებდა.

ალკაზ აქიმს სძაგდა დღის შუქი: სახლის სარკმლები აეჭედა და ჭერში ჰქონდა ორიოდ ნახვრეტი, საიდანაც მზის შუქი მანათობელ ხაზებად დაეცემოდა ხოლმე გრძელ უცხო რამ ბალახბულახით სავსე მაგიდას. საამ აქიმმა კი იმდენი მოახერხა, რომ ამირას ჯანის სიმრთელე წაართვა, გულ-მუცლიდან მთელი წყალი გამოაცალა და სარეცელს მიჯაჭვულს კვლავაც სასაქმებელს მისთავაზებდა. ეს ამბავი სრულ სამ დღეს გაგრძელდა, შემდეგ კი, უღონოდ შთენილმა ამირა საჰაკმა სცადა, რაღაც ეთქვა, მაგრამ ენის გამოძრავების ღონენი ვერ მოაგროვა. მესაწოლე ვიღაც მიუხვდა, თითებს შუა ყალამი მისცა, საჰაკმა კი დასწერა - “დილეგში”. ამის შემდეგ საამ აქიმი აღარავის უნახავს, ალკაზ აქიმს კი ამირას კაცები მოადგნენ და უთხრეს, მმართველი სამოთხის კართან დგას, უნდა გვიშველო, აქეთ გამოგვაყვანინოო. შუადღე იყო და ალკაზ აქიმს გარეთ გასვლა არ უნდოდა, ამიტომ, ორი რამ კოლოფი გაატანა მოსულებს. საჰაკი რომ მოღონიერდა, ბრძანა, ეგ აქიმი აქ მომგვარეთო, და ოცი ოქროს კირმანეული გაუგზავნა. ალკაზ აქიმმა ერთ შავ დედალს შეუკრა ფეხები და სასახლეში გაატანა ძღვნის მომტანებს. ამით ის უთხრა, საჩუქარი არ მინდა, ისე ჩაითვალოს, რომ შენა, ალაჰის ჩრდილო, ჩემგან შავი დედალი იყიდეო.

ასეთი იყო ყველაზე განთქმული ქცევა ალკაზ აქიმისა, სიბნელის კაცისა. სიბნელე კი მოსწონდა სრულიად საჭირო მიზეზით, სანთლის და ჩირაღდნის შუქი იმგვარი რამ არის, რომ იმ წუთას შენი ფიქრისთვის უსარგებლო საგნებს დაგიმალავს და რომელიც გჭირდება, იმას კი დაგანახებსო. გონების გაფანტულობა უჩანდა თავისი ხელობის მთავარ მტრად. თუმც კი ამბობდნენ, ალკაზ აქიმის მამა ჭოტი იყო, ამიტომაც დღისით ვერ ხედავს და თვალისჩინი ღამითღა უბრუნდებაო. ერთი ჭოტი მართლაც სახლობდა აქიმის სახლში და ამბობდნენ, მისი ძმა გახლავსო. ფაიტაკარანში, ყოველი სახლის კარს გარედან შეაბამდნენ კლიტეს, ალკაზ აქიმს კი შიგნიდან შეება, რათა ყოველ ცნობისმოყვარეს არ შემოეღო და წამალთა მზადების ხერხებს არ ჩაჰკვირვებოდა.

- ჭოტი ჰყავს სახლში, - ეუბნებოდა თავაზა მხედარს. - ბრჭყალს გაუყრის კლიტის ნახვრეტში და გაგიღებს კარს…

- ამ ოთხ ვიწრო ხიდს არ სჯობდა ერთი ფართე ხიდი? - ნურადინ ფრიდონს თავაზას ნათქვამი არაფერი უკვირდა.

- ერთ დიდ ხიდზე ბევრი ჯარი გადმოეტევა. უწინ აქ გალავანი იყო, ქალაქი აქ მთავრდებოდა. ახლა ვირი თუ გაეტევაო და ვირის ხიდი ჰქვია. აი, იმ აღმართზე…

მაგრამ ვეღარ დაასრულა. ნურადინ ფრიდონმა ცხენი შეაყენა, ვერცხლის ფული ჩაუდო მუჭში და უთხრა:

- მომეცი ჩირაღდანი.

- იქ დაბრეცილი გზაა, ეგებ ცხენს წვივიც წატყდეს. თანაც სახლები ერთმანეთზეა მიდგმული. აბა, როგორ მიაგნებ?

- ვიცი, - ჩირაღდანი ასწია მხედარმა და ცხენი დაძრა.

- მშვიდობა მოგცეს ღმერთმა. - დაადევნა თავაზამ და ხიდის კიდეზე ჩამოჯდა. მერე კი თქვა: - რატომ ჩამოხვედი? - ის ერთი ფასი სახელოში გამოინასკვა და კიდევ ცოტა ხნის დუმილის შემდეგ იკითხა: - ღამევ, გაქვს ყური? - და კედელ-კედელ წაჰყვა ქუჩას ალკაზ აქიმის სახლისაკენ…

 

თავი მეშვიდე

 

უცხო რამ ბალახბულახის წამოსაღებად არ მიდიოდა ალკაზ აქიმი ურიების უბანში. სიბერისგან მოცახცახე ურიამ, ზაქერიამ, შვილმა დავითისამ, იცოდა ძალიან ბევრი ამბავი ამ ქვეყნისა. ბევრი უცხო დაუდიოდა სახლში და თითოს ამ უცხოთაგან სამი ამბავი მაინც მოჰქონდა. ეგებ აქ გაბლანდულიყო რაიმე გზად შეხვედრილი ვეფხვისა?

“აბულ კასიმს არ დაავიწყდებოდეს, ჭოტს ჩემსას”, - ასეთი იყო ფიქრი ალკაზ აქიმისა, რომლის მიძინებულ ჯაშუშობასაც წინაღამ მრავალი რამ ამოელაგებინა ამ უმადური ხელობის სკივრიდან. შინიდან გასვლისას დაუბარა ჭოტს: როცა დარაბის ჭუჭრუტანიდან გამოსული სხივი მაგიდის ერთი კიდიდან მეორეს უწევს, გაუღე კარი სტუმარს, მიეცი თავისი ცხენი და გაისტუმრე. შენ კი მელოდე სამხრეთით, ზანგის ბოსტნების კიდეზე.

ალკაზ აქიმს არ მოეწონა ნურადინ ფრიდონი. არ უფიქრია ბევრი, ისე მიხვდა, ჯაშუშის საქმისა არაფერი იცისო. აქედან კი დაასკვნა, ძლიერ გასჭირვებია დიდვეზირ ნიზამ ალ მულქს, რახან ასეთ შუბოსნებს ანდობს საიდუმლო საქმესო.

“დიდი ამბით გიჩვენებს ბეჭედს, თითქოს ამირად იყოს დანიშნული. ერთი თითის დადება რჩება და ეს მიწა სულტნისა აღარ იქნება”. და ალკაზ აქიმმა უკვე იცოდა: გუშინ, მწუხრისას, ციხისთავს ამცნეს, რომ ბითლისში მეომარი მოვიდა. ციხისთავმა ყადის მოახსენა, რომ მეომარი ბაღდადიდანაა, სასახლიდან. მეომარი არ მივიდა ყადისთან, რათა ეთქვა, ვის გამოუგზავნია და რისთვის. სისხამზე, ლოცვის შემდეგ არ მივიდა ამირას დივანში, რათა, როგორც სულტნის

კაცს, მოეთხოვა ბინა, მსახური და სამი კერძი დღეში. მოითხოვა არაფერი და თქვა არაფერი. აქვს ბეჭედი სულტნისა და არ მალავს მას. რა ფიქრს დაეძებს ამ ქალაქში ძვირფასად ჩაცმული? სად მივიდოდა? ყადიმ ნაცვალი იხმო და ძნელია წარმოიდგინო უფრო სულელი კაცი. საუცხოოა, როცა წარმოიდგენ, როგორ მსჯელობს ორი სულელი კაცი. ვის დაუდის ბევრი ხალხი? იმ ბებერ ურიას. ზაქერია უკვე დილეგშია. მთელ ამ ამბავში ალკაზ აქიმს სანუგეშოდ დაურჩა ის, რომ მის სახლში ნაცვალი არ მოვიდოდა.

და ალკაზ აქიმი ცარიელი კალათით ხელში გაეშურა თავისი ბინისკენ.

მან გადაიარა ოთხი ხიდიდან ერთ-ერთი და შეჰყვა დაბრეცილ ქუჩას.

მერე დაინახა თავისი სახლის ყოველთვის შიგნიდან დაკეტილი კარი, ოღონდ, ამ ჯერზე შენგრეული და მილეწილი.

ალკაზ აქიმი შედგა შუა ქუჩაზე და მიაჩერდა ამ გამოშავებულ ხახას.

“აბულ კასიმი”, გაიფიქრა ალკაზ აქიმმა. “ნეტავ, თუ გაფრინდა”, და ახედა ცას, ეგებ პირველადაც იმ წელიწადში. ნათელმა დღემ კიდევ უფრო შეაცბუნა.

ჭოტი რომ გაფრენილიყო, ვარაუდით თუ ჩამოჯდებოდა სადმე და დაღამებას დაელოდებოდა იმის მისახვედრად, თუ სად იყო და როგორ მოეძებნა პატრონი.

ეგებ ნაცვალის ხალხი კიდევ იქ იყო და აქიმის გამოჩენას ელოდა?

ალკაზ აქიმმა ერთი ამოიხვნეშა და წავიდა სახლისკენ.

ოთახში არავინ იყო. კოხტად მოქცეულიყვნენ. შუშები, ჯამები და დოქები არ დაელეწნათ. ჭილოფზე კამათლები ეყარა. ძაღლებს მაგიდის ქვეშ ეძინათ.

ჭოტი ბრჭყალით ჩხაპნიდა მაგიდის კიდეს. ალკაზ აქიმს ოფლი შეაშრა შუბლზე და ის კალათიც მოისროლა.

- წაიყვანეს? - და თავადვე მიხვდა, რომ არანაკლებ სულელია, ვიდრე ნაცვალი და ზეითუნ იბნ ზეითუნი, ყადი. ხალიფას ხმლოსანს უსისხლოდ ვინ წაიყვანდა? სისხლის წვეთი კი არსად ჩანდა. ალკაზ აქიმი ფართხაფურთხით ჩაქანდა ხვეულ კიბეზე და თავლას ჩახედა. ცხენი იქ ება, მგონი ფრუტუნებდა კიდეც.

- წავიდა?

ჭოტმა წარბები აზიდა.

- არ უშვებდი და კარი დაამტვრია. აბულ კასიმ, განა გატკინა რამე?

არაო, მიახვედრა ჭოტმა.

- ვინმე ხომ არ მოსულა, აქა?

- სახელით წმინდა კანონთა წიგნისა, აღსასრულებლად აქ ნაწერისა, მე მოვედი აქ, ნაცვალი ამირასი ალი! - ალკაზ აქიმმა მოიხედა. თავისი ფართხუნა კაბის ბოლო გამოსდო რაღაცას და გაიშხლართა. კარში იდგა პირბრტყელი გრძელწვერა კაცი მეტად

სასაცილო იერისა. მან სამჯერ დაჰკრა კვერთხი აგურის იატაკზე და სულელური სიმკაცრით წარმოთქვა:

- ალკაზ აქიმო, სახელით ამირასი გეკითხები. გეკითხები კანონის წიგნის სამკეცი ფიცით და გაფრთხილებ, რომ კაცები მიყენია გარეთ. გეკითხები, რამდენჯერ ილოცე დღეს?

ალკაზ აქიმი სწრაფად წამოდგა, ვითომ მტვერი ჩამოიფერთხა და მიუგო:

- რამდენჯერაც საჭიროა.

მიწას ჩაჩერებოდა.

- გეკითხები შენ, ალკაზ აქიმო, სახელით ამირასი, ვინა სტუმრობდა გუშინ ამ სახლში?

- ჯორების დალალი ჰასანი. გამთენიას გავისტუმრე, - წაიბურტყუნა ალკაზ აქიმმა.

- გეკითხები ამირას სახელით და ესე ყოველი ჩაიწერება დავთარში, რატომ არ შეხედავ კაცს თვალებში?

- შუქი არ მიყვარს.

- გეკითხები ისევ, მაშ ქვესკნელი გიყვარს და ღამე კუნაპეტი, სათავე ავის მქნელობისა?

- არა.

- გეკითხები, ალკაზ აქიმო, მე, ამირასაგან ბოძებული უფლებით, ნაცვალი ალი, რამდენჯერ იცრუე ჩემთან ლაპარაკისას?

- არც ერთჯერ.

- მართალია, რომ ეს ჭოტი ძმა არის შენი და როგორც ჭოტის მოდგმას, გაშინებს მზე, საბრალო ფრინველი კი თავად გადაგიქცევია ჭოტად?

- თუ პირიქით? - აჰ, რა სულელი იყო ნაცვალი ალი.

- გეკითხები, რას ნიშნავს პირიქით?

- თუ ჭოტის მოდგმისა ვარ, როგორ გადავაქცევდი ჩემს ძმას ჭოტად? უფრო ჩემს თავს გადავაქცევდი კაცად.

ნაცვალმა დაჭუტა ცალი თვალი და თითი გაისვ-გამოისვა ქვედა ტუჩზე.

“ერთი თითის დადებაც აღარ დარჩა”, - გაიფიქრა აქიმმა.

- და მაშ, ვისია ის კოხტად და ძვირფასად შეკაზმული ცხენი, ქვემოთ რომ ფრუტუნებს? გეკითხები სახელით…

- აჰ, არც კი ვიცი, რა ვუყო მაგ ცხენს! უცნაური ხალხია ქვეყნის მპყრობელნი, უცნაური ფეშქაში იციან. მოგეხსენება, შარშან ერთი რამ გულის ზიდვის საწინააღმდეგო ნაყენი გავუგზავნე ხლათის პატრონს. ჩანს, მოუხდა და ფეშქეშად ეს ცხენი გამომიგზავნა. რად მინდა ცხენი? წაიყვანე და გყავდეს. სწორედ რომ გუშინ მოიყვანა აქ ერთმა მრბოლმა. იმანაც შენებრ მოხდენილმა ჭაბუკმა…

ნაცვალი ერთხანს დუმდა.

- გეკითხები მე შენ, ალკაზ აქიმო, სახელითა ამირასი, რამდენჯერ იცრუე? ნახეს გუშაგებმა კაცი, რომელიც სწორედ ემაგ ცხენით მოადგა კარიბჭეს. ის არ ჰგავდა მრბოლს.

- მე აღარ ვიცი, ვის ჰგავდა იმ სიბნელეში. შენებრ ახოვანი კი იყო. აქა მაქვს წყალობის სიგელი, თავად ხლათის პატრონის

ბეჭედდასმული, - ამ სიტყვებზე, თავისი მიხვედრილობით გახარებული ალკაზ აქიმი გაქანდა ოთახის ერთი ბნელი კუთხისკენ და იქ დაყრილ გრაგნილებსა და წიგნებში დაიწყო ქექვა. აჰ, რა არის გონება კაცისა, სწორედ ოცდასამი წლის წინათ, ხლათის პატრონს ხალათი ებოძებინა მისთვის და ზედ საბუთიც მოეყოლებინა, - ახლავ მოგართმევ, - და რიგრიგობით იწყო გრაგნილთა გაშლა და თვალიერება. - აი, ეს არის… არა, ეს სხვაა…

ნაცვალი კი იდგა კარში და თითს ისვამდა ქვედა ტუჩზე.

- აი, ესა, აი, - მთლად დაგლეჯილი ძველი გუჯარი ააფრიალა სიბნელეში ალკაზ აქიმმა.

- ეს ცხენი… არა გჭირდება? - ჰკითხა უეცრად ხმადამტკბარმა ნაცვალმა. - მეტად კარგი ცხენია, ომსა და რბოლაში გამოსადეგი.

- გაყიდვა მინდოდა. თუ ამირას საჯინიბო შეიტკბობს…

- უთუოდ. მე გამოვგზავნი კაცს, - და სამჯერ დაჰკრა კვერთხი. - შინაურულად გეკითხები, რად ერიდები შუქს?

- თვალებსა მწვავს, - თქვა მოწყენით ალკაზ აქიმმა და გუჯარი ისევ იმ ბნელი კუთხისკენ მოისროლა. - ჯერ ვერ მიპოვნია წამალი თვალთა შვებისა.

ნაცვალი შეტრიალდა და მედიდურად გააბოტა.

- რით განასხვავებ აქიმსა და შლეგიანს? - მოესმა ალკაზ აქიმს.

- მაშ, რატომ წავიდა? - მიუბრუნდა ჭოტს და გაიფიქრა: “აღარაფერი დარჩება. რაღა უნდა დარჩეს, თუკი ნიზამ ალ მულქს ვერ უპოვნია უჩინარი ასასი საქმის აღსასრულებლად და ხმლოსნებს აგზავნის?”

პროლოგი

უკვე ბნელდებოდა, როდესაც ნურადინ ფრიდონი მიადგა ქალაქის ალაყაფს და გუშაგთა ფეხებთან შეაყენა ცხენი.

- რა ქალაქია? - ჰკითხა ორ მოქანცულ კაცს სპარსულად.

- ამ ქალაქს სამხრეთში ფაიტაკარანს უწოდებდნენ, სამხრეთ-აღმოსავლეთში - ბითლისს, სხვანი კი - ყალას და სეიდაბადს.

- თქვენ რაღას უწოდებთ? - ნურადინ ფრიდონმა გახედა გალავანს იქეთ მიმალულ მზეს. ქალაქიდან ზარების რეკვის ხმა მოისმა. რეკავდნენ დინჯად და მოგუდულად. ეს ამბავი ცუდად ენიშნა ნურადინ ფრიდონს. - ვინ განაგებს აქაურობას?

- ამირა, ჯაფარი ბენ საჰაკი, - იყო მოწყენილი პასუხი.

- ყადი ვინ არის?

- ყადი, ზეითუნ იბნ ზეითუნი, მაგრამ ყადი არ არის მთავარი, - მიუგეს გუშაგებმა.

- მაშ, ვინ?

- ჭაშნაგირი, მეფის ღვინოების და შარბათის უხუცესი.

- რა რჯულია?

- აქ ყველა რჯულია.

- ურჯულოთა რჯულიც? - გალავანს გახედა ნურადინ ფრიდონმა, თითქოს ზარის ხმის დანახვა უნდაო.

- ყველა რჯული რჯულია, - ვეღარ მოითმინა ერთ-ერთმა დარაჯმა. - შენ თვითონ ვინა ხარ? ასდინარიანი მოსასხამი კი გიფარავს მაგ მხარ-ბეჭს და კაი სევადიც გიბრწყინავს ხმალზე, მაგრამ ვინ ხარ?

- ჩალმაც დიბისა დაუხვევია, - აღნიშნა მეორე დარაჯმა.

ამ სიტყვაზე ნურადინ ფრიდონმა ცხვირთან მიუტანა შეკრული ცაცია მუშტი და დაანახვა ნეკა თითზე წამოცმული თავბრტყელი უთვლო ბეჭედი.

- სულტნის ძმა? ასე სწერია, - თქვა გუშაგმა.

- ამ ქალაქში არის მოედანი, რომელზეც პატარა მდინარე გამოდის და ზედ ოთხი ვიწრო ხიდია გადებული? - ჰკითხა ნურადინ ფრიდონმა.

- არის. ვირის ხიდი, ჰაჯი სეიდის ხიდი… - მაგრამ მხედარს აღარ დაუცდია, ცხენს დეზი ჰკრა და ქალაქში შევიდა.

ერთ-ერთმა გუშაგმა გალავნის უკან გაიხედა და თქვა:

- მორჩა, დავკეტოთ ალაყაფი. მწუხრის ზარები დაადუმეს.

- რას ნიშნავს სულტნის ძმა? - მხრები აიჩეჩა მეორემ.

- სულტანი ჩუქნის რამეებს მამაც ათასისთავებს. ეტყობა, ძმობაც აჩუქა.

- და ამ კაცს სულტანი უნახავს? იმ სიშორიდან მოდის? ვინ არის ახლა სულტნად?

- ჰარუნ არ რაშიდი? - შეეჭვდა პირველი გუშაგიც, - დიდი მწყალობელი ყოფილა… არა, ჰარუნ არ რაშიდი არა.

- მოსასხამს მტვერი არ ეტყობოდა. ამხელა გზაზე…

- ქირმანის ქსოვილი არ იკრავს მტვერს…

ნურადინ ფრიდონს კი ქუჩაზე მიჰყავდა ცხენი. ქვაფენილი იყო, სახლები კი ხისა, ფაიტაკარანიც ამიტომ დაერქმიათ. ნალები უცნაურ რამ ჰანგებს გამოსცემენ ქვაზე სიარულისას, სახლის კედლები კი თხელია. სარკმელთან მისვლაც არ გჭირდება, რომ შეიტყო - ვიღაც მხედარი მოდის შენს ქუჩაზე მწუხრის საათს. ამას ფიქრობდა ნურადინ ფრიდონი.

ერთ გამოღებულ ჭიშკართან შეაყენა ცხენი და იქ მოტრიალე ბიჭს დაუძახა:

- წყალი დამალევინე…

ბიჭი ეზოში შევარდა და დოქით გამოურბენინა. ნურადინ ფრიდონმა საქამრეში ჩაიყო თითი, ერთი შავი მისრული მეოთხედი გადაუგდო და ჰკითხა:

- ალკაზ აქიმი ცოცხალია?

- ჩვენ ღამის გასათევი ალაგი გვაქვს მოწყობილი, - მოჰყვა ბიჭი. ეტყობა, ეცოტავა შავი ფული, - ვინ აღარ ჩერდება ჩვენთან. ოთხი მარტო აქლემი დავაბინავეთ. მამაჩემს სადიყა ჰქვია, შორეულო ბატონო. ოთახები სუფთადაა მოწყობილი. ყოველ მათგანს სარკმელი აქვს. უბირი ხალხი ამბობს, სარკმელი ქურდისთვის მისწრებააო, მაგრამ ჩვენ ხომ ცხაური გვაქვს სარკმელზე. ცოტაც და ძაღლებს ავუშვებთ. ისეთი ნაგაზი გვყავს, რომ… მალე სავახშმო ფლავი გამზადდება, საკლავიც დღეისაა. დღეს ხომ ოთხშაბათია…

ნურადინ ფრიდონმა კვლავ დაძრა ცხენი და მერეღა შეხედა, რომ ერთ ტანდაბალ კაცს აღვირისთვის უტაცნია ხელი.

კაცს დაძენძილი ქუდი ახურავს, თვალები დაურბის და ამბობს:

- მე გაჩვენებ ალკაზ აქიმის სახლს. ჩირაღდნის ჭერაც შემიძლია, გზასაც გაგინათებ. სანამ მივალთ, დაღამდება. ერთ ფასად მოვახერხებ ამას…

- მე არ მიკითხავს სახლი, მე ვიკითხე ცოცხალი თუა-მეთქი, - აღვირი გამოსტაცა ნურადინ ფრიდონმა.

- ჰო, მაგრამ ღამდება და ვერ მიაგნებ, - კვლავ უტაცა აღვირს ხელი იმ კაცმა.

- ვინ ხარ?- გაეცინა ნურადინ ფრიდონს.

- თავაზა, მოქალაქე, თავაზა…

- ეგ მპარავია, შორეულო ბატონო! - შესძახა ბიჭმა და ეზოში გაუჩინარდა. თავაზამ კი სწრაფად მიაყოლა ქვა.

- ერთ ფასად, მწუხრის ჟამს.

ნურადინ ფრიდონმა მათრახი ასწია და დაანახვა.

- დიდებული წნულია, - ჩაიხითხითა კაცმა. - ასე ჩვენში ვერ სწნავენ.

- ხომ ხედავ? - ჰკითხა ნურადინ ფრიდონმა. - ცხენსა სწვავს ფერდს.

- წავიდეთ. ერთ ფასად…

- გექნება შენი ერთი ფასი…

 

თავი მეთერთმეტე

 

აი, რა არის ყველაზე გემრიელი ფაიტაკარანში, თუ ბითლისში, ან იქნებ ყალასა და სეიდაბადში: ზაფხულის ღამით გულაღმა წამოგორება ბანზე, წყლით მონაბერი ნიავის შეგრძნება ფერდებში და მზერა ვარსკვლავიან ცისა. ყოველ ჩვეულებრივ კაცს სასიამოვნოდ უჩანს აგრე გატარება დროისა. შესცქერის იგი ვარსკვლავებს და მშვიდად მოელის სიზმართა ქვეყნისაკენ გამგზავრებას. ბევრი არაფერი გაეგება ცაზე დახატული სურათისა და ვარსკვლავთა ციმციმისა, იცის მხოლოდ, რომ არაფერია იმაზე კოხტად დახატული და განწყობილი ქვეყნად, ვიდრე ბითლისის ზეცა და შეუმჩნევია ისიც, რომ რომელიმე ვარსკვლავს თუ მოსწყინდება ცაზე ყოფნა, მოწყდება იქაურობას ღილივით და ჩაიძირება სადღაც სხვაგან, მაგრამ სად?

სად? - გინდა კი ასეთი ფიქრი, როცა ბანზედ წევხარ და მოელი შუა ზაფხულის ღამის სიზმრებს?

ვარსკვლავთმრიცხველ თალიბ თანს არ უყვარდა ბანზე გულაღმა წოლა და ვარსკვლავების ცქერა. სხვათაგან განსხვავებით, აგრე წამოგორებულს მრავალი ფიქრი აეშლებოდა ზეცის თვალიერებისას და სიზმრებს ვინ სჩივის, გათენებამდე უძილო დარჩებოდა. ამიტომ, თუკი ღამის სიგრილე მოენატრებოდა, ბანზე დაძინებას არ ლამობდა, ჭილოფს გაიშლიდა და შეშილიფებული მოირთხავდა ხოლმე ფეხს. თალიბ თანს თავის ოთახში ტახტზე ეძინა ხოლმე, სარკმელს ფარდას ჩამოაფარებდა და სანათურსაც დაკეტავდა ხოლმე. თორემ ამ ადგილებიდან ვარსკვლავები იჭყიტებოდნენ ოთახში, შემოჭყეტილი ვარსკვლავი კი ბანს ჩამოფარებულ, სულ ვარსკვლავებით მოჭედილ ცაზე მეტიჩარაა და საფეთქელთან შეღიტინებაც სხვაგვარი იცის.

იმ ღამით კი კარგა ხანს უჯდა თალიბ თანი თავის დავთრებს. თითები სულ მელნით გაშავებოდა. დასცქეროდა ნაწერებს და ფიქრსა და განსჯაში გართული მაინც გრძნობდა, როგორ ეზრდებოდა კუზი. კუზიანობა ხომ დავთრებს ჩაკირკიტებული ვარსკვლავთმრიცხველთა ავადმყოფობა იყო. იტყოდნენ კიდეც: ეგ რა ვარსკვლავთმრიცხველია, ჯერ კუზი არ ამოსვლიაო. მეუდაბნოვენი კი კუზს ღვთიურ სასჯელად უთვლიდნენ.

მერე თალიბ თანი ბანზე იჯდა და ფიქრობდა. მაინც ცისკენ გაურბოდა თვალი და მეტს და მეტს ფიქრობდა.

მერე ოთახში ჩამობრუნდა, მოხდენილი ხალათი გაიხადა, ძველი ქუდი მოძებნა და ნაკემს ძველმანებს დასწვდა. ეს თალიბ თანის წესი იყო - თუკი ღამით სადმე წასვლას დააპირებდა, უეჭველად ჯვალოს გადაიცვამდა. შიში ჰქონდა ღამის ქუჩებისა და მაწანწალას იერით შეაბიჯებდა სიბნელეში. ერთს რომელსამე პატარა ქალაქში თალიბ თანს სახლიცა ჰქონდა, კარიც, ზეთისხილის ბაღიცა და ოთხი ცოლიც ჰყავდა, მაგრამ იქედან გადმოხვეწილიყო და ბითლისში ნაგროვები ქისებით უვლიდა აქაურობას. იმ რომელსამე ქალაქში თალიბ თანს არ დაედგომებოდა, ვინაიდან რით იყო სახელგავარდნილი იქაურობა და ვარსკვლავთმრიცხველთა სკოლებით. იმ სკოლებში ნასწავლნი კი მოშორებით ეძებდნენ საქმეს. თალიბ თანი კი ფიქრობდა, დავაგროვებ ოქრო-ვერცხლსა და ქონებას და არცთუ დიდი კუზით მივუბრუნდები იქაურობას, ორ კოკორსავით მხევალს ვიყიდი და ასე დავიტკბობ ჭაღაროსნულ წლებსო.

მაგრამ მანამდე თალიბ თანს სტანჯავდა სურვილი ფათმა ხანუმისა. სურვილი და უცნაურად ნაზავი შიში გამოტყდომისა.

არავის, არავის ემსახურებოდა ისე, როგორც ამ ქალს და რარიგ ეშინოდა ღამის ქუჩებში სიარულისა? მაგრამ ამოეკითხა ცათა ზედა სხვათათვის

უხილავი რამ ხიფათნი და ახლა ვეღარ მოისვენებდა.

თალიბ თანმა სამი მოკლე ხანჯალი შემოირტყა; ერთი მარცხენა კოჭზე, ერთი ჭიპზე, ერთიც კუდუსუნთან, აბგაში შავი მოსასხამი ჩატენა, რათა მისულს, მხრებზე შემოესხა და ნაკემსი ძველმანები დაემალა, ჭრაქი სარკმლიდან მაგიდაზე გადმოდგა, ნიავი რომ არ მისწვდენოდა და გამოუყვა ჩაბნელებულ ქუჩას.

და ბევრი იარა, თუ ცოტა იარა თალიბ თანმა, და უსაფრთხოდ კი იარა, მთვარის შუქის დახმარებით, მიადგა ალაყაფს, რომელიც დაკეტილი დაუხვდა. და რადგან ამ სახლში წესად არ ჰქონდათ გუშაგების დაყენება. ბითლისის დიდ ალაყაფებთან ღამით მხოლოდ მაშინ იდგნენ გუშაგნი, როცა პატრონნი ამ ალაყაფებს უკან წამოჭიმული სახლებისა, შინ იყვნენ. უგუშაგო ალაყაფი კი ამბობდა - ბატონი ამ სახლისა მისრს წარმართულა ფარჩეულის სასყიდლად, მის ცოლებს კი არა ჰყავთ ღამეული სტუმრები და ნურც დააკაკუნებ. და თალიბ თანმა იცოდა, რომ ყოველ გალავნიან სახლს აქვს უკანა კარი, მიაკაკუნებ და გაგეღება. და თალიბ თანმა შემოუარა გალავანს და კარგა ხანს იარა, ვინაიდან დიდი იყო ბაღი ამ სახლისა და დააკაკუნა ხის ცალფერდა კარზე სითამამითა და წესიერებით.

მალევე გამოეხმაურნენ. სტუმარმა იცნო საჭურისის ხმა:

- ვინ ხარ?

- ვარსკვლავთმრიცხველი თალიბ თანი… მეტად საჭირო ამბავი მომაქვს ხანუმისათვის, - მიუგო თალიბ თანმა.

- დილით, - უთხრეს იქედან.

- დილამდე გაცივდება.

- დილით…

- მოახსენე, რომ თალიბ თანი მოვიდა ახალი ნიშნებით… გესმის? მთელი ქალაქი გამოვიარე ბნელში… შენ…

- არა, წადი. არ არის ჟამი ხანუმთან ლაპარაკისა. სძინავს.

- გააღვიძე.

- არა… წადი.

- მაშ გადაეცი, რომ… დიდი რკალი იკვრება ხვალ და ეგებ მიწებიც დაიძრას და დაანგრიოს ხის სახლები და დაბზაროს ქვითკირის კედლები.

- წადი… - და თალიბ თანი მიხვდა, რომ საჭურისი კარს მოშორდა.

ნირწამხდარი ჩაცუცქდა გალავნის კედელთან და სთქვა:

- შენ არ გესმის, რა საშიში რამ მოელის მიწას. ცა გვეუბნება… - და ამოიოხრა. - დაგმანულ ალაყაფთა ქალაქო!..

- როცა ალაყაფს არ გიღებენ, გალავანს უნდა გადაევლო, - მოისმა სიბნელიდან.

თალიბ თანი ზეწამოიჭრა და მოკლე ხანჯალი იძრო:

- მანდ… მანდ ვინ არის? - ჩირგვებს უყურებდა.

- შეინახე ეგ ფრჩხილების საქნელი დანა… ჩვენც შენსავით არ შეგვიშვეს კარში, - და სიბნელიდან ორი კაცი გამოვიდა.

- აა… - აღმოხდა თალიბ თანს, - სიბნელის ასისთავნი… შენ ის არა ხარ? რა ჰქვია…

- თავაზა, - იყო პასუხი.

- აღარ მეგონა, თუ დაგმანული ალაყაფი გალავანზე მცოცავ ხალხთან დამამეგობრებდა… მაშ, მე წავალ.

- მოიცა, თალიბ თან, - თქვა უცებ მეორემ და წინ წამოდგა ნაბიჯი - რა ვარსკვლავები გაქვს მაგ აბგაში?

თალიბ თანი ჯიქურ შეაცქერდა ამის მთქმელს და პირი ღიად დაურჩა:

- ალკაზ აქიმო, შენ რაღა გინდა აქ?

- რაც შენ. ერთი ამბის კუდი გვიჭირავს და მოვყვებით, - უთხრა თავაზამ.

- არაფერი ვიცი კუდისა, მე მოვედი, რათა ხანუმს ვუთხრა, შეკრას ბარგი და ცოტა ხნით…

- აი, როგორ ატყვევებს ცათა მცოდნე კაცს აბრეშუმში გამოხვეული ჯიქანი, - სთქვა თავაზამ. - ძოწებიც ხომ გინახავს კოჭზე.

თალიბ თანს ჰაერი აღარ დაეტია გულ-გვამში.

- მოიცა, თალიბ თან, - წაიჩურჩულა ალკაზ აქიმმა, - ეგებ ვერცა ხვდები, სად გაიხლართე… ეჭვი მაქვს, შენი ციური მისნობანი არაფერია იმასთან, რაც აქ უნდა დატრიალდეს ამ წყეულ ღამით. ერთი თითის დადებაც აღარ დარჩა და…

- ჩუ! ვიღაც მოდის, - წაისისინა თავაზამ და სამივენი ჩირგვებში გადაეშვნენ, - ცხენოსანია…

დეზები ბრწყინავდა სიბნელეში, მოსასხამს შიგნიდან ბრწყინავდა ქარქაშის ოქრო. პირშებურვილი მხედარი დაქვეითდა, ბარბაცით მიეყრდნო კარს და დააკაკუნა. ერთხანს ირწეოდა და მიწას ჩასცქეროდა, მერე კი თქვა:

- მე ვარ…

კარი გააღეს და ცხენიც და კაციც გაუჩინარდნენ.

- ჭაშნაგირია, - თქვა თავაზამ.

- ოღონდ კი ასისთავს ბანგი გამოსვლოდა თავიდან, - დაურთო ალკაზ აქიმმა, თალიბ თანი კი დუმდა, რადგან ვერაფერი გაეგო. მერე ფრთათა იდუმალი ტყლაშუნი შემოესმა და დაინახა, როგორ დაეშვა შორიახლოს ჭოტი. - აბულ კასიმ, აბულ კასიმ, - მიეფერა ალკაზ აქიმი. - იმედი არის?

ჭოტმა თავი დახარა.

- მიდი, მიდი და ნიშანი მოგვეც, - ეს თავაზა იყო. ჭოტი აფრინდა და გალავანს იქეთ დაიკარგა. - თუ სახლები დაინგრევა, რაღას ვწვალობთ?

- იქამდე დროა, არა, თალიბ თან? - ჰკითხა ალკაზ აქიმმა.

თალიბ თანი კი უკვე ნანობდა

- დღეს ყავახანებში ლაპარაკობდნენ… - დაიწყო თავაზამ და აღარ გააგრძელა.

 

თავი მეექვსე

 

დილიდანვე ალკაზ აქიმის ოთახში ჭილოფზე ფეხმორთხმულ ნურადინ ფრიდონს ფანჯარაში გახედვა სურდა. მზიანი დღე ჩანდა, მაგრამ დიდ და გამურულ დარაბაში მხოლოდ ერთი ჭუჭრუტანიდან შემოჭრილიყო მზის სხივი და აგურის იატაკს ეცემოდა. ჭერში დატანებული ნახვრეტები ალკაზ აქიმს ადრევე დაეგმანა და სასტიკად აეკრძალა ნურადინ ფრიდონისთვის გარეთ გასვლაც და ფანჯრიდან გადახედვაც.

გათენებამდე ნურადინ ფრიდონს სულ სხვა რამ მოეფიქრებინა - სურდა, ქალაქში გაევლო და ათას რამეს დაჰკვირვებოდა, მაგრამ აქიმმა რამდენიმე საშიშარი სიტყვა წამოისროლა. სთქვა, რომ ბაღდადიდან ხელობის არმცოდნე კაცი გამოუგზავნეს და ამის შედეგად ძელზე გასმა დასახა.

- ეგ დამასკურად მოელვარე ხმალი ჯაშუშობაში არ გამოგადგება. ყადი განაჩენს ბეითივით წაიმღერებს, - უთხრა ალკაზ აქიმმა და ერთი დიდი კალათა აიღო, - მე ბაზარში მივდივარ. ასეთია ხერხი. ამბებით გამოგივსებ უბეს. არ გააღო ფანჯარა. აბულ კასიმი ვერაფერს დაინახავს. აქ მელოდე.

ჭოტი მედიდურად დააბიჯებდა მაგიდაზე. ძაღლებს კი კვლავ ეძინათ.

- მე ცოცხალი ვეფხვი უნდა წავიყვანო. ბნელში ჯდომა დამალავს ვეფხვს?

- არავინ იცის, სად არის ვეფხვი, - და წავიდა.

ამის შემდეგ ნურადინ ფრიდონი და ჭოტი კამათელს თამაშობდნენ.

ალკაზ აქიმი კი ურიათა უბნისკენ მიფართხუნებდა კალათით ხელში. იქ ჰყავდა ერთი ძველი ნაცნობი, რომელიც დიდად აფასებდა აქიმის მუშტრობას. ალკაზ აქიმს კი სჯეროდა, ურიებმა ბევრი რამ იციან, მაგრამ ცოტას თუ ამბობენ. გზად შეხვდა თერთმეტი ურია და თერთმეტივემ უთხრა სალამი. არცერთს შეუთავაზებია რაიმე სასყიდლად, რადგან თერთმეტივემ იცოდა - ალკაზ აქიმი ზემოთ მიდიოდა. ქუჩის კენწეროსკენ, სადაც სახლები მთვრალ კაცებს ჰგვანან, ხოლო ოთახებში სიგრილეა და მკბენარიც ვერ აღწევს წყლისპირიდან. იქა ცხოვრობდა ერთი სიბერისგან მოცახცახე ურია, ზაქერია, შვილი დავითისა. თერთმეტივემ იცოდა, რომ ალკაზ აქიმი მისი მუშტარი იყო.

ყოველ გაზაფხულზე ალკაზ აქიმი ჩამოუწერდა ზაქერია მოხუცს იმ უცხო ბალახბულახის სიას, რაიც ბითლისის მხარეში არ იპოვებოდა. ზაქერია გადმოშლიდა დავთარს ქარავანთა სვლისას და ამ ბალახბულახის სიას შეუხამებდა. შემოდგომით ალკაზ აქიმი კვლავ გადაუშლიდა თავის სიას სიბერისგან მოცახცახე ურიას და იგი ახლა საფასე ქაღალდს შეუხამებდა ამ სიას. ქვეყნიერების ასი კიდიდან მოტანილ ბალახეულს თავისი ფასი ჰქონდა. ალკაზ აქიმი კალათს გაავსებდა, ქისას კი სტოვებდა.

ალკაზ აქიმმა სალამი მიუგო თერთმეტ ურიას და მიადგა ზაქერიას სახლის რატომღაც გამოღებულ ალაყაფს.

ალაყაფთან დაუხვდნენ ამისი ვაჟები, სულ შვიდნი.

- სალამი თქვენა, - ჩვეულებისამებრ მიწას ჩააცქერდა ალკაზ აქიმი, - სამას სამოცდახუთ დღეს არ ვიტყვი ხოლმე იმდენ სალამს, რამდენსაც ერთ დილას, ურიების უბანში. ალაყაფი გაგიღიათ. არ მინახავს აქ ამირა მოდიოდეს ხოლმე იხვის საჭმელად.

ამათ კი არა მიუგეს რა.

- ლოცვა ხომ არ დაგიშალეთ? მიმიყვანე მამაშენთან.

- ეს კალათი აქ ჩამოდეთ, ყველა ანგარიშს მე გავასწორებ, - უთხრა უფროსმა შვილმა.

- სად არის ზაქერია? - და ალკაზ აქიმს გაახსენდა თერთმეტი ურია, სალამი რომ უთხრეს და მეტი არაფერი.

- ნაცვალი იყო აქა, ოთხი კაცით. წაიყვანეს, - ამოიოხრა უფროსმა შვილმა.

- რა უნდა ნაცვალს ურიების უბანში?

- სცემეს, დაბორკეს და ყადისთან წაიყვანეს. მომსვლელს ეძებდნენ. აქ ბევრი მოდის მექარავნის კაცი. ერთ კაცს ეძებდნენ და არ დაგვიჯერეს, რომ არ ყოფილა ჩვენს სახლში და არ უჭამია ჩვენი პური და იხვი.

- ვინ კაცია?

- არ თქვეს. გუშინ მოსულა. მწუხრზე. ვიღაცამ დაგვასმინა, რომ მამაჩემის სახლში მოსულა. ბევრი მომსვლელია აქა, ხარჯის, საპალნის ხალხი. აქ არავის ვუშლით ლოგინს.

ამის გამგონე ალკაზ აქიმმა კალათს წამოავლო ხელი და ფართხაფურთხით გამოვარდა ალაყაფიდან.

- მე გავასწორებ ანგარიშს, - დააწიეს ხმა, - მამაჩემის ფასი ჩემი ფასია. იმის სიტყვა, ჩვენი სიტყვა.

- ხვალ, - წაიბურტყუნა ალკაზ აქიმმა და წამოვიდა თავდაღმართზე.

 

თავი მეცხრე

 

- გზა, გზა, მიჰკეტე დარაბა! - ბაზრის რიგებიდან შორიახლოს, ვირის ხიდისკენ გეზდაჭერილ თავაზას მათრახიც კი მოხვდა. ბეჭამწვარმა ახედა მცემელს, ჭაშნაგირის მხლებელი იყო. თორმეტი მხედარი მოუძღოდა წინ მეფის ჭაშნაგირს, და ათიოდეც უკნიდან სდევდა. ქუჩა ბაზრის რიგებში ამ დროს ვიწროვდებოდა. ჭაშნაგირს ხუთი ფრთით შემკული დიდხანს ნაკერი ქუდი ეხურა, მოსასხამი კი - შინდისფერი. თავაზა კედელს აკრული უყურებდა: უდარდელობით მოჰყავდა ცხენი და ნაპერწკლებს ჰყრიდა შავი თვალებიდან. წვერი ახლად შეღებილი უბზინავდა და მპარავიც მიხვდა, საით მიდიოდა.

მთელი ბაზრის რიგიც მიხვდა. ჩაიარა და მოისმა უკნიდან:

- ჩამოსულა და პირდაპირ ამირასკენ უჭირავს გეზი.

- შეღამებულზედ კი მივა იქ, სადაც აბრეშუმი შრიალებს…

ამას მოჰყვა სიცილი და ფრთხილი ნათქვამი:

- მსტოვარი იქნება აქა, ნუ მიხვალთ ყადის ხელში…

თავაზამ ქვაფენილზე დააფურთხა და წავიდა. სწორედ ამ საღამოს მოთრეულა, ამ კაცის დანახვა ყოველთვის ნავსს გამოუჩენდა ხოლმე. თანაც…

ალკაზ აქიმი თავის შემჭვარტლულ ოთახში იჯდა და გალეწილ კარსა სჭედდა.

- ქირმანისკენ, ქირმანისკენ, აბულ კასიმ, ქირმანისკენ გავფრინდებით, - ბუტბუტებდა და სწყევლიდა კარს. ამ დროს შემოვიდა თავაზა.

- აქიმო, აი, მოვედი…

- რა ხალხი დამიდის აქა, - ჩაქუჩი მიაგდო ალკაზ აქიმმა. - ვინ ხარ?

- თავაზა.

- ჰო… მინახიხარ… გაჯოხილი ყადის ეზოში.

- ორი კვერცხის მოპარვისათვის, - გაიცინა თავაზამ. - ახლა ორ კვერცხზე მეტი მერგება.

ჭოტმა რაღაც წაიბურტყუნა და ალკაზ აქიმი შლეგიანად დასწვდა ჩაქუჩს.

- შენ წაიყვანე, ჩემი…

- ფეხისგულები სულ გადამეტყავა, იმდენს დავრბივარ დღესა, - ჩამოჯდა თავაზა, - აგე, მესამედ მოვხვდი შენს სახლში. წუხელ კინაღამ შენს ბანზე ჩამომეძინა…

- და რა გინდა? ეხლავე მიგცემ ნაცვალს…

- თუ მე არ მიგეცით ნაცვალს შენცა და ის ვეფხვებზე მონადირეც.

- რა გინდა?

- ქისა, იმ ასისთავმა რომ დატოვა აქა.

- ქისა? ამ სახლში რა უნდა ქისას?

- მაშ, ქისის გარეშე ივლიდა? ერთი ქისა აქვს, კენჭებით სავსე. ამით ივლიდა სულტნის ძმა? სამოსი რომ გავხადო, ოთხას მარჩილს ავიღებ.

ალკაზ აქიმმა ჩაიფრუტუნა.

- ვინ არის სულტნის ძმა?

- ისა, ვინ არის ახლა სულტნად?

- ვინც უნდა იყოს…

- არ ვიცი, სად არის მისი ქისა. მისწერე სულტანს, ორი ათასი მარჩილი გვაახლოს და უკან გავუგზავნით მის ვეფხვთა გამწვრთნელს…

“ერთი თითის დადებაც აღარ დარჩა”, - გაიფიქრა ალკაზ აქიმმა, - “ბითლისელი თავაზა ფულსა სთხოვს სულტანს”.

- თუ იცი, რამდენი ასისთავი ჰყავს სულტანს? - ჰკითხა მპარავს, - მომეხმარე, ეს კარი შევაბა ანჯამებს, - და ერთად წამოაყენეს კარი, - ეგებ მოჰკალი? მაჩვენე და მერე ვითვალოთ მარჩილი. ეგებ ხაროში გადააგდე? ჰო, წამიყვანე და მაჩვენე, საღ-სალამათი. სულტნის კაცის გვამში ვითხოვო ორი ათასი მარჩილი?

თავაზას გაეცინა.

- განა მე ვგავარ კაცის მკვლელს? ღამურა თუ მომიკლავს და კაცი - არა.

- წამიყვანე და მაჩვენე ცოცხალი…

“დიდვეზირი ნიზამ ალ-მულქიც ვეღარას უშველის ამ ქვეყანას, თუკი ამგვარი სულელები უყენია ჯაშუშებად”.

უკვე მწუხრისა დაერეკათ და ისინი ქუჩებზე მიდიოდნენ. შორიდან ასე სჩანდა, რომ ერთს რომელსამე კეთილს კაცს ხელი გაუწვდია უსინათლოსთვის, გაუმრუდებია თავისი გზა, რათა გაესწორებინა მისი და მიჰყავს საჭირო ალაგას. ხელბანდით თვალებახვეული იყო ალკაზ აქიმი, გზამკვლევი კი - თავაზა.

და როდესაც ფეხისმოქცევით აიარეს ქუჩები და თავაზამ გადასწია ფარდა ქიღინას სირაჯხანისა, შეჰყვირა, რადგან იხილა წინკარში პირაღმა გადაქცეული საბრალო ქიღინა, თავპირდალეწილი და სისხლში მცურავი. ათასგვარი თაღლითობის მცოდნე ქიღინა თითქოს აღარც სუნთქავდა. ალკაზ აქიმი ზედ წამოადგა და სახეზე დააცქერდა, მერე ადგილები მოუსინჯა ტანზე და ნაჭრილობევს ვერ მიაგნო. ქიღინამ დაიკვნესა.

- ასისთავები გაფრენილ მტრედებს ჰკლავენ ხმლით, - სთქვა აქიმმა. - ვერ გისწავლია, ვისი ქისა უნდა მოიგდო?

თავაზა შემცბარიყო, შიში ურევდა გულში აფუხფუხებულ ფითს. ალკაზ აქიმმა ოთახი მოათვალიერა და სთქვა:

- ხმალი არ დაუკრავს… აგე, სად უხლევინებია თავი, - და მიათითა კედელზე, სადაც მიმშრალიყო ქიღინას სისხლები.

- გაკოჭილი დავტოვეთ, დაბანგული და მთვრალი, - აღმოხდა თავაზას, - აღარც თოკია… ჯერ გულის ძილით უნდა ყოფილიყო დაბმული.

- ღვინით დაათვრე?

- ჩაიდ შევაძლიე.

- აი, ბაღდადი, - წაიჩიფჩიფა ალკაზ აქიმმა, - მისი ასისთავები დაიჭერენ უცხო ქვეყანას და იქ კი არაფერს გასინჯავენ. ერთი თითის დადება რჩება და დასკდება საზღვრები…

- ვინ არის ახლა სულტნად? - ჰკითხა უცებ თავაზამ.

- ღვინო მოიტა, დავბანოთ სახე, - გაწუწული ხელადა გამოართვა ალკაზ აქიმმა და დაუნანებლად ჩაასხა დაღებულ პირში ქიღინას. ამან იმწამსვე ამოახველა და თითქოს თვალებიც გამოახილა.

- ვინ გახლევინა თავი? - ზემოდან წამოაჯდა თავაზა.

- იქეთ გაიწი, - ხელი ჰკრა აქიმმა. - სასუნთქი უნდა… ვერა ჰხედავ? ეს ძვალი ჩატეხილია და თავში გზებს ჰკეტავს…

- ვინ გიქნა ესა? - ჩაეკითხა ისევ თავაზა.

ქიღინამ ამოიოხრა.

- სული ამოუვიდა, - სთქვა აქიმმა. თავაზა კი მოეშვა დაჭრილს და იქვე ჩაცუცქული ჩააჩერდა მიწას. - ასისთავმა ხელი გაშალა. ვინ გეგონა?

- არ იქნებოდა ასისთავი, - აღმოხდა თავაზას ჯიუტად. - ვინ იყო აქ?

- საჭურისი, - მოესმა ორივეს და საბრალო ქიღინას დააცქერდნენ.

- ვინა?

- ალკაზ აქიმი იყო.

- საჭურისი, რომელსაც ჰქვია… - და ენა გადმოაგდო.

- ვინ საჭურისი? - ალკაზ აქიმმა ხელი დააფარა თვალებზე ქიღინას, - ეს ჩატეხილი ძვალი, ჩანს, ფიქრებს დასწოლია.

- არა, - თქვა თავაზამ, რომელსაც ცრმელი სდიოდა თვალებიდან და კიდევ უფრო გაბრაზებით თქვა - არა.

- ახლა რა ვქნათ?

- თითქოს მამა იყო ჩემი, სირაჯი ქიღინა…

- სად ვიპოვო ასისთავი?

- არა, - წამოდგა თავაზა.

- არა?

- არა, ასისთავს არ მოუკლავს. ის ვერ გაიღვიძებდა.

- მაშ ვინ? ვინმე გარიე ამ მოფიქრებულში?

- არა, თვითონ გაერია.

მოესმათ მწუხრის ზარების ხმა.

- არა, - თქვა ისევ თავაზამ, - წადი და დაჯექი შენს ბნელ სახლში. მე წავალ ჩემსას…

- არა, - მკვდარს დახედა ალკაზ აქიმმა, - ერთი თითის დადება… - და ხელი ჩაიქნია, - მითხარი, რატომ გეგონა, რომ ბაზრის რიგიდან სასახლეში მოხვდებოდი? რა მოიფიქრე და როგორ დაგიდეს კვანტი?

- გეტყვი, - აღმოხდა თავაზას, - ხანჯალი მეც მაქვს. გეტყვი.

- არა, ხანჯალი მერე.

და ჩამოსხდნენ მოკლულის ფერხთით.

 

თავი მეხუთე

 

რა აოცებდა ვარსკვლავთმრიცხველ თალიბ თანს და ამ ქალის სამოსის სითხელე. რა აოცებდა და აბრეშუმის  ლივლივა ნაჭრის საიდუმლო. რა აკვირვებდა და ქალის სხეული ამ აბრეშუმში, მოძრაობანი აბრეშუმის სამოსისა, ის ნაზი და მსუბუქი რხევანი. რა აკვირვებდა თალიბ თანს და აბრეშუმისავ პირბადის იქედან მომზირალი თვალები. ბევრს ფიქრობდა ამ თვალების ფერის გამო ვარსკვლავთმრიცხველი თალიბ თანი, რას აღარ ფიქრობდა. ტრფობა სწვავდა, ვითარც თქმულია, და ვის აღარ სწვავდა ტრფობა ამ ქალისა? ვინ აღარ იტყოდა თავის ფიქრში, შემავლებინა თვალი კოჭისთვის ფათმა ხანუმისა, ვინაც არს ცოლი სოვდაგარ ზანქან ზორაბაბელისა? ნათქვამი იყო, ძოწის მძივი უმშვენებს კოჭსო, ვიღაცას დაუნახავსო.

ვარსკვლავთმრიცხველი თალიბ თანი ყოველ ორშაბათს ხედავდა კოჭებს ფათმა ხანუმისას და ლანდს მისი სხეულისას, ჩამალულს ჰაეროვან აბრეშუმში. რა საკვირველიც

უნდა იყოს, ცეცხლი მისი ტრფობისა ასგზის გიზგიზა იყო, ვიდრე რომ ალში გახვეულიყო მთელი ორმუზი თავის გემებიანად.

ცისა ბევრი რამ იცოდა თალიბ თანმა, ციდან მოჰქონდა ცხოვრების ამბები, გამონასკვავდა მოხდენილ სიტყვათა ქისებში და ჰყიდდა. სახელიც გვარიანი დაეგდო. ყოველ სამშაბათს, დილაზე, თალიბ თანი ფათმა ხანუმთან მიდიოდა. სოვდაგარი ზანქან ზორაბაბელი მარადი მოგზაური გახლდათ, ფათმა ხანუმი კი, ვითარცა პირველი და მოსიყვარულე ცოლი მისი, ვარსკვლავთაგან ცდილობდა ქმრის ამბების, ბედისა და სიმშვიდის შეტყობას. თალიბ თანი ცასა ჭვრეტდა ღამღამობით და გათენებულზე მოახსენებდა ფათმა ხანუმს, რისთვისაც კაი ფასსაც მიიღებდა ხოლმე. კარგად შეეთვისებინა თალიბ თანს, რომ სოვდაგრის ცოლს მხოლოდ ქმრის თავზე მავალ ვარსკვლავთა ამბავი კი არ ამშვიდებდა, არამედ უფრო თავის ბედის ვარსკვლავს დასტრიალებდა. ამ ტრიალში თალიბ თანი ჰხედავდა ერთ დიდ შამიფარვანიანს, თუმც კი, იმგვარად ამოსწვავდა ხოლმე გულ-მუცელს ხილვა ამ ქალისა, რომ საკუთარ თავის ფარვანობას და შამს გარშემო ტრიალს უფრო წარმოიდგენდა ხოლმე, ვიდრე, ფათმა ხანუმის ვარსკვლავთა ზრახვებს. ამიტომაც, სიტყვას ძნელად აბამდა სიტყვას, რაიც დიდად ახალისებდა ფათმა ხანუმს, რომელიც დიახ, რომ მიხვედრილი გახლდათ ვარსკვლავთმრიცხველის ენის დაბმის მიზეზს. ამიტომ კიდევ უფრო გაეთამაშებოდა, კვნესით ამოთქვამდა შეკითხვებს.

განა არ იცოდა ვარსკვლავთმრიცხველმა თალიბ თანმა, რომ ფათმა ხანუმის კოჭების მეტს ვერაფერს დაინახავდა? განა არ იცოდა, ყოველ დარბაზსა და ქარვასლაში თქმული, ოდეს ჩამოდის მეფის ჭიშნაგირი ქალაქ ბითლისს, შეღამებულზე გადაიცვამს მენახშირედ, გაიმურება შუაცეცხლიდან აღებული მურით და მიადგება ზანქან ზორაბაბელის საქალებოს უკანა კარსო. დიახ, იცოდა, დაქრთამული ჰყავს ბებერი საჭურისი, სახელად… და მერე, ფათმა ხანუმი განბანს მეფის ჭაშნაგირსა, აპკურებს ათასს რამ მძაფრსა და მიეცემიან ტრფობას, რაიც დაუნახავს ვიღაცას. მერე კი დასხდებიან ვახშმად და სწყვეტენ ათასავ ამბავს. მთელი ქალაქის ამბები ხომ ფათმა ხანუმის ბალიშებს ქვეშაა შენახული, ჭაშნაგირი ხომ ისე ტრიალებს ბითლისში, თითქოს მისი მამული იყოს, ამირა ხომ ბებერი და უქნარაა, სოვდაგარი ზანქან ზორაბაბელი შარაგზებს კეცავს. განა არ იცოდა ვარსკვლავთმრიცხველმა?

სულაც რომ არაფერი ეთქვათ და ეჩურჩულათ ქარვასლებსა და დარბაზებში, თალიბ თანის ჭოგრიტი მაინც ბევრს საეჭვო რამეს მოწყვეტდა ციდან.

სამშაბათი კი გახსნილ ქისათა დღე იყო სოვდაგრის სახლში. უბრალო მომსვლელს აქ შემოუშვებდნენ მხოლოდ სამშაბათს, მესამე ლოცვამდე. ეს დღე დაეწესებინა ზანქან ზორაბაბელს ქვრივ-ობოლთა და გლახაკთა სამოწყალოდ, ასევე, იმათთვისაც, ვისაც რაიმე საქმე ამოეჭრა გულს და დახმარება სჭირდებოდა და აგრეთვე იმათთვისაც, ვინც თავად სჭირდებოდა დიდვაჭრის სახლს.

თალიბ თანს რომ გაისტუმრებდა ფათმა ხანუმი, მერე მიიღებდა საბაჟოს მეფასეთა უფროსს, რომელიც ფულთა მიმოქცევის ამბავს შეატყობინებდა. მერე მოუსმენდა ერთ კაცს, ვინაც ჩინმაჩინური ქაღალდის დაზგის აწყობას ლამობდა და ამისთვის ფული სჭიროდა. მერე კი გამოვიდოდა ბაღში და იქ მომლოდინე ხალხს ჩამოურიგებდა ხუთ-ხუთ კირმანეულს.

თალიბ თანი მეტად პატიოსანი ვარსკვლავთმრიცხველი იყო. ის ლაპარაკობდა, რომ სჩანს რაღაც მოულოდნელი, თუმცაღა არცთუ საშიში, მეტიც კიდევ, მიმზიდველი. ეს არის ვიღაც, ვისაც არ მოელიან. მოულოდნელია და არ მოელიან. თუმცა, რას უნდა მოელოდე მოულოდნელობისგან, თალიბ თანს ვერ დაენახა იმ თავის ჭოგრიტით.

გამხდარი ვინმე იყო თალიბ თანი, წელში მოხრილი უკანსვლით და წვერის ქიცინით გადიოდა ხოლმე ფათმა ხანუმის ოთახიდან. ცალ ხელში ქისას უჭერდა თითებს, მეორეში თავისი ციური ხაზებით აჭრელებულ გრაგნილს. ფათმა ხანუმის პირბადეს შესცქეროდა და ფიქრობდა მომავალი სამშაბათისას. ამ დროს ფათმა ხანუმი თითქოს წამოდგომას დააპირებდა და ისე შეარხევდა ტანს, რომ ოთახს გარეთ გასულ ვარსკვლავთმრიცხველს იქედან გამოსვლის ჟამი არ ახსოვდა ხოლმე.

თალიბ თანი გასული არ იყო, რომ ღიად დარჩენილ კარში გამოჩნდა შემცბარი საჭურისი სახელად…

- რაო? - ჰკითხა ქალმა.

- ხანუმ, აქ შემოსვლას ლამობს ერთი ჩამოძენძილი კაცი.

- ვინ არის?

საჭურისმა ჩაიცინა.

- თავაზა, ქალაქელი მპარავი.

- ვინაო?

- თავაზა. კლიტე არ არსებობს მისთვის.

- მაშ, რა არსებობს?

- ბნელი ღამე.

- დილეგი?

- თავაზა. დილეგის გასაღებსაც მოიპარავს, ძელს გახერხავს და ვერ გასვამ ძელზე.

- ვინ არის? იშკილბაზთა მეთაურია? რა უნდა ჩემგან?

- ამბავი იცის.

- რა ამბავი?

- ღამის ამბავი ვიციო.

ფათმა ხანუმი ჩაფიქრდა:

- უთხარი, მოვიდეს აქა, ოღონდ, მანდ გაჩერდეს კართან. არ მიყვარს ქალაქის ხალხის სუნი.

ფათმა ხანუმი იქ მიფენილ ერთ ქალაღაიას გადასწვდა. და თავზე წამოიფარა.

- ასე სჯობს, არა? არ ეგების ყოველმა მპარავმა იცოდეს ჩემი სახე, - და ფეხებიც შეიკეცა, დამალა ის ძოწიანი კოჭები.

თავაზა მოეჩვენა დაბალი, უზრდელი და ჭუჭყიანი, ჩამოფარებული პირბადის ლიბრიც არ მალავდა მის მიუდგომელ თვალებს.

- აბა, რა გინდა?

- ფათმა ხანუმი მინდა.

- აქა ვარ, - ქალმა დაინახა, როგორ  დაიჯღანა თავაზა.

- მე არ ვიცი, შენ ვინ ხარ…

- ერთს დავიძახებ და ფერდები რომ აგტკივდება, მიხვდები, ვინც ვყოფილვარ.

- მე ვიცნობ ფათმა ხანუმს, ბევრჯერ მინახავს, - თქვა თავაზამ.

- სად გინახავს?

- ამ სახლში. მე ბანზე გდება და სარკმლების თვალიერება მიყვარს. ღამეები თბილი იცის.

ფათმა ხანუმმა ქალაღაია გადაიძრო და პირბადე გაისწორა:

- აბა, ვინა ვარ? აქეთ  ნუ მოიწევ, მატყლში ნაგდები მაწანწალას სუნი აგდის.

თავაზას არ სწყენია, მხოლოდ ღიმილით უთხრა:

- ორი ათასი მარჩილი მინდა.

- რა უცნაურია.

- ღირს.

- ორი ათასი მარჩილი თორმეტი საპალნე დარიჩინი ღირს.

- ათას ცხრაასი იყოს.

- მგონია, ჯერ ამბავი უნდა გავიგო.

- ეგეც შეიძლება. იმიტომ, რომ შენ თუ არ მომცემ ცხრამეტ ქისას, სხვა მომცემს.

- ვინ სხვა?

- სულტანი.

ფათმა ხანუმს გაუკვირდა და ჰკითხა:

- ვინ არის ახლა სულტნად?

- ვინც არ უნდა იყოს, ბაღდადის კარზე მიალურსმავს ვიღაცის თავს.

- თქვი.

თავაზამ ამოისუნთქა და თქვა:

- შენი ბაღის ბოლოს ფარდული ცარიელია.

ფათმა ხანუმმა კვლავ ჰკითხა:

- და?

- ადრე არ იყო ცარიელი. იქ ვეფხვი იყო.

- ჰმ…

- გუშინ, მწუხრისას კაცი ჩამოვიდა. იმ ვეფხვს დაეძებს.

- რა იცი, რომ იმ ვეფხვს დაეძებს?

- ვეფხვს შუბლზე თეთრი ნიშანი ჰქონდა. კაცს კი თითზე ბეჭედი უკეთია, ზედ აწერია: “სულტნის ძმა”.

- თორმეტ ეგეთ ბეჭედს მოგართმევ.

- ის კაცი ბაღდადიდან მოდის. სულტანს ხვადი ვეფხვი გამოექცა და დაეძებს. დიდი იქნება რისხვა…

- დაეძებს და ეძებოს, ვეფხვს ვერ ნახავს…

- ჰო, მაგრამ ნახავს კაცს, ვისაც უნახავს ვეფხვი შენს ბაღში.

- არა,  ვერ ნახავს.

- ათას ცხრაასი მარჩილი და მთელი ინდოეთის დარიჩინი, - გამოუცხადა თავაზამ.

- ხვალ… ხვალ მოდი და მიიღებ ქისებს, - იყო პასუხი.

- დიდი იქნება სულტნის რისხვა.

- წადი, მიიღებ შენს ქისებს.

და თავაზა გაქრა.

ფათმა ხანუმმა კი კვლავ იმ საჭურისს უხმო, რომელსაც ერქვა…

- გაეცი მოწყალება. მე ვერ გამოვალ დღეს ბაღში. ელაპარაკე მთავარ მებაჟეს და იმ შეშლილ მექაღალდესაც და… დაანგრევინე ფარდული ბაღის ბოლოში, ჩრდილო კედელთან. არ უხდება ამ ბაღს…

 

თავი მეოთხე

 

ეს იყო ერთი ძალიან დიდი, ჭვარტლიანი ჭრაქებით განათებული ოთახი, რომლის შუაგულშიც იდგა გრძელი, მაღალფეხებიანი მაგიდა. ნურადინ ფრიდონს არასოდეს ენახა ასეთი მაგიდა. “ეტყობა, ეს ძაღლების სახლია და უქონელი აქიმი მაგიდად იხმარს”, - მაგიდის ქვეშ ხომ ორ ძაღლს ეძინა. ზედ ჭოტი დააბიჯებდა, მეტად ამაყი, ჰალების ციხისთავს ჰგავდა.

- აქ დაჯექი, - უთხრა ჩურჩულით ალკაზ აქიმმა. რა უცნაური დასაჯდომი იყო, სიპ ქვასავით ცივი და მაგარი. ნურადინ ფრიდონი პირველად იჯდა სკამზე.

თავად ალკაზ აქიმი გახლდათ ერთი გალეული, დაკრუნჩხული და წვერგაწეწილი კაცი, რომელიც აგურის იატაკს დასცქეროდა, თავზე სასაცილო ქუდი ეხურა, ტანთ კი რაღაც საშინელი ჯვალო ემოსა, იმსიგრძე და იმსიფართო, რომ კი არ დადიოდა, დაფართხუნობდა. განჯინიდან ალაგებდა რაღაც ჯამებს და წინ უწყობდა ნურადინ ფრიდონს. მერე წყალიც შემოდგა.

- აბა, ღირსეულო მებრძოლო, რა ხდება ბაღდადში? ჯერ არ დაბზარულა სასახლეთა კედლები? - საერთოდ, ჩურჩულით ლაპარაკობდა, - თავლის კარია ჩასაკეტი, აქ ცხენს ისე წაგილალავენ, თითქოს ცხვარი იყოს. მიდი, ჩაკეტე თავლის კარი, - უთხრა ჭოტს, - მე ბაღდადელი ვარ. ბაღდადში დავიბადე. ახლა რომელი ვარსკვლავი დგას ბაღდადის თავზე?

- მშვიდობის, - აჰ, როგორ სტანჯავდა ეს სკამი ნურადინ ფრიდონს.

- მშვიდობის ვარსკვლავი დაკარგულია. საზღვრები დასკდება, მოედანზე თავებს დაალაგებენ. განა ბაღდადში არ გაუტეხავთ ხორბლის საწყობები?

- არა, - შეიშმუშნა ნურადინ ფრიდონი, - “ვინც აქიმი შემხვედრია ცხოვრებაში, ყველა მმართველის და ვეზირის გამო მსჯელობს”.

- ნიზამ ალ-მულქი დაბერდა? იშვიათია, რომ მისებრ ვეზირს დიდხანს შერჩეს თეთრი წვერი. ბაღდადში არ გაუტეხავთ  ბეღელი? მე ასე ვიცოდი…

- ბაღდადში მზეა და ოქრო გაიაფდა, - იყო პასუხი.

- თვით ერთი პატარა ქალაქი გახლავთ სურათი სამყაროსი, - განაგრძობდა ალკაზ აქიმი ლამის მოუხელთებელი სიჩქარით ჩურჩულს, - რაც ხდება აქა, ის ხდება ბაღდადშიც. სულ სამი თითის დადება გზა დარჩა და აქაურობა სულტნისა აღარ იქნება. საზღვრები დასკდება, როგორც ჰაიჰარად ნაკერი ხალათი მოსუქებულ კაცის ტანზე.

ნურადინ ფრიდონმა შეიხსნა შემსუბუქებული ქისა, იქედან კენჭი ამოიღო და ბუხრისკენ გაისროლა. ღამე იყო.

- არა ღალატობს ჩვევას დიდვეზირი ნიზამ ალ-მულქი, - თქვა აქიმმა. - რაც მე კენჭები მითრევია სიყმაწვილეში. ჩემი ასაკის ჯაშუში ვინღა ეყოლება?

- ჭაშნაგირი ვინ არის? - ამის გაგონებაზე ჭოტი აიფოფრა და ბრჭყალით დაიწყო მაგიდის ფხაჭნა.

- აჰა, აბულ კასიმ, გეცნო ეგ სახელი? - ტაში შემოჰკრა ალკაზ აქიმმა. - მის მოსაკლავად ხარ მოვლენილი?

- არა, ალაყაფის კართან მიხსენეს.

- აჯობებდა, მის მოსაკლავად გამოეგზავნე.

- ვინ არის?

- მეფის მარნების გამგებელი, ღვინის გამსინჯავი.

- რომელი მეფის?

- არის ერთი მეფე. ყრმა და ჭკვიანი, ფართო ხელისგულებით. ოდესღაც ბითლისი მისი წინაპრებისა იყო. სამი თითის დადება დარჩა და მისი იქნება. ამირა მოხუცია და შტერი.

- და რა უნდა ამ ჭაშნაგირს ამ ქალაქში?

- ამირას ათრობს. ტკბილია ღვინო, ყოველ ბანგსა სჯობს. აქ ბაღდადი როდია. აქ მორწმუნეც დალევს ურწმუნოსავით. ლოთი ამაყია და არა დასჯილი. ამირამ ნახევარი ქალაქი აჩუქა ჭაშნაგირს, ქარვასლები, სასახლეები. ჭაშნაგირი აქ რომ ჩამოვა, ჭრის და კერავს, ვითომ სულტანი არც გაეგონოს. ვინ არის ახლა სულტნად?

ნურადინ ფრიდონმა იგრძნო, რომ ძაღლები ულოკავენ ფეხებს.

- აჰ, გაიღვიძეს. აბა, გამოდი აქა, - ოთხზე დადგა და ფორთხვას მოჰყვა ალკაზ აქიმი. - აბა, გამოდი აქა! - ქეჩოში წაავლო ერთ-ერთ ძაღლს ხელი და გამოათრია. მერე ჭრაქს მისწვდა და დრუნჩთან მიუტანა ძაღლს. - აჰა, - თქვა კმაყოფილმა. - აჰა, - მერე კი ნურადინ ფრიდონს ამოხედა. ასისთავმა პირველად დაინახა მისი ფიქრიან შუქით სავსე თვალები, - ამათ ერთი ახალი რამ ოყნა შევასხურე. ვნახოთ, გამოჩნდება. ჯერჯერობით ასეა. არ მოგწონს ბითლისური საკვები? არაფერს სჭამ… ჰო, - ჩამოიფერთხა იატაკიდან აყოლილი მტვერი. - აბა, რა მიზეზია, რომ ამდენი გივლია?

ნურადინ ფრიდონმა ცხვირთან მიუტანა შეკრული მუშტი და დაანახა ნეკზე წამოცმული ვერცხლის ბეჭედი.

- ჰმ, - ჩაიჩიფჩიფა ალკაზ აქიმმა. - მისმინე, ასისთავო. სამი თითის დადება… თუმცა, ეს უკვე ვთქვი. ჯერ არ ვიცი, რატომ მოსულხარ, მაგრამ უნდა იცოდე, მაგ ბეჭდის დაკარგვა არ იქნება. უკანა გზაზე, ეგებ, ეგრე თამამად ვეღარც შეკრა მუშტი. ხალათის დამსკდარ ნაკერავებზე თუ მოგიწევს სიარული, ჯობს, გადაყლაპო ეგ ბეჭედი. ისეთ ფხვნილს მოგცემ, რომ კუჭიდან პირველივე სურვილზე გამობრძანდება. თუმცა, არ ვიცი, უნდა დაბრუნდე?.. აჰ, ქისა გაქვს და უნდა დაბრუნდე, მაშ, არა?

- სულტნის ბაღებიდან ხვადი ვეფხვი გაიქცა. შუბლზე თეთრი ნიშანი აქვს. - ნურადინ ფრიდონი დაიქანცა განსჯათა სმენით.

ისედაც დაქანცული იყო, სიპ ქვასავით მაგარ და ცივ სკამზე იჯდა და ასე ჯდომით შვება ვერ ეპოვნა. მუხლები სტკიოდა და კოჭი ვერ მოესვენებინა.

- აბულ კასიიმ! აბულ კასიმ, სად დაიკარგე? - წაფართხუნდა ალკაზ აქიმი ბნელი კუთხისკენ, რაღაც ფარატინებს მოავლო ხელი, საჩქაროდ დაგრაგნა და თახჩაში შეყარა. - გესმის? - ჭოტი ისე გამოიჯგიმა, თითქოს ძველ დროში მოკკას ნავსადგური სჭეროდეს. - გესმის? აქედან სჩანს ბაღდადი, გარს რომ უტრიალებს ჭირის ნიავი. ბაღდადიდან კი არ სჩანს ბაღდადი. ვეფხვი რა არის, როცა ადამიანებს ცეცხლისა და სიკვდილის ნიშანი ასვიათ აი, აქ? - შუბლზე მიიკაკუნა თითი აქიმმა.

- ალაჰი გფარავდეს, - წამოდგა ნურადინ ფრიდონი. - მე ამ ვეფხვის ამბავი მაინტერესებს, - მან რუკა დააგდო მაგიდაზე. - ეს ხომ ბითლისია? გალავანს იქეთ უნახავთ ვეფხვი.

- არაფერი მსმენია, - უპასუხა ალკაზ აქიმმა.

- ყველას რაღაც სმენია ამ ვეფხვზე თერთმეტ დიდ ქალაქში, ფუნდუკებში. ქისა განახევრებულია. უნდა შეიტყო რაიმე ამ ვეფხვის შესახებ.

ალკაზ აქიმმა ქუდი წაიძრო თავიდან და კეფა მოიქექა.

- მე ქუჩები არ მიყვარს… არ მიყვარს, მზე რომ ანათებს ქვაფენილს. ათი წელიწადია ვფიქრობ, რომ დიდვეზირი ფიქრობს, ალკაზ აქიმი მკვდარიაო. ეს რომელი მთვრალი კატა ფხაკუნობს ბანზე? - და მიაყურადა. - ვიღაც დაფორთხავს, თუ… აბულ კასიმ, ახედე ერთი… მე… ხვალ მთქმელ ხალხს ვნახავ. სიფრთხილე გვმართებს. არის მანდ ვინმე ბანზე? ვინმე მპარავი, ან… აჰ არავინ? რაღაც კი დაფხაკუნობდა… ადრიდანვე

- რაღაცას… ჰმ, ვეფხვიო.

 

თავი მეთორმეტე

 

ეს სად გამოეღვიძა ასისთავ ნურადინ ფრიდონს? ჭერი უცხო ყვავილთა ხლართებით მოეხატათ, ათი-თორმეტი სანთელი ანათებდა იქაურობას და ბალიშები მეტად რბილი იყო. ნურადინ ფრიდონს მაჯები სტკიოდა და პირი თითქოს უდაბნოს ქვიშით ჰქონდა სავსე. ეს რა ჩაი მიირთო უცნაური? რა ჩაია? უთუოდ რაღაც მათრობელა თუ ეყარა შიგა - ჩაეფხვნათ იმ პირშავ ყავაბაშსა და მეორეს… ნურადინ ფრიდონმა წელზე მოივლო ხელი. - შერჩენოდა კი ხანჯალი-ჯამბია და ასისთავის დამასკური ხმალი? კენჭებით სავსე ქისაც იქა ჰქონდა. ფიჰ, მძარცველები არა ყოფილან, მაგრამ სადა ვარ?

წამოიწია და გამშრალი ენა მოისვა კიდე უფრო გამშრალ ტუჩებზე. ხის ქერქივითა ჰქონდა პირი.

შორიახლო მშვიდის იერით იჯდა საჭურისი, რომელსაც ერქვა… რაც ერქვა, იყოს იმის ზანდუკში. შავი აბრეშუმის ხალათში გამოხვეულიყო და სთვლიდა თავის გიშრის კენჭებს.

- აგრეა, როცა მუსლიმი გაილეშება ურჯულოთა სასმელით, - თქვა საჭურისმა. - მიირთვი ემანდ დადგმული მჟავე რძე, გიჯობს…

- თითქოს ჩაისა ჰგავდა, - ნურადინ ფრიდონი ერთგვარი შიშით დასწვდა ფიალას. - მგონი, რაიმე ჩამიფხვნეს და ასე წამომაქციეს… მაგრამ, განა აქ იყო ეს ამბავი, - კარგად გაწყობილი ოთახი მოათვალიერა და ბალიშიც მოსინჯა იდაყვით.

- აქ არა ყოფილა, ერთ სირაჯხანაში იყო, სადაც მპარავმა თავაზამ მიგიყვანა…

- ჰო, - მეტი აღარაფერი თქვა ნურადინ ფრიდონმა. - თავაზა სად არის?

- არ ვიცი, - საჭურისმა მარაო აიღო და ცხვირთან ააფარფატა. - ეგ არაფერშია საჭირო, ეგ მალე შეხვდება ჯალათს, იგემე რძე…

- აქ როგორ მოვხვდი?

- დაბანგულს არ გივლია ქუჩებში, მე მოგიყვანე, - უთხრა საჭურისმა. - აღარაფერი მკითხო. მევე გიამბობ. ესე არს სახლი ზანქან ზორაბაბელი სოვდაგრისა. სოვდაგარი ორმუზშია და შენა ხარ საქალებო მხარეს. პირველ ცოლს, ფათმა ხანუმს სურს ლაპარაკი შენთან. მეორე დღეა თანა ვდევთ თავაზა მპარავს და როგორც  იყო მოგიხელთეთ.  საიდან არის, რომ ამ უკეთურ კაცს აეკიდე შენ, სულტნის ასისთავი, ვეფხვის საძებრად მოსული ამ ქალაქში? განა არ იცი, რომ ასეთი ხალხი ყველა ქისას აგაჭრის ქამრიდან?

- ჰო, ვეფხვი, - წაიბურტყუნა ნურადინ ფრიდონმა. - თავად გადამეკიდა, განა მე?

- ტყუილად აჭერ კბილს კბილსა, - გაეცინა საჭურისს. - თუკი ვისმეს ტბაში გროვდება ამბის მდინარეები, ჩემი ქალბატონისა. ჩვენ ვიცით ამბავი ვეფხვისა და ჩვენ ვიცით სულტნის კაცის დახმარება. და გიპოვნია სხვა გზა? ჩემი ხანუმი მოუთმენლად მოგელოდება იქ, სადაც ჯერ უცხო კაცს არ დაუდგამს ფეხი…

რასა ფიქრობდა ნურადინ ფრიდონი?

შრიალა ფარდებს იქეთ ღამე ჩანდა. ასისთავს თავი სტკიოდა, დაბლანდულო ხის ქალაქო! ნიზამ ალ-მულქ, დიდვეზირო, გამახვიე ბაღდადურ ხელბანდში და მისროლე აქა…

- ლამაზი ბეჭედია, - ხელზე დახედა საჭურისმა. - იაფი ვერცხლისა, მაგრამ იშვიათია ამგვარი წარწერა ამსიშორეზე რომ უნახო კაცს. “სულტნის ძმა”, ვინ არის ახლა სულტნად?

ნურადინ ფრიდონი სხვას ფიქრობდა.

- სულტანთა დავალებანი უცნაურობათა რკალია, - განაგრძო საჭურისმა. - ვეფხვის ძებნა დედამიწაზე? განა ბევრს შეუძლია? არ გიფიქრია, რომ დასახლდე სადმე, სადაც წყალი ასველებს მიწის კიდეს და უცქირო, როგორ ამოდის და ჩადის მზე?

- სად არის შენი ხანუმი? - მართლაც სხვას ფიქრობდა ასისთავი და საჭურისმა უთხრა:

- მოგახსენებთ. აგე მაგ ტაშტში დაიბანე პირი…

 

თავი მესამე

 

როდესაც სინდბად ზღვათმოარული მეხუთე მოგზაურობიდან დაბრუნდა, ბაღდადში ოთხი ქარვასლა იქირავა, გარს იფნის მესერი შემოარტყა და მეჯლისი გამართა. მთელი ბაღდადი დაჰპატიჟაო, ასე გვამცნობს მისრით მისრიანელი, ანუ დაპატიჟა ყველა, ვისაც კი ორი ვერცხლის ბეჭედი ჰქონდაო. ასეთები კი ათასობით მოგროვდებოდნენ. მოელოდა სინდბად ზღვათმოარული, რომ ეწვეოდა დიდვეზირი ნიზამ ალ-მულქი, დამწერი “სიასეთ ნამისა”, ქვეყნის მართვის ხელობათა წიგნისა.

დიდვეზირს თავის ხელით შეედგინა ეს ბრძნული წიგნი, საერთოდ კარნახი არ ჰყვარებოდა და ყოველ საჭირო სახელმწიფო საბუთს თავად დასწერდა ხოლმე, რათა მერე თავადვე დაეწვა. ის ჟამი იყო, როცა სულტანს მუნჯად წარმოედგინა თავი, რადგან როგორც კი რაიმეს თქმას დააპირებდა, წინ დაესახებოდა დიდვეზირი ნიზამ ალ მულქი და გაიფიქრებდა, ნეტავ, ეს ბრძენთაბრძენი რას იტყოდა, ამ რთულ საქმეზეო. სავარაუდო პასუხს ძნელად წარმოიდგენდა ხოლმე და ამიტომაც დადუმდებოდა.

დიდვეზირი არ იმჩნევდა, რომ სულტნის ნაცვლად ლაპარაკობდა. მიმხვდარიყო, რომ დაჰკრავდა ჟამი, როცა სულტანი სახელმწიფო სიმუნჯეს მოირჩენდა

და ბრძანებდა, ნიზამ ალ-მულქი ჩემი და რჯულის მტერია და უნდა დაისაჯოსო. ძალიან დიდხანს ეცხოვრა სასახლეებში დიდვეზირს, რომ ამას ვერ მიმხვდარიყო, თუმც კი საჯალათო კუნძზე ფიქრი ყველაზე უსარგებლო ფიქრად მიაჩნდა მთელს თავის ფიქრებში და სხვა რამ უფრო საინტერესო ერჩია. ნიზამ ალ-მულქი ხმელი იყო, ვითარცა ქოხის სახურავზე დაფენილი პალმის რტო და იასამნის ყვავილის ფერი ბებრული თვალები ჰქონდა. წვერი ქათქათა და ჩალმაც იმავ ყვავილის ფერი.

სინდბად ზღვათმოარულმა საგანგებო დარბაზი გააწყობინა დიდვეზირისა და მისი ამალისთვის, ფარჩა და სტავრა არ დაინანა, ბალიშებზე კი ოქრომკერდით აქარგვინა მისი სახელი. აქ იყო ხილი და ტკბილეული, რომელიც აქამდე არავის ენახა ბაღდადში. და განა წარმოიდგენ ხილს, რომელიც არ უგემნიათ ბაღდადში? აქ იყო, შორეულ მხარეში, უცხო კუნძულზე ხიდან მომდინარი რძის სავსე სურანი და ვარდის შერბეთი.

დარბაზის სამხრეთ აივანი გადასცქეროდა ოთხ ქარვასლას შუა იფნით შემორაგვულ ეზოს, სადაც გადაეფინათ ატლასისა და დიბის სუფრები და იყო უანგარიშოდ საზრდო და სასუსნავი. ფლავის მთები აღმართულიყო ყოველ ათ ნაბიჯში და ესე ყოველი იყო მუქთი. აბა, სთქვი, ვინ არ იშოვნიდა ბაღდადში ვერცხლის წყვილ ბეჭედს? ორი ბეჭედი ნიშნავდა, რომ ასი დინარი გადაგიხდია და თუ ასი დინარი გადაგიხდია, არ ეცდები, უბეში ჩაიყარო მეჯლისზე მოძღვნილი ლეღვი და ფლავით გამოივსო ხალათი. წინა დილიდანვე დაიკეტა ვერცხლის დუქნები და ათასი საქმის დიდოსტატი ბაღდადელი ქურდები ოინბაზობდნენ ბაზრის მოედანზე. ასე რომ, იმდენი ვერცხლის ბეჭედი მოაგროვეს, დალალები ხუთ-ხუთ დინარად ჰყიდდნენ დაფარულ ადგილებში. ჭეშმარიტად, ვაი ქალაქსა, სადაც ერთი ულუფა ფლავი უფრო ძვირია, ვიდრე ვერცხლის ბეჭედიო, გვამცნობს მისრით მისრიანელი.

სასახლეში კი ჩურჩულებდნენ, სახალხო აღრევანი უყვარს სინდბად ზღვათმოარულს, ყოველ მაწანწალას სტუმრად სცნობს და ყოველ დერვიშს ისე უმასპინძლდება, როგორც სულტანსო. სულტანი კი მიწვეული არ ყოფილა, რადგან მიწვეული იყო ყველა, ვისაც ვერცხლის ორი ბეჭედი ჰქონდა. არა ჰქონდა თვლა ვერცხლის ბეჭდებს სულტნის სასამკაულე ოთახში, მაგრამ არ ეამა, საზოგადო მიპატიჟება, თითქოს ერთი ვიღაც ბაღდადელი მემაწვნე ყოფილიყო.

- შენ წადი, - უთხრა დიდვეზირს, - ასე არ არის? განა წესია სულტანი იყოს იქ, სადაც ათასი უღირსი შეიპარება?

ეს იმთავითვე ამოიცნო სინდბად ზღვათმოარულმა და ოთხი საპალნე უცხოური ძღვენი გაუგზავნა მბრძანებელს. აქლემებს თუთიყუშები დააჯინა შუბლზე, სამი ათასი ნაბიჯი აბრეშუმის ნაჭერი დაუგო გზად, აბრეშუმი ჩინმაჩინის ქვეყნისა. სულტანმა კი უთხრა დიდვეზირს:

- რაღაც უცნაური ჩიტებით მითვლის პატივს. ეს ჩიტები ალაჰის სადიდებელ სიტყვებს ამბობენ. ჩანს, შეასწავლეს, - ამ სიტყვებზე თითიდან წაიძრო ვერცხლის ბეჭედი და დიდვეზირს გაუწოდა - აჰა, უძღვენი ეს ჩემგან…

ეს იაფი ბეჭედი იყო, მაგრამ ზედ ეწერა: “სულტნის ძმა”.

მეჯლისობა კი თავის რიგით იყო. სინდბად ზღვათმოარული დაუჯდა დიდვეზირ ნიზამ ალ-მულქს და მრავალი მთისა უამბო. ეზოს გადასცქეროდნენ და ნიზამ ალ-მულქი ათვალიერებდა მომეჯლისეებს. მერე კი უთხრა სინდბად ზღვათმოარულს:

- ბედნიერი ხარ, რომ შენი თვალი ხედავს ათას რამეს, ცისკიდურს სწვდება და ამბავი მიაქვს შენს თავში. მე თითქოს ბინდი გადამკვრია თვალებზე, გზის მხოლოდ მეათედს ვხედავ, ან იქნებ მეასედს, ვინ გაზომავს გზას? რაც უფრო შორსაა კაცი, მით უფრო ჰგავს ლანდს, - ამ სიტყვებზე მხლებელს ანიშნა და ეზოში გადაახედა, - მილეთის ხალხი ირევა იქა, მეჰდი. ფერებს ვხედავ და სხვას ვერაფერს. სპარსი ხარ, მჭრელი თვალი გაქვს, არის ამ ხალხში ნურადინ ფრიდონი, ასისთავი?

მეჰდიმ ერთი გახედა ხალხით სავსე ეზოს და სთქვა:

- ალაჰის ჩრდილო, სულ ოცდასამი ასისთავია აქა… ვხედავ თეთრ კანტებს მათ ხალათებზე… არის ნურადინ ფრიდონი, ფეხმორთხმულია და ატამსა ფცქვნის.

- ჩვენს სუფრასთან მოიწვიე, - უთხრა დიდვეზირმა.

ნურადინ ფრიდონი კრძალვით შემოვიდა და ცალ მუხლზე ჩაიჩოქა კიდეც. ახოვანი იყო და ბეჭბრტყელი.

- აქ მოგვიჯექ, - უთხრა ნიზამ ალ-მულქმა.

ნურადინ ფრიდონმა რიდით მოიკეცა ფეხები.

- სინდბად, გივლია ამდენი და ათასი ფერი გინახავს, შეხედე ამ ღოლამს, რას გეტყვის მისი იერი? - ჰკითხა მასპინძელს დიდვეზირმა.

ვერავინ ფცქვნიდა ბაღდადში ლეღვს ისე, როგორც სინდბად ზღვათმოარული. გაფცქვნისას, არც კი უყურებდა ხილს, არამედ მოსაუბრეს.

- ზღვისპირელია, - სთქვა დაჯერებით, - ზღვისპირელი რომ უყურებს ახლო მჯდომ კაცს, თითქოს არ უყურებს, შორით აქვს

თვალი, იქეთ, სადაც მთავრდება ზღვა.

- ეს ერთ რამეს ნიშნავს, - გაეღიმა დიდვეზირს.

- ეს ნიშნავს, რომ იგი ბევრს ხედავს ხმელეთზე.

- გესმის, ნურადინ ფრიდონ? - მუხლზე ხელი დაადო დიდვეზირმა. - რას არ გაუვლია ამ კაცის თვალთა წინაშე? ახლა შენც გაიარე. მე არ ვიცოდი, რომ ზღვისპირელი ხარ. მახსოვს მხოლოდ, რომ ამასწინანდელი შეჯიბრისას გაალმასებით არაფერს აკეთებდი. სიჩქარეს თავზე ხელის აღებით კი არა, ფიქრით გვიჩვენებდი. იქ შენზე მამაცნიც იყვნენ, მოქნილნიც და ოსტატნიც, მაგრამ შენ გაიმარჯვე. იმათი ოსტატობა ნასწავლი იყო, შენი - მოფიქრებული…

- ვმადლობ უფალს, ასეთ სიტყვებს რომ მიგზავნის თქვენი პირით, - თავი დაუკრა ასისთავმა.

- სულტნის ბაღში თუ გივლია?

- დიახ.

- ალბათ ყოფილხარ იმ მხარეს, სადაც ვეფხვები დასეირნობენ?

- მინახავს.

- სულტანი იშვიათად დადის იქეთ, მაგრამ ხშირად კი მოიკითხავს ხოლმე თავის ვეფხვებს, - თქვა ნაზიმ ალ-მულქმა. - თერთმეტი ძუ ვეფხვი ცხოვრობს იქა და ერთიც ხვადი. იცნობ, შუქურ ლაჰს, მათ მომვლელს?

- არა.

- შუქურ ლაჰი ინდოელია, უცხო რამ სიბრძნეთა მცოდნე. ის ჩემთვის სწერს მრავალ აზრსა და ხელობის წიგნებს. არ ეგების, შუქურ ლაჰი ერთ ცხოველს, თუნდაც ვეფხვს გადაჰყვეს და ხაროში გალიოს დღენი. აუცილებლად კი გადაჰყვება, რადგან სულტანი მოიკითხავს ბოკვრებს. ყოველ წელიწადს უგზავნის ბოკვრებს სხვა მხარეთა მბრძანებლებს. წელს კი შიშია, რომ ბოკვრები არ იშვებიან.

სინდბად ზღვათმოარულმა თავი გადააქნია.

- ასეთია, სინდბად, სასახლის ცხოვრება, - ხელი გაშალა დიდვეზირმა. - შენი წვრილმანი სხვისი მსხვილმანია. შენ კი, ასისთავო, გეტყვი, რომ ზეგ მეორმოცე დღე გასრულდება, რაც ხვადი ვეფხვი სადღაც გადაიკარგა… მე, რა თქმა უნდა, შემეძლო მეშოვნა ვეფხვი, მაგრამ ამ ხვადს თეთრი ნიშანი აქვს შუბლზე და მის ყოველ ბოკვერსაც აქვს ასეთი ნიშანი. ას ათი დღე არის ჩვენს ქისაში და მე, ნიზამ ალ-მულქი გეუბნები შენ, ნურადინ ფრიდონ, რომ გალიით უნდა მომიყვანო ის ვეფხვი ამ ქისის გამოლევამდე, - დიდვეზირმა ქისა ამოიღო ქამრიდან და წინ დაუდო ასისთავს. - თითო დღეს თითო კენჭს გადააგდებ. არ ეგების შუქურ ლაჰის წახდენა. ის მეტია, ვიდრე ყველა ვეფხვი აქედან ყანდაარამდე.

- ოთხი მხარე აქვს მიწას, - თქვა ჩუმად სინდბად ზღვათმოარულმა, ხოლო ნურადინ ფრიდონმა იგრძნო სისველე საფეთქელთან.

- ერთ მხარეს წავა?

- ყოველდღე ვიღებ ცნობას ჩემი ხალხისგან, თუ სად უნახავთ ან მოუკლავთ ვეფხვი, - მიუხვდა ნიზამ-ალ მულქი. - ყოველ ადგილას მას დახვდება ჩემი კაცი და ეტყვის, თუკი რამ სმენია თეთრნიშნიან ვეფხვზე. ყოველ ასეთ კაცთან ის დატოვებს ამბავს, რომელსაც მე მივიღებ. ჩვენს შორის სხვაობა იქნება ჯერ ხუთი, სულ ბოლოს კი ოცდაათი დღე, - ამ სიტყვებზე მან სახელოდან იძრო პატარა გრაგნილი და გაშალა. სინდბადმა დახედა ქაღალდს და ჩაილაპარაკა: “მიწის ასეთი დამხატავი არც კი მინახავს. ზღვათმოარულებს რომ ჰქონდეთ ამგვარი რუკები, თავგადასავლები აღარ იარსებებს”. ნიზამ ალ-მულქმა კი ჰკითხა ასისთავს: - იცი, მიწის კითხვა?

- დიახ.

- ეს ბაღდადია. შენ კი აი, აქეთ უნდა წახვიდე, - თითი გაატარა ქაღალდზე. მერე ხონჩიდან ალუბალი აიღო და ზედ დააჭყლიტა რუკას. - აი, ამ ადგილებში, აი, ამ შორ ადგილებში, აქ თორმეტი ქალაქია…

- მანდ არასოდეს უვლიათ ვეფხვებს, - შეახსენა სინდბადმა.

- შენამდე არც არავის უვლია მცხუნვარე ზღვებში. მე ვიცი სვლა და ნირი ვეფხვისა. ასისთავი რომ გადაკეცავს გზებს, ის სადღაც აქ უნდა იყოს. ნადირი კაცი არ არის, მხარი არ ეცვლება. ის მიდის, ვითარცა დღენი, - დიდვეზირმა ნეკიდან წაიძრო ვერცხლის ბეჭედი და ნურადინ ფრიდონს გაუწოდა. - ამ დილით სულტანმა გამომატანა სინდბადთან. მგონია, შენ უფრო დაგჭირდება.

სინდბადს გაეცინა.

- სულტნის ძმა, - თქვა დიდვეზირმა. - კითხვა ხომ იცი?

- დიახ.

- ეს ბეჭედი გზას გაგიხსნის. მოგეშველება ციხისთავებსა და მედუქნეებთან კამათისას, - და უძირო სახელოდან კიდევ ერთი პატარა გრაგნილი გამოაცურა. - ამას დაიზეპირებ, მერე დასწვავ. ქალაქების სახელებია, იმათ გასწვრივ კი კაცების სახელები. ყოველ აქ ჩამოწერილ ქალაქში იკითხავ ამ კაცს და ეწვევი. ეს ჩემი კაცებია…

- მმართველობა ჭკუის ხელობაა, - თქვა სინდბად ზღვათმოარულმა.

- მე მსახური ვარ და არა მმართველი, - ჩაიცინა ნიზამ ალ მულქმა და ხმაჩაკმენდილ ნურადინ ფრიდონს მიხედა. - დუმილი ფიქრთა სიუხვის ნიშანია. ხედავ რაიმეს იქეთ, სადაც ზღვა მთავრდება?

- ბაღდადში ზღვა არ არის, - მიუგო ასისთავმა. - მხოლოდ ორი მდინარე.

- ოხუნჯიცაა, - კვლავ მუხლზე დაადო ხელი დიდვეზირმა. - ამაღამვე გაქუსლავ. ჩემს თავლაში მიდი, ცხენი აირჩიე…

 

თავი მეცამეტე

 

პირველი, რამაც უჩხვლიტა ნურადინ ფრიდონს, ნელსაცხებელთა სურნელი იყო. მეორე - პირბადის იქედან გამომზირალ თვალთა ციმციმი. მესამე - ბალიშებზე მიწოლილი ქალის შიშველი ფეხის თითები. ქოშები კი იქვე ეყარა. ეს იყო ფათმა ხანუმი. ალკაზ აქიმის ფხვნილი ვერ მოარჩენდა ამ გულისძგერას. მაგრამ ნურადინ ფრიდონი ბაღდადელი იყო. მას ენახა დაკიდული ბაღები და უცხოთა საქალებოს სარკმელთა იდუმალებაზეც ეფიქრა.

- ბაღდადელი, - სთქვა ქალმა. - სხვა იერი აქვს ბაღდადელ ასისთავს. ყოველ ქალაქში სპასალარობას გასწევს, ბაღდადის გარდა. შენი მხარბეჭი ჩემს საწოლ ოთახს აპატარავებს…

- არასოდეს ვყოფილვარ საქალებოში, - იყო პასუხი.

- მანდ ვერ იპოვი საიდუმლოს. საიდუმლო ხომ გულშია ხოლმე, ახლოს მოიწი, ასისთავო ნურადინ…

- ფრიდონ, - ფეხი მოირთხა კაცმა.

- ათასისთავი გახდები, არა? - მხიარულად წარმოთქვა ფათმა ხანუმმა. - და ეგებ ხალათიც გიძღვნას სულტანმა. ყოველ მეჯლისზე იტყვიან, აი მოსავს ხალათი, სულტნის ნაცვამი, მაგრამ ციხეებს მაინც პირველი უნდა მიუხტე. ხომ ასეა?

ნურადინ ფრიდონმა დაინახა პატარა და ფაფუკი ხელი თავის მუხლზე და სამკაულები ამ ხელზე და კვლავ უჩხვლიტა რაღაცამ.

- შუაღამე ჩამოჰკრავს მალე, - სთქვა ქალმა. - ნამდვილ მეომრის სურნელი ტრიალებს აქა. შენი სურნელი ნადირისაა და იცი, როგორ ენატრებათ სოვდაგრის ცოლებს ნადირის გემო? შენ ვეფხვს დაეძებ, შუბლზე თეთრი ნიშნით. განა არ ვიცი? აი, ამ სახლში თავისუფლად დადიოდა ის ვეფხვი. აქა ცხოვრობდა. ჩემმა ჩაფრებმა დაიჭირეს გალავანს იქეთ, დაბნეული, მხარნაცვალი. აქ მოიყვანეს და მათრობელა ბალახებით დამშვიდებული ცხოვრობდა ჩემთან. აქა ცხოვრობდა, ჩემს ბაღში ჰქონდა ბინა. ვეხუტებოდი ხოლმე და შევიგრძნობდი ნამდვილი მებძოლის სურნელს…

- ეს ვეფხვი, - ყურს უკან გრძნობდა ნურადინ ფრიდონი ამ ქალის სუნთქვას და ნემსების ჩხვლეტას წელსა და ტუჩებზე, - აქ აღარ არის, წავიდა, გაჰქრა, ნადირს არტახით ვერ დააკავებ. შენც ხომ გაქრები ხვალ? როგორ გშვენის ეგ ხანჯალი, რასა ჰგავს ნეტავ?

- მაშ წავიდა? - ამოთქვა ნურადინ ფრიდონმა.

- ვინ არის ახლა სულტნად? ვიცი, დიდი იქნება რისხვა მისი, როცა იხილავს ხელცარიელ ასისთავს. თავები დალაგდება კარიბჭეზე. მაგრამ მისმინე, ასისთავო, შენი ფიქრითა და სუნთქვით ვერ აავსებ ამ ოთახს. და ვხედავ, არაფერი გაბადია ამ ლამაზი ხანჯლის და სატევრის გარდა. მე კი გავავსებ ამ ოთახს სიყვარულით და როცა ცისკრის ნიშანი გაგვიხელს თვალებს, მე აგივსებ ამ ოთახს ოქრო-ვერცხლით. და კიდევ ერთ ოთახს და კიდევ ერთს, მომცროს და კოჭებამდე იქნები ოქროში. აჰკიდე ეს ოქრო აქლემს და ნუ წახვალ ბაღდადში. წადი საითაც გინდა და იცხოვრე იქა… შორს იქნება სულტნის რისხვა და დაგავიწყდება საერთოდ მისი სახელი. ვინ არის ახლა? - ერთი დიდი სადგისი ეძგერა გულის ფიცართან ნურადინ ფრიდონს. სადგისი იყო თუ დაბურცული ტუჩები ფათმა ხათუნისა? აბრეშუმში გაბურდულიყო თავი, ხელები, ორთავე სხეული და ჩურჩულებდა სიტყვებს და არ ესმოდა ნურადინ ფრიდონს, პირგამშრალ მაძებარს ფათმა ხანუმის ტუჩებისას. ოქრო… ნადირი… აბრეშუმი ჩინმაჩინისა და ღამე, სარკმლიდან შემოვარდნილი და ფაჰლავა იგი, ტუჩთა შორის წარმოქმნილი. ხელი შენს ხელზე, მკერდი შენს მკერდზე და კვლავ ძებნა ამ ხელებით დამალულ ადგილებისა.

და ამ დროს, ამ გაწელილ წამთა შუა, როცა ტუჩებს შორის მანძილი არს მხოლოდ გემო რაჰათლუჰუმისა, ყურს მოსწვდა ხმა მტვრევისა, თითქო ვიღაც კომბლით დარეოდა ჩინმაჩინურ ლარნაკებს საქალებოს დერეფანში. იქავ მოისმა შეკივლება - ალბათ, საჭურისები შფოთავდნენ.

- ა, თქვე ქოსებო, გავის და თავის ერთიანობავ! - გაისმა ხრინწიანი ღრიალი.

ფათმა ხანუმი ბნედიანივით მოსწყდა ნურადინ ფრიდონს, აეკრა კედელს და თრთოლვით წაიჩურჩულა:

- ჩაფრები… ჩაფრები… მოუხმე ჩაფრებს…

ამის თქმა იყო და შემოილეწა კარი მისი საძინებელი ოთახისა, ხალიჩაზე გაიშხლართა საჭურისი, რომელსაც ერქვა… და უკან მოჰყვა ერთი ბრგე, თავზეჯიღამოქცეული კაცი, სულ ერთიანად ძვირფას თვლებით შემკული გულისფიცრით და მკვესავ თვალებით. ულვაშები ცვილით გაეწყო და ღმუთუნებდა.

- ახ! რა წესები შემოუღია ამ საჭურისს, - და ფათმა ხათუნს რომ ჰკიდა თვალი, გადაიხარხარა: - მეფის ჭაშნაგირი გეახლა მტრედთა ღუღუნსავით მოყვარულო ფათმა ხანუმ! რამ შეგაშინა? არც პირველია და არც უკანასკნელი.

უკანასკნელი ღმერთმა გვაშოროს, - უბეში ჩასწვდა რაღაცას. - ეს, მარგალიტის…

მაგრამ მარგალიტი აღარ უჩვენებია, ასე გაშეშდა უბეში ხელჩაყოფილი და უყურებდა ხალიჩაზე, ბალიშებში ჩამჯდარ წვერაბურდულ ნურადინ ფრიდონს, ვისაც მხარზე შერჩენოდა ფათმა ხანუმის აბრეშუმები, თითქოს საჩქაროდ მიაფინესო.

- ასსს… - შესძახა შემოვარდნილმა, - სხვა საჭურისიც ჰყოლიათ აქა! უცბად მოგპარსავ მაგ წვერს…

- ეს შიკრიკია! - დაჰკივლა ფათმა ხანუმმა, - ჩემი ქმრის შიკრიკი.

- არ მინახავს საქალებოში დაბნედილი შიკრიკები! ვეღარ გაძეხი? კვლავ ბაღდადურ მორს დაეძებ?

ამ სიტყვებზე ჭაშნაგირმა იძრო ხმალი და ნურადინ ფრიდონისაკენ გაქანდა.

ასისთავი გაკოტრიალდა ოთახის მეორე კუთხისკენ, ისე რომ, თავდამსხმელმა ბალიშს დაარჭო ხმალი. თუ რომ ვერ მოესწრო ნურადინ ფრიდონს, გულგანგმირული დარჩებოდა იქვე, მაგრამ მოხდენილად აასრულა ეს საკოტრიალო ილეთი და ზეწამოჭრილმა თამამად შეუტია ბაღდადურ გონიერებით. პირველივე კვეთებამ მიახვედრა ნურადინ ფრიდონი, რომ ნაცად და ჯანიან ხელთან ჰქონდა საჭიდაო. მეორე მისვლაზე ასისთავმა ფერდული მოუქნია და როცა ჭაშნაგირმა აუკრა, მიხვდა ნურადინ ფრიდონი, რომ დიახ, კი ჰქონდა მარჯვენა მძლავრი ამ ულვაშცვილიან კაცს, მაგრამ სახმალაო ვერაგობა კი აკლდა, იწევდა როგორც ლურსმანი ტახტის კიდეზე ჩაჭიდებისას. ნურადინ ფრიდონმა უკან დაიხია, მუხლჩახრილმა შეაგება ხმალი ზემოდან გულუბრყვილოდ დაკრულს, იმავ წამს იძრო ხანჯალი ცაცია ხელით და გულში აძგერა მომხდურს.

ჭაშნაგირი შეტორტმანდა, მოსწყდა მკლავი და გაუვარდა ამართული ხმალი. ნურადინ ფრიდონმა გულში ჩაუტოვა ხანჯალი, ხელი ჰკრა და ბალიშებზე გადააქცია.

მოკლულის ხრიალს ვინღა უსმენდა. ფათმა ხანუმი ამოუცნობ სიმშვიდით იდგა, საჭურისი კი სცდილობდა, ხანჯალი ამოეძრო გულიდან.

- ფათერაკიანი ყოფილხარ, - სთქვა ქალმა და სარკმელს მიაბჯინა თვალი.

- ვეფხვი, - წამოსცდასავით ნურადინ ფრიდონს.

- აჩვენე ვეფხვი, - საჭურისს მიხედა ქალმა. - რაღაც იწვის იქა, ყიასის ქარვასლა. ნათებაა დიდი…

საჭურისი ფართო დერეფანში გაუძღვა დაბნეულ ნურადინ ფრიდონს, აატარა ორი კიბე, ახსნა ჩირაღდანი კედლის სიმაგრიდან და გადასწია ფარდა.

ოთახის შუაგულში ჭილოფი ეფარა რაღაც ძალიან დიდს. საჭურისს, რომელსაც ერქვა… მოავლო ხელი ჭილოფს, გადააძრო და მიუნათა…

ნურადინ ფრიდონმა დაინახა თეთრი ნიშანი შუბლზე.

ეს იყო სულტნის ბაღიდან გამოქცეული ვეფხვის ფიტული.

- ოსტატია ტყავისაგან ცოცხლის კეთებისა ქალაბი, გალავანთან აქვს სახელოსნო, - ჩაიცინა საჭურისმა. - ხუთასი დრაჰმა გადავუხადე ამის გაკეთებაში… ოღონდ, აღარ ვიცი, სულტანი მოიწონებს ამგვარს?

ნურადინ ფრიდონი იდგა და დასცქეროდა ვეფხვის ფიტულს.

- მოგახსენებ, ასისთავო, ვეფხვი ესე დაჰბანგეს ჩვენმა ჩაფრებმა ტყის პირებზე და დიდად უყვარდა ჩემს ხანუმს. არ გამოგვიფხიზლებია აგე, რამდენ თვეს. მეორე ვეფხვი ვეღარ მოჰკლა ჭაშნაგირმა… შენა ხარ მეორე ვეფხვი. რისთვისაც შენ გკლავდა, იმიტომ მოკლა ჭაშნაგირმა მთვლემარე ვეფხვი. ეჭვიანი კაცი იყო… ოქროში ბანაობდა და აგე, ბანაობს სისხლში.

ნურადინ ფრიდონი კი იდგა და დასცქეროდა ვეფხვს შუბლზე.

- შემოვარდა ერთხელ ჭაშნაგირი, - განაგრძობდა საჭურისი, - მკრა წიხლი და გასტეხა დარაბა ფატმა ხანუმის ოთახისა. იქ მიუსწრო, ხანუმი რომ ეფერებოდა ვეფხვს, როგორც კატას. აკაფა ეკალბარდივით, რარიგ გამეორდება ყველაფერი. შენ არ შეხვდი მთვლემარე… რა ხმაურია?

დიახაც, მოისმოდა რაღაც ხმები შუა ქალაქის მხრიდან.

- რა ვთქვა, ასისთავო? განა სულტანს ეყოფა ვეფხვის ტყავი ვეფხვის სანაცვლოდ? იფიქრე, ოღონდ ნუ დაგათენდება… გავხედავ, რა გნიასია? აჰა, ჩირაღდანი გამომართვი…

ნურადინ ფრიდონმა ფეხი მოინაცვლა და გაახსენდა, რომ ხმალი კვლავ ხელში უჭირავს.

დიდვეზირი ნიზამ ალ-მულქი გაახსენდა, ბაღდადის ბრტყელი ალაგები და წვეტები შუბებისა თუ მინარეთებისა და გაახსენდა მთელი გზა ბაღდადიდან ამ დაბლანდულ ქალაქამდე და ყოველი კენჭი, რომელიც გადაუგდია ამ გზის პირებზე. და მიხვდა ნურადინ ფრიდონი, რომ მისი თავგადასავალი ამ უცხო სახლში დასრულდა.

- უნდა იჩქარო, - მოესმა უკნიდან, - ქალაქში რაღაც ხდება, მოედანზე ხალხი ხმაურობს.

საჭურისი იყო. ხელში ხურჯინი ეჭირა.

- ფატმა ხანუმი კოშკში უნდა შევხიზნოთ…

- ეგ რა არის?

- ეს დაგჭირდება სულტნის წინაშე, როგორც დამნაშავისა, - და ფეხებთან დაუდო ხურჯინი. - თავია მისი. მდინარის პირას თუ დაისვენებ მგზავრობისას, ხურჯინიანად ჩადე წყალში. მაშინ

მკბენარი არ დაეხვევა…

ნურადინ ფრიდონი იდგა და დასცქეროდა ვეფხვის შუბლზე თეთრ ნიშანს.

მერე უსწრაფესად ამართა ხმალი და კისერზე დასცა ფიტულს, ძირს გაგორდა სულტნის ხვადის თავი. ჭინჭები და რაღაც ამგვარი მიმოიფანტა გარშემო…

- ესეც ჩადე, - გული ამოაყოლა ასისთავმა, - ხურჯინში.

და როცა მხარზე მოიგდო ტვირთი, ალისფრად აცეკვებულ თვალებში ჩახედა საჭურისს:

- ეს განმეორდა ალაჰის ნებით, თუ შენა და შენმა ხანუმმა გაიმეორეთ?

- ათასისთავი შეიქნები. უკანა კარიდან გაგარიდებ ჭირს და ნუ მოიხედავ, სანამ არ გახვალ ქალაქიდან, - მიუგო უტეხად საჭურისმა, რომელსაც ერქვა… - ჰო, და ვინ არის ახლა სულტნად?

და ნურადინ ფრიდონმა გააბიჯა შორეული ხმაურითა და ცეცხლწაკიდებულ ქარვასლათა ათინათით მოციმციმე ეზოში.

სულტნად კი იყო მალიქ შა, ხოლო დიდვეზირად - ბრძენთაბრძენი ნიზამ ალ-მულქი.

ნურადინ ფრიდონმა ქისა მოსძებნა ქამარზე, ამოიღო იქედან ერთი კენჭი და მოისროლა ჯაგებში, ეგებ ვარდის ბუჩქებშიც, იმ შუქზე ვერ გაარჩევდა ხურჯინის სიმძიმის გამო.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen