კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 08:42

რომოლეტო, როგორც კი ცამეტისა შესრულდა, რესტორან "იტალიაში" ხელზე მოსამსახურედ აიყვანეს. საითაც თითს გაუშვერდნენ, აბა, ჰა, გაიქეცი, მუშტარს ამა და ამ მისამართით მოემსახურეო, უნდა მოეკურცხლა და, საჭმელი თუ სასმელი მიერბენინებინა.

ქუჩა-ქუჩა წინ და უკან სირბილს ვინა ჩივის, შენ კიბეებზე ასვლა-ჩამოსვლა თქვი! საწყალ ბიჭს მუხლები დაწყვეტილი ჰქონდა. თანაც სულ იმის ფიქრში იყო, ემანდ ხონჩა არ გადამიყირავდეს და ჭურჭელი არ დამემტვრესო. ზედ, რა ვიცი, რაღა არ ეწყო ხოლმე: ყავის ფინჯნები, შეჭამანდიანი ჯამები, ჭიქები. ამდენი რამის ტარებას ეხუმრები!

ორ-სამსართულიან სახლს აინუნშიც არ აგდებდა. დაჰკრავდა ფეხს, და ჯერ ასული არ ეგონათ, უკვე ჩამოდიოდა. აი, ცათამბჯენს თუ მიადგებოდა, მაშინ უნდა გენახა რომოლეტოს გასაჭირი. როგორც მთელი დედამიწის ზურგზე, მელიფტეები მოწყალე თვალით არც მაინცდამაინც რომში უცქერიან ხელხონჩიან მსახურებს, მერძევეებსა და მემწვანილეებს. ლიფტის კარებს ცხვირწინ უხურავენ, ფეხითაც კარგად აბრძანდებითო, და ერთი-ორი წუთით სადმე თუ გავიდნენ, იმისთანა განცხადებებს გამოაკრავენ, მტრისას!

ერთხელ, დილით ადრე, რესტორან «იტალიაში» ასმესამე სახლის მეთოთხმეტე ბინიდან დარეკეს, სამი ჩაფი ლუდი და ერთიც ყინულიანი ჩაი მოგვართვითო.

- ოღონდ ამწუთსავე აქ უნდა გააჩინოთ, თორემ მომტანიანად ფანჯარაში გადავუძახებ. - იღრინებოდა ვიღაცა ტელეფონის ყურმილში. თუმცა რაღა ვიღაცა, მარკიზი ვენანციო იყო. მარკიზ ვენანციოს სახელი კი შიშის ზარსა სცემდა სუყველას.

ასმესამე სახლს თავისი მკაცრი წესები ჰქონდა და მელიფტეც ერთი ღვთის გარეგანი ჰყავდა. მაგრამ რომოლეტომ კარგად იცოდა, რა მძინარა ვინმეც იყო და რო-გორ უნდა გასხლტომოდა! ბევრი თვალთვალი არც ახლა დასჭირვებია, გარეთ სკამზე ჩამომჯდარ ავ მელიფტეს საძილედ მოსწყდა თუ არა კინწი, გაქანდა რომოლეტო და უჩუმრად ლიფტში დურთა თავი, ჩაუშვა ხუთი ლირა ჩამრთველში, დააჭირა მეხუთე ღილს თითი და ლიფტი ჭრიალ-ჭრიალით დაიძრა.

გაიარა პირველი სართული, მეორე, მესამე, მეოთხე და აი, მეხუთე სართულიც გამოჩნდა, მაგრამ, გაჩერების მაგივრად, ლიფტმა სვლას უმატა, გვერდი აუარა მარკიზ ვენანციოს სართულს და რომოლეტომ გაოცება ვერ მოასწრო, რომ მთელი რომი ძირს ხელისგულივით გადაეშალა.

ლიფტი კი მაინც ზევით მიიწევდა და მალე რაკეტასავით აიჭრა მეცხრე ცაში.

- კარგად მეყოლე, მარკიზო ვენანციო! - წაიჩურჩულა რომოლეტომ და ტანში ჟრუანტელმა დაუარა.

არა, ტყუილად არ იფიქრო, ალბათ, ხონჩა ხელიდან გაუვარდაო. გაუვარდა კი არა, წეღანდელივით ისევ კოხტად ეჭირა და ერთი წვეთი არც ლუდი დაჰქცევია, არც ჩაი. ისე არხეინად იდგა, თითქოს ლიფტი მარკიზ ვენანციოს სართულამდე ჯერ არ მისულაო.

ოთხივ კუთხით კი კოსმოსური სივრცე გადალურჯებულიყო და მხოლოდ სადღაც შორს, ამ თვალჩაუღწეველი უფსკრულის ძირას, მოჩანდა დედამიწა. ის ცისფერი ბურთივით ბრუნავდა ნელ-ნელა თავისი ღერძის გარშემო და სულ იქით და იქით მიაქანებდა მარკიზ ვენანციოს, რომელიც ლუდსა და ყინულიან ჩაის საღერღელაშლილი ელოდა.

"ჯანდაბას, მარსელებთან ცარიელი ხელით მაინც არ მივალ!" - გაიფიქრა რომოლეტომ და თვალები დახუჭა. როცა გაახილა, ლიფტი უკვე დაბლა-დაბლა ეშვებოდა.

"მგონი, გადავრჩი! - შესძახა რომოლეტომ და შვებით ამოისუნთქა. - ლუდი ჯერ არ გამთბარა, ჩაიც ისევ ყინულივით ცივია!"

მაგრამ თურმე რა დროს სიხარული იყო! ლიფტი შუაგულ უღრან ტყეში დაეშვა. ირგვლივ უცნაური წვერულვაშიანი მაიმუნები დახტოდნენ, თათებს იქნევდნენ, ამას ვის ვხედავთ, რომელმა ქარმა გადმოაგდოო, და რაღაც გაუგებარს ჭყიოდნენ.

"აფრიკაში ხომ არა ვარ ნეტავი?" - გაიფიქრა რომოლეტომ.

ამის გაფიქრება იყო და მაიმუნების ჯოგმა ვიღაცას გზა დაუთმო. ლიფტისკენ ვეებერთელა მაიმუნი წამოვიდა. ამ მაიმუნს ტანთ პოლიციელის ლურჯი შარვალ-ხალათი ეცვა და სამთვლიან ველოსიპედზე იჯდა.

თავს უშველე, რომოლეტო! პოლიცია მოდის», - გაივლო გულში ხელხონჩიანმა ბიჭმა და, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, დააჭირა ზედა ღილს თითი, ალალბედზე დააჭირა, არ დაჰკვირვებია, რომელი სართულისა იყო. ლიფტი ერთბაშად მაღლა აიჭრა და ტყვიასავით გავარდა.

რომოლეტომ გადაიხედა და ახლაღა მიხვდა: არა, ამ პლანეტას დედამიწისა არაფერი ეტყობაო. იქაურ ზღვებსა და კონტინენტებს მართლაც სულ სხვანაირი მოხაზულობა ჰქონდა. მთელი პლანეტა მომწვანო-იისფერ ჯანღში იყო გახვეული.

- უყურე ერთი, ნამდვილად ვენერაა! - თავისთავს ელაპარაკებოდა რომოლეტო. - ძალიან კარგი. ვენერაც ვნახე, მაგრამ მარკიზ ვენანციოს რა ვუთხრა, სად ვიყავი-მეთქი?

ხონჩა ისევ მარცხენა ხელით ეჭირა და მარჯვენათი ხან ერთ ჩაფს სინჯავდა, ხან მეორეს, ამ აღმა-დაღმა ფრენაში ლუდი არ გამითბეს და არ დავიღუპოო.

ლიფტმა თვალის დახამხამებაში ჩაუქროლა უთვალავ გაჩახჩახებულ ვარსკვლავს და კვლავ დაბლა-დაბლა დაეშვა.

ბიჭოს, მთვარისკენ მივფრინავო, გამოიცნო რომოლეტომ და შუბლში იტკიცა ხელი: რა მემთვარება მარკიზ ვენანციოს გადამკიდესო. ცოტაც და, ლიფტი მთვარის ხახადაღებულ ვულკანებში ჩაიჩეხებოდა, მაგრამ რომოლეტო არ დაიბნა. მაშინდელივით ალალბედზე კი აღარ დააჭირა თითი, ხონჩა თავზევით ასწია და სუყველა ღილს სათითაოდ დაუკვირდა.

ყოველი ღილის გასწვრივ რაღაცა ციფრი იყო აღნიშნული, ხოლო სულ ქვედა ღილთან რომელიღაც სიტყვა ეწერა, ისიც თითქმის წაშლილი. წაკითხვით მარტო პირველ ასოს თუ წაიკითხავდი. ვიღაცას გარშემო წითელი ფანქარი შემოევლო და რომოლეტომ მკაფიოდ გაარჩია ასო "დ".

ეშმაკი ბიჭი იყო, ხელად მიხვდა, აქ ალბათ დედამიწა აწერიაო, და დააჭირა თითი. ლიფტმა იმწამსვე ახალ ორბიტაზე გადაინაცვლა. ერთი ორი წუთი იფრინა და უკვე რომის ლაჟვარდოვან ცაში გაჩნდა. მერე პირდაპირ ასმესამე სახლს დაადგა თავზე და ერთბაშად თავის პირვანდელ ადგილას დაეშვა. ის ავი მელიფტე ისევ თავჩაღუნული იჯდა და თვლემდა.

რომოლეტო თავქუდმოგლეჯილი გამოვარდა ლიფტიდან და მეხუთე სართულისკენ მოძურწა. სულმოუთქმელად აირბინა კიბე, მეთოთხმეტე ბინის კარზე ფრთხილად დააკაკუნა და ერთ ადგილას გაქვავდა.

- მოხვედი, ვაჟბატონო? - გაისმა მარკიზ ვენანციოს ხმა. - მაინც სად ეგდე ნეტავი ამდენი ხანი? ან ეგ ლუდი რაღა ჯანდაბად მინდა, ან ეგ ჩაი! თოთხმეტი წუთია გელოდები! გაგარინი შენს ადგილას მთვარეზე ასვლა-ჩამოსვლას მოასწრებდა.

"მთვარე რა სათქმელია!" - გაიფიქრა რომოლეტომ, მაგრამ ხმა არ ამოუღია.

კიდევ კარგი, ლუდიც ისევ ცივ-ცივი იყო და ჩაიც.

 

* * * * * * * *

მთარგმნელი: გურამ გოგიაშვილი

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen